მოწყენილი ყვავილები აქ არ იქნება...
25-04-2016
მოწყენილი ყვავილები აქ არ იქნება...
"ჩემს ბაღში მსოფლიოში ცნობილი ფლორისტების საუკეთესო ჯიშები ყვავის"

ონში, წერეთლის ქუჩაზე, ლუიზა­ ფანცულაიას წალკოტი ყვავის. მებაღე ხუმრობს, - ზღაპრული, უკვდავების ალისფერი ყვავილის გარდა, ყველაფერი მაქვსო.

ლუიზა ფანცულაია:
- ყოველთვის ლამაზი ეზო გვქონდა, მწვანედ ღაღანებდა კოინდარი, ყვაოდა ტიტა, სხვა­დასხვა ფერის ვარდი, გლიცინია, ტეკომა და ულამაზესი ხვიარა პასიფლორა, კალა, შროშანი, ნარგიზი. დეკორატიული, მარადმწვანე მცენარეები ალამაზებდნენ გარემოს.
მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები რომ
დავრჩით, ვიფიქრეთ, ბოსტნეული მოგვეყვანა და მეურნეობა შემოსავლიან საქმედ გვექცია. კიტრისა და პომიდვრის ორი სათბური გავმართეთ, მაგრამ არ გაამართლა.­ ახლობელმა გვირჩია, ძალიან გიყვართ ყვავილები და იქნებ დეკორატიული მცენარეები და ყვავილები გამოიყვანოთო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება არ გვქონდა, მოყვარულის ცოდნა კი სერიოზულ საქმეს არ არგია, მაინც გავრისკეთ. სპეციალისტებთან გავიარეთ კონსულტაცია, როგორ გამოგვეყვანა სხვადასხვა ჯიში და გაგვემრავლებინა.
გამოვიწერეთ აშშ-დან ყვავილების თესლი. ახლობელმა მომწოდებელი სწორად შეგვირჩია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უკვე მეორე წელია, ამ საქმეს ვეწევი. სამწუხაროდ, მეუღლე გარდამეცვალა და ახლა ამ ბაღის მოვლით ვიქარვებ დარდს.

- კარგად იყიდება ყვავილები?
- დიახ. იცით, რა არის უფრო მნიშვნელოვანი? უზარმაზარ ენერგიას გაძლევს, როცა უყურებ, შენი მოვლილ-ნალოლიავები პატარა, უსუსური ნერგი დროთა განმავლობაში როგორ გადაიქცევა ულამაზეს ყვავილად.

- შეგიძლიათ თქვენი ცოდნა გაუზიაროთ ამ საქმის დამწყებთ?

- მცენარეები, ჩვეულებრივ, შეზავებულ მიწაში გამომყავს, რომელსაც ასე ვამზადებ: ორი წილი ბაღის მიწა, ერთი წილი კარგად გამომწვარი ნაკელი და ერთი წილი მდინარის ქვიშა. მცენარეს ვრგავთ პატარა პლასტმასის კონტეინერებში. ასეთ მიწაში გამოყვანილი მცენარე ჩვენს პირობებს შეგუებულია და ტორფში გამოყვანილზე უკეთ ხარობს. ამ მეთოდით გამოყვანილი მცენარეების დარგვა ნებისმიერ დროს შეიძლება, რადგან მიწიანად, ფესვების დაუზიანებლად რგავ.
მცენარეების გასაზრდელად ნაკელის გარდა, ორგანულ გამანოყიერებლებს ვიყენებ. ქიმიურ სასუქებს არ ვცნობ. ორგანულ სასუქს ვუმატებ მორწყვის დროსაც და რამდენჯერმე ზემოდანაც ვაფრქვევ მცენარეებს.

- მსოფლიოში რჩეული ჯიშის მცენარეები გქონიათ...

- უმეტესად მცენარეები იმის მიხედვით შევარჩიეთ, რაზეც ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში არის განსაკუთრებული მოთხოვნა. ამიტომაც ჩემს ბაღში მსოფლიოში ცნობილი ფლორისტების საუკეთესო ჯიშები ყვავის. გვაქვს კასკადური პეტუნიები, რომლებიც სწრაფმზარდია. ეს ჯიში საგანგებოდ ეზოსთვის არის გამოყვანილი, არ უშინდება წვიმას, სიცხესა და სიცივეს, დაავადებების მიმართ მედეგია, ყვავის +2 გრადუს ტემპერატურაზეც კი. გვაქვს მრავალწლიანი სურნელოვანი მიხაკები. როცა ყვავილების მომრავლება სურთ, ძირითადად ყველა მრავალწლიან მცენარეს ითხოვს. ერთწლიანებიც უხვად და ლამაზად ყვავიან, მაგალითად, გვაქვს 6 ფერის სალვია, ასვე 6-ფეროვანი ცელოზია - მამლის ბიბილო.

გვაქვს როგორც მოყვავილე, ასევე დეკორატიული და ხვიარა მცენარეები, ჭანჭყატი ("ეონიმუსი"), სურო - როგორც ჭრელფოთოლა, ასევე კოლხური, იაპონური გრაკლა ("სპირეა") და კოწახური. ხვიარებიდან პასიფლორა (ვნების ყვავილი), გლიცინია (ცის ვაზი) და ტეკომა (კამპსისსაც უწოდებენ). აივნების გასალამაზებელი მცენარეებიც გვაქვს, მაგალითად, შესანიშნავი, 8 ფერის ვერბენა.

- ახლა ძალიან მოდურია ჯუჯა მცენარეები.
- ძირითადად ჯუჯა მცენარეებით ვარ დაინტერესებული, რადგან მასზე განსაკუთრებული მოთხოვნაა. გვაქვს 12 ფერის ჯუჯა ლომისპირა, 15 სახის სურნელოვანი მრავალწლიანი მიხაკები, გაზანიების ახალი ჰიბრიდული ჯიშები. საქართველოში ტუხტი თითქმის ყველას აქვს, მაგრამ ჩვენი ტუხტები განსხვავებულია, დაბალია, 70-80 სმ, უფრო კომპაქტურია. ვარდივით ჩახვეული ყვავილები აქვს, საქართველოში კი მარტივყვავილა ტუხტია გავრცელებული. გვაქვს პენსტემონი, მაჩიტა (კამპანულა), ექინაცეა, მონარდა, კორეოფსისი, გვირილა, მსხვილყვავილა კალენდულა (გულყვითელა - სამკურნალო), ათი ფერის კალა, დელფინიუმი, აქვილეგია, ნემესია, სხვადასხვა ფერის იაჟუჟუნა, გაილარდია, ჯუჯა რუდბეკია.

- მომგებიანია ყვავილების მეურნეობის მართვა?
- ძალიან მომგებიანი არ არის, მაგრამ უკმაყოფილოც არ ვარ. მოვლა უნდა ყველაფერს, თავის დროზე გადარგვა, მორწყვა. ვინც მოდის, ყველა გაოცებულია, ვერ წარმოუდგენიათ, ხონში თუ ასეთი მცენარეები იქნებოდა. არ უნდა დაგაფრთხოს ცხოვრებამ. ერთ გზაზე თუ ხელი მოგეცარა, მაშინვე უნდა გადაუხვიო სხვა გზაზე, ოღონდ სიყვარულით უნდა იარო, თორემ ვერც გზას დაინახავ და კიდეც რომ დაადგე რამე სასარგებლოს, უსიყვარულო გულით კარგი ვერ გამოვა, მით უფრო, თუ ბაღსა და ყვავილებთან გაქვთ საქმე.
ია
02 მაისი 2016 00:45
გაიხარე მშრომელო ადამიანო, ღმერთმა ხვავი და ბარაქა მოგცეს !

რედაქტორის რჩევით