11-04-2016
"ჩემს ქართულ ბაღში შროშანის 60-მდე სახეობაა" "მამაჩემის დამყნილი ვაზი წამოვიღე და გავახარე, უკვე მოსავალს გვაძლევს"
ნანა დუკაშვილი-ზემლოკი საინგილოში დაბადებული ქართველია, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და ცდილობს, სხვა კონტინენტზე შექმნას პატარა საქართველო, პატარა საინგილო, რათა მომავალ თაობას წარმომავლობა არ დაავიწყდეს.


- შროშანის პატარა ბოლქვებს ტორფიან მიწაში ვრგავ, შემდეგ პოლიეთილენის პარკებში ვინახავ და ბოლქვები სრულყოფილი რომ გახდება, სპეციალურ კონტეინერში ვათავსებ. ამერიკიდან ონლაინრეჟიმში მონაწილეობა მივიღე კონკურსში, რომელიც საქართველოში იმართებოდა და გავიმარჯვე. "ქართულმა ბაღმა უცხო მიწაზე" პირველი ადგილი მოიპოვა. შროშანს არ უყვარს ნესტიანი ნიადაგი, გადარგვისას კი მიწა ფხვიერი უნდა იყოს. სასუქი სჭირდებათ წელიწადში სამჯერ: ადრე გაზაფხულზე, სანამ იყვავილებს და შემოდგომაზე. მოკრეფისას ღერო მთლიანად არ უნდა მოჭრათ, რადგან ბოლქვი ამ ღეროთი იკვებება და აგროვებს მინერალებს.

- ჩემს ქართულ ბაღში შროშანის 60-მდე სახეობაა. მაქვს ჰიბრიდული ჯიშის Oriental Lilly-ები, რომლებიც ადვილად მრავლდება, ყოველწლიურად ორმაგ ბოლქვს იკეთებს და ერთ ღეროზე 5-ზე მეტი ყვავილი აქვს. Royal Lilly-ის სახეობა იშვიათია, მას ვარდისფერი შეფერილობა და ლამაზი ფორმა აქვს... საქართველოდან წამოვიღე ველური მიხაკი, დეკემბერა და კალა. მათ არ უყვართ სიცივე, ამიტომ ზამთარში სახლში ვუვლი. მაქვს ქრიზანთემებიც, მათი თესლი საინგილოდან წამოვიღე.
ძალიან მენატრება საქართველო, საინგილო და ჩემი სახლი, სადაც გავიზარდე, ამ გაუსაძლის მონატრებას ვერაფერს შევადარებ. ამიტომ ვცდილობ, ჩემი ეზო პატარა საქართველოდ გადავაქციო.
ეკა გადახაბაძე