ზუმბას მეუღლე ქმარს ყვავილებით "ჩრდილავს" - კვირის პალიტრა

ზუმბას მეუღლე ქმარს ყვავილებით "ჩრდილავს"

"ზაზას მშობლებს ლისის ტბასთან ნაკვეთი აქვთ, იქ ვაზი ჩაყარა და დედ-მამას ხეხილის ნერგებითაც ამარაგებდა. მაშინ ცოტა ზერელედ ვუყურებდი მის ბაღში ფუსფუსს, მაგრამ ხედავთ, ამით უკვე მეც ავად ვარ. დაჩისაც უყვარს ყვავილები, ცოტა ხნის წინ შევარდნაძის ბაღში იყო და იქიდან საკუთარი ხელით მოხატული ქოთანი მოიტანა, რომელშიც მცენარე ჩარგო და ახლა გულმოდგინედ უვლის"

"ჩემს ყვავილებს ოჯახის წევრების სტატუსი მივანიჭე"

მომღერალ ზაზა კორინთელის, ანუ ზუმბას ოჯახს ვერანდის სანახავად ვესტუმრეთ, სადაც არაერთი მცენარე ხარობს. იქაურობის გამწვანებაში მისი მეუღლე - ნინო აღლაძე აქტიურად არის ჩართული. პროფესიით მსახიობი და პროდიუსერი, ამბობს, რომ კიდევ ერთი მთავარი რეგალია აქვს, - ზუმბას ცოლია, ამიტომ ცდილობს მეტის გაკეთებას, რათა ეს სტატუსი რაღაცნაირად დაჩრდილოს, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა. თავად ზუმბა უკვე წელიწადია, შემოქმედებითი მივლინებით აშშ-ში იმყოფება. ნინოს მცენარეებით გატაცება კი ზაზას უცხოეთში გამგზავრების შემდეგ დაიწყო.

reclama

- მცენარეები და ცხოველები დიდად არასდროს მიყვარდა, მეგონა, ამით მარტოხელა ადამიანები იყვნენ გატაცებული. ეტყობა, ახლა მარტო რომ დავრჩი, მცენარეების მოშენებას ხელი იმიტომ მოვკიდე. ამას ისიც განაპირობებს, რომ ბავშვი საღამომდე სკოლაშია, შინ დღის საათებში თუ მიწევს ყოფნა და დროს ოჯახის ახალ წევრებს, მცენარეებს ვუთმობ.

- იცის ზაზამ ამის შესახებ?

- კი, ინტერნეტით ხომ ვეხმიანებით ერთმანეთს... ზაზა კი არა, მეც არ ველოდი, თუ ეს საქმე ასე გამიტაცებდა. ყვავილების მოვლა ისე მომწონს, რომ ერთ ადგილას იასამნის პატარა ნერგიც კი ამოვთხარე, ვერანდაზე გავახარე და ცოტა ხნის წინ იყვავილა კიდეც. ზაზას მშობლებს ლისის ტბასთან ნაკვეთი აქვთ, იქ ვაზი ჩაყარა და დედ-მამას ხეხილის ნერგებითაც ამარაგებდა. მაშინ ცოტა ზერელედ ვუყურებდი მის ბაღში ფუსფუსს, მაგრამ ხედავთ, ამით უკვე მეც ავად ვარ. დაჩისაც უყვარს ყვავილები, ცოტა ხნის წინ შევარდნაძის ბაღში იყო და იქიდან საკუთარი ხელით მოხატული ქოთანი მოიტანა, რომელშიც მცენარე ჩარგო და ახლა გულმოდგინედ უვლის. ჩემმა მცენარეებმა წლეულს მშვენივრად გამოიზამთრეს.

ძირითადად, ყინვაგამძლეებსა და მარადმწვანეებს ვარჩევ. აი, იქით ბროწეული და კარალიოკი მაქვს, მაინტერესებს, ქოთანში როგორ გაიხარებს. იელმა რატომღაც წლეულს არ იყვავილა, სპეციალურ ლიტერატურაში ამოვიკითხე, ასე იცის, შეიძლება, წელგამოტოვებით იყვავილოსო. გარდენია ლამაზი ყვავილებითა და საოცარი სურნელით გამოირჩევა, ევონიმუსმაც მშვენივრად გამოიზამთრა. გავახარე დეკორატიული კომბოსტოც, თესლი ვიყიდე და ქოთნებში დავთესე. იასამნისფრად იყვავილა.

reclama

ჩინური ვარდის ყვავილსაც ველოდები. ქოთნებში სხვადასხვა მცენარე დავთესე, ერთ-ერთი ტუხტია, ვარდის ჯიშის ეკლიანი მცენარე. მაქვს აგავა და პატარა დეკორატიული ტირიფი, რომელიც თვითონ დავაფესვიანე. ფანჯარასთან პატარა ოლეანდრებია. კალათებში რომ მცენარეა, "ჩინურ ხალიჩას" ეძახიან. არ მინდა ვერანდის გადახურვა, არადა, შემაწუხა მეზობლების ნაგავმა. ერთხელ მაგიდაც კი გადმოაგდეს, ისეთი ხმა ჰქონდა, მეგონა, რაღაც აფეთქდა.

- მკითხველს ავუხსნათ, რომ ვიმყოფებით მრავალსართულიანი სახლის მეორე სართულზე, რომელსაც აქვს დიდი ვერანდა და მას ზემოდან 10 სართული დაჰყურებს.

- რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი 10 სართულის ნაგავი აქ იყრის თავს. რაც ფანჯრიდან გამოეტევა, ყველაფერს აგდებენ.

- როგორც მითხარით, 2 წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ აქ ბაღის გაშენებას დაიწყებდით.

- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეგობარმა, ნათია ნიგურიანმა, ქოთნით მომიტანა მცენარე და მითხრა, ადექი და ეს აივანი გაამწვანეო... იმ ერთმა ქოთანმა გადაწყვიტა ყველაფერი. დღეს ჩემი მცენარეები ესთეტიკურ სიამოვნებასაც მანიჭებს და შრომის შედეგსაც ვხედავ, ამიტომ ოჯახის წევრების სტატუსი მივანიჭე.

ძირითადად, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, ისე მივმართავ, - "ჩემი გოგო", რაზეც ჩემი შვილი ბრაზდება. ყველა ლამაზი მცენარე გოგო რატომ არის, ბიჭი არც ერთი არ არისო? იმ დღეს ერთი ახალი მცენარე მოვიტანე და დაჩის გავაცანი, ეს ჩვენი ოჯახის ახალი წევრია-მეთქი. მითხრა, მაშინ ეგ ბიჭი იქნებაო.

reclama

საგაზაფხულო გადარგვები უკვე დავასრულე, ნაკელიანი მიწა შევურიე. ვითვალისწინებ იმასაც, რომელს რა უყვარს: მზე, ჩრდილი, ბევრი წყალი და ამის მიხედვით მივუჩენ ხოლმე ადგილებს.

ამ ყველაფერს ძალდატანებით ვერ გააკეთებ, რომ არ მნდომოდა, საქმეს წინ ვერ წავწევდი. ახლა ყოველ დილით აქ გამოსვლასა და ყავის დალევას არაფერი ჯობს.

ლალი ფაცია