ქართლური ჭარხალი უცხოეთში იყიდება
14-03-2016
ქართლური ჭარხალი უცხოეთში იყიდება
ჭარხალი ორწლიანი კულტურაა; თუ პირველი მოსავლის შემდეგ მის სადედე ყლორტებს მიწაში ჩატოვებ, მეორე წელიწადს მოსული ჭარხლისგან უკვე თესლსაც მიიღებ. თუმცა თესლი ან გამოვა კარგი, ან არ გამოვა.


ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან (გორი, ხაშური, ქარელი, მარნეული...) უცხოეთში ათასობით ტონა ჭარხალი გადის. ამ რეგიონებიდან მთავარი ადგილი უჭირავს ქარელის მუნიციპალიტეტს, სადაც წარსულში შაქრის დასამზადებლად გრანდიოზული საწარმოც აშენდა. რა ჯიშის ჭარხალი მოჰყავთ ქარელელებს და როგორ მოახერხეს მისი საექსპორტოდ გატანა, გვიამბობს
ქარელში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრის უფროსი ზაზა ბარბაქაძე.

- ნამდვილად საამაყოა, რომ აგარის შაქრის გადამმუშავებელ ქარხანას არას­ოდეს დაუკარგავს ფუნქცია და ავტორიტეტი. მართალია, დღეს შაქარს უცხოეთიდან შემოტანილი შაქრის ლერწმისგან აწარმოებს, მაგრამ უსათუოდ დადგება დრო, როცა ადგილობრივი ჭარხლისგან შაქრის წარმოებას დავუბრუნდებით.

შაქრის ჭარხლისგან შაქრის წარმოება­ იმიტომ
შეწყდა, რომ ჭარხლისგან შაქრის­ მისაღებად მეტი ნედლეულია საჭირო, ვიდრე ლერწმისგან. ამას ერთვის­ შაქრის თვითღირებულება, მწარმ­ოებლები ფერმერებს 1 კგ ჭარხ­ა­ლში დაახლოებით 18 თეთრზე მეტს ვერ გადაუხდიან, რაზეც არც ერთი ფერმერი არ დათანხმდება, თუნდაც ჭარხ­ლის მოყვანის სირთულეების გამო (ჭარხალს, დათესვიდან დაწყებული, გამოხშირვის, მორწყვის, ნიადაგის 2-3-ჯერ გაფხვიერების, თუ მავნებლებთან ბრძოლის ჩათვლით, უამრავი შრომა სჭირდება). მაგრამ რახან ჭარხლისგან შაქრის წარმოების ტექნოლოგიები მთელ მსოფლიოში იხვ­ეწება, ეს დრო ჩვენთანაც მოვა.
დღეს ქარხანა ფერმერებისგან ჭარხალს აღარ ყიდულობს, მაგრამ ამ ძვირფასი პროდუქტის მოყვანაზე ხალხს უარი არ უთქვამს. შაქრის თეთრი ჭარხლის ჯიში წითელი ჭარხლის ჯიშებით ჩავანაცვლეთ. ის ზოგიერთ სოფელში მოსახლეობის საარსებო საშუალება გახდა. მაგალითად, მხოლოდ სოფელ რუისში 7-8 ათასი ტონა ხარისხიანი ჭარხალი მოჰყავთ.

- როგორ ხდება ჭარხლის ექსპორტი?

- ფერმერებმა უნდა მოიყვანონ მოსავალი და მყიდველი თავად მოვა. ჭარხალი დიდი რაოდენობით გააქვთ აზერბაიჯ­ანში, უკრაინასა და რუსეთში...

- საექსპორტოდ ქართული ჯიშის ჭარხალიც გადის?
- თუ ძველ ქართული ჯიშის ჭარხ­ალს გულისხმობთ, სამწუხაროდ, ის მცირე­ რაოდენობით­ ითესება და არა - გასატანად. ამის მიზეზებია ის, რომ ადგილ­ობრივი ჭარხლის თესლის სელექცია-გაუმჯობესებაზე ათეული წლების განმავ­ლობაში არავის უმუშავია, რამაც მისი ხარისხი დააკნინა, შეიცვალა კლიმატური­ პირობები, წარსულში მოხდა ჭარხლის მასობრივი წარმოების წყვეტა... ასე რომ, მოგვყავს უცხოური თესლის ჰიბრიდული­ ჭარხალი. თესლი კი იყიდება სოფლის მეურნეობის მაღაზიებში. აქვე მინდა ვთხოვო ჩვენს გლეხობას, რომ მხოლოდ ლიცენზირებულ მაღაზიებს მიმართონ, რომლებიც გარანტირებულად ხარისხიან თესლს მიყიდიან, თორემ, სამწუხაროდ, უხარისხო თესლისგან მიყენებული ზარა­ლის მოწმეც ვყოფილვარ. ჰიბრიდებზე­ გამოთქმული ეჭვიც მსმენია და გამკვირვებია. არ შეიძლება ყველ­აფერ პროგრესულს ეჭვის თვალით ვუყუროთ, მით უფრო, რომ ჰიბრიდი არც ათეული­ წლების წინ იყო უცხო. ერთადერთი, ჰიბრიდისგან თესლს ვერ ვიღებთ და მისი ყიდვა ყოველ წელიწადს გვჭირდება. თუმცა, თესლის მიღების პრაქტიკაც არსებობს - ჭარხალი ორწლიანი კულტურაა; თუ პირველი მოსავლის შემდეგ მის სადედე ყლორტებს მიწაში ჩატოვებ, მეორე წელიწადს მოსული ჭარხლისგან უკვე თესლსაც მიიღებ. თუმცა თესლი ან გამოვა კარგი, ან არ გამოვა.

- ჩვენში ჭარხლის ძირითადი რაოდენობა მაინც შიდა ქართლში მოდის.
- ჭარხალი საქართველოში ყველგან მოდის, მაგრამ საექსპორტო და ხარისხიანი უფრო შიდა ქართლის ტერიტორიაზე იზრდება. მარნეულში კი, სადაც უფრო ცხელი კლიმატია, შეიძლება ჭარხლის მოსავალი ორჯერაც მოიყვანო.
საბედნიეროდ, ჭარხლის თესვა-მოყვანა­ ტექნიკით ხდება. ისე კი, ზოგიერთ სოფელში მიწას იმდენად რაციონალურად იყენებენ, რომ ჭარხალს ნივრისა და სტაფილოს საგაზაფხულო მოსავლის მოყვანის შემდეგ თესავენ; რისთვისაც ნიადაგი საგულდაგულოდ უნდა დამუშავდეს. ჭარხალი დაუმუშავებელ და გაუფხვიერებელ მიწას ვერ იტანს, ამიტომ ნიადაგი შემოდგომით უნდა დამუშავდეს, ის ზამთარში გაფხვიერდება, გაზაფხულზე კი ჭარხალი დაითესება.

- დაგავიწყდათ გეთქვათ ჭარხლის ფოთლის შესახებ, რომლიდანაც ძალიან გემრიელი მხალი კეთდება.

- ჭარხლის ფოთლის მხალი მართლაც გემრიელია და მისი დავიწყება არ შეიძლება. სხვათა შორის, ჩვენში მოყვანილი ჭარხლის ფოთლისთვისაც ზუსტად ისევე­ ჩამოგვდის კლიენტი, როგორც ბოლქვებისთვის.

- როგორ უნდა გავარჩიოთ, ჭარხალი თურქეთიდან არის შემოტანილი, თუ ჩვენს მიწაზეა მოყვანილი?
- თუ საქმე გარჩევაზე მიდგა, ალბათ ის უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენში ჯერ არ არის ის ტექნოლოგიები, რომელიც მიწიდან ამოღებულ ჭარხალს გააპრიალ-გაასუფთავებს. ასე რომ, ჩვენი ჭარხალი შეიძლება არატექნოლოგიურად მოწყობილ სარდაფში შენახვისგან შემჭკნარიც იყოს და ამავე დროს, მიწიანიც. როცა ჭარხალს ყიდულობთ, ნამდვილად ჯობია მიწიანი იყიდოთ და თავად გარეცხოთ...

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით