"მინდა, ფერები მოედოს ქალაქს" - კვირის პალიტრა

"მინდა, ფერები მოედოს ქალაქს"

"ადრე რეზინის მილი მქონდა, ონკანს ვუერთებდი და არა მარტო ჩემს მცენარეებს, მესამე სართულიდან ეზოში სკვერსაც ვრწყავდი, განსაკუთრებით - ზაფხულში"

"ქალაქის ესთეტიკაზე ზრუნვა, გარემოს სიყვარული და შენთვის პატარა წალკოტის შექმნა არ არის ძნელი", - გვეუბნება ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობს და გარემოს გალამაზებაზე ზრუნავს. მისი სახლის აივანი ყურადღებას იპყრობს - არცთუ დიდ ფართობზე მშვენიერი მოსასვენებელი ადგილი აქვს მოწყობილი, მცენარეებითა და დეკორატიული ნივთებით. "ცოტა ხანში აივანზე სხვა ქოთნის ყვავილებსაც გავიტან, ამასობაში თანდათან დათბება და აქ უფრო მეტ დროს გავატარებ. თან, ჩემი აივნიდან ლამაზი ხედებიც იშლება. ადამიანს ხომ მუდმივად აქვს ლტოლვა სასიამოვნო გარემოსა და სურნელისკენ, ამიტომ, ცდილობს, გარემო უკეთესი და ლამაზი გახადოს. ჰოდა, ამაზე მეც ვზრუნავ", - გვეუბნება ჩვენი მასპინძელი.

- რამდენი წლის არის შენი ბაღი?

- ეს ბაღი 2008 წლიდან მაქვს. სოფელშიც მაქვს დეკორატიული ყვავილები - ვარდები, ბზა... მომწონს მარადმწვანე ხეები და ხვიარა მცენარეები, თიIთქმის არ ვაჩერებ ერთწლიან ყვავილებს, რადგან რომ ფუჭდება, გული მწყდება. ბოლო დროს ხვიარა მცენარეებიც შევისწავლე, თუ მათ სეზონურად მოყვავილე მცენარეებსაც შეურევ, ლამაზი აივანი და ბაღი გამოდის. ხვიარებიდან ჯერჯერობით წითელყვავილებიანი ვარდი მაქვს, რომელიც მართლაც ულამაზესია. წელს გასხვლა დამაგვიანდა, თუმცა კიდევ შეიძლება, მოვასწრო.

- რომ არ გასხლა?

- თუ გინდა, რომ ბევრი ყვავილი ჰქონდეს, უნდა გასხლა. წელს ძალიან გაიზარდა და უკვე კედელზეა მისამაგრებელი. ყვავილები ბავშვობიდან მიყვარდა. ნათურები რომ გადაიწვებოდა, ფრთხილად ვიღებდი შიგთავსს, ცარიელ მინაში წყალს ვასხამდი, რასაც 2-3 წვეთი მელნით ვაფერადებდი და იასამნისფერ სითხეში ჭორიკანის ღეროს ვდებდი. 2-3 თვეში ფერს იცვლიდა და მერე ძაფით კედელზე ვკიდებდი. ჰოდა, კედელიც ფერადი მცენარეებით ჭრელდებოდა.

ჩემ თვალწინ იბადებოდა, ფესვები გამოჰქონდა, იფერებოდა და ხარობდა, რაც ძალიან მომწონდა. მოგვიანებით ენდროც ვცადე. მცენარეს სააღდგომოდ შეღებილი კვერცხების ნახარშიდან მორჩენილი წითელი სითხით ვფერავდი, რაც მშვენივრად აწითლებდა ჭორიკანებს.

ოდესმე ბევრი ფული თუ მექნება, სიამოვნებით ავიყვან მებაღეს. შენი გარემო მოვლილი რომ გაქვს, ეს ქალაქზე ზრუნვაც არის. მსოფლიო მაქვს მოვლილი და ყველგან განსაკუთრებულად უვლიან გარემოს. რაც მეტი ადამიანი მოუვლის, მით უკეთესი, რადგან მხოლოდ ერთი ია მინდორს ვერ გააფერადებს... ერთხელ შობის ყვავილი ვიყიდე. ორ თვეში ფერი გადაუვიდა, სიმაღლეში გაიზარდა და ბოლოს გადატყდა. თურმე ის ჰოლანდიაში ხელოვნურად გამოყვანილი მცენარეა, რომელსაც შენ ვეღარ გაამრავლებ. შობის ყვავილი ძალიან პოპულარულია გერმანიაში. საშობაოდ მის ქოთნებს დიდი ნაძვის ხის ფორმით ალაგებენ. ბინის, აივნის ყვავილებით გაფორმება ძვირი სულაც არ ჯდება.

- ზოგი ფიქრობს, რომ ეს არც ისე იაფი დაუჯდება.

- სულაც ღეროებით შეუძლიათ გამრავლება. ერთმა გოგონამ ყვავილის ღერო მაჩუქა. ეს მცენარე პალმის ოჯახიდან არის. ფოთლის ბოლოები ფერებს იცვლის და წაწვეტებულია. თავიდან პატარა იყო, მერე კარგად გაიზარდა... სამწუხაროდ, გასულ ზამთარს ორი ყვავილი გამიფუჭდა, ერთი გვიმრისებრთა ოჯახიდან იყო და აი, ამ მაგიდას ფარავდა. არადა, დახასიათებაში წერია, რომ ყინვასაც უძლებს. ჰოდა, ზამთარში აივანზე დავტოვე, უფრო სწორად, შინ შემოტანა დამაგვიანდა. გაფუჭდა, თუმცა, ახლა ერთი ღერო წამოიღო. ისე, ადვილად იზრდება და ვნახოთ... მარადმწვანე მცენარეების ღირსება ის არის, რომ ზამთარშიც მწვანეა. ჩემი ნაძვები იანვარშიც მილამაზებს აქაურობას.

- ეს ტუიის ბუჩქები, რაც შენს აივანზე ხარობს, დიდი იზრდება?

- ცოტა კიდევ გაიზრდება. წლების წინ ვიყიდე... მოკლედ, მარადმწვანე ყავილები იანვარშიც ხასხასებს და განწყობას გიქმნის... ეს ბარაქის ხეა, თუმცა, რატომ ეძახიან ასე, ვერ ვხვდები. ისე, ლამაზი კია.

- შენს მცენარეებში კაქტუსები არ ჩანს.

- კაქტუსი მქონდა, დაბადების დღეზე მაჩუქეს, იცოდნენ, რომ ყვავილები მიყვარს და კომპიუტერთან მედო. მერე სინგაპურში წავედი და რომ ჩამოვედი, რედაქცია, სადაც ვმუშაობდი, დახურული დამხვდა. იმ კაქტუსზე დღემდე გული მწყდება. ტაილანდში ულამაზესი კაქტუსები ვნახე, რომელთა მსგავსი იშვიათად მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ კაქტუსი Aძალიან ადვილი მოსავლელია, არ მაქვს.

- ამ ყველაფერს დიდი დრო არ სჭირდება?

- მორწყვას რა დიდი დრო სჭირდება - 7-8 წუთი. ადრე რეზინის მილი მქონდა, ონკანს ვუერთებდი და არა მარტო ჩემს მცენარეებს, მესამე სართულიდან ეზოში სკვერსაც ვრწყავდი, განსაკუთრებით - ზაფხულში.

ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა პალმები მოვიტანეთ, შინ შესაფერისი ქოთანი ვერ ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ, სკვერში დაგვერგა. ვიდრე სახლიდან ეზოში წყალი ჩაგვქონდა, პალმები მოიპარეს. გული დამწყდა, მერე კი ვიფიქრე, ვინც პალმას იპარავს, ამას ხომ იმისთვის აკეთებს, თავისი გარემო გაამწვანოს-მეთქი?

გული მხოლოდ იმაზე მეთანაღრება, რომ ეზოში ჩემი სახელობის ხე ვერ დავრგე, მაგრამ არა უშავს, 2009 წლიდან მოყოლებული, თბილისში 3800-მდე ხის დარგვაში მაქვს მონაწილეობა მიღებული...

- რა რჩევას მისცემდი დამწყებ მებაღეებს?

- ახლა კარგი პერიოდია ყვავილების გადარგვისა თუ დარგვისთვის, ეს დრო თებერვლის ბოლოდან დაიწყო და აპრილის 15-მდე გასტანს. ვისაც კარგი ბაღის გაშენება უნდა, ხვიარა მცენარეებით უნდა დაიწყოს. ძალიან მალე მრავლდება, სწრაფადაც იზრდება და აივანსაც და კუთხესაც ალამაზებს. სურო ჩვენთან ბევრს აქვს, ხვიარა ვარდები - ცოტას. არადა, ასეთი ვარდებით არის დამშვენებული უცხოეთში აივნები. მოკლედ, მინდა, რომ ეს ფერები სწრაფად მოედოს ქალაქს, თან იაფი ჯდება.

- ეს ბუჩქები შენს აივანს ძალიან ალამაზებს...

- კი, თუმცა ეს მცენარეც, რომელსაც ვინკას ეძახიან (სუკულენტი) ფანჯარას ძალიან უხდება. თან, "ფარდებს" იკეთებს. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, მეზობლებთან არ ჩავიდეს და ფანჯარა არ დაუფაროს-მეთქი, მაგრამ ვკვეცავ ხოლმე. წელს კი "ფარდები" მთლიანად მოვაჭერი...

- 110-მდე ქვეყანა გაქვს მოვლილი, რომელი ქვეყნის გამწვანება მოგეწონა ყველაზე მეტად?

- ტაილანდში, პატაიასთან ახლოს ნონგ ნუჩის პარკია, სადაც ულამაზესი ყვავილების ბაღია. ისე მომწონს იქაურობა, რომ სამჯერ ვარ ნამყოფი. მოხიბლული ვარ ინგლისის სამეფო ბაღებითაც. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ფრანგული ბაღებიც. დეკორატიული მებაღეობა აზიასა და ევროპაში ერთნაირად არის განვითარებული.

მსოფლიოში ახლა ასეთი ტენდენციაა - რაც მეტი კორპუსია, მით მეტი გამწვანება უნდა იყოს შენობებზე. ბაღების კულტურა აზიურ ქვეყნებში მეტია - უდაბნოს წალკოტად აქცევენ. ვგულისხმობ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, სადაც არა მარტო დიდი და ულამაზესი ბაღებია გაშენებული, ყველაფერს კონცეპტუალურად არქიტექტურაში სვამენ. სინგაპურში ბოლო რვა წელიწადში აშენებულ ცათამბჯენს ვერ ნახავ, რომელსაც სახურავებსა და აივნებზე გამწვანება არ ჰქონდეს. შენობის აშენების უფლებას ისე არ აძლევენ, თუ არ იქნება გათვალისწინებული გამწვანების ელემენტები. მოკლედ, ვისაც როგორ შეგვიძლია, მივხედოთ საკუთარ გარემოს, დამიჯერეთ, არ არის ძნელი...

ლალი ფაცია