"ჩინელების მითი - გოჯი მხოლოდ ჩვენთან ხარობსო - გურიაში გავაქარწყლე" - კვირის პალიტრა

"ჩინელების მითი - გოჯი მხოლოდ ჩვენთან ხარობსო - გურიაში გავაქარწყლე"

"გოჯი მწიფობის დროს ისეთი ლამაზია, თვალს ვერ მოაშორებ - წითელი კოწახურივით მარცვლები აქვს და ისე ანთია, თითქოს ცეცხლი გიზგიზებსო"

"გოჯის ნასხლავიდან ნერგი ისე სწრაფად და ლაღად ამოვზარდე, თითქოს ჩვენს ხოდაბუნებზე დათესილი ხორბალი ჟუჟუნა წვიმას ამოებიბინებინოს"

უკვდავების წამალი, ბუნების სასწაული, ხანგრძლივი სიცოცხლის წყარო! - აი, ის ეპითეტები, რომლებითაც ჩვენში დღEეს უკვე პოპულარულ მცენარე გოჯის (გოჯიბერი) ამკობენ. გოჯი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ სამკურნალო მცენარედ მიიჩნევა. მართალია, მას აქამდე ჩინელების გარდა თითქმის არავინ იცნობდა (ის ჰიმალაის მთებში მოჰყავთ), ახლა მასზე მოთხოვნილება ყველგან ჩნდება, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშიც. გოჯის შესწავლა გამუდმებით მიმდინარეობს და მეცნიერებმა მას უკვე სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლის უნარიც აღმოუჩინეს. გოჯი ასევე ებრძვის დიაბეტს, ალცჰაიმერის დაავადებას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას; ითვლება საუკეთესო გასახდომ საშუალებად...

გოჯის გაშენება საქართველოშიც დაიწყეს. ერთმა მცენარეების მოყვარულმა კაცმა გოჯის ნერგები ჩინეთიდან ჩამოიტანა და მცენარეებზე გაგიჟებით შეყვარებულ გურულს - გოჩა ჭეიშვილს აჩუქა. მის ბაღში გოჯის პირველი ნერგი უკვე აყვავებას აპირებს.

- მე ინტერნეტსა და ფლორის სიახლეებში გაცნობიერებული კაცი არ ვარ, ვცდილობ, რაც ჩემს წინაპრებს მცენარეების გაშენებაში ცოდნა მოუპოვებიათ, ის გამოვიყენო. ასე რომ, არა მხოლოდ საკუთარ ბაღში, არამედ ჩემს მშობლიურ ქალაქ ოზურგეთშიც, სადაც ცარიელ ადგილებს ვნახავ, ყველგან ჩემი გამოყვანილი ნერგი მიმაქვს და ვრგავ. ხელი ჯერჯერობით არ მიმიწვდება, რომ უცხო მცენარეები გამოვიწერო, მაგრამ თუ ვინმე მაჩუქებს, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს. გოჯიც ასე მაჩუქა ახლობელმა - მაგ მცენარეზე ისეთი რამეები გავიგე, გონზე ვეღარ მოვედიო. დავრგე, მოვუარე... ამ გაზაფხულზე რომ გავსხალი, ნასხლავი წყალში ჩავდე, ფესვები გამოვაღებინე და უკვე 30 ძირამდე პატარა გოჯი მაქვს. თუმცა, შერჩევა სჭირდება, ყველას ვერ დარგავ.

- სასარგებლო თვისებები ყველა მცენარეს აქვს. ალბათ გოჯიზე ბევრი რამ გაზვიადებულიცაა?

- მაგას ჯერ ვერ ვიტყვი, რადგან არც ჩემი გაზრდილი გოჯის ნაყოფი მიმირთმევია და არც მაღაზიაში ძვირად ნაყიდი. მაგრამ ახლობლებს ვთხოვე, მათ შორის - ექიმებს და მითხრეს, ერთი სუფრის კოვზი გამხმარი გოჯის მიღების შემდეგ წნევა დაბლა იწევს და ძალიან მძიმე თავის ტკივილიც კი ყუჩდებაო. ეს ჩემთვის საკმარისია, რომ გოჯი გავაშენო. თუ მართლა კიბოსაც წინ ეღობება, დიაბეტსაც უხდება და უშვილობასაც შველის, ამაზე უკეთესი რაღაა! ისე, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გოჯის მე მაინც გავაშენებდი, რადგანაც მისი მწიფობის სურათები მაჩვენეს და ისეთი ლამაზია, თვალს ვერ მოაშორებ - წითელი კოწახურივით მარცვლები აქვს და ისე ანთია, თითქოს ცეცხლი გიზგიზებსო.

- გოჯი რომელ თვეში და რით გამდიდრებულ მიწაში დარგეთ, ან რამდენ კვირტზე გასხალით?

- ძალიან პატარა ნერგი შემოდგომაზე დავრგე, მაგრამ ზაფხულშიც რომ ეჩუქებინათ, მაინც გავახარებდი, იმიტომ, რომ გადამწვარი ნაკელით გამდიდრებულ შავმიწა ნიადაგში ჩავრგე და ჩვილი ბავშვივით ვუვლიდი, ვაფხვიერებდი და ვრწყავდი. ერთადერთი ნერგი მქონდა, ამიტომ ზამთარმა შემაშინა - ყინვებმა არ დამიზროს-მეთქი და სახლში გამოვაზამთრებინე, მარტის ბოლოს კი ნერგსაც გადავაჭერი თავი და მის გარშემო წამოზრდილი ამონაყარიც გავსხალი. ნასხლავი გასამრავლებლად მიწაში ჩავრგე, ზოგი - კალმის, ზოგიც უბრალო გადანაჭრის სახით... ზოგიც წყლიან ჭურჭელშიც ჩავდე და დავაკვირდი, რომელი უფრო სწრაფად გაიხარებდა. ყველა დაფესვიანდა.

- როდის შეიძლება ეს დაფესვიანებული ნერგები ცალკე ნიადაგში გადაირგას?

- რადგან პირველად ვახარებ, ბევრი მეც არაფერი ვიცი, თუმცა, იმ ნერგებიდან, რომლებიც ქოთანში მაქვს ჩარგული, რამდენიმეს თავის მიწიანად ამოვიღებ და გაზაფხულის ბოლომდე ბაღში გადავრგავ. ასე ფესვები არ დაუზიანდება... ქოთნებში კი წყლიან ჭურჭელში დაფესვიანებულ პატარა გოჯებს გადავრგავ...

- არადა, გოჯის შესახებ ჩინეთში თურმე ის მითიც არსებობს, რომ ეს ხე მხოლოდ ჩინეთში უნდა ხარობდეს.

- ეგ მითი მე გავაქარწყლე გურიაში - გოჯის ნასხლავიდან ნერგი ისე სწრაფად და ლაღად ამოვზარდე, თითქოს ჩვენს ხოდაბუნებზე დათესილი ხორბალი ჟუჟუნა წვიმას ამოებიბინებინოს. ჯერჯერობით ჩემს გოჯის არ დაუსხამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამასაც იზამს - ჩვენი მიწა ყველა მცენარისთვის მშობლიურ მიწად ქცეულა და გოჯი რატომ ვერ უნდა გავახაროთ!