"შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვაა" - შავი ზღვის ბინადართ გადაშენების საფრთხე ემუქრებათ?
04-04-2016
"შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვაა" - შავი ზღვის ბინადართ გადაშენების საფრთხე ემუქრებათ?
"პონტოს ევქსინოს" ანუ სტუმართმოყვარე ზღვა - ასე უწოდებდნენ შავ ზღვას ბერძენი მოგზაურები. ამ ზღვით უკავშირდე­ბოდა საქართველო მრავალ ქვეყანას და სწორედ ამ გზით წაიღეს ბერძნებმა­ კოლხეთიდან ოქროს საწმ­ისი.

"დღეს შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ზღვად მიიჩნევა, მისი მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მკვეთრად გაუარესდა", - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტ­იტუტის პროფესორი ნათია კოპალიანი,­ რომელსაც ამ მტკივნეულ საკითხზე ვესაუბრეთ.

- შავი ზღვა ბევრი რამით არის გამ­ო­რჩეული. ჯერ ერთი, ეს მსოფლიო ოკეან­ისგან ყველაზე
იზოლირებული ზღვაა,­ თანაც ახალი ეკოსისტემაა. ბოლო ათასწლეულების განმავლობაში 12-ჯერ შეუერთდა და დაშორდა ხმელთაშუა ზღვას, ბოლო შეერთება 7-9 ათასი წლის წინ მოხდა. შავი ზღვის ეკოსისტემა განსაკუთ­რებით მოწყვლადია, აქ როგორც ბუნებ­რივად არსებული, ისე ხელოვნურად შექმნილი ბევრი პრობლემაა. შავ ზღვაში მცხოვრებ სახეობებს რთულ ბუნებრივ პირობებში უწევთ არსებობა, რადგან
ჟანგბადით მდიდარი ზღვის მხოლოდ 10-13%-ია: წყლის ზედა ნაწილი ჟანგბადით ჰაერიდან მარაგდება, 150-180 მეტ­რის ქვემოთ წყალი გოგირდწყალბადით­ არის გაჯერებული. გამოდის, შავი ზღვის 87-90% ჟანგბადს მოკლებული სივრცეა. ბოლო კვლევებით, გოგირდწყალბადმა­ ზემოთ ამოიწია და სასიცოცხლო არე კიდევ­ უფრო შემცირდა.

- თუ არის საშიშროება, რომ გოგირ­დ­წყალბადის დონემ კიდევ მოიმატოს?
- ეს დამოკიდებულია სეზონზე, დაბ­ინძურებასა და სხვა მრავალ ფაქტორზე. გოგირდწყალბადის წარმომქმნელი ბაქტერიების გარდა, შავ ზღვაში ანაერობული ბაქტერიებიც გვხვდება, რომლებიც მეთანს წარმოშობენ. რა თქმა უნდა, არის საშიშროება, რომ ზღვაში სასიცოცხლო სივრცე კიდევ შემცირდეს, ამიტომ დიდი მოფრთხილება სჭირდება.

- რამდენად დაბინძურებულია წყალი შავ ზღვაში?
- ყველაზე დამაიმედებელი ის არის, რომ სანაპირო ზოლთან არ გვაქვს დიდი ქარხნები, რომელთა ნარჩენების ჩადინება განსაკუთრებით აზიანებს წყლის ხარისხს. ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში არის ასეთი ქარხნები და დაბინძურებაც მეტია. სხვათა შორის, ჩვენი სანაპიროს დაბინძურების დონე კარგად შეისწავლეს 1990-იანი წლების ბოლოს. მაშინ შავი ზღვის ინსტიტუტმა სხვადასხვა ქვეყნიდან ექსპერტები მოიწვია. მათი დასკვნით, ჩვენი სანაპიროს მთავარი პრობლემა მდინარეების ჩამონატანია. დიდია ალბათობა, რომ მდინარეების წამოღებული მავნე ნარჩენები შავ ზღვაში მოხვდეს. მკვლევრებმა წყალშიც და თევზების ორგანიზმშიც აღმოაჩინეს ნივთიერებები, რომლებიც ნავთობით დაბინძურებაზე მეტყველებდა. დადასტურდა მძიმე ლითონებით დაბინძურებაც. ისინი ილექება ცოცხალი ორგანიზმის ღვიძლში, თირკმლებში და უარყოფითად მოქმედებს მათ გამრავლებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. საბოლოოდ, ეს ეკოსისტემის ყველა რგო­ლზე აისახება, მოლუსკებიდან თევზებამდე. მძიმე ლითონები წყლის მფილტრავ მოლუსკებშიც იპოვეს, ასევე თევზების ქსო­ვილებში.

- ზღვის წყალშიც არის მძიმე ლითონები?­
- რამდენიმე წლის წინ ჩვენი სანაპი­როს რამდენიმე წერტილში აღებული ზღვის­ წყალი ქიმიურ ლაბორატორიაში შევამოწმეთ. მართალია, მძიმე ლითონები წყალში არ აღმოჩნდა, თუმცა მათ დალექვა სჩვევია, შესაძლოა, არ იყოს წყალში, მაგრამ იყოს ფსკერზე, ან ცოცხალ ორგანიზმებში. ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე ისეთ ლაბორატორიას, რომელიც მოლუსკებისა და თევზების ქსოვილებს შეისწავლიდა. სანაპიროდან ზღვაში უამრავი მავნე ნივთიერება იღვრება. ზუსტი მონაცემები კანალიზაციის ჩაღვრის შესახებაც არ გვაქვს, არადა, ზოგან ის პირდაპირ ჩაედინება.

- ეკოლოგიური ვითარებისა და ჭარბი თევზ­ჭერის გამო შავი ზღვის ბინადართ გადაშენების საფრთხე ხომ არ ემუქრებათ?

- რა თქმა უნდა. მაგალითად, ამბობენ, რომ ჩვენს სანაპიროსთან ადრე გავრცელებული იყო სელაპი, ახლა ის თითქმის­ აღარ გვხვდება. ძალიან ცოტა დარჩა­ დელფინის სახეობა აფალინა. მართალია, ეს ახალი ეკოსისტემაა და შავი ზღვის ფაუნა ძალიან მდიდარი არ არის, მაგრამ აქ 170-მდე სახეობის თევზი მაინც არის გავრცელებული. მათ შორის ყველაზე დიდი საფრთხე ზუთხისნაირებს­ ემუქრებათ, რადგან ბევრს მოიპოვებდნენ.­ ისინი უკვე საერთაშორისო წითელ ნუსხაშიც შეიტანეს. გადაშენების საფრთხის წინაშე არიან: ტარაღანა, რუსული ზუთხი, ფორონჯი, სპარსული ზუთხი და კიდევ რამდენიმე სახეობა, რომლებიც შავი ზღვის­ წითელ წიგნშია შეტანილი. არანაკლებ უარყოფითად იმოქმედეს შავი ზღვის­ ფაუნაზე უცხო, ინვაზიურმა სახეობებმა, რომლებიც აქ გემების ბალასტის წყლებით შემოვიდნენ (სავარცხლურა, რაპანა­ და სხვ.). ისინი ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებს ანადგურებენ. შავი ზღვის ფაუნისთვის ჭარბი თევზჭერაც წყლის დაბინძურებაზე არანაკლებ სახიფათოა.

რატომ იღუპებიან დელფინები?

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ შავი ზღვის სანაპიროზე გახშირდა­ მკვდარი დელფინების გამორიყვა და მიზეზად­ ვირუსის (morbilli) ეპიდემიას ასახელებენ.­ ის დელფინებს ემართებათ და ადამიანზე არ გადადის, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლოა­ მუტაცია განიცადოს და საშიში გახდეს.

ნათია კოპალიანი:
- როგორც ამ საქმეში ჩახედული ადამიანი, ვკითხულობ: სად გამოირიყა ეს დელფინები და დროის რომელ მონაკვეთში? ეპიდემიაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როცა ერთდროულად რამდენიმე დელფინი გამოირიყება. როგორც ირკვევა, აქ ლაპარაკია რამდენიმეთვიან პერიოდზე. როცა რამდენიმე თვის განმავლობაში პოულობ თუნდაც 50 დელფინს, ოღონდ სხვადასხვა დროს დაღუპულს, არ გაქვს უფლება, დაასკვნა, რომ ისინი ნამდვილად­ morbilli-ვირუსით დაიხოცნენ. თვით ამ ვირუსის ანალიზიც მარტივად არ კეთდება, მის დასადგენად დელფინი უნდა იყოს ახალი გამორიყული, გაუხრწნელი, საჭიროა სინჯების აღება თავის ტვინიდან, ფილტვებიდან, თირკმლებიდან და ლაბორატორიულად შემოწმება. ჩვენს ლაბორატორიაში რამდენჯერმე შევისწავლეთ ახალდაღუპული დელფინები და morbilli ვერც ერთ მათგანში ვერ აღმოვაჩინეთ. ეს არ არის გარანტია, რომ ეპიდემია არ არსებობს, თუმცა არასწორია ცრუ პანიკის დათესვა მაშინ, როცა აზუსტებენ, რა შუალედში გამოირიყა ეს დელფინები და არ არსებობს ფოტოები, რომ თუნდაც 5-6 დელფინი ნაპირზე ერთდროულად გამოირიყა.

- რით უნდა აიხსნას ამდენი დელფინის დაღუპვა?

- დელფინები სანაპიროზე პერიოდულად ყოველთვის ირიყებოდა, ჩვენ მათ ვკვეთთ და ვცდილობთ, სიკვდილის მიზეზი დავადგინოთ. სიკვდილის ათასგვარი მიზეზი არსებობს: ერთი, მაგალითად, სიბერით იყო მკვდარი, მეორე - ბადეში იყო გახვეული, მესამე იმდენად გახრწნილი იყო, რომ სიკვდილის მიზეზებზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. თანაც, მარტსა და აპრილში მეთევზეები ბევრ გასახლართავ ბადეს დგამენ, რომლებშიც დელფინები და სხვა თევზებიც იღუპებიან. გარდა ამისა, დელფინებს ისეთივე დაავადებებიც აქვთ, როგორიც ადამიანებს. ერთ-ერთის სხეულში სიმსივნური წანაზარდიც კი ვნახეთ. რთულია განსაზღვრა, რა მოხდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები ახლაც იქ არიან, მთლიან­ სანაპიროს უვლიან. მართალია, morbilli-ს აღმოჩენა ძალიან ძნელია, რადგან ის სწრაფად იღუპება, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემია ამ მომენტისთვის საქართველოს სანაპიროზე არ არის.

აპრილში შავი ზღვის სანაპიროზე ექსპედიციას ვაპირებთ და იქ დიდხანს დავრჩებით. იმედი მაქვს, ჩემი ნათქვამი ამ ექსპედიციის მონაცემებითაც დადასტურდება.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით