ქართული ცხვარი ახლა ევროკავშირის ბაზრისთვის გაიპარსება
28-03-2016
ქართული ცხვარი ახლა ევროკავშირის ბაზრისთვის გაიპარსება
ქართული ცხვრის მატყლი პირველი ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე დაუშვეს.

ჯერჯერობით ვიზა მისცეს მატყლის მწარმოებელ ორ ქართულ კომპანიას: არაგვისპირში მდებარე შპს "ჯორჯიან ვულს" და მარნეულში მდებარე შპს "ქართულ მატყლს". მათ ამ ბაზარზე დაუმუშავებელი (გაურეცხავი) მატყლის გატანა შეუძლიათ. ათეული წლების მანძილზე რუსულ ბაზარზე ორიენტირებულმა ქართული ცხვრის მატყლის ეკოლოგიურმა და მაღალხარისხოვანმა პროდუქციამ გასაღების ბაზარი დაკარგა, რის გამოც მეცხვარეები მატყლს წვავდნენ ან ყრიდნენ...

6-7 წლის წინ უცხოეთში ქართულ ცხვარზე მოთხოვნის გაზრდას
ქართული მატყლით დაინტერესებაც მოჰყვა. ძალიან მალე კლიენტიც გამოჩნდა, მათ შორის - ინდოეთში, უკრაინასა თუ ინგლისში. თუმცა, მერე ინგლისმა უკან დაიხია და მატყლის შეტანაზე იმ მიზეზით თქვა უარი, რომ ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე არ იყო დაშვებული... იმისთვის, რომ ქართულ მატყლს ევროკავშირის ბაზრამდე მიეღწია, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე
ბექა გონაშვილმა ცხვრის პარსვის სეზონზე უცხოელი ექსპერტები მოიწვია.
- ჩვენ სუფთა საძოვრები გვაქვს, არც სასუქს ვაყრით და არც პესტიციდებით ვამუშავებთ. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენს პროდუქციას გულგრილად ვერც ერთი ევროკავშირის ქვეყანა ვერ შეხედავს. თუშეთში აყვანისთანავე უცხოელმა ექსპერტმა მითხრა, ეს საძოვრები თქვენს ცხვარს­ ევროპაში გასვლის საუკეთესო პერსეპექტივას უქმნისო.

- გაკვირვებული დარჩებოდა ცხვრის პარსვის იმ ტექნიკით, რომელიც გასული საუკუნიდან არის შემორჩენილი...
- რა თქმა უნდა, ახლა დუქარდებით მსოფლიოში ცხვარს ვინღა პარსავს?! თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშაობენ... თუმცა, ჩვენს მეცხვარეს შეუძლია დუქარდით დღეში 50-მდე ცხვარი მაინც გაპარსოს! ერთი ცხვრის ნაპარსი კი 4 კგ-მდეა.

- ასეთი კუსტარული ტექნოლოგიის იმედად როგორ შევძლებთ ევროკავშირის ბაზარზე დიდი რაოდენობით მატყლის გატანას?
- ბაზარი იყოს და ყველაფერი მოგვარდება, ჩვენი მატყლის რეცხვის პრობლემაც კი. გვაქვს სხვა პრობლემაც - ჩვენი მატყლი მართლაც საუკეთესო ხარისხისაა, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებს რომ შეესაბამებ­ოდეს, ერთ-ერთი მთავარი ნიშანი აკ­ლია - მატყლის სიგრძე. ამიტომ ამის გაუმჯობესებაზეც ვზრუნავთ.

- როგორ?
- ჩვენი ცხვრის უმრავლესობა წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე, აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში იპარსება; შემოდგომაზე კი - სექტემბრის დასაწყისში; ორჯერ გაპარსვა მატყლის დამოკლებას იწვევს და საერთაშორისო სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს. ამიტომ ცხვარი წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა გაიპარსოს... ჩვენი ცხვრისგან ოთხნაირი მატყლის მიღებაა შესაძლებელი - ნაზი მატყლით დაწყებული, უხეში მატყლით დამთავრებული.

- ბოლო დროს იმერეთშიც დაიწყეს­ ცხვრის მოშენება. ამ ჯიშის მატყლი თუ გამოდგება ევროკავშირის ბაზარზე გასატ­ანად?­
- იმერული ცხვარი ტანად პატარაა, მაგრამ მატყლი ხარისხიანი აქვს და ამავე დროს - სხვადასხვა ფაქტურისაც. იმერული ცხვრისგანაც შეიძლება დამუშავების გარეშე მივიღოთ ნაზი, რბილი და ასევე უხეში მატყლიც... მიახლოებითი გამოთვლებით, ჩვენს ქვეყანაში 900 ათასამდე სული ცხვარი აღირიცხება. ეს რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ მეცხვარეობა მაინც მომგებიანი სფეროა როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხისთვის...

ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების­ პერსპექტივისა და მისი მნიშვნელობის შესა­ხ­ებ კომპანია "ქართული მატყლის" ხელმძღვანელს, ზაურ ყულიევსა და კომპანია "ჯორჯიან ვულის" დირექტორს, გია ხადილაშვილს გავესაუბრეთ:

გია ხადილაშვილი: - ადრე მატყლს ყრიდნენ, მას შემდეგ კი, რაც ევროკავშირის ბაზარზე გასვლაზე დაიწყო ლაპარაკი, ვაგროვებ - უკვე 60 ტონამდე მაქვს. ჩვენში ცხვარს ზაფხულში საძოვრებზე პარსავენ და თუ მწყემსს რეალური თანხა არ შესთავაზე, შეიძლება საძოვრიდან მატყლის ჩამოტანაზეც უარი თქვას, რადგან არ უღირს. მე კილოგრამში ლარი გადავიხადე. იმედია, ევროკავშირის ბაზარზე მეტ ფასად გავიტან, რომ მოგება დამრჩეს.

ზაურ ყულიევი: - ევროკავშირთან ამ შეთანხმებამ იმედი მომცა. პირველ ჯერზე საქართველოდან წელიწადში 200 ტონა მატყლის გატანა შეიძლება, მერე - მეტისაც. მოგება კგ-ზე 40 ცენტი მაინც დაგვრჩება. ამასთან, ბევრი ადამიანი დასაქმდება. ქართული მატყლი სქელი და უხეში ფაქტურის არის, საიდანაც ხალიჩები, ლეიბები, ნოხები და ა.შ. მზადდება, ამ პროდუქციაზე კი ევროპაში დიდი მოთხოვნაა.

უკან მობრუნებული საცდელი პარტია...

მიხეილ სოხაძე, სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი:
- ჩვენი მატყლის ევრობაზარზე დაშვება ნდობისა და მატყლის ხარისხის აღიარებაა. საქმე ის არის, რომ საქართველო მსოფლიო ცხოველთა ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრია, მასთან კი ღირსეული პარტნიორის თანრიგში ვთანამშრომლობთ - არ ვმალავთ ცხოველთა­ ავადმყოფობას. ასე რომ, ევროკავშირი გვენდო.
კომპანია "ქართულმა მატყლმა" დიდ ბრიტანეთში მატყლის პირველი საცდელი პარტია, 25 ტონა, 2015 წლის სექტემბერში გაგზავნა. იქაურ კომპანიას 1 კგ მატყლი 1,05 აშშ დოლარად უნდა ეყიდა. თუმცა, მატყლის ეს პარტია უკან დაბრუნდა. მიზეზი ის იყო, რომ ევროკავშირს საქართველო არ ჰყავდა შეყვანილი იმ მესამე ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც ბაზარზე დაუშვა, წელს კი ყველაფერი კარგად იქნება.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ბაზართან აქტიური მუშაობისთვის ყველა პირობა უნდა იყოს დაცული. მაგალითად, მატყლი ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ შესაფუთი მასალის დაბინძურება გამოირიცხოს. შეფუთული პროდუქცია მიღების საბოლოო ადგილამდე არსად არ უნდა გაიხსნას და სხვ. ამ მოთხოვნათა შესრულება ძნელი არ არის.

ევროკავშირის რეკომენდაციების დასაცავად ევროკავშირის ბაზარზე გასულ ამ კომპანიებს ჩვენი სააგენტო წელიწადში ორჯერ შეამოწმებს. მოთხოვნების მიხედვით, მატყლი კარგად გამშრალი და უსაფრთხოდ შეფუთული უნდა იყოს; უნდა გაიგზავნოს პირდაპირ იმ საწარმოში, სადაც მას გადაამუშავებენ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ტრანსპორტირებისას რაიმე დაავადება არ გავრცელდეს.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით