"უკვირთ, როგორ შეიძლება გოგონა მიწას ხნავდესო" - კვირის პალიტრა

"უკვირთ, როგორ შეიძლება გოგონა მიწას ხნავდესო"

"პირველად ექსპორტი ესპანეთში 2001 წელს გავიტანეთ. მას შემდეგ თხილი იყიდება გარჩეულიც და ნაჭუჭიანიც, მათ შორის, საფრანგეთში, სადაც საკვებად ვარგის თხილს ვყიდით"

"ჩემი საქმიანობით წახალისებულმა რამდენიმე ჩემმა მეგობარმა თხილის პლანტაციაც გააშენა, ნერგებიც მივეცი და რჩევებიც..."

ვენი მკითხველი უკვე იცნობს ახალგაზრდა მეწარმე მარიკა კოდუას, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ცხოვრობს და დიდ საოჯახო ბიზნესს უძღვება. გავიდა ხანი და "კვირის პალიტრა" მას კვლავ დაუკავშირდა. მაშIინ, როცა ქართული სოფლები კატასტროფულად იცლება, ახალგაზრდა მეწარმეს, ზოგიერთ სფეროში დაზარალების მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაუყრია. მარიკა კოდუა მეურნეობის განვითარების სხვა გზებს პოულობს და მუშაობის სტიმულს აძლევს თანატოლებს, ვინც ერთხელ სცადა, მაგრამ აგრარულ მეურნეობაში სხვადასხვა მიზეზით სასურველი შედეგი ვერ მიიღო.

23 წლის მარიკა სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯერია. ამბობს, რომ ბაკალავრის დიპლომი აქვს და მაგისტრატურისთვის ემზადება აგრობიზნესის მიმართულებით. თუმცა ბიზნესი ჯერჯერობით ისეთ პროცესშია, რომ ვერ ტოვებს, რათა მიღწეულს საფრთხე არ დაემუქროს.

- ჩემს ოჯახს ბიზნესი 90-იანი წლებიდან ჰქონდა და ჩვენ, შვილები, მშობლებს მხარში ვედექით. სამი და-ძმა ვართ. ახლა ჩემი უფროსი და ამერიკაში სწავლობს და ძველებურად ვერ მეხმარება. ჩემი ძმა კი სტუდენტია, მაგრამ მაინც ცდილობს საოჯახო ბიზნესში მონაწილეობას. მთელი ცხოვრება ვსწავლობდით და ვმუშაობდით. მოსწავლეობისას ბიზნესის საკითხებში კარგად ვერკვეოდი და თითქმის ყველაფერს დამოუკიდებლად ვართმევდი თავს. ფაქტობრივად, მეურნეობას მე ვუძღვებოდი. როცა სწავლა თბილისში განვაგრძე, მშობლებს ისე ვეღარ ვეხმარებოდი, მაგრამ თვეში რამდენჯერმე მაინც ჩამოვდიოდი. გარდა ამისა, თბილისიდან "საგარეო საკითხებს" ვაგვარებდი, - კლიენტების მოძიება, პროდუქციის შეფუთვის დიზაინი და ა.შ.

იმ პერიოდში თხილთან ერთად თაფლიც გვქონდა და საქმეც ბევრი იყო. მას შემდეგ, რაც სწავლა დავამთავრე, ბიზნესის მართვა მთლიანად გადმოვიბარე. ამ ეტაპზე, ძირითადად, თხილს ვაწარმოებთ.

1996 წელს დავაარსეთ საოჯახო ბიზნესი და პირველად ექსპორტი ესპანეთში 2001 წელს გავიტანეთ. მას შემდეგ თხილი იყიდება გარFჩეულიც და ნაჭუჭიანიც, მათ შორის, საფრანგეთში, სადაც საკვებად ვარგის თხილს ვყიდით. ბოლო დროს კონკურენციამ მოიმატა - თავიდან თუ 2 საწარმო იყო, ახლა მარტო ზუგდიდის რაიონში მათი რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ეს სტიმულია ჩვენთვის, კიდევ უფრო გავზარდოთ ხარისხი...

უცხო ენას უკვე კარგად დავეუფლე და აღარც შემსყიდველ კომპანიასთან მიჭირს ურთიერთობა. ჩვენი საქმიანობის ფარგლებში, სხვადასხვა გამოფენაშიც ვმონაწილეობ.

- რომელ ქვეყნებში იმართება გამოფენები?

- სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციები ახალგაზრდა მეწარმის სტატუსით მიწვევენ. საინტერესოა ასეთი შეხვედრები, თუნდაც იმიტომ, რომ გამოცდილებასა და ბევრ ინფორმაციას ვიღებ...

- როცა ასეთ შეხვედრებზე მიდიხართ, რა რეაქცია აქვთ თქვენს კოლეგებს?

- ნაწილს უკვირს, რომ ასეთი ახალგაზრდა, ასე აქტიურად ვარ ჩაბმული სოფლის მეურნეობაში და ცოტა სკეპტიკურადაც უყურებენ, როგორ შეიძლება გოგონა იყოს სოფელში, ხნავდეს მიწას, მაშინ, როცა შეუძლია სხვა, ქალისთვის უფრო შესაფერის საქმეში დაიხარჯოსო. მაგრამ მე ის ადამიანი არა ვარ, კაბინეტში დავჯდე.

საზოგადოების მეორე ნაწილი კი იმედით მიყურებს, რა კარგია, ასეთი შრომისმოყვარე რომ ხართ, მიუხედავად იმისა, ეს გოგონას საქმე არ არისო, დააყოლებენ... დიახ, ადვილი არ არის, დიდ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს.

ხვნა-თესვისა და მოსავლის აღების პერიოდში არის დღეები, როცა დილის 6 საათზე ვდგები და ჩვენგან დაახლოებით 10 კილომეტრში მცხოვრები მუშები მომყავს... ახლა თხილის პლანტაციის მოვლის დროა, უნდა გაისხლას, შემოიბაროს, აზოტი შეგვაქვს... ამ ყველაფერში პირადად ვმონაწილეობ, განასხლავი ტოტები ტრაქტორით გამაქვს. მოსავლის აღების დროს ხანდახან 6-ის ნახევარზე ვდგები, ერთი ჭიქა ყავის დალევას ვასწრებ, შემდეგ მომყავს მუშები და მათ პლანტაციაში სათითაოდ ვანაწილებ. შეგროვილ თხილს წონით ვიბარებთ და ქარხანაში მიგვაქვს... შინ საღამოს 8 საათზე ვბრუნდებით, ვვახშმობთ და 12-დან 2-მდე ისევ პლანტაციაში ვართ შემოვლაზე, რადგან ამ დროს თხილის ქურდობის შემთხვევები ხშირია. დაახლოებით 2 საათზე ვიძინებთ... ასეთ დროს ძალიან ცოტა ხანს გვძინავს, მაგრამ ეს არის საქმე, რომელიც მიყვარს და მისთვის ამ მსხვერპლის გაღებაც მიღირს.

- ფუტკარსაც უვლით?

- დიახ, მაგრამ მისთვის დრო ცოტა გვრჩება. თავიდან 75 სკა ფუტკარი გვყავდა, შემდეგ 55-მდე ჩამოვედით, რადგან ფუტკრის მოვლა შრომატევადი საქმეა. გარდა ამისა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ საქმის კარგი სპეციალისტი ვერ ვიშოვეთ(!). საერთოდ, რაც უნდა კარგი ანაზღაურება შესთავაზო, რეგიონებში პროფესიონალ კადრს ვერ იპოვი, დეფიციტია. თაფლის გაყიდვა ძნელია, რადგან ექსპორტზე არ გადის, საქართველოში კი, კონკურენცია დიდია, მით უფრო, როდესაც არაბრენდირებული თაფლი გაქვს. ბრენდირებისთვის კი, ჯერჯერობით, ვერ მოვიცალეთ... აგრარულ სფეროში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა ეს სფერო განვითარდეს. კადრების დეფიციტის გამო, ფერმერებსა და მეწარმეებს, სანამ რამე შედეგამდე მივალთ, ძალიან შორი გზის გავლა გვიწევს. მაგალითად, თხილთან ერთად სილოსის საწარმოც მაქვს. მისი წარმოებისას ბევრი კითხვა გამიჩნდა, მაგრამ პასუხი ვერავისგან მივიღე. შემდეგ სენაკში მივაგენით ფერმერს,

რომელსაც ჰოლანდიური ძროხების ფერმა აქვს. მისგან ბევრი რამ ვისწავლე სილოსის დამზადების საქმეში.

ჩემი ოცნებაა თხილის საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობა. ეს ცოტა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. იმედია, არც ისე შორია იქამდე...

ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მეც ერთი ჩვეულებრივი, რიგითი თანამშრომელი ვარ, ვმუშაობ ფიზიკურად და გამოცდილი ფერმერებისგან მიღებულ გამოცდილებას მათ ვუზიარებ... ამ დროისთვის დაახლოებით 90 ჰა მიწის ნაკვეთი გვაქვს. გარდა ამისა, მოსახლეობისგან ვიბარებთ თხილს. მოსავლის აღების პერიოდში პლანტაციებში 120 კაცამდე მუშაობს. ეს მეტად დაძაბული პერიოდია ჩვენი ოჯახისთვის.

მუშები ანაზღაურებას წონის მიხედვით იღებენ... თითოულ ტომარას ვწონით, მიგვაქვს საწარმოში, სადაც ვაშრობთ და ვაფასოებთ. შემდეგ იწყება ქარხნული პროცესი, თხილის დარჩევა... როდესაც სილოსის საწარმო ავაშენეთ და დანადგარები შევისყიდეთ, საქმე სიმინდის დათესვაზე მიდგა. რამდენიმე ჰექტარზე უნდა დაგვეთესა, ჭყინტი უნდა აგვეღო და ტაროსა და ნაქურჩალთან ერთად დაგვეფქვა. ასე მიიღება სილოსი... ტრაქტორისტები ცოტა იყვნენ და მთელი სოფელი მათზე იყო დამოკიდებული, მათ კი ხანდახან არ ეცალათ. ამასობაში საქმე ფუჭდებოდა. გადავწყვიტე, თავად მეყიდა ტექნიკა და მისი მართვაც მესწავლა. ასე ავიღე ჩ-კატეგორიის მართვის მოწმობა. ახლა ვაპირებ D-კატეგორიის აღებას, რათა სამგზავრო ტრანსპორტის მართვის უფლებაც მქონდეს - როცა მუშები დამყავს, რამდენიმე რეისის გაკეთება აღარ მომიწევს.

- ამ ყველაფერს, ალბათ, სირთულეები ახლავს...

- შეჩვეული ვარ... პირველად, როდესაც სილოსისთვის სიმინდი დავთესეთ, იმ წელს გვალვა დაიჭირა, ქარიშხალიც იყო და მოსავალი გაფუჭდა, 80 ათასი ლარი ვიზარალეთ. მაინც არ მოვეშვი ამ საქმეს და წელს უკვე გამოვუშვით სარეალიზაციოდ 25 კგ-იანი ტომრები... ანუ ბაზარზე თანდათან ვიკიდებთ ფეხს.

- გართობისთვის გრჩებათ დრო?

- თუ მოიცლი, ალბათ დაგრჩება, მაგრამ, როდესაც საქმე მაქვს, გასართობად განწყობა არა მაქვს. ხანდახან ჩემი მეგობრები მაკითხავენ ხოლმე. ჩემი ჰობია თხილის პლანტაციებში სიარული და მუდმივად ახლის ძიება, ეს უფრო მამშვიდებს, ვიდრე კაფე-ბარებში ჯდომა და ყავის სმა... სტუდენტობაში, რაკი მუდმივად თხილზე ზრუნვით ვიყავი დაკავებული, მეტსახელად "თხილს" მეძახდნენ... ჩემი საქმიანობით წახალისებულმა რამდენიმე ჩემმა მეგობარმაც გააშენა პლანტაცია, ნერგები მივეცი და დავუგეგმე, როგორ აეწყოთ საქმე. რჩევებისთვისაც მირეკავენ. ასე ერთობლივად მოეწყო მეგობრული პლანტაციები... ასე რომ, გეგმები გვაქვს, როგორც დამოუკიდებელი, ასევე ერთობლივი.

ლალი პაპასკირი