აბაშელ ქალთა სურნელოვანი ბიზნესი - კვირის პალიტრა

აბაშელ ქალთა სურნელოვანი ბიზნესი

თუ სიძნელეები არ შეგაშინებს, ყველაფერი გამოგივა, - არადა, ამ კოოპერატივის ორ წევრს, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ, არალეგალური ემიგრაციის მძიმე გზა ერთადერთ გამოსავლად ეჩვენებოდა, რათა ეკონომიკური პრობლემებისთვის თავი დაეღწია.

ამ ნაბიჯის გადადგმა, შეიძლება ითქვას, მეგობრებმა არ დაანებეს. გამგზავრება გადაიფიქრეს, ქვეყანაში დარჩნენ და იმ კოოპერატივის წევრები გახდნენ, რომელსაც ფინანსური დახმარება ევროკავშირის პროგრამამ (ENPARD საქართველო) აღმოუჩინა.

ფერმერულ ჯგუფში ახლობელი ქალბატონები გაერთიანდნენ და ბიზნესი წამოიწყეს - ვარდის სხვადასხვა ჯიშს აშენებენ. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ერთ-ერთის ეზოში უმოქმედოდ დარჩენილი 240 კვმ სასათბურე კარკასი იდგა, რომლის გამოყენებაც ბიზნესის დასაწყებად შეიძლებოდა.

კოოპერატივის წევრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან და ამიტომ ფუნქციებიც პროფესიებისა და შესაძლებლობების მიხედვით გაინაწილეს: ლეილა ჩოჩიამ მესათბურეობის კურსი გაიარა, ახლა მარკეტინგის საკითხებზე მუშაობს. ნანა კუპრეიშვილი, აგრონომ-დეკორატორი, სოხუმში ქალაქის გამწვანების სამსახურში მუშაობდა. კოოპერატივში თავისი პროფესიით საქმიანობს, მანანა ბოკუჩავა ბუღალტერია და ფინანსებს უძღვება. ინგა მუგასაშვილი ვარდების გაყიდვაზე მუშაობს, ნანა ფანცულაია კი პროექტის კოორდინატორია, სათბურიც მის ეზოშია და აქ ყოველდღიური საქმიანობით არის დაკავებული. სასათბურე კარკასიდან მოაწყვეს მთელი სასათბურე მეურნეობა, სარკმლებითა და სავენტილაციო ჭრილებით, წვეთოვანი სარწყავი სისტემაც დაამონტაჟეს, ეზოს აუზთან წყლის საქაჩი გააკეთეს, შეიძინეს და გაახარეს ვარდის ნერგები. აბაშის ცენტრში ყვავილების მაღაზიის გახსნასაც გეგმავენ თავიანთი პროდუქციის გასაყიდად.

ლეილა ჩოჩია: - ყველანი აბაშელები ვართ, ეს ფინანსური დახმარების პირობაც იყო, რომ ყველანი ერთი ტერიტორიული ორგანოდან უნდა ვყოფილიყავით. ჯერ მონახაზი გავაკეთეთ და ბიზნესიდეა წარვადგინეთ, შემდეგ უკვე ბიზნესგეგმაზე დავიწყეთ მუშაობა. მოგვიწონეს და 17 ათასი ლარით დაგვაფინანსეს.

გავაკეთეთ სადრენაჟე სისტემები, ბრტყელი გადახურვა შევცვალეთ რკალურით, როგორიც სათბურს სჭირდება, შემოვიტანეთ მდელოს მიწა, მდინარის შლამი, გადამწვარი ნაკელი და ტორფი. ამით შევქმენით სასათბურე გრუნტი, რაც სანიადაგედ საუკეთესო ნაზავად მიიჩნევა და ნერგებიც შევიძინეთ.

თავიდან ყველამ არ გაიხარა, თუმცა, საბოლოოდ ჯიშები შევარჩიეთ და შემოდგომით სათბურში 1400 ძირი ვარდი გვქონდა. აქედან 200 ძირი თეთრია, 1 200 - წითელი. პირველი შემოსავალიც უკვე მივიღეთ.

- ყვავილებს სად ყიდით?

- აბაშის ცენტრში, პატარა მუნიციპალურ ყვავილების მაღაზიაში, ასევე სენაკში. ჯერჯერობით ეს ბაზარი ჩვენი პროდუქციისთვის საკმარისია.

- რა სამუშაოებია კოოპერატივში?

- ყოველ 8 დღეში ვარდს შეწამვლა სჭირდება, ასევე პრეპარატების შესხურება ნაცრის, მწერების, მავნებლების საწინააღმდეგოდ. 10 დღეში ერთხელ სასუქს ვაწვდით. ვგეგმავთ გაფართოებას - როგორც სათბურების, ასევე სანერგეების მოწყობას.

- თქვენი ვარდები წლიდან წლამდე ყვავის?

- მხოლოდ 9 თვე. 3 თვე ვისვენებთ, რადგან სათბურები არ თბება. გათბობას თუ შევძლებთ, მთელი წლის განმავლობაში მივიღებთ მოსავალს, მაგრამ მეორე მხრივ, ამით ნერგის სიცოცხლისუნარიანობა შემცირდება. საერთოდ, ეს ნერგები 5-8 წელიწადზე გვაქვს გათვლილი და თუ მთელ წელიწადს ვამუშავებთ, გამოიფიტება და 3 წელიწადში მოგვიწევს გამოცვლა.

- მაინცდამაინც ვარდი რატომ შეარჩიეთ?

- ვიფიქრეთ, რომ ვარდი საკმაოდ სარფიანი ბიზნესი იქნებოდა. თანაც, ქალები ვართ და ვარდის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. თუმცა, ცხადია, მხოლოდ ემოცია არ ყოფილა გადამწყვეტი, ამხელა საქმეს ამის გამო ვერ შევეჭიდებოდით. მიმაჩნია, რომ დღეს სოფლის მეურნეობაშია ქვეყნის გადარჩენის გასაღები, თუ ადამიანები მოინდომებენ და თავიანთ საკარმიდამოში მოიყვანენ თუნდაც მინდვრის კულტურას, კარგი იქნება. თავიდან შეიძლება შემოსავალი არ იყოს დიდი, მაგრამ შედეგს აუცილებლად მოიტანს. ოღონდ ამ საქმეს ცოდნაც სჭირდება, ახლა წესები ცოტა შეცვლილია, სასუქებიცა და სხვადასხვა საშუალებაც, ამიტომ ყველაფერს ცოდნით უნდა მიუდგე.

ლალი ფაცია