ხევსურული ბოსტნის "პიონერები" - კვირის პალიტრა

ხევსურული ბოსტნის "პიონერები"

შრომის ნაყოფის ხილვა მუდამ სიხარულს გვანიჭებს.

რატომ ხდება ასე, ამას თავისი საფუძველი აქვს, მე კი ჟინვალში სწორედ ეს შეგრძნება მქონდა გიორგი მელიქიშვილისა და რუსუდან ბანცურის ოჯახის კარის შეღებისას - ამ ჩვეულებრივმა ადამიანებმა მათდა უნებურად იკისრეს სოფლის მეურნეობის "მისიონერის" როლი ხევსურეთსა და საზოგადოდ, მთიანეთში.

ახლა კი ამ "მისიონერობას" უკვე ხანდაზმულ ასაკში, შვილებთან ერთად აგრძელებენ - მთაში ის კულტურები მოჰყავთ, რომელთაც აქ მანამდე არავინ იცნობდა. მათ მაგალითზე კი ამ გამოცდილებას სხვები იზიარებენ. ეს ხალხი დაღამებამდე მუხლჩაუხრელად შრომობს და შედეგით ხარობს.

მათი სახლის კარს მაშინ მივადექი, როცა გიგო ძია ბაღში ბარით იდგა და კარ-მიდამოს კმაყოფილი ათვალიერებდა. გასხლულ ვაზსა თუ აყვავებულ ხეხილს მეც გადავხედე და გამოველაპარაკე. მან კი, ოჯახისა მთავარი დედაბოძი ქალია, ის რომ მხარში არ ამომდგომოდა, ჩემზე მეტიც არ ეშრომა და შვილები არ გაეზარდა, ეს ყველაფერი არ იქნებოდაო და მეუღლეს დაუძახა...

რუსუდან ბანცური: - წლებმა მასწავლა, თუ რაიმე გულით გინდა და შრომაც არ გეზარება, ადამიანის ხელი ყველაფერს შექმნის. ანანურიდან ბარისახოს სკოლაში რომ ავედი სამუშაოდ, 16 წლის ვიყავი; მამაჩემმა აქ მუშაობის ნება იმიტომ დამრთო, რომ ბარისახოში წესიერი ხალხი ცხოვრობს, თავად კი არა, სხვასაც არავის მისცემენ შენთვის თითის დაკარების ნებასო. მართლაც წყაროს წყალივით სუფთა ხალხი დამხვდა, სოფელშიც და ინტერნატშიც. ხომ ძნელი დრო იყო, ხევსურეთის სოფლებიდან შვილებს (განსაკუთრებით, გოგონებს) სასწავლებლად არ უშვებდნენ და 11-12 წლის ბავშვებს ძალად ვართმევდით ხელიდან, მაგრამ შრომის სურვილი დაკარგული არავის ჰქონდა. ერთი ეგ იყო, ის არ იცოდნენ, იმაზე მეტის გაკეთება თუ შეიძლებოდა. სახლიც არავის ედგა ბარისახოში, გარშემო სულ ნაკელითა და ტალახით შეზელილი სადგომები იყო. 200 მანეთი მქონდა გადანახული და ხევსურებმა რომ მითხრეს, ქორწილი გადაიხადეო, ქვა ავაგდე, ქორწილი რას მიქვია, როცა სახლი არა მაქვს-მეთქი. ერთი 2.000 მანეთიც დედამთილმა დამიმატა და სახლი წამოვიწყე. ასე დავიდგით პირველი სახლი ბარისახოში. მერე ეზო რომ შემოვღობე, ბარში ხეხილის ნერგები ვიყიდე და გულში ჩახუტებული ავტობუსით ჩავიტანე ბარისახოში, არავინ შეეხოს და რაიმე არ მოამტვრიოს-მეთქი. მანამდე ბარისახოში არავინ არაფერს რგავდა, რასაც ბუნება იძლეოდა, იმით გადიოდნენ იოლად და ნერგები რომ დაინახეს, თვალები გაუფართოვდათ - ამოდენა გზაზე ჩამოტანილმა მცენარემ უცხო მიწაზე როგორ უნდა გაიდგას ფესვებიო, მაგრამ ფესვიც რომ გაიდგა, ყვავილიც გამოიტანა და ნაყოფიც, ყველამ აიღო მაგალითი და ეზო გემრიელი ხილით დაიმშვენა. ბოსტნის საქმეც ასე იყო. პატარა ადგილი შემოვღობე, დავბარე და კვლების გაკეთება დავიწყე. კვლებს რომ ვაკეთებდი, დედამთილი თავზე დამადგა, რას აკეთებო. ავუხსენი და დავატანე, როცა მოსავალი მოვა, მაშინ უფრო კარგად გაიგებ, რაც იქნება-მეთქი და იმ კვლებში ბარისახოს პირველი მწვანილი დავთესე.

- 50-იან წლებში ხევსურეთში არ იცოდნენ, მწვანილი რა იყო?!

- ასე იყო. ალბათ, იმიტომ, რომ ამ ცოდნას ადრე საჭიროდაც არ მიიჩნევდნენ, რადგან მთავარი საქმე მეცხოველეობა იყო. მთაში ისეთი გრძელი და ცივი ზამთარი იცის, ბოსტნის მოყვანისთვის თავის გამოდება არც კი უღირდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი მწვანილით შეკაზმული კერძი ჩემს დედამთილსა და მეზობლებს ძალიან ეგემრიელათ, უბოსტნოდ აღარავინ გაჩერებულა და თესლსაც ვანახვინებდი. ზამთარში ძველ კვლებსაც ვაფარებდით რაიმეს, რომ ზედ არ დაეთოვა და მომავალ გაზაფხულზე ძველი ფესვებიდან ახალი ყლორტები წამოსულიყო. გაზაფხულზე მოხსნი "თავსაფარს" და მიწაში ჩარჩენილი ფესვებიდან მწვანილი ამობიბინდება. ამ ჩემი ბოსტნისა თუ ეზო-კარის მისახედად ახლაც სისხამ დილით ვდგები, როგორც ყმაწვილქალობაში. სოფელში წელიწადის ყველა დროს ბევრი საქმეა, ადრიან შემოდგომაზე, უკვე ლამის ყველა საქმე რომ მიილევა, ჩირს ვახმობ, ამერიკაში წასულ შვილსა და შვილიშვილებს ვუგზავნი. ალბათ, ოდესმე აქ დაბრუნდებიან! ეს ყველაფერი იმიტომაც შევძელი, რომ ჩემს ქმარს ერთხელაც არ უთქვამს, არ შემიძლია, ვერ დაგეხმარებიო! მე რომ ვაკეთებდი, ეგ ათჯერ მეტს აკეთებდა. დღეს რომ ბარისახოში ვენახია, ეგეც ჩემი ქმრის დამსახურებაა, მანამდე ხევსურები ჟიპიტაურს სვამდნენ. მერე, ბარისახოდან ჟინვალში რომ წამოვედით, აქაურ ეზოშიც შემოვიტანეთ ბარის ხეხილი. მათ შორის, ვენახიც.

- ჟინვალშიც მთაგორიანი ადგილია, ასეთი კარგი ტალავერი როგორ გააკეთეთ?

გიორგი მელიქიშვილი: - ამ ტალავერში 7 ჯიშის ვაზია და ყველა ისეთი, მათგან დაწურული ღვინის დალევისას კაცი რომ იტყვის, ამ ღვინის მადლი შეგეწიოთო. ბევრი შრომა რომ არა, ადრიანი მარტიდან ისე ავად დათბება, მერე კი აყვავებულ ხეხილს ყინვა დაარტყამს და დააზრობს, რომ ჩემი შრომა უქმად ჩაივლიდა. ამიტომაც

სხვადასხვა სეზონის ხეხილი მაქვს ეზოში, რიგი თუ ნაადრევ გაზაფხულზე აყვავდება, რიგი გვიან ყვავილობს და ყინვაც აღარ ემუქრება. ასე რომ, სარჩო ყოველთვის გვრჩება. ღამით იმის ფიქრით ვწვები, აბა, რომ გათენდება, შრომა საიდან დავიწყო-მეთქი? ყველაფერი მახარებს, განსაკუთრებით ჩემი ვენახის ტალავერი, - სანამ მე არ მოვიტანე ვაზი და არ დავრგე, მანამდე, როგორც ბარისახოში, ისე ჟინვალში, არ იყო ნაცადი ვაზის გაშენება. მშვენიერი ღვინო გამომდის, თანაც მხოლოდ კაცებისთვის კი არა, ალადასტურისაგან შარბათივით ღვინოს ვაყენებ. ძალიან გემრიელი გამომდის პინოს (ყურძნის ჯიში) ღვინოც. პინო ძეგვიდან ჩამოვიტანე.

- თქვენი ეზო ხეხილისგან დაჩრდილულია. ამ ჩრდილქვეშ ნიადაგი აშკარად რაღაცის დასათესად გაქვთ მომზადებული. რა ითესება ჩრდილში?

- ბევრი რამ: კიტრი, ლობიო, კარტოფილი... ამჟამად ჩვენთან ჩვენი ქალიშვილი ცხოვრობს, ყველა სამუშაოს მასთან ერთად ვგეგმავთ. შვილები შრომის სიყვარულით გამოვზარდეთ. სანამ ასე ვშრომობთ, არაფერია საშიში. ადამიანს შრომა აცოცხლებს და აჯანმრთლებს, უსაქმოდ წამოწოლილი კაცის კი ჯანიც სუსტდება და ოჯახიც... მინდა, რომ ეს რაც შეიძლება ბევრმა შეიგნოს ჩვენს მიწა-წყალზე.

ეთერ ერაძე