ვაჟას შთამომავლის მცხეთის მთებში შედგმული მეურნეობა
02-05-2016
ვაჟას შთამომავლის მცხეთის მთებში შედგმული მეურნეობა
"თხის რძეს ძროხის რძეში ვურევთ, რომ ყველს ეგზოტიკური გემო ჰქონდეს და თანაც, იმაზე სასარგებლო იყოს, ვიდრე ძროხის რძის ყველია"

"იმ წლებში, როცა ცხოვრება ჭირდა, პირუტყვი მცხეთაში მხოლოდ მე კი არა, ნახევარ მცხეთას ჰყავდა. ძროხა ხომ მარჩენალია, მაგრამ ახლა აღარ ჰყავთ, მე კი შევინარჩუნე. ახლა 27 სული ძროხა გვყავს"


მცხეთაში გოგი იმერლიშვილსა და დიანა რაზიკაშვილთან სტუმრობისას მივხვდი, რომ თუკი ადამიანს უნდა, წელგამართული იყოს, მიზანსწრაფულობასა და დაუზარლობას კიდევ ერთი რამ უნდა დაუმატოს
- საქმის სიყვარული! ამ ადამიანებს, რომელთა მეურნეობის შესახებ მინდა მოგითხროთ, საქმის სიყვარულმა საოცრად ბევრი რამ შეაძლებინა. არანაკლებ საინტერესოა, რომ ამ ამბის მთავარი მოქმედი პირი - დიანა რაზიკაშვილი, ვაჟა ფშაველას შთამომავალია. ამბობს, ჩემი დიდი პაპა და ვაჟას პაპა ძმები იყვნენო! ამ საოცარ ოჯახს საამაყო ბევრი რამ
აქვს - მცხეთის მთებში შედგმული მათი ლამაზი სახლი და იქ მოწყობილი მეურნეობა რომ ნახოთ, ამ შთაბეჭდილებას დიდხანს ვერ დაივიწყებთ.

გოგი იმერლიშვილი: - როგორც ჩვენში ამბობენ ხოლმე, ცივ ქვაზე დავსახლდით, არაფერი გაგვაჩნდა, მაგრამ ყველაზე მძიმე წლებში სახლ-კარიც გავმართეთ და ფეხზეც დავდექით. 27 სული ძროხა გვყავს, 11 ციკანი, ღორები, უამრავი წიწილა. ეს ყველაფერი ჩემი მეუღლის შრომისმოყვარეობის დამსახურებაა. ამიტომ, როცა ჩემს ოჯახზე ვლაპარაკობ, ყოველთვის ვიხსენებ, როგორ გავი­ცანი. მე მცხეთის სამშენებლო კომბინატში ვმუშაობდი რიგით თანამშრომლად, ეგ რომ ინჟინრად მოვიდა ქარხანაში. ერთხელაც ჩვენმა­ მთავარმა ინჟინერმა დამანახა, აი, ემაგ გოგოს­ რომ უყურებ, ხევსურეთიდან არის, ბარისახოდან, რამდენი ხანია ვაკვირდები, თუ მაგას ცოლად შეირთავ, ცხოვრებაში კაცი ვერ გაჯობებსო. ეს სიტყვები, ალბათ, ჩემი ბედიც იყო, ისეთ თვალზე შემახედვინა, აღარ მოვეშვი და როგორც იქნა, დავითანხმე ცოლობაზე... ის კი დავითანხმე, მაგრამ სახლი არა მქონდა. მცხეთაში, ოჯახში სამი ძმანი ვიყავით და სამივენი ერთად ხომ არ ვიცხოვრებდით! ასე რომ, დავსახლდით მთის ძირას გამოყოფილ ნაკვეთზე, რომელსაც უკან ხრამი ჰქონდა. მამაჩემმა დაიჩივლა, შვილო, წვიმა რომ მოვა, წყალი სახლიანად წაგიღებსო. ვუთხარი, მამა, სადაც კაცი შრომობს, იქ სტიქია ვერაფერს უზამს-მეთქი და სახლის გარშემო ისეთი ბეტონის კედლები ჩავასხი, რომ 35 წელიწადია წყალი ვერაფერს უშვრება. სამაგიეროდ, ჩემი სახლის უკან მთა და მისი ხრამიც ცხოვრებაში ფეხზე დადგომაში დამეხმარა. სწორედ ამ მთაზე ძოვს ჩვენი პირუტყვი. პირველად თხები მოვიყვანეთ, იმ წლებში, როცა ჩვენში საკვებიც ჭირდა და ფულიც. მთა ჯაგით არის სავსე და თხებისთვის საკვები, ფაქტობრივად, არც გვჭირდებოდა. ოჯახში ხორციც გვქონდა და რძეც, მით უმეტეს, რომ უკვე პატარა შვილი მყავდა. ასე აუსრულდეს ყველას ყველაფერი - თხა ჩვენს ოჯახში ყოფნას ისე შეეგუა, რომ დღესაც გვყავს. მართალია, ჩემი ცოლი ჩვენი პირუტყვ-ფრინველის ხორცს არ ეკარება, ჩემს გაზრდილზე პირს რა დამაკარებინებსო, სამაგიეროდ, ციკნებს ვყიდით, თხის რძეს კი ძროხის რძეში ვურევთ, რომ ყველს ეგზოტიკური გემო ჰქონდეს და თანაც, იმაზე სასარგებლო იყოს, ვიდრე­ ძროხის რძის ყველია.

დიანა რაზიკაშვილი: - საქმე იქამდეც კი მიმიყვანია, ქათამი თუ ვერ გამიყიდია, დაბერებულა, მომკვდარა და ეზოში­ დამიმარხავს. სტუმარი რომ მოგვივა და პირუტყვს ვკლავთ, მე უნდა გავეცალო.

- ქალაქში ამდენი პირუტყვი როგორ გაიჩინეთ?
- იმ წლებში, როცა ცხოვრება ჭირდა, პირუტყვი მცხეთაში მხოლოდ მე კი არა, ნახევარ ქალაქს ჰყავდა. ძროხა ხომ მარჩენალია, მაგრამ ახლა აღარ ჰყავთ, მე კი შევინარჩუნე.
ქვეყანა რომ აირია, ხევსურეთიდან მცხეთაში დედაჩემის წამოყვანა გადავწყვიტე, მაგრამ ადვილი არ აღმოჩნდა მისი დაყოლიება. ბოლოს თავისი 2 ხევსურული ძროხითა და ხბორებით ჩამოვიდა. ჩემს ქმარს სიტყვა "ძროხის" გაგონებაც არ უნდოდა. ერთხელ ერთი ძროხა მოგვპარეს... ამასობაში მეც მივხვდი, რომ პირუტყვი, იმ დროს, როცა ლუკმაპურის შოვნა ჭირდა, მართლაც ხსნა იყო. ჩემი ქმარიც ამყვა, თივის მოსატანადაც წავიდა, მშრალი საკვებიც მოიტანა და ყველაფერი გააკეთა, რომ ოჯახი გაძლიერებულიყო. დღეს უფრო ცოცხალ პირუტყვს ვყიდით, აზერბაიჯანელი გადამყიდველები მოდიან. მართალია, ჩალის ფასად უნდათ, მაგრამ მაინც ვყიდით. თუ არ გინდა, რომ გადამყიდველს ჩალის ფასად მისცე, მაშინ იმის დრო უნდა გქონდეს, რომ თავად დადგე ბაზარში, ჩვენ კი ამის დრო არა გვაქვს, თხისა და ძროხების გარდა, ღორებიც გვყავს და ქათმებიც.

- ღორების გაზრდას როგორღა ახერხებთ?
- თუ მცხეთის გორებზე თხების გაშვება შეიძლება, ღორებს ვერ გაუშვებ, საღორეში უნდათ მოვლა... თუმცა, სხვა გზა არ მქონდა, უნდა გამომეზარდა.

- რატომ, რა ძალა გადგათ?
- ჩემი შვილი აღმოსავლეთმცოდნეა. წლებია, ეგვიპტეში მუშაობს. იქაურ ქრისტიან არაბებში ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ არეულობის დროს, ანუ დაახლოებით სამი წლის წინ, ეგვიპტელმა ქრისტიანმა არაბებმა სთხოვეს დახმარება, ომის შუაგულიდან ოჯახებით გაგვიყვანე, გვიშველეო. ჩემმა ვაჟმაც საქართველოში შემოიყვანა და დროებით მშვიდობიანად დააბინავა. ამ ხალხმა თავი რომ სამშვიდობოს დაიგულა, საარსებო პურის შოვნა მოინდომა და ღორები იყიდეს გასამრავლებლად. ჩვენც მაშინ შევიძინეთ ღორები და მას შემდეგ შემოგვრჩა (ის არაბები სამშობლოში დაბრუნდნენ, თავიანთი ღორები გაყიდეს)... მოგებისა რა მოგახსენოთ, უფრო შრომაა მეტი, ვიდრე მოგება.

ზოგჯერ კიდეც გვიჭ­ირს, მაგრამ ჩვენი შრომით ამ გაჭირვებას ვერევით. მთავარია, ვაჟი გვიდგას გვერდით, ისიც შრომისმოყვარე რომ არის, ძალიან გვეიმედება. ქართული ჯიშის ქათმებსაც ვზრდით სიმინდითა და ხორბლით, - მითხრა ქალბატონმა დიანამ და ის ხევი მაჩვენა, ოჯახის მარჩენლად რომ იქცა. ხევის თავზე გოგი იმერლიშვილს საღორე უდგას. საღორემდე მიმავალი გზა თავისი ხელით გამოუჭრია გორაკზე, მერე კი ხბორებთანაც მიმიყვანეს. ბოჩოლებმა პატრონი რომ დაინახეს, შემოეხვივნენ და ხელის ლოკვა დაუწყეს.

ოჯახი გამთენიიდან შუაღამემდე ფეხზე­ დგას... სამაგიეროდ, ქვეყანასა და ოჯახს აბარაქიანებენ, განატრებინებენ, რომ მათი მსგავსი ამ ქვეყანას კიდევ ბევრი ჰყავდეს!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა