წალკოტი მე-11 სართულზე - კვირის პალიტრა

წალკოტი მე-11 სართულზე

"მზისგულზე ვართ, დიდი გამოსხივებაა და აივანი ცოტა რომ დამეჩრდილა, პლასტმასის გამჭვირვალე ფირფიტებით გადავხურე. სურო ჯერ მხოლოდ კედელზეა, იმედია, აქაურობას მალე დაფარავს"

ასეთი წალკოტი, სადაც ერთმანეთის გვერდით 500-მდე დასახელების მცენარე ხარობს, მრავალსართულიანი კორპუსის მე-11 სართულზე კი არა, მიწაზეც არ მინახავს. მისი პატრონი თბილისის ონკოლოგიური დისპანსერისა და ერთ-ერთი კერძო კლინიკის ექიმი, ულტრაბგერითი გამოკვლევების სპეციალისტი, თერაპევტი, მეცნიერებათა დოქტორი ეკა გიუაშვილია. როგორც ამბობს, დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, თუმცა შინ მცენარეების მოვლა ხელს ნამდვილად არ უშლის.

- ამ ბინაში 16 წლის წინ რომ გადმოვდიოდით, უკვე ვიცოდი, მცენარეებს სად გავამრავლებდი... ხელი იმანაც შემიწყო, რომ საბერძნეთში ვისვენებდი და ჩემი ყურადღება მწვანე აივნებმა მიიქცია. მეც მომინდა აივნის გამწვანება, თუმცა ბოლო სართულის მწვანე აივანი ქუჩიდან არ ჩანს.

ჩემი მეგობრები აქაურობას "გარდენია ეკოლოს" ეძახიან. აქ უკვე 500 ქოთანია.

"მეგრული" ჰორტენზია შვილის მეგობარმა ჩამომიტანა სამეგრელოდან. არ არის ადვილი გასახარებელი. კაქტუსი წლების წინ ვნახე როდოსზე. ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ქვეყნებში ხარობს, გემრიელ, უტკბილეს ნაყოფს ისხამს, რომელიც იჭმება, თუმცა გემო არ მომეწონა. მაშინ პატარა ტოტი მოვატეხე, თბილისში ჩამოვიტანე და შესანიშნავადაც გაიხარა. შეგნებულად ჩავრგე პატარა ქოთანში, ძალიან რომ არ გაიზარდოს და ადვილად დავძრა. აქვეა იელი, ციკასი ("საგოვნიკი")... რამდენიმე ქოთანში ერთწლიანი მცენარეებიც ჩავთესე და მათ გამოჩენას ველოდები. ბენჯამინის ფიკუსს ახლა ფოთლები სცვივა, მაგრამ მალე ამოუვა. ზამთარში შინ შემაქვს, რადგან სიცივეს ვერ უძლებს. ერთ-ერთი პირველი ვერცხლისფერი ნაძვი შევიძინე. ეს პალმა კი ჯერ ისევ ძველ სახლში რომ ვიყავით, მაშინ ვიყიდე. ღერო რომ ეზრდება, ქვედა რიგის ფოთლები უყვითლდება, ყოველწლიურად მოჭრა სჭირდება და ზემოდან ძალიან ლამაზი, ბუჩქივით ამონაყარი უჩნდება.

- მცენარეები, რის წყალობით გრძნობენ თქვენთან თავს ასე კარგად? სასუქს ხმარობთ?

- სასუქს თავდაპირველად არ ვიყენებდი, მაგრამ დროთა განმავლობაში მიწა იფიტება და ამ სიმაღლეზე მისი ხშირ-ხშირად შეცვლა მიჭირს. ამიტომ სასუქს ვიყენებ. თუმცა პატარა ბარით ტყეშიც ხშირად მივდივარ, რომ მიწა წამოვიღო. ახლა საგაზაფხულოდ მცენარეები ვიტამინებით მოვრწყე.

- ლიმონი ისხამს?

- უფრო დიდი ლიმონიც მქონდა, მაგრამ ორი წლის წინ საშინელი გაზაფხული იყო და გამიხმა, ამასთან ერთად ყავის ხეც გახმა. იმაზე დიდი იყო, ახლა ოთახში რომ დგას. ლიმონს კი 58 ცალი ნაყოფი ება.

- კედელზე სუროც გაგიშვიათ.

- მზისგულზე ვართ, დიდი გამოსხივებაა და ცოტა რომ დამეჩრდილა, პლასტმასის გამჭვირვალე ფირფიტებით გადავხურე. სურო ჯერ მხოლოდ კედელზეა, იმედია, აქაურობას მალე დაფარავს... ყველა მცენარე მიყვარს, თუმცა ვარდები - გამორჩეულად.

- მუშმალაც გქონიათ.

- შარშანწინ ესხა პატარები... ბათუმში ვერცხლისფერი ნაძვი შევიძინე, ლეჩხუმიდან ბზა წამოვიღე... სადაც ჩავალ, სამახსოვროდ რაღაც მომაქვს. ეს ეონიუმი საბერძნეთიდან ჩამოვიტანე. მაშინ აქ იშვიათი იყო, ახლა უკვე ბევრს აქვს. მზეზე წითლდება, ზამთარში მწვანეა, ტოტით მრავლდება. სტაფილოსფერი ბუგენვილია ბოდრუმიდან წამოვიღე. თავიდან ფერი რომ შეიცვალა, ყვავილი მეგონა, არადა, ფერს ფოთოლი იცვლის, ზამთარში კი სცვივა. სახლში რომ შემაქვს, იწყენს, არადა, აივანზეც ვერ ვტოვებ, გაიყინება. ამიტომ ცოტა მიჭირს მისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. ჟოლოსფერი ბუგენვილია აფრიკიდანაა, ნათესავმა ჩამომიტანა. აგავა დიდი არ არის, თუმცა უზარმაზარი მქონდა და სოფელში წავიღე... ერთი სუკულენტი ყაზბეგიდან წამოვიღე, მეორე, კლდის ვარდი - შატილიდან. ლამაზი ყვავილი აქვს. ზამთარშიც გარეთ მქონდა, სადაც შატილში ძლებს, ჩემს აივანზეც გაძლო. ჩემი იები ბეთანიის ტყიდან გახლავთ.

ლეჩხუმში გავიზარდე, ეზოში 4 უზარმაზარი მუხა იყო - რამდენი საუკუნის, ბაბუასაც არ ახსოვდა, ეს ხე ძალიან მიყვარს და პატარა მუხაც ამიტომ მაქვს აივანზე. მინდოდა, დამეჯუჯავებინა, მაგრამ გადავიფიქრე. ყავის ხე 5-6 წლისაა და უკვე დიდი გაიზარდა. ამის "დედიკო" გამიხმა. ყავის მარცვლებს მიწაში ვაბრუნებ, იქნებ ამოიყაროს. როცა სწყურია, ფოთლებს ჩამოყრის. ერთ დღეს სურნელოვანმა დრაცენამ გამაოცა - საოცარი სურნელი დაატრიალა. თავიდან ვერც მივხვდი, საიდან იყო - თურმე უზარმაზარი ყვავილები ერთ ღამეში გამოსვლია და მძაფრ სურნელს აფრქვევდა. კედარი მონასტრიდან წამოვიღე - დიდი კედრის ძირში რამდენიმე ამონაყარი იყო და დედებმა გვითხრეს, წაიღეთო. ყველა გავახარე, იმედი მაქვს, შემდეგაც კარგად იგრძნობენ თავს. კაკალი კარგი ჯიშისაა, 3-4 წლის არის. რომ გაიზრდება, გრუნტში გადავრგავ. ისე, საცოდაობაა, როცა ადამიანებს მიწის ნაკვეთი აქვთ და არაფერს რგავენ.

პემზის ქვა ჩემი ბავშვობის დროინდელია. მახსოვს, მამამ რომ მოიტანა, ხავსით იყო დაფარული. დედას ბროლის თასში ჰქონდა და წყალს ვუსხამდით. მერე სახლში ვეღარსად დავინახე და მოვიკითხე. დედას შეენახა. წამოვიღე და მასზე ხავსი, მცენარეები ისევ გავახარე. ისე, სულ მიყვარდა კომპოზიციების გაკეთება. აქაც ვცდილობ... აქაურობა ჩემთვის დასვენების ადგილია. რაც უნდა დაღლილი ან ცუდ ხასიათზე ვიყო, ჩემს აივანზე ყველაფერი მავიწყდება.

- რას ურჩევდით მკითხველს?

- შეიძლება მოვლა გეზარებოდეს, ან დრო არ გქონდეს, მაგრამ მცენარის უსიყვარულობას ვერ ვხსნი. შეიძლება ამხელა ხეები და ბუჩქები არ გქონდეს, მაგრამ ქოთნის ერთ მცენარეზე, ფანჯრის რაფაზეც რომ ხარობს, უარი როგორ უნდა თქვა?! მერე თითოეული გამოსული ყვავილი და შენი შრომის შედეგი გახარებს...

- ზოგი მებაღე და ფლორისტი მცენარეებს ესაუბრება, ზოგი სქესსაც აკუთვნებს...

- მცენარე უსულო საგანია, "რა" კითხვა დაესმის და არ მომწონს, როცა მათ ასულიერებენ - "მოვიყვანე", "წავიყვანე" და "ჩემი გოგო-ბიჭები".... მცენარე ცოცხალი ორგანიზმი კია, მაგრამ არა - სულიერი არსება. თუმცა, ჩანს, ახლა ასეთი მეტყველება მოდური გახდა. მცენარეები არავისზე ნაკლებად არ მიყვარს, ამას ხედავთ კიდეც, მაგრამ ქართული ენა უფრო მიყვარს.

- ბოტანიკოსობაზე არ გიფიქრიათ?

- ექიმები მყავდა ბაბუა და დეიდა, ეს საქმიანობა მეც მომწონდა და ამიტომ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. მიმაჩნია, რომ მისი მსგავსი არც ერთი პროფესია არ არის. ონკოლოგიურ დისპანსერში ვმუშაობ... ჩემი მცენარეები მძიმე დღის შემდეგ მხოლოდ მამშვიდებს და მახალისებს...

ლალი ფაცია