"ცხენო, პატრონიმც გენაცვლებ..."
21-03-2016
"ცხენო, პატრონიმც გენაცვლებ..."
"არის ადგილები, სადაც ტრაქტორი ვერ შედის, სამაგიეროდ, შედის ცხენი, რომ გუთანი კარგად მოაბრუნოს"

მეცხენეობა საქართველოში ერთ-ერთი განვითარებული დარგი იყო. თითქმის ყველა ოჯახში ჰყავდათ თითო ცხენი, დიდი ჯოგის პატრონები კი მდიდარი მეცხვარეები იყვნენ. განსაკუთრებით გავრცელებული იყო მეცხენეობა თუშეთში, კახეთში, ფშავში, ერწო-თიანეთში. იქაური საძოვრები ხელს უწყობდა ამ დარგის განვითარებას. დასავლეთ საქართველოში ცხენის ჯოგები ქვემო რაჭასა და სამეგრელოში ჰყავდათ. ცხენს საჯირითოდ და ტვირთის გადასატანად იყენებდნენ.
ცხენი, როგორც სამეურნეო და საკულტო ცხოველი - ეს
თემა ისტორიის დოქტორ და ეთნოლოგ ნანული აზიკურთან ერთად განვიხილეთ.

- ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებდა ცხენს. საქართველო და კავკასია ერთ-ერთი ის ადგილთაგანია, სადაც ეს ცხოველი მოაშინაურეს. ადამიანი მას იყენებდა გადასაადგილებლად, გამწე ძალად, ტვირთმზიდავად, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ცხენის ადგილობრივი ჯიშები: ქიზიყური, კახური, თუშური,
მეგრული, იმერული. ცხენს არჩევდნენ ტანადობის, გარეგნული მონაცემების მიხედვით. დღემდე შემორჩენილია თუშური ცხენი, რომელიც გამოიყენება სამხედროდ (ანუ მხედრის საჯდომად), სასაპალნედ. კახეთში ცხენს გამწევ ძალად დღესაც იყენებენ, მაგალითად, ხვნაში, ცხენს უღელში აბამენ. არის ადგილები, სადაც ტრაქტორი ვერ შედის, სამაგიეროდ, შედის ცხენი, რომ გუთანი კარგად მოაბრუნოს.

სამწუხაროდ, ისეთი ცხენები აღარ არის, როგორიც ადრე იყო. საქართველოში უწინ ცხენების დიდი ბაზარი იყო, უზარმაზარი ჯოგები ჰყავდათ სამეფო კარს, ერობას, ეკლესიას, მაგრამ ცხენებს უპირველესად მაინც სამხედრო დანიშნულება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, არსებობდა თანამდებობები: მეჯინიბე, მეჯინიბეთუხუცესი (მოგვიანებით ამილახვრები გახდნენ), მერემე, მეჯოგე, უფროსი მეცხენე და ა.შ. დღეს ცხენის ფუნქცია ტექნიკამ იტვირთა, თუმცა ის მაინც არის ერთ-ერთი სამეურნეო ცხოველი. ჩვენში ახალი შემოსულია საცხენოსნო ტურიზმი და იმედია, ეს ხელს შეუწყობს ამ ცხოველის კვლავ პოპულარიზაციას რეგიონებში. მთაში, სადაც მანქანა არ მიდის, იქ, ცხადია, ცხენია მთავარი ძალა.

- გეოგრაფიული გარემო ამა თუ იმ ჯიშის ჩამოყალიბებაში, ალბათ, დიდ როლს თამაშობს.
- დიახ. თუშური ცხენი საშუალო ტანისაა, ძლიერი, მსხვილი კისერი და კარგი აღნაგობა აქვს და იმ გეოგრაფიულ გარემოს, სადაც არის გავრცელებული, კარგად არის მორგებული. მთის ბილიკებზე უპრობლემოდ დადის, საერთაშორისო მასშტაბითაც მიღებულია. ამასთან, ადრეული ასაკიდან იწყებს მუშაობას და თითქმის სიცოცხლის დასასრულამდე არ შრომობს. მთის ბილიკებზე 120 კილოგრამამდე ტვირთს ატარებს.

- გულისხმობთ სასაპალნე ცხენს?
- დიახ, ასევე საჯდომსაც. კარგი მეცხვარე დასაჯდომსა და სასაპალნეს ერთმანეთში არ აურევდა, საჯდომ ცხენს არ დატვირთავდა, იმიტომ, რომ დოღშიც, თავის მოსაწონებლადაც სჭირდებოდა.

- სასაპალნე საჯდომისგან რითი განსხვავდება?
- სიძლიერით. თუ საპალნეს აჰკიდებდნენ და ტვირთის ზიდვას გაუძლებდა, ბოლომდე სასაპალნე იყო.
ცხენი ფიზიკურ მონაცემებს კვიცობაშივე ამჟღავნებდა. ზოგმა ჩორთი იცის, ზოგი ჯაგლაგაა, ზოგი ქავქავით დადის, იორღას კი პატარაობიდანვე უფრთხილდებიან. ძალიან მგრძნობიარე ცხენია, პატრონს ისე ეჩვევა, სხვას აღარ იკარებს. მახსოვს, ერთი ოჯახი თავის ცხენზე ჰყვებოდა, რომელსაც საღროს ეძახდნენ. თურმე მთელ სიგრძეზე, შუბლიდან დრუნჩამდე, თეთრი ზოლი გასდევდა. პატრონი რომ შეჯდებოდა, უზანგში ფეხს გაუყრიდა თუ არა, ვიდრე უნაგირს გადაევლებოდა, უკვე ადგილიდან მოსწყდებოდა. ძალიან სხარტი და ძლიერი ყოფილა. სხვა მხედრებს ახლოსაც არ იკარებდა, მაგრამ საკმარისი იყო, ქალი შემჯდარიყო, რომ მორჩილი ხდებოდა. მოკლედ, ადამიანისა და ცხენის დამოკიდებულებაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

- თავად თუ გიჯირითიათ?
- როგორ არა, სტუდენტობისას, თანაც, თუში ვარ და ჩემზე ამბობდნენ, რას ამბობთ, მაგის შიშით ცხენი ვერ დაგვიბამსო. მით უფრო დედაჩემის სოფელში, დისწულები დედის ძმების სოფელში მეტად თამამები არიან ხოლმე და არც მე ვიყავი გამონაკლისი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ცხენი ვისი იყო, დავინახავდი თუ არა, მაშინვე ავუშვებდი. მახსოვს, ერთი უძლიერესი ცხენით შენაქოში წავედი და კალთაში მეწყო აღვირები, რომ არ დამკარგოდა.
ერთი ამბავიც მაქვს მწყემსისგან ჩაწერილი: თურმე საპალნით მომავალ ცხენს კვიცი კლდეებზე გადაუვარდა. ცხენმა მწარედ დაიჭიხვინა და გზა გააგრძელა, მაგრამ მეორე წელს იმ ადგილას უსაპალნოდ რომ გაიარა, თურმე ერთი შეხუვლა და თავით ქარაფებში გადაეშვა. უსაპალნოდ რომ იყო, ვალდებულება არ ჰქონდა და კლდეზე მაშინ გადაიჩეხა. აი, ასეთი მგრძნობიარენი არიან.

- კიდევ რაში იყენებენ ცხენს?
- მეცხვარეობაში ყველ-მატყლის სატარებლად. ყველს გუდებით აჰკიდებენ (უნაგირზე აქეთ-იქით გადაკიდებულ გუდებს სარდაბები ჰქვია. კეხის ტახტაზე ჩამოჰკიდებენ და ზედ ტყავის თასმებით აბამენ). ცდილობენ, ტვირთი ორივე მხარეს თანაბარი წონის იყოს, რომ ცხენმა გვერდი არ მოიქციოს. რომელი მხარეც მსუბუქი აღმოჩნდება, გასაწონასწორებლად ქვას ჩაუდებენ. უწინ უფრო დიდი ბარდანებით თითო მხარეს 50-60 კილოგრამი მატყლი დაჰქონდათ. იმ ხურჯინებით არა მარტო მატყლი და ყველი, ბავშვებიც გადაჰყავდათ, გზაში დავარდნილ თუ მოგებულ ბატკნებს, ბოჩოლებსა და ლეკვებსაც სვამდნენ.

- დღესაც ასეა?

- ციკნების, ბატკნებისა და ლეკვებისთვის კიდევ იყენებენ ცხენებს, ბავშვებს აღარ სვამენ ხურჯინებში, რადგანაც თითქმის ყველა სოფლამდე სამანქანო გზა მიდის.
დასანანია, რომ მეცხვარეობაში ცხენი მხოლოდ იმ ადგილამდე სჭირდებათ, სადამდეც სამანქანო გზაა, რომ ყველ-მატყლი მიიტანოს.

- მწყემსებსაც ხომ სჭირდებათ საჯდომად?
- კი. ბინაში, სადაც ცხვრის ფარები ჰყავთ (იგულისხმება 2000-მდე ცხვარი) 3 სასაპალნე ცხენი მაინც არის. ადრე მეტი იყო, 15-20 მაინც.
ამასთან, ადრე თუ ოჯახს აუცილებლად რამდენიმე ცხენი ჰყავდა, რომ მთაში ბავშვებითა და საზაფხულოდ საჭირო სანოვაგით წასულიყვნენ, ახლა ცხენს ავტომანქანა ცვლის, თუმცა არის სოფლები, სადაც მანქანა ვერ მიდის, მაგალითად, ჩემს სოფლამდე. მე ორი ცხენი მყოფნის, ორ გზას ვაკეთებთ, რომ ბარგით ავიდეთ. ჩემი სოფელი ბუხურთაა (ახმეტის რაიონი), მანქანა კი ილიურთამდე მიდის. ადრე 5-6 ცხენი გვჭირდებოდა.

ამ ცხოველს არა მარტო სამეურნეო დანიშნულება, არამედ საკულტო-სარიტუალო მნიშვნელობაც ჰქონდა. ბევრ რიტუალში მონაწილეობდა: ქორწილში, დაკრძალვისა და წლისთავის რიტუალში, დოღებში. იყო ასეთი ტერმინი "სულის ცხენი", რომელსაც გარდაცვლილის სახელზე აკურთხებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამუდამოდ მისი იყო, ოღონდ სიმბოლურად. წლისთავისა და დოღის შემდეგ, ანუ რიტუალის შემდეგ, ჩუქნიდნენ ნაცნობს ან დედის ძმას, ცხენთან ერთად ნაბადი და ხურჯინიც უნდა ეჩუქებინათ. ეს ძველთაგან მომდინარე ჩვეულებაა. არ შეიძლებოდა სულის ცხენის სასაპალნედ და სამხედროდ გამოყენება.

- მოკლედ, ცხენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცხოველია.
- დიახ, ლაშარის გორზე იმდენი ცხენი მყავს ნანახი, რამდენიც იმწუთას ადამიანი იყო. მთაში მაინც ძირითადი ტრანსპორტია დღესაც.
ცხენს მეურნეობაში დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და დანიშნულება. მიხარია, რომ დღესდღეობით ტურიზმში იყენებენ. იმედია, ქართული ჯიშები მეტად აღორძინდება. ცხენს, რაკი საკულტო ცხოველი იყო, ხალხურ პოეზიაშიც დიდი ადგილი ეკავა. კარგი და ძლიერი ცხენი ვაჟკაცის სრულყოფილების ერთ-ერთი ნაწილი იყო, ამასთან, კარგი მათრახი, აღკაზმულობა, კარგი ჩოხა და ცხენზე დაკრული ნაბადიც ამკობდა.
"ცხენო, პატრონიმც გენაცვლებ,/ შევარდენს გიგავ თვალები,/ დოღში წინა-წინ მომიხვალ,/ ხედვად გამოვლენ ქალები".

ლალი ფაცია
ქართველი
31 მარტი 2016 17:31
არსებობს 2 ჯიშის ცხენები საქართველოში, ესენია თუშური და მეგრული,,და არა როგორც თქვენ დასწერეთ ქიზიყური, კახური და იმერული,სიმართლეს არ შეესაბამება

რედაქტორის რჩევით