"ლხინის საკრავები" - კვირის პალიტრა

"ლხინის საკრავები"

დაირა - ჩვენი "შვილობილი"

ქართული ხალხური მუსიკა უნიკალური მოვლენაა. ის ქართველ კაცს ჭირსაც ულამაზებდა და ლხინსაც. "ქართლის ცხოვრებაში" არაერთი მუსიკალური ინსტრუმენტის სახელი გვხვდება. ჩვენში მუსიკალური საკრავების დამზადების ტრადიცია ოდითგან არსებობდა და ამ საქმის ოსტატებიც ბევრნი იყვნენ. საბედნიეროდ, დღესაც ბევრი ასეთი ოსტატი გვყავს და თავიანთ საქმეს უხმაუროდ აკეთებენ. ისინი ორ საკრავზე - დაირასა და დიპლიპიტოზე გვიამბობენ.

ზაურ მერებაშვილი, სუხიშვილების ანსამბლის ორკესტრის წევრი, ხალხური საკრავების ოსტატი: - "დაბდაბი, დაფდაფი, დაფი, დაირა" - ამ სახელწოდებით გვხვდება უძველესი დასარტყამი ინსტრუმენტი დაირა ძველ ქართულ ტექსტებში, მათ შორის "ქართლის ცხოვრებასა" და "ვეფხისტყაოსანში". დაირა საქართველოში აღმოსავლეთიდან შემოვიდა. მას ახლაც ფართოდ იყენებენ უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ეს საკრავი მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც არის შეტანილი, თურქეთშიც მინახავს მსგავსი საკრავი, მაგრამ უფრო დიდი ზომისა. ჩვენმა ხალხმა დაირა ადვილად შეითვისა და ეს საკრავი დროთა განმავლობაში გაქართულდა... დაირა რკალის ფორმისაა, ცალ მხარეს თხელი ტყავი აქვს გადაკრული. შემსრულებელს ორივე ხელით უჭირავს და ისე უკრავს. დაირას, ძირითადად, ქალები უკრავდნენ და თან ცეკვავდნენ კიდეც.

დიპლიპიტო წმინდა ქართული ინსტრუმენტია, რომელსაც იყენებდნენ ლხინში, კერძოდ, ჭიდაობის დროს. ძნელია ითქვას, როდიდან დამკვიდრდა ეს საკრავი ჩვენი ხალხის ყოფაში, მაგრამ დიპლიპიტო სხვა ქვეყნებში არსად შემხვედრია. დიპლიპიტოც დასარტყამი საკრავია. მისი კორპუსი წარმოადგენს თიხის ქოთნებს, რომლებზეც ტყავია გადაკრული და ორი პატარა ჯოხით უკრავენ. დიპლიპიტოს ხშირად ნახავდით ქართველ თავად-აზნაურთა ოჯახებში. ამჟამად ხალხურ საკრავთა ორკესტრებში გამოიყენება.

დღეს დაირასა და დიპლიპიტოს ერთეულები ამზადებენ. ხალხური საკრავების ღვაწლმოსილ ოსტატებს შორის უსათუოდ უნდა დავასახელოთ ხანდაზმული ოსტატი ტრისტან კვატაშიძე. ბატონი ტრისტანის მოწაფე და საქმის გამგრძელებელია დავით ორაგველიძე.

როგორ ამზადებენ "ლხინის საკრავებს"

დავით ორაგველიძე, ხალხური ინსტრუმენტების ოსტატი: - თვითნასწავლი მუსიკოსი გახლავართ. გურიაში დავიბადე, ლანჩხუთის სოფელ შუხუთში. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. ყველანაირ ინსტრუმენტს ვამზადებ - ჩონგურს, ფანდურს, ჭუნირს, დაირას... ხელობა მამაჩემისგან ვისწავლე - საუკეთესო ფანდურებს თლიდა... ამ საქმით უფრო დავინტერესდი და გადავწყვიტე, ხალხური საკრავების დამზადება უკვე პროფესიულ დონეზე მესწავლა. კოლექციაში თითქმის ყველა ხალხური საკრავი მაქვს.

დაირა უფრო მეტად წიფლისა და ფიჭვის ხისგან კეთდება. დაირის ქვედა ნაწილს, მრგვლად გამოჭრილ ხის რკალს, ზემოდან კარგად დამუშავებულ ხბოს, ციკნის ან ცხვრის ტყავს გადააკრავენ. მე უპირატესობას ხბოს ტყავს ვანიჭებ. საუკეთესოა ახალშობილი ხბოს ტყავი. რკალზე ტყავის დასაწებებლად სპეციალურ ხის წებოს ვიყენებთ. კარგად რომ გადაიჭიმოს, ტყავი სველი უნდა იყოს.

ტყავის დამუშავებას, სულ ცოტა, ერთი კვირა მაინც სჭირდება. ტყავს მარილს დავაყრით, გადავახვევთ და ერთი კვირა მიწაში ვინახავთ. ამის შემდეგ მას ადვილად ეცლება ბეწვი. ტყავი გამდინარე წყალში უნდა გაირეცხოს და ბეწვებისგან კარგად გასუფთავდეს. შემდეგ ტყავს ხის რკალზე გადავჭიმავთ, კარგად დავამაგრებთ და დაირაც მზად არის. ერთი შეხედვით ძნელი არ ჩანს, მაგრამ დაირის დამზადებას ცოდნა და დაკვირვება უნდა, რომ ხარისხიანი იყოს და საჭირო ტონალობა ჰქონდეს. ხელობის ცოდნის გარდა, კარგი მუსიკალური სმენაც საჭიროა.

დიპლიპიტოს თიხის ორი ქოთანი სპეციალურად მზადდება. მე, მაგალითად, შეკვეთას ვაძლევ. ტყავის გადაკვრასთან ერთად, დიპლიპიტოს დამზადებისას ღვედების გამოჭრაც აუცილებელია. ტყავი საგანგებო საჭრელით წვრილად უნდა დაიჭრას, მერე კი ინსტრუმენტი ღვედებით ისე დაიჭიმოს, რომ სიცარიელე არ დარჩეს. ეს აუცილებელია, რათა საკრავს სასიამოვნო ხმა ჰქონდეს. ტყავიც იმავე ღვედების მეშვეობით უნდა გადავაკრათ. აქაც ძირითადად ხბოს ტყავს ვიყენებ, რომელსაც იმავე წესით ვასუფთავებ.

დიპლიპიტო მტკიცედ უნდა იყოს შეკრული, რომ შემსრულებელს კარგა ხანს გამოადგეს. ქოთნების სიმაღლე ერთნაირი უნდა იყოს, დიამეტრი კი სხვადასხვა. მოზრდილი ქოთნის დიამეტრი 21 სანტიმეტრია, მომცროსი - 18, თუმცა სხვა ოსტატის მიერ დამზადებულ დიპლიპიტოს შეიძლება სხვა დიამეტრი ჰქონდეს. ეს ორი ქილა ერთმანეთთან იმავე ტყავით არის შეერთებული, რომლითაც ღვედები მზადდება. ჯოხები კი უბრალო მასალისგანაც შეიძლება დავამზადოთ. დიპლიპიტოზე ხელითაც შეიძლება დაკვრა და ჯოხებითაც. ორივე ამ საკრავს - დაირასა და დიპლიპიტოს, უფრო ლხინის დროს იყენებდნენ, ამიტომ ზოგიერთ კუთხეში მათ "ლხინის საკრავებსაც" უწოდებდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე