ტრადიციების ლაბორატორია
18-04-2016
ტრადიციების ლაბორატორია
"მარან-ლაბორატორიაში არა მხოლოდ უძველეს ტრადიციებს სწავლობენ, არამედ ცდილობენ, კოლხური თავისებურებების აღმოსავლეთში დანერგვას და პირიქით. საამისოდ მარნის ეზოში ვენახიც გააშენეს, 107დასახელების ვაზის ნაკრებით"

მარანი, სულხან-საბას განმარტებით, საღვინე სახლს ნიშნავს და საქართველოში ორნაირი ფორმა აქვს - ღია ან დახურული. დასავლეთ საქართველოში ქვევრებს ღია ცის ქვეშ ფლავენ, აღმოსავლეთში კი - დახურულ ნაგებობაში, სადაც თაკარა სიცხეშიც კი უნდა გრილოდეს. სამწუხაროდ, მეღვინეობის განვითარების ბევრმა მოსურნემაც არ იცის, რატომ განსხვავდება კოლხური მარანი იბერიულ-კახურისგან.

ამას წინათ ერთმა
განთქმულმა ქვევრების ოსტ­ატმა მიამბო, რომ მასთან ფულიანი კაცი მისულა და უთქვამს, ვენახი გავაშენე, ღვინის ბიზნესი მინდა დავიწყო, ქვევრების შეძ­ენას­ ვაპირებ, მანქანით მიგაბრძანებ და სამარნეს გაჩვენებ,­ მერე კი მირჩიე, როგორი ქვევრები შევიძინო და რა განლაგებით დავფლაო. ოსტატი სახტად დარჩენილა, როცა იმ კაცს ქვემო­ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში,
კაპიტალურ­ ნაგებობაში შეუყვანია. ქვევრების ოსტატს უთქვამს, ეს შენობა ან სხვა დანიშნულებით გამოიყენე და ქვევრები სხვაგან ჩაყარე, ან დაანგრიე და ქვევრებზე­ მერე ვილაპარაკოთო. კარგა ხანი დასჭირვებია ასახსნელად, რომ დასავლეთ საქართველ­ოში ასეთი მარანი გაუმართლებელია, რაც ოდესღაც იმ კაცის წინაპარსაც კარგად ეცოდინებოდა...

დღეს ახალგამო­მცხვარი მეღვინეები სპეციალისტს არც ეძახიან, ისე იწყებენ მეღვინეობას. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც იუნესკომ ქართული ქვევრის ღვინო მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. საქართველოშიც, როგორც ყველაფერი უცხოსგან აღიარებული, ქვევრის ღვინოს წარმოება მოდად იქცა. იუნესკოს აღიარების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს სთხოვა, ქართული ღვინის განვითარების ცენტრი შეექმნათ, რომელიც მეღვინეობის მოსურნეებს რჩევებით დაეხმარებოდა და ამავე დროს, მეღვინეობის მეცნიერულად განვითარებაზეც იზრუნებდა. ცენტრის დამფუძნებელთაგან ერთ-ერთმა ამ საქმისთვის სპეციალურად შექმნა მარანი-ლაბორატორია, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. იქ არა მხოლოდ უძველეს ტრადიციებს­ სწავლობენ, არამედ ცდილობენ, კოლხური თავისებურებების აღმოსავლეთში დანერგვას და პირიქით. საამისოდ მარნის ეზოში ვენახიც გაუშენებიათ 107 დასახელების ვაზის ნაკრებით.

მარან-ლაბორატორიაში მეგზურობა უნივერსიტეტის კანცლერმა, მეღვინეობა-მევენახეობით გატაცებულმა ვახტანგ წივწ­ივაძემ გაგვიწია: - რადგან დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტენიანობაა, დაუშვებელია მარნის გაკეთება დახურულ სივრცეში, რომლის მუდმივი განიავება შეუძლებელია. ტენიანი მიწა და ჰაერი ღვინოს გააფუჭებს. გლეხმა იცოდა, რომ მარანი უნდა ყოფილიყო ღია ცის ქვეშ, თხილების ან კომშის ძირას. კომში სუფთა მცენარეა, რომელიც გარდა იმისა, რომ ჰაერს ანიავებს, არაჩვეულებრივი არომატის გამოყოფით შესანიშნავ მიკროკლიმატს ქმნის ქვევრისთვის. თხილი კი მცენარე-სანიტარია, რომელიც თავის ფესვებთან ზედმეტს არაფერს გააჩერებს სარეველას სახით და ქვევრს იცავს.

იბერიულ-კახური მარნის თავისებურებას განაპირობებს აღმოსავლეთ საქართველოს მკაცრი კლიმატი, ნიადაგის სიმშრალე გვალვებში, რის გამოც ვერ ინარჩუნებს საჭირო ტენიანობას და თუ ქვევრს ღია ცის ქვეშ ჩაფლავ, გამოშრება. ამიტომაც საჭირო ტემპერატურისა და ტენიანობის შესანარჩუნებლად კახეთში, ქართლსა და მესხეთში ქვევრი დაცულ, დახურულ გარემოში უნდა დაიფლას.

- დასავლეთ საქართველოში მინახავს სარდაფებში, მინის ქილებში შენახული ღვინო, რომელიც არ ფუჭდება...
- ის არის ჰერმეტულად დახურული­ და არ ფუჭდება. მინის ჭურჭელში მეც ვინახავ ღვინოს, მაგრამ ის ვერ მიედრება­ ქვევრისას, სადაც ღვინო, შეიძლება ითქვას, ცხოვრობს, თავისი ბიოგრაფია აქვს, რომელსაც ქვევრისგან, ნიადაგის, ჰაერისა და ათასი კომპონენტისგან მიღებული სხვადასხვა ფაქტორი ქმნის.
ქვევრს გულდასმით სჭირდება მოვლა. მარტო მარნის მდგომარეობა არ კმარა. თუ ერთხელ რამე დააკელი და არასასურველი გემო აიღო, შეცვლის მეტი ვეღარაფერი უშველის... ვსწავლობთ ქვევრის ტექნოლოგიასაც, რისთვისაც 200-წლიანი ქვევრები შევიძინეთ. უცხოელმა მეცნიერებმა შეისწავლეს თიხის შემადგენლობა­ სხვადასხვა ქვეყანაში. ევროპაში თიხა 65%-ის ოდენობით შეიცავს იმ კომპონენტებს, რომლებიც ღვინოს აკეთილშობილებს, ქართულ თიხაში კი ეს კომპონენტები 85%-ია. ამიტომაც მნიშვნელოვანია თიხის შემადგენლობა. უნდა იცოდე, სად მოჭრა მასალა, როგორი წყლით მოზილო და როდის დაამზადო; მთვარის ფაზებსაც კი მნიშვნელობა აქვს. ეს არის მეცნიერება, რომელსაც ლაბორატორიები სწავლობენ.

- მესხური ჭერი თქვენი ინიციატივით დაამატეთ იბერიულ-კახურ მარანში?

- დიახ. ამ ჭერში 365 ბორჯღალია, მათი განლაგების მიხედვით მარანში შემოსული მზის სხივი ქმნის განსაკუთრებულ ენერგეტიკულ ველს და შეუძლებელია, ღვინოზე გავლენა არ მოახდინოს.

- ვინ უვლის ამ მარან-ლაბორატორიას?
- მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები, ასევე - პროფესიონალი მეღვინეები. ამ მარნის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ქვევრის ღვინის დაყენების სწავლა სურს.

აქ ვცდილობთ ყველა დეტალის დაც­ვას, რომლებიც ღვინის გაკეთილშობილ­ებას შეუწყობს ხელს. უზარმაზარი საწნ­ახელიც 200-ზე მეტი წლისაა. მასში ფეხით­ იწურება ყურძენი და წვენი ღარიდან კერ­ამიკული თიხის მილებით მიედინება ქვევრებში.

- იმერეთის სოფლებში დღესაც ხის სარქველს ხმარობენ. თქვენ მინას იყენებთ?
- ამ მინის სარქვლის მნიშვნელობა რომ სცოდნოდა ქართველ გლეხს, შრომას გაიადვილებდა. სარქვლის ახდის გარეშე აკვირდები დუღილის პროცესს და თუ ჩარევაა საჭირო, მოურევ, დუღილს ააჩქარებ და სხვ.

ახლა ყველაზე მეტად კოლხური მარნის ბედი გვაინტერესებს. არ ვიცით, როგორ გაამართლებს თბილისური კლიმატის­ პირობებში. აქაურმა ნიადაგმა ქვევრის ზედაპირებთან ვერ ივარგა, წვიამიანში იზილება. დასავლეთიდან უნდა ჩამოვიტანოთ მიწა. გამონაკლისი დავუშვით - გადავხურეთ და მთლად კოლხური მარანი აღარ არის. ვნახოთ, როგორ გაამართლებს ჩვენი შესწორებები. მთავარია, ხალხმა ბრმად არ სცადოს დასავლური ტრადიციების
აღმოსავლეთში დანერგვა და პირიქით.

ხის კასრები დასავლეთ საქართველოდან

მარან-ლაბორატორიაში ერთი უზარმაზარი და რამდენიმე მომცრო ზომის ხის კასრი ინახება. ვახტანგ წივწივაძის განმარტებით, ამ კასრებში ჭაჭის არაყი ძველდება საკონიაკედ.

დასავლეთ საქართველოს მუხის კასრის გამოყენების დიდი ხნის ტრადიცია ჰქონია. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს ტრადიციაც გაქრობის პირას მისულა. მარნის კანადური მუხისგან დამზადებული უზარმაზარი და ძველისძველი კასრი საფრანგეთიდან ჩამოუტანიათ. პატარა კასრები ახმეტის რაიონში მოჭრილი მუხებისგან არის დამზადებული.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა