"იებზე ისე ვარ დამოკიდებული, როგორც დაავადებული წამალზე"
14-03-2016
"იებზე ისე ვარ დამოკიდებული, როგორც დაავადებული წამალზე"
გაზაფხულის შემოსვლა და ქალთა დღესასწაულები ალბათ არავის წარმოუდგენია იების გარეშე, მათი აყვავება ხომ ბუნების გაღვიძებისა და ახალი სიცოცხლის სიმბოლოა.

ამიტომაც ვესტუმრეთ დიდ დიღომში ეკონომისტ მაია მაისურაძეს. ქალბატონ მაიას იების 500-ზე მეტი სახეობა აქვს.

- ადრე ბებო და დედა მასწავლიდნენ, როგორ უნდა მომევლო მცენარეებისთვის, სახლში ბევრი ია მქონდა, ვაკვირდებოდი, როგორ იზრდებოდნენ... დროთა განმავლობაში ბავშვური ინტერესი გამიღრმავდა. დღეს იების 500-ზე მეტი სახეობა მაქვს, ჩემთან ნახავთ ქიმერებსა თუ სპორტებს,­ მრავალფეროვანი ფოთლისა თუ ყვავილის
მქონე იებს. ვერც წარმოვიდგენდი, იის ამდენი სახეობა თუ არსებობდა, მაგრამ ახლა ისე ვარ მათზე დამოკიდებული, როგორც დაავადებული ადამიანი წამალზე.

- ჯერ რამდენიმე სახეობა მქონდა, შემდეგ ონლაინმაღაზიებიდან გამოვიწერე. თავიდან იებს ყვავილის სილამაზით ვარჩევდი, ახლა კი ვცდილობ, ჩემს კოლექციას განსხვავებული ფოთლისა თუ ყვავილის შეფერილობის იები შევმატო. ზოგიერთ
სელექციას ლამაზი ყვავილი აქვს, მაგრამ არც ისე ორიგინალური ფოთოლი, ზოგიერთს პატარა ყვავილი აქვს, მაგრამ ორიგინალური ფოთლით გამოირჩევა. არის გულის ფორმის ფოთლებიანი ია, მას Girl List-ს - "გოგო­-ფურცელს" ეძახიან.
მოზაიკურ ჭრელფოთოლას სითეთრე ფოთლის ცენტრიდან ეწყება და მწვანე ფერში გადადის, ზოგიერთი სახეობის სიჭრელე კი მუქი იასამნისფრიდან გადადის მწვანეში.

"ფენტეზის" ჯიშის იებს ყვავილებზე წერტილები აქვს, და შეჯვარების შემდეგ შეიძლება სრულიად განსხვავებული სახეობა - "სპორტი" მივიღოთ, არის ლურჯზოლიანი "სპორტიც" და ვარდისფერიც.
"ქიმერა" ზოლიანი იაა, რომლის ზოლი აუცილებლად ცენტრიდან უნდა იწყებოდეს.
"ამპელურები" ის სახეობაა, რომელიც ქოთნიდან გადმოდის და ბუჩქად იზრდება, წელიწადში 10 თვე ყვავის.

- როგორ უვლით თქვენს "სამოთხეს"?
- ზამთარში ტემპერატურა 16 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს. იებს სინესტე უყვართ, კარგი განათება საშუალებას აძლევს, მალე მოახდინონ ფორმირება.
ყოველ ფოთოლს ვუფრთხილდები, რომ გაიზარდოს და შემდეგ ვცდილობ, გავამრავლო. მინდა სხვადასხვა ფორმა მივცე და საგამოფენო სახეობები შევქმნა. იმდენად დამოკიდებული ხდები, ოპიუმივით არის, სულ გინდა, რაღაც ახალი აღმოაჩინო. ია ძალიან პოზიტიური მცენარეა. კარგია, თუ მას საძინებელ ოთახში მივუჩენთ ბინას, რადგან ბევრ ჟანგბადს გამოყოფს.

- როგორ ამრავლებთ იებს?
- ფოთოლს გადაჭრით ცერად ბასრი დანით და შეაშრობთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩარგავთ ტორფიან და პერლიტიან მიწის ნაზავში. მორწყვა დაარეგულირეთ, არც ბევრი უნდა და არც გამოშრობა. დაელოდებით, პატარა, ახალ შვილეულ ძირს როდის გაიკეთებს, ეს კი დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ მოხდება.

ეკა გადახაბაძე

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები