რატომ ვერ უწევს კონკურენციას ქართული ხილი უცხოურს - კვირის პალიტრა

რატომ ვერ უწევს კონკურენციას ქართული ხილი უცხოურს

"სომხებს გორიდან წაღებული ჯიშები ისე აქვთ შეფუთული და მოვლილი, რომ ხალხი იმას ყიდულობს და არა აქვე, ადგილზე

მოწეულს"

გაზაფხული ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ფერმერებისთვის. ამ დროზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის - მოსავლის ხარისხი და რაოდენობა. როგორ მოუარონ ბაღებს მეხილეებმა ან როგორ გააშენონ ხეხილის პლანტაცია? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი აკაკი ღლონტი.

- ხეხილი რომ გავაშენოთ, აუცილებელია ნიადაგის გადახვნა შემოდგომაზე, დაახლოებით 60 სანტიმეტრ სიღრმემდე. ნიადაგი რომ არ გამოიფიტოს და არ გამოშრეს, მისი დამუშავება სასურველია 4 წელიწადში ერთხელ მაინც. ადრე გაზაფხულზე კი მინერალური სასუქები უნდა შევიტანოთ. ყველა ნიადაგი განსხვავებულია და ამიტომ სხვადასხვა რაოდენობის სასუქს მოითხოვს. განსაკუთრებით სჭირდება ფოსფორკალიუმიანი სასუქები, რადგან ძალიან სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. სასუქი უნდა მოხვდეს ფესვთა სისტემასთან ახლოს, რათა მცენარემ ადვილად შეიწოვოს. გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყების წინ კი უკვე აზოტოვანი სასუქით გამოკვებაა საჭირო. ფოსფორკალიუმიანი სასუქები ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე შეგვაქვს, აზოტოვანი - ვეგეტაციის დაწყების დროს.

ნიადაგში სასუქის თხიერი სახით შეტანაც შეიძლება. სხვათა შორის, არსებობს ქართული წარმოების ბიოლოგიური სასუქები და ელექსირები. მათი არსებობის შესახებ გამოცდილმა ფერმერებმა და აგრონომებმა კარგად იციან.

- ქართული ბაზრის დიდი ნაწილი იმპორტირებულ ხილს უკავია. რატომ ვერ ახერხებენ ჩვენი ფერმერები საკუთარ ქვეყანაში ადგილის დამკვიდრებას?

- თუ გვინდა ბიზნესი ავაწყოთ და ამ საქმემ შემოსავალი მოგვიტანოს, უნდა ვიცოდეთ, ბაზარს რა სჭირდება. ნიადაგსაც დიდი მნიშვნელობა აქვს: ნოყიერ ნიადაგს კარგი მოვლა უნდა, ხოლო მწირს - განოყიერება. შრომა წყალში ჩაიყრება, თუ გლეხი ხეხილის მორწყვას ვერ მოახერხებს, მოსავალს ვერ მოიყვანს... დღეს დიდ აგრარულ ბაზრებზე პოლონეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ირანის პროდუქცია ჭარბობს. ქართველი ფერმერი უცხოელს კონკურენციას ვერ უწევს, რადგან ამ ქვეყნებში მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ, ჩვენს ფერმერებს კი ამაზე ხელი არ მიუწვდებათ და მოსავლის მოყვანაც ძვირი უჯდებათ.

სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ ჩვენს ბაზარზე დიდი ადგილი უჭირავს სომხურ ხილსაც. სომხეთში ხეხილისთვის მკაცრი კლიმატია, მაგრამ იმდენად კარგი ტექნოლოგია აქვთ, რომ ჩვენს ბაზარზე სომხურ ვაშლს მთავარი ადგილი უჭირავს. გორიდან წაღებული ჯიშები ისე აქვთ შეფუთული და მოვლილი, რომ ხალხი იმას ყიდულობს და არა აქვე, ადგილზე მოწეულს.

- ესე იგი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც კი ჩამოვრჩებით?

- სამწუხაროდ. ხეხილის მორწყვა და ქართული ბაზრის დაცვა დღეს უმთავრესი ამოცანაა. სწორედ ამაში სჭირდება ფერმერს დახმარება. თურქეთი თხილის მწარმოებელი ქვეყანაა, აბა, სცადეთ და თუნდაც ერთი ტომარა თხილი გადაიტანეთ თურქეთის საზღვარზე. ამას ვერ მოახერხებთ, ისე იცავენ თავიანთ საზღვრებს უცხოური პროდუქციისგან. ჩვენ კი, ნიადაგი არაჩვეულებრივი გვაქვს, კლიმატიც ისეთი, რომ ყველაფერი ხარობს, მაგრამ შედეგი არ ჩანს. უნიკალურ ჯიშებს ისე ვერ ვუვლით, რომ უცხოურს კონკურენცია გავუწიოთ.

ადრე, ძირითადად, ქართლი იყო წამყვანი ხილის მოყვანასა და წარმოებაშAი, მაგრამ ხეხილის ბაღების გაშენება და მოყვანა მთელ საქართველოში შეიძლება, სვანეთშიც კი. ქვემო სვანეთში უნიკალური ადგილები გვაქვს ხეხილის მოსაყვანად. რაჭა-ლეჩხუმიც მევენახეობა-მეხილეობის ზონაა, უნიკალური ვაშლისა და მსხლის ჯიშები გვაქვს. 23 ჯიში მარტო მე მაქვს გაშენებული გურიაში, ჩემს მეურნეობაში. ზოგი კლასიკურია და ზოგიც - გლეხური. ზოგს ჰგონია, ხეხილის მოყვანა მხოლოდ ქართლში შეიძლება. გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში ძალიან კარგი ჯიშის ხეხილი ხარობს, თანაც აქ ხილი, ქართლთან შედარებით, ადრე მოდის, რადგან უფრო თბილი ჰავაა.

თუ გვინდა, უცხოელებს კონკურენცია გავუწიოთ, ვერავინ უნდა გვაჯობოს ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში.

გერმანიაში კლდეზე აკეთებენ ჯებირებს, მიწა ააქვთ და ხელოვნურად ქმნიან საჭირო ნიადაგს. ჩვენთან ასეთი რამ მეფე თამარის დროს კეთდებოდა, ახლა რა გვჭირს? გვაქვს კარგი კლიმატი და არ ვიყენებთ, მიწასაც დაუდევრად ვეპყრობით. ამ ბაზარზე კონკურენცია დიდია. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, თვალი ჭამს და თვალი სვამსო. თუ ადამიანს თქვენი პროდუქცია არ მოეწონება, სხვა ქვეყნიდან შემოტანილს იყიდის.

რა წესები უნდა დაიცვას ფერმერმა ხეხილის დარგვისას

ორმოს სიღრმე, რომელშიც ნერგი უნდა ჩავრგოთ, 50-60 სანტიმეტრი უნდა იყოს, სიგანე - 60-დან 80 სანტიმეტრამდე. მიწის ზედა ნაწილს უნდა შევურიოთ ნეშომპალა, ნაკელი, ტორფი და ორმოები ამ მასით ამოვავსოთ. თუ მჟავე ნიადაგია, მაშინ მისი მოკირიანებაც დაგჭირდებათ. სასურველი ნერგის გასახარებლად აუცილებელია ჭიგოების მომარაგება. ჭიგომ, რომელზეც ნერგებს მივამაგრებთ, 2-3 წელი მაინც უნდა გაძლოს, ამიტომ ეს უნდა იყოს აკაცია ან სხვა გამძლე მცენარე. მორწყვა აუცილებელია ყოველ საღამოს. ძალიან კარგი საშუალებაა წვეთოვანის დაყენება, თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა, თან წვეთოვანი არც ისე ძვირი ჯდება. ის სარწყავ სისტემასთან არის მიერთებული, მცენარეს წყლით ამარაგებს და მის ფესვთა სისტემას გამოშრობისაგან იცავს. როდესაც მოძლიერდება, მცენარე დატოტვას იწყებს. საჭიროა მის ირგვლივ ნიადაგის გაფხვიერება, პერიოდულად სასუქების შეტანა და აგროტექნიკური სამუშაოები, რაც ნერგების მოძლიერებასა და გახარებას ხელს შეუწყობს.

თუ ხეხილის ბაღის გაშენება გვსურს

სხვადასხვა ჯიშის ხეხილი განსხვავებულ კვების არეს მოითხოვს, იმის მიხედვით, თუ როგორი ზრდის უნარი აქვს. ნერგებს შორის მანძილი მცენარის სიმაღლეზეა დამოკიდებული, ზოგიერთი ჯიშის ვაშლი, მსხალი ან სხვა სახეობის ხილი 2-2,5 მეტრი სიმაღლისა იზრდება, ზოგიერთი კი ჯუჯაა. რაც უფრო მაღალია ხე, მით უფრო დიდი დაშორება უნდა იყოს ორმოებს შორის. თუ ფერმერი ნერგების დარგვას აპირებს, პირველ რიგში ეს უნდა გაითვალისწინოს. ეს თითქმის ყველა სახეობის ხილს ეხება: ვაშლს, მსხალს, ატამს, ტყემალს და ციტრუსებსაც კი... პლანტაციის გაშენება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ზრდის უნარი აქვს მცენარეს. არსებობს ჯუჯა, საშუალო და მაღალი სახეობები, მათი გაშენებაც ამის მიხედვით არის საჭირო. უნდა ვიცოდეთ, რა ჯიშისაა ხეხილი, რომლის დარგვასაც ვაპირებთ, ან რა სიმაღლემდე იზრდება. შესაძლოა ხეხილის ნერგების 7-8% დაიღუპოს. ამ შემთხვევაში ან ნერგია უვარგისი, ან ნიადაგი არ არის სწორად დამუშავებული. თუ ყველაფერს სპეციალისტის რჩევისამებრ გავაკეთებთ, ყველა ნერგმა უნდა გაიხაროს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანი მავნებელმა დააზიანოს.

ხათუნა ჩიგოგიძე