ქართველებმა "სატაცური" ისევ "ავიტაცეთ" - კვირის პალიტრა

ქართველებმა "სატაცური" ისევ "ავიტაცეთ"

"სატაცურის უთვალავი ჯიში არსებობს, მაგრამ საკვებად ყველა არ გამოიყენება"

საქართველოში ოდითგან კარგად იცოდნენ, თუ რა სასარგებლოა მხალეული, მათ შორის სატაცური, რომლის სეზონი უკვე დაიწყო. თუმცა, როგორც ირკვევა, მასზე არც იმდენი გვცოდნია, როგორც ევროპის ქვეყნებს, სადაც სატაცური იმდენად ძვირფას პროდუქტად ითვლება, რომ წამალთან არის გაიგივებული. შესაძლოა, "ევროპული ცოდნის" გათვალისწინებითაც ბოლო ხანს ჩვენში სატაცურის მიმართ ინტერესი გაიზარდა. აქა-იქ სათბურებშიც დაიწყეს გამრავლება, რადგან შესაძლოა, ის ევროკავშირის ბაზარზეც გავიდეს. მართალია, ჯერჯერობით სატაცურის კულტურულ ფორმებს ჩვენში იშვიათად ნახავთ, მაგრამ, რაც მთავარია, პროცესი დაიწყო და იმედია, გაფართოვდება კიდეც. ჩვენ კი, ოზურგეთში მოვძებნეთ სატაცურის შინ გამრავლებით დაინტერესებული ადამიანი, ჰამლეტ გობრონიძე და სატაცურის შესახებ ზოგი რამ ვკითხეთ.

- ალბათ იცოდით, როგორი სასარგებლოა, თორემ სატაცურს შინ იმდენად ცოტა აშენებს, მის რეკლამას ვერავინ გაგიწევდათ...

- ჩემი რეკლამა, უპირველესად, ჩემი გემოვნებაა - სატაცური ძალიან მიყვარს და გაზაფხულს მის გამოც სულმოუთქმელად ველი. თბილისის ბაზრებშიც ხშირად მიყიდია და გურიაში წამომიღია. მას ჩვენში უფრო ნაკლებად იცნობენ, ვიდრე ქართლ-კახეთში ან თუნდაც სამეგრელოში. როცა რაიმეს ვაკეთებ, მის შესახებ აუცილებლად ვკითხულობ ლიტერატურას.

არქანჯელო ლამბერტი წერს, რომ ამ მცენარით მოფენილი იყო სამეგრელოს ზღვის სანაპირო. ივანე ჯავახიშვილი კი აღნიშნავს, სიტყვა "სატაცური" იმდენად ქართულია, ამ მცენარეს უეჭველად უძველესი დროიდან მოიხმარდნენ საქართველოშიო. ჰოდა, თუკი ასეთი ძვირფასი რამ არსებობს, როგორ არ უნდა დაგაინტერესოს?!

- ამ ვიტამინებით მდიდარი მცენარის - სატაცურის კულტურული ფორმის გამრავლება თუ ჩვენში დაიწყება, ეს პროდუქტი შესაძლოა, ევროკავშირის ბაზარზეც გავიდეს. თქვენც გასაღების მიზნით ხომ ამრავლებთ სატაცურს?

- სატაცურის დიდ ფართობზე გამრავლება რომ შემეძლოს, მის გაყიდვას ჩვენს ბაზრებშიც შევძლებდი - თბილისში კონა 7-8 ლარი ღირს, რესტორნები და დიდი მაღაზიებიც სიამოვნებით ჩაიბარებენ. აქ კილოგრამი 25 ლარად იყიდება. ევროპაში რატომ არ უნდა გავიდეს, - ხომ ცნობილია, რომ სატაცური ძალიან სასარგებლოა!

თურმე გაზაფხულზე ევროპელები სატაცურს დღეში რამდენჯერმეც კი მიირთმევენ, რომ ორგანიზმი ვიტამინებით გაიმდიდრონ. სატაცურის გამრავლება უკვე ბიზნესია და ბიზნესს სხვა კეთილმოწყობა სჭირდება - სათბური უნდა გქონდეს, რომ იქ სატაცური მხოლოდ სეზონზე - გაზაფხულ-ზაფხულში კი არ მიიღო, არამედ წელიწადში რამდენჯერმე, მუშახელიც უნდა გეხმარებოდეს.

ჩითილებიც ხომ საჭიროა დიდ ფართობზე გასამრავლებლად!.. მე კი მხოლოდ ოჯახის საკმარისი სატაცური მაქვს. თესლი რუსეთიდან ჩამოვატანინე ახლობელს. ვერ დავიჩემებ, რომ ჩვენებური უგემრიელესი ველური სატაცური, რომელიც ბუჩქის ძირებში ამოდის, ვარგა თუ არა გასამრავლებლად. ყველაფერს თავისი კანონი აქვს და ვერც მე ჩავატარე ველურ სატაცურზე ექსპერიმენტი, ამიტომ ის დავთესე, რომელიც, ვიცოდი, რომ ნამდვილად გაიხარებდა. სატაცურის უთვალავი ჯიში არსებობს, მაგრამ საკვებად ყველა არ გამოიყენება. მე მწვანე და იასამნისფერი სატაცური მაქვს დათესილი. საკვებად საუკეთესოა თეთრიც, მაგრამ მისი თესლი, სამწუხაროდ, არ მაქვს.

- ამბობენ, რომ სატაცურის ნერგების გამოყვანა არც ისე იოლიაო.

- ნერგების გამოყვანა რთული არ არის, მაგრამ ლოდინი კი ძნელია - როროდის დაისხამს ეს ჩითილები. თუ სატაცურს ჩითილით გამოიყვან, 2-3 წელიწადი უნდა ელოდო, სატაცური დასაკრეფი როდის გახდება. სამაგიეროდ, უფრო მარტივია სატაცურის ფესვთა სისტემიდან გამრავლება. მას საუკეთესო ფესვთა სისტემა აქვს. მიწაში ისეა გადგმული, რომ შეგიძლია დაანაწილო და ამ ფესვებზე ამოყრილი თითოეული ყლორტიდან უკვე მომდევნო წელიწადს სატაცურის დაკრეფა შეიძლება. მეც ასე ვაკეთებ, ფესვებიდან ამონაყარს ვამრავლებ, სატაცურს პირველად მაისში ვკრეფ, მეორედ მაშინ, როცა თავიდან ამოიყრის. ასე რომ, წელიწადში ორ მოსავალს ვიღებ.

ეს მცენარე მეტად სასარგებლოა. ინფარქტგადატანილ ადამიანს თუ ხშირად მისცემ, მის ჯანმრთელობას ძალიან წაადგება. ასე რომ, მივესალმები, თუ სატაცური ყველას ბოსტანში ისეთივე ჩვეულებრივი გახდება, როგორიც, ვთქვათ, ხახვი ან ოხრახუშია. რაღა აჯობებს, თუ სათბურებშიც მოშენდება. თუკი ბაზარი იქნა, ალბათ ეს დროც არ დააყოვნებს.

- სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერჯერობით ზამთარში ნედლი სატაცურის შოვნა ადვილი არ არის, მაგრამ დაკონსერვებული სატაცური ყველგან იყიდება. ჯანმრთელობისთვის მისი გამოყენებაც შეიძლება.

- ვისაც ნამდვილი სატაცური გაუსინჯავს, არა მგონია, დაკონსერვებული სატაცურისკენ გულმა გაუწიოს.

ეთერ ერაძე