ველური ჩაი თუშეთიდან! - კვირის პალიტრა

ველური ჩაი თუშეთიდან!

"ჩვენი სოფელი მარადიულ სიმწვანეშია ჩაფლული. სოფელში ათამდე საცხოვრებელი სახლია. ჩვენ სეზონურად ვცხოვრობთ, ზამთარში ალვანში ვართ, ზაფხულში კი, სანამ დამსვენებლები ამოვლენ, მანამდე ავდივართ"

"წინდებს ვქსოვ, ახლა ფარდაგების ქსოვაც ვისწავლე. ბავშვობაში დედასა და ბებოს სულ ვუყურებდი, მაგრამ თვითონ არასდროს მიცდია. გული მტკივა, რომ ეს ხელობა თანდათან იკარგება. მსოფლიოში მსგავსი ფერთა შეხამება, როგორიც თუშურია, არ არსებობს..."

შტროლთა ომალოს თემის სოფელია. მდებარეობს მდინარე ხისოსწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1840 მეტრზე და ახმეტიდან 88 კილომეტრში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელში წლებია აღარავინ ცხოვრობს, ლამზირა გოთაიძე მამაპაპისეულ ფუძეს მაინც არ ტოვებს და გაზაფხულიდან შემოდგომამდე შტროლთაშია. მისი ერთ-ერთი საქმიანობა ველური ჩაის, ბეგქონდარას წარმოებაა.

- ჩვენს სოფელს ზღაპრული მდებარეობა აქვს. ნამდვილი ედემის ბაღია და მარადიულ სიმწვანეშია ჩაფლული.

- ზამთარ-ზაფხულ ხართ იქ?

- თუშეთში ზამთარშიც, ალბათ, სულ 5-6 კაცი რჩება, ისიც ომალოში. ჩვენ სეზონურად ვცხოვრობთ, ზამთარში ალვანში ვართ, ზაფხულში კი, სანამ დამსვენებლები ამოვლენ, მანამდე ავდივართ.

სწორედ ამ ლამაზ, პატარა, კოპწია სოფელში, ჩემს სახლში, 1996 წლიდან ტურისტების მიღება დავიწყე, საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ხელი შეგვეშალა.

- რატომ?

- თუშეთში ბომბები ჩამოცვივდა, მერე რუსებმა თქვეს, შეგვეშალაო, თუმცა ტურისტებმა ჩამოსვლა შეწყვიტეს. მოგვიანებით საოჯახო სასტუმრო აღვადგინეთ და ახლაც მოქმედებს.

- საიდან გსტუმრობენ?

- საიდან არა, ავსტრალიიდანაც კი მყავდა პენსიონერი ექიმები, 32 საათი უფრენიათ, რათა საქართველო ენახათ...

- გზა თუ გაქვთ?

- ჩვენს სოფლამდე ცენტრალური გზიდან 2 კილომეტრი არც არის. გზა ყოველ სეზონზე სხვადასხვა დროს იხსნება, ხან მაისის პირველში და ხან ივლისშიც კი გაგვიხსნია. გზა ჩვენკენ მაინც მთავარი პრობლემაა. სულ რამდენიმე თვეს ვმუშაობთ. ისე, ამინდს გააჩნია, პირველ ნოემბერსაც გამისტუმრებია აქედან გერმანელი ტურისტები, ოქტომბრის ნახევრამდე კი თავისუფლად შეიძლება თუშეთში გაჩერება.

- ალბათ, მეურნეობას მიჰყვებით.

- რა თქმა უნდა. ახლა მეკარტოფილეობის ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ და იქაც გავწევრდი.

ჩეხები გვეხმარებიან, მზის ჰელიოსისტემები დაგვიმონტაჟეს, ტრაქტორიც გვიყიდეს, ოღონდ ჩვენ 30% გადავიხადეთ. უტრაქტოროდ მუშაობა გვიჭირდა, ერთი იყო და მასზეც ტაციაობა გვქონდა. ახალი ტრაქტორი 11 პირის საკუთრებაშია და მის გამოყენებას ყველანი თავისუფლად შევძლებთ.

ჩვენთან საუკეთესო კარტოფილი მოდის და ამ პროდუქტზე მოთხოვნილებაც არის, მოგვყავს მშვენიერი სტაფილოც. შარშან მოვსინჯე და ყვავილოვანი კომბოსტოც დავრგე, კარგად გაიხარა. მოდის მწვანილი, ხახვი და ნიორი, ლობიო ვერ ასწრებს, თუმცა ნედლად რამდენიც გინდა, იმდენი მოგვყავს.

- შევიტყვე, ბეგქონდარას ჩაის აწარმოებთ, რაც თქვენთან განსაკუთრებულ სასმელად მიიჩნევა. ისიც უთქვამთ, თუ თუშეთში ყოფილხარ და ეს ჩაი არ გაგისინჯავს, ამ კუთხისა ვერაფერი გაგიგიაო.

- ეს ველური მცენარე ყველგან ხარობს, ელდარის ველზეც კი, მაგრამ თუშეთში იმდენნაირი არომატით მოდის, თუ კარგად არ იცნობ, გაგიჭირდება შერჩევა. თუშეთში ამ მცენარის ნაყენს ჩაის სახით მიირთმევენ. ზოგიერთ ჯიშს რაღაც წამლის სუნი დაჰკრავს. ყველა არომატი არ მომწონს, მაგრამ უკვე ისე გავიწაფე, რომ შორიდანვე ვცნობ ყველაზე კარგი სურნელისას.

ზოგიერთი ხრიოკ ადგილებში ხარობს. მას მწვანე მდელოზე ვერ ნახავ. ძირითადად, კლდეებზეა ამოსული, იმ სიმაღლეებზე ძლივს მივბობღავ ხოლმე. ბოლო ორი წელია, სურვილი გამიჩნდა, უფრო მეტი დავამზადო და ტურისტებს შევთავაზო. ერთ-ერთს ჩემი დამზადებული ბეგქონდარას ჩაი ვაჩვენე და რჩევაც ვკითხე, 3 ლარი დავაფასე და ბევრი ხომ არ არის-მეთქი?! გემო რომ გაუსინჯა, მითხრა, ასეთი მშვენიერი ჩაი 5 ლარადაც უნდა გაყიდოო.

- ერთ პაკეტში რამდენ გრამს ათავსებთ?

- თუშებს ასეთი ტერმინი გვაქვს, - ერთი მჯიღი. მასობრივ წარმოებას რომ დავიწყებ, სწორედ ასე უნდა დავაწერო პაკეტზე: "რაოდენობა - ერთი მჯიღი". მოკლედ, ერთი მუჭით რასაც ავიღებ და მასში რაც ჩაეტევა, ის არის პაკეტში.

დაკრეფასაც ცოდნა უნდა, ზოგიერთი ძირიანად გლეჯს, რაც დაუშვებელია, ყვავილოვანი ყლორტები, ანუ ნორჩი ღეროები ფრთხილად უნდა აიჭრას ზემოდან. ამ მცენარეს წვიმიანი დღეც ეჯავრება, ისეთი პრეტენზიულია, ვერ წარმოიდგენთ. ერთი გაფრთხილებაც - არ შეიძლება მისი ცელოფანში ჩაყრა. ჯერ კარგად ვრეცხავ, საწურებზე დასაწრეტად ვაწყობ და ჩრდილში ვაშრობ. მერე ტომრებში ვინახავ და ბოლოს ვაფასოებ. ცოტას ვამზადებ, რადგანაც შრომატევადი საქმეა. დავუშვათ, 100 ტომარა მოვკრიფე, იმავე დღეს თუ არ დავარჩიე და გავრეცხე, დაჭკნება და არანაირი ეფექტი აღარ ექნება.

ბეგქონდარას ჩაის მთის ჟოლოს მურაბა უხდება: ჟოლოს საცერში ვხეხავ, შაქარს ვაყრი და ვინახავ. ჩაი და ასე შენახული ჟოლო უკვდავების წამალია.

- დეკაზე არ გიცდიათ იგივე?

- არა, სადღაც ამოვიკითხე, რომ არც ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამასთან, ისეთ ადგილებშია გაზრდილი, შესაგროვებლად დაგენანებათ, წითელ წიგნშიც არის შეტანილი. არომატითაც ვერ მოვა ბეგქონდარასთან. ბეგქონდარას მეტი სასარგებლო თვისებები აქვს.

- რა პერსპექტივა აქვს თქვენს ბეგქონდარას კუსტარულ წარმოებას?

- ძალიან მინდა, 10 კაცი მაინც დავასაქმო, მცირე საწარმო გავაკეთო!

- რამდენ რამეს ასწრებთ, ქსოვთ კიდეც.

- წინდებს ვქსოვ და ახლა ფარდაგების ქსოვაც ვისწავლე ამ სიბერეში. ბავშვობაში დედასა და ბებოს სულ ვუყურებდი, მაგრამ თვითონ არასდროს მიცდია, სულ ვმეცადინეობდი და დროც არ მქონდა, მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე და ასე, ფარდაგებისთვის დრო ვერასდროს გამოვნახე. გული მტკივა, რომ ეს ხელობა თანდათან იკარგება. მსოფლიოში მსგავსი ფერთა შეხამება არ არსებობს, როგორიც თუშურია...

ბეგქონდარა

ბეგქონდარა ტუჩოსანთა ოჯახის 5-50 სმ სიმაღლის ბუჩქბალახია. აქვს გართხმული ღერო და სწორმდგომი საყვავილე ყლორტები. არსებობს 400-მდე სახეობა. გავრცელებულია ევროპაშიც. საქართველოში 17 სახეობა ხარობს, მათგან 14 კავკასიის ენდემია, 2 კი საქართველოსი. უმეტესად გვხვდება სუბალპურსა და ალპურ, ასევე მთის ქვედა და შუა სარტყელში. იზრდება მშრალ ადგილებში, ღორღიან ფერდობებზე და მინდვრებში, ტყეში დეკას ბუჩქების ახლოს, სილიან, კირიან, კლდოვან ნიადაგებზე. სურნელოვანი მცენარეა, შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომლებსაც იყენებენ პარფიუმერიაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში. სახეობათა უმრავლესობა დეკორატიულია. მცენარეს სურნელოვანი არომატი აქვს.

ლალი ფაცია