"ადექი და იმუშავე!" - წარმატებული ფერმერის ფორმულა
04-04-2016
"ადექი და იმუშავე!" - წარმატებული ფერმერის ფორმულა
"ჩემთვის ეს მეურნეობა მთელი ცხოვრებაა"

"დილით ადრიანად ვდგები და ტრანსპორტით ხალხი სამუშაოზე მიმყავს... მერე ყველა ბაღში უნდა მივიდე, ყველაფერი დავათვალიერო და ამასობაში ღამდება კიდეც"


სოფელი ბრეთი ქარელის მუნიციპალ­იტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე­ ფრონეს მარცხენა ნაპირზე ზღვის დონ­იდან 710 მეტრზე მდებარეობს. სოფლის დიდი ხნის ისტორიაზე მეტყველებს VI საუკუნის ტაძარი, რომელიც ცამეტი ასურელი მამისგან ერთ-ერთმა, პიროს ბრეთელმა ააგო... ბრეთი ოდითგანვე საუკეთესო ადგილი იყო სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განსავითარებლად და განთქმული იყო კიდეც
მეხილეობა-მებ­ოსტნეობით. ამ სოფლის მკვიდრი მიხეილ ედილ­აშვილი 2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის წარმატებულ ფერმერად დაასახელა.

თავდაპირველად, მიხეილ ედილაშვ­ილს მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების რეფორმით გადაცემულ 1,25 ჰა მიწის ნაკვეთზე 1-წლიანი კულტურები მოჰყ­ავდა. დღეს კი უკვე 39 ჰექტარი მიწის მფლობელია. აქედან 30 ჰა მრავალწლიანი კულტურებისთვისაა (ვაშლი, ქლიავი),
დანარჩენი კი ბოსტნეულს უკავია, აქვს სამაცივრე მეურნეობაც.

- მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ.

- 1990 წელს ვაშლი გავაშენე და რუსეთში დამქონდა გასაყიდად... როცა რუსეთის ბაზარი დაიკეტა,­ ძალაუნებურად სოფლის მეურნეობას უფრო აქტიურად მოვკიდე ხელი, ბოსტნეულის მოყ­ვანა დავიწყე... მიწის ნაკვეთები შევისყიდე და ნელ-ნელა ავედი 39 ჰა-მდე. აქედან 30 ჰა-ზე ვაშლის ბაღი მაქვს გაშენებული, დანარჩენზე ბოსტანს ვუვლი და წელიწადში 2 000 ტონამდე ბოსტნეული მომყავს - პამიდორი და წიწაკა (ბულგარული და სამ­წნილე), ჭარხალი, კომბოსტო... ათი წელიწადია, ყველაფერს წვეთოვანი სისტემით ვრწყავ, ძალიან მოსახერხებელია.

- რამდენი კაცი გყავთ დასაქმებული?

- სამოცი. როცა დარგვა და კრეფაა, მეტ ხალხს ვიხმარ. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გამაქვს, რომელიც უცხოურით არის სავსე, რადგან ქართველი ფერმერები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ.

- მთელი წლის განმავლობაში ყიდით?
- დიახ. სამაცივრე სისტემაც მაქვს, რომელიც 2006 წელს გავაკეთე. თავიდან 200 ტონა პროდუქტის შესანახი ადგილი მქონდა. მალე 500 ტონას შევინახავ.

- რას ინახავთ?
- ვაშლს, ატამს, ქლიავს. ატამი ცოტა რთული შესანახია, ერთ თვეზე მეტს ვერ ძლებს, ქლიავი კი ახალ წლამდე მაქვს მაცივარში.

- რა ფართობი უკავია სამაცივრე სივრცეს?­
- 2 500 კვმ. რაც ახლა მაქვს, საბჭოთა კავშირის დროინდელია. გაფუჭებული და დანგრეული აღვადგინე, ჰიდროიზოლაცია გავუკეთე. ახლა კი გერმანიიდან გამოვიწერე 100-ტონიანი, 600 კუბმ მოცულობის დანადგარები.

- იაფი გრძელვადიანი სესხითა და დაბალპროცენტიანი კრედიტით სარგებლობთ?
- ხილის ბაღის გასაშენებლად 2 წლის წინ ბანკიდან 7 წლის ვადით 230 000 დოლარი გამოვიტანე. მთავრობა სესხის 11 პროცენტს გვიფარავს, ეს კარგი ხელშეწყობაა. ბოლოს კიდევ გამოვიტანე 100 000 დოლარი სამაცივრე დანადგარებისთვის. ამ თანხების გამოსატანად, ბანკს ქონებით უზრუნველვყოფ, ჩემი სახლები ბანკში ჩავდე...
ჩემთვის ეს მეურნეობა მთელი ცხოვრებაა. უფროსი ვაჟი თბილისში ცხოვრობს­, მაგრამ აქ უნდა ყოფნა. უმცროსი ახლა სამხედრო სამსახურშია. იმასაც აქაურობა­ იზიდავს. შვილებსაც სულ ვეუბნები: წარ­უმატებელი არავინ არის, მთავარი მონდომებაა. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი ქალაქელი­ ცოლ-ქმარი მესტუმრა. ბაღი დავათვალიერებინე. ქალმა ქმარს უთხრა, - ჩვენც გავაშენოთ ბაღიო. იმან კი, - გავაშენოთ, მაგრამ მერე აქ უნდა გეძინოს, განა ვაკეში,­ მეხუთე სართულზეო. ნამდვილად ასეა, სოფლის მეურნეობა ისეთი დარგია, დიდი ჯაფა უნდა, თუ საჭიროა, ხანდახან არც უნდა დაიძინო. მცენარე­ უენოა და თუ არ მოეფერე, მოსავალს არ მოგცემს.

დილით ადრიანად ვდგები და ტრანსპორტით ხალხი მიმ­ყავს სამუშაოზე, მერე უბნებზე ვანაწილებ. ხან შესაწამლავია, ხან რაღაც არის დასაგეგმავი, მოსატანი, მოსამარაგებელი, შესასწავლი, ინტერნეტიც გვეხმარება. მერე ყველა ბაღში უნდა მივიდე, ყველაფერი დავათვალიერო და ამასობაში ღამდება კიდეც.

- რა გეგმები გაქვთ?
- მეურნეობის განვითარება... ჩვენთან მიწის ყიდვა ცოტა ძვირია, მაგრამ წლეულს ჰექტარ-ნახევარი მაინც ვიყიდე. 4 ჰექტარის ყიდვას კიდევ ვაპირებ. ახლა თურქეთიდან მარწყვიც ჩამოვიტანე, ცელოფანზე რომ ირგვება ისეთი, გამარგვლა არ უნდა. ასე სუფთად იზრდება, მხოლოდ მოსაკრეფი იქნება.
მონდომება და ჯანმრთელობაა მთავარი, ადექი და იმუშავე.

ლალი ფაცია
ოლეგი
08 აგვისტო 2018 11:18
წარმატებები მირიკა.
მანანა ხარაზიშვილი
08 აგვისტო 2018 09:36
მართლაც მშრომელი და გონიერი ადამიანი ხარ. უფალმა წარმატებები არ მოგაკლოს.
22 სექტემბერი 2016 12:13
ღმერთმა ხვავი და ბარაქა არ მოაკლოს თქვენს იჯახს

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა