"როცა აყვავდა ბაღი..."
18-04-2016
"როცა აყვავდა ბაღი..."
"ოთახის ამ ნაწილს ზურა ჟვანია ბაღს ეძახდა და გვიან, როცა სამსახურიდან თავისუფლდებოდა, მირეკავდა: "ქალბატონო ლანა, შეიძლება, ბაღში ჩაი დავლიოთ?"

რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ერთ-ერთი გატაცება მცენარეების მოვლა-პატრონობაა. სახლში პატარა ორანჟერეა აქვს.


- აქაურობა ძალიან მიყვარს. თავიდან პატარა მცენარეები მქონდა, 1978 წლიდან კი, რაც ამ ბინაში გადმოვედით, მცენარეები გავა­მრავლე. ფილმს, "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" ვიღებდი, როცა აქ დავსახლდით. ეს ჩემი მეუღლის, ლადო ალექსი-მესხიშვილის (ცნობილი მხატვარი და არქიტექტორი. - ავტ.) სახელოსნო გახლდათ, რომლის
ბინასთან გაერთიანება გადავწყვიტეთ... ნუცამ, ჩემმა უმცროსმა შვილმა, პალმა მოიტანა თავისი ქოთნით, რომელიც ახლაც ცოცხალია. სწორედ ეს პალმა გახდა ჩვენი ორანჟერეის პირველი მერცხალი. ისე გაიზარდა, ჭერამდე ავიდა. ოთახი დიდია და ეს მცენარეები აქ თავისუფლად თავსდება. ერთად­ თავმოყრილი კი ბაღის ილუზიას ქმნის...

ოთახის ამ ნაწილს ზურა ჟვანია
ბაღს ეძახდა და გვიან, როცა სამსახურიდან თავისუფლდებოდა, მირეკავდა: "ქალბატონო ლანა, შეიძლება, მოვიდე და ბაღში ჩაი დავლიოთ?" ეს ორი დიდი პალმა ზურას ნაჩუქარია. სანამ პატარები იყო, პარლამენტში, ჩემს კაბინეტში იდგა. პარლამენტიდან რომ მოვდიოდი, ეს პალმები წამოვიღე. მას შემდეგ ნახეთ, ორივე როგორ გაიზარდა!

ჩემი მცენარეები სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს. ხან მიწას ვუფხვიერებ, ხან ზედმეტ ფოთლებს ვაცლი. მცენარეებთან ურთიერთობაში მართლაც არის რაღაც მისტიკური, რაც დღეს ადამიანს აკლია. ამიტომ კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მცენარეებს ესაუბრებიან. ჩვენი სამყარო მეტისმეტად რაციონალურია, რაღაც სხვა გვჭირდება და მას ზოგი სად ეძებს და ზოგიც - სად. ამის პოვნა მცენარეებთან ურთიერთობისას შეიძლება, რადგან­ საოცრებაა, როგორ იზრდება, ხარობს...

ყვავილებს დილაობით ვრწყავ, ზაფხულში ყოველდღე, ზამთარში - კვირაში ორჯერ. ზოგს წყალი მუდმივად სჭირდება, ზოგს - იშვიათად. ამ ადგილას ყველა ხარობს­, რადგან მზე მხოლოდ დილით ადგება.

- ეს შობის ყვავილია, ხომ?

- დიახ, და ამ ძველ მცენარეებში ის ყველაზე ახალია.

- როგორც ვიცი, ცოტა რთულად გასახარებელია.

- კი, მაგრამ ევროპაში ძალიან გავრცელებული ყვავილია. მართლაც, მხოლოდ შობის პერიოდში წითლდება. აქვე მაქვს ბამბუკი, რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ, რომელიც ჩემი სტუდენტი იყო, დაბადების დღეზე მაჩუქა. დანარჩენი ბამბუკები მერე შევიძინეთ. ესეც ხანდაზმული, ეკლიანი მცენ­არეა, დიდი ხნის არის. ადრე ამათთან იდგა, მერე განვაცალკევე და ახლა დაიყვავილა... ცოტა ხნის წინ ვფიქრობდით, ხომ არ გავაახლოთ მცენარეები-მეთქი. დიდი ხანია, არაფერი შეგვიმატებია.

- რას ეტყოდით მათ, ვისაც შინ მცენარე­ ჯერ არა აქვს?
- თითქოს ნუგეშია, როცა შინ მცენარეს ახარებ. კვირტები რომ გამოაქვს, არაჩვეულებრივი განცდაა. ახალ ფოთოლს რომ დავინახავ, ბავშვივით მიხარია. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერიერს და მისი ეს ცოცხალი ნაწილიც ძალიან მიყვარს.

- თქვენს შვილებსაც უყვართ მცენარეები?
- ეს ყველაფერი ნუცამ წამოიწყო. ახლა ჰამბურგში ცხოვრობს და იქაც აქვს დიდი მცენარეები. ყვავილებს ქეთიც უვლის და ეს ბაღიც მისი გადარჩენილია...

- მეუღლესაც თუ უყვარდა მცენარეები?

- ლადო მთაში დადიოდა და იქიდან მოჰქონდა მინდვრის ყვავილები. უძოსთან უყვარდა ასვლა, სადაც თავისი ხეები ჰყავდა,­ სახელებს არქმევდა. ერთი თვითონ იყო, მეორე - მე. გარემოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.

- თბილისში ბოლო დროს სიმწვანე ლამის გაქრეს, ქალაქში სუნთქვა უკვე შეუძლებელია... ამაზე რას იტყვით?

- ვაკის პარკში კორტებზე ჩოგბურთის­ სათამაშოდ დავდივარ და ვხედავ, რომ ხის ჭრა კვლავ გრძელდება. დავინახავ თუ არა მოჭრილ ხეს, გულზე შემომეყრება. იმის მაგივრად, რომ პარკები და სკვერები გაშენდეს, ყველაფერი ნადგურდება. ახლა თითქოს რაღაცას ცდილობენ, არის პროგრამა "მილიონი ხე", მაგრამ საქმეს ვერ ვხედ­ავთ. სამაგიეროდ, კარგად ჩანს, მის ადგილს როგორ იკავებს რკინაბეტონის ნაგებობები.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ამჟამად ფილმის სცენარზე ვმუშაობ.­ უნდა გადავიღო, სადაც, სხვათა შორის, დიდი ადგილი მცენარეებს უჭირავთ. ფილმს, პირობითად, "მინდვრის ყვავილები"­ ჰქვია.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა