სააღდგომო კვერცხის მდებელი "სამეფო მარანი" - კვირის პალიტრა

სააღდგომო კვერცხის მდებელი "სამეფო მარანი"

ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს დეკორატიული ფრინველების კოლექციონერ ალბერტ მანელოვს, რომელსაც იშვიათი სახეობების ფრინველების ვოლიერები ვარკეთილში, საკუთარი სახლის ეზოში აქვს განთავსებული.

ამჯერად, ბატონი ალბერტი მისი კოლექციის ქათმის ერთ-ერთ სახეობაზე, მარანზე"გვესაუბრება.

ალბერტ მანელოვი: - სხვადასხვა იშვიათი სახეობის ფრინველები მყავს: ფარშავანგები, ხოხბები, მტრედები, მათ შორის 12 სახეობის ქათამი. ამჯერად ქათმის ერთ-ერთ სახეობაზე გესაუბრებით, მას მარანი ჰქვია. სახელწოდება საფრანგეთის ქალაქ მარანსიდან მომდინარეობს, სწორედ ამ ქალაქში გამოიყვანეს ეს სახეობა XIX საუკუნეში. მარანს ასევე სამეფო ქათმებსა და სააღდგომო კვერცხისმდებელ ქათმებსაც უწოდებენ. შეფერილობის გამო, მარანის კვერცხებს სააღდგომო სუფრისთვის ენდროსა თუ ხახვის ფურცლების გარეშე ხარშავენ.

მოგეხსენებათ, აღდგომის რიტუალთაგან ერთ-ერთი, კვერცხების დაჭიდება, ბავშვებში განსაკუთრებით პოპულარულია. ძველად სააღდგომოდ ციცრის კვერცხებსაც ღებავდნენ, რადგან ისინი ძნელად ტყდება. მარანის კვერცხის გარსი უფრო მკვრივია და გარდა იმისა, რომ ძნელად ტყდება, მის შიგთავსში თითქმის ვერ აღწევს სხვადასხვა ჩხირი თუ მიკრობი. ეს მარანის კვერცხის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა.

- თქვენ როდის გაამდიდრეთ თქვენი ვოლიერები მარანის სახეობის ქათმებით?

- საბერძნეთიდან ჩამოტანილი მარანის კვერცხებისგან გამოვაჩეკინე, გავაზრდევინე და გავამრავლე. უკვე 3 წელიწადია, ამ სახეობის ქათმებმა ჩემს კოლექციაში დაიდეს ბინა. ვიზუალურად ისინი სხვა სახეობის ქათმებისგან დიდად არ განსხვავდებიან, თუმცა მრავალნაირი შეფერილობის მარანი არსებობს. ზოგადად, ქათამი იყოფა 3 კატეგორიად: დეკორატიულად, მეკვერცხულად და მეხორცულად. მარანი მეკვერცხულ-მეხორცულ სახეობად ითვლება. ისინი მალე იზრდებიან, ტანადებიც არიან და წელიწადში 200-220 კვერცხს დებენ.

ეკა სალაღაია