ცხოველები, რომლებიც საქართველოში გადაშენდნენ - კვირის პალიტრა

ცხოველები, რომლებიც საქართველოში გადაშენდნენ

ლიტერატურული თუ ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ საქართველოში ბევრი ისეთი ცხოველი ბინადრობდა, რომელიც დღეს უკვე აღარ გვხვდება.

როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გვითხრა, ძალიან მწირია ცნობები, რა ცხოველები ბინადრობდნენ ძველად კავკასიაში, თუმცა ვიცით ზოგიერთი სახეობა, რომელიც უკვე გადაშენებულია, ან გადაშენების პირასაა.

კასპიური ვეფხვი. იმ ცხოველებს შორის, რომელიც საქართველოში აღარ ბინადრობენ, უპირველესად კასპიური ვეფხვი უნდა დავასახელოთ. ეს სახეობა გადაშენდა, თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი კასპიურ და ციმბირულ ვეფხვს ერთ ქვესახეობად მიიჩნევს. კასპიურ ვეფხვზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტაცებელი იყო დედამიწის ზურგზე. ამბობენ, ციმბირული ვეფხვის ცალკე პოპულაცია იყოო. საქართველოში ამ სახეობის ბოლო წარმომადგენელი 1923 წელს მოკლეს. ვეფხვი თბილისთან, სოფელ ლელობთან მოხვდა, მისი მომკვლელი, ვინმე წიკლაური, დააჯილდოეს კიდეც. ამჟამად ციმბირული ვეფხვიც განადგურების პირასაა და მოვლა-პატრონობა სჭირდება.

დომბა. დომბის გავრცელების არეალი ბზიფის ხეობა და მთელი ეს ზოლი უნდა ყოფილიყო. ისიც XX საუკუნის 20-იან წლებში განადგურდა. შემდეგ რუსეთში, კავკასიის ნაკრძალში აღადგინეს; თუმცა ეს დომბაც აღარ არის, რადგან ბიზონისა და დომბის შეჯვარებით მიიღეს. ჩვენში მობინადრე დომბა შედარებით მცირე ზომისა იყო. კავკასიიდან წაყვანილი დომბა აღდგენის მიზნით გამოიყენეს პოლონეთში, სოფელ ბელოვეჟაში. ახლა ევროპული დომბას ყველაზე დიდი პოპულაცია სწორედ იქაა. კავკასიური დომბასგან განსხვავებით, ევროპული არ გადაშენებულა, მისი რიცხვი ძალიან შემცირდა, მაგრამ აღადგინეს. ჩემი აზრით, კავკასიური დომბაც უნდა აღდგეს, ოღონდ ჯერ უნდა გაირკვეს გენეტიკური თავისებურება, აგრეთვე, რა განსხვავება შეიძლება იყოს ახლანდელ პოპულაციასა და კავკასიურ დომბას შორის. საგულისხმოა, რომ ევროპული დომბა მხოლოდ პოლონეთში, რუსეთსა და ბელორუსიაშია გავრცელებული.

თახვი, კოლხეთის დაბლობის გარდა, სხვაგანაც ბინადრობდა და, როგორც ჩანს, ჭაობების დაშრობას შეეწირა. ადვილი შესაძლებელია, ისეთივე სახეობა ყოფილიყო, რომელიც ევროპაშია გავრცელებული, მაგრამ ისე განადგურდა, შესწავლაც ვერ მოვასწარით. ამჟამად თახვებს ბევრგან შეხვდებით - ჩრდილოეთ ამერიკაში, ციმბირში, სხვა ქვეყნებში. მას ძვირფასი ბეწვი აქვს, მაგრამ საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აქ ისე ხარისხიანი ბეწვი არ ექნებოდა, როგორც ჩრდილოეთის ქვეყნებში.

ევროპული წაულა. როგორც ჩანს, ევროპული წაულა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ცოტა იყო. ის კავკასიონზე ბინადრობდა და მის ქვედა ზოლშიც ჩამოდიოდა. სამწუხაროდ, არ ვიცით, კიდევ სად გვხვდებოდა ეს ცხოველი, მაგრამ ზუსტად იგივე იყო, რომელიც ვეროპასა და რუსეთში დღემდეა შემორჩენილი.

ქურციკი (ჯეირანი). 1950-იან წლებში ქურციკის გავრცელების არეალი თბილისამდე ჩამოდიოდა. ამ მშვენიერ ცხოველს ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა, უმეტესობა მას ხორცისთვის კლავდა, ამის გამო საქართველოში მთლიანად განადგურდა. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის პროექტით ქურციკები შემოიყვანეს აზერბაიჯანიდან და სახეობის აღდგენას ცდილობენ - აზერბაიჯანული ქურციკები არ განსხვავდებიან ერთ დროს ჩვენში მობინადრე სახეობისგან.

ლეოპარდი. საქართველოში ბინადრობდა ძალიან იშვიათი და ლამაზი ცხოველი - წინააზიური ლეოპარდი. ბოლო წლებში (2003 წელს) ჩვენს ტერიტორიაზე, ვაშლოვნის ეროვნულ პარკში, მხოლოდ ერთი ლეოპარდი გამოჩნდა. სასიხარულოა, რომ თბილისის ზოოპარკში გვყავს ორი წინააზიური ლეოპარდი. ლეოპარდიც დევნას შეეწირა და ჯერჯერობით მის აღდგენაზე ლაპარაკი არ არის. ლეოპარდი შემორჩენილია აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, თუმცა ძირითადი პოპულაცია ირანში გვხვდება.

ზოლებიანი აფთარი გავრცელებულია მთელ აფრიკასა და აზიაში, ჩვენთან ერთეულების სახით შეიძლება იყოს შემორჩენილი. ის XIX საუკუნის ბოლომდე თბილისის მიდამოებამდეც აღწევდა. 1990-იან წლებში საქართველოში ნამდვილად იყო ორი ინდივიდი. დღეს რომ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არ ნიშნავს, რომ ეს ცხოველი ჩვენს ტერიტორიაზე აღარ არსებობს.

თეთრმუცელა სელაპი. 1982 წელს გამოცემულ "საქართველოს წითელ წიგნში"ის შეტანილია, როგორც მეტად იშვიათი და მცირერიცხოვანი, გადაშენების გზაზე მდგარი, თუმცა ამჟამად საქართველოს სანაპირო წყლებში უკვე გადაშენებულია. მიზეზი უცნობია. ამჟამად თეთრმუცელა სელაპი ხმელთაშუა ზღვაში ბინადრობს, ის შენიშნეს ბულგარეთის, თურქეთის სანაპიროსთან. ამჟამად შავ ზღვაში თეთრმუცელა სელაპი ერთეულების სახით არის შემორჩენილი, ოღონდ - არა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

ხათუნა ჩიგოგიძე