"თამამი ბატკნის" გადასარჩენად...
09-05-2016
"თამამი ბატკნის" გადასარჩენად...
ძვირფასი ქართული ჯიშების გენოფონდი მიგდებულია

საქართველოს ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან მოიპოვება ხორბლის ენდემური, განსაკუთრებული ჯიშები; ცნობილია მსოფლიოში ყველაზე გრძელხორთუმიანი ქართული ფუტკარი; ვაზის ასობით უნიკალური ჯიში; ქართული ცხენი, ძროხა, თხა, ცხვარი, ქათამი და სხვ.

გამუდმებული ომიანობის მიუხედავად, ქართველი გლეხი საუკეთესო პოპულაციების გამოყვანას ცდილობდა. დიდებული მემკვიდრეობის ნაწილი გაქრა, ნაწილიც გაქრობის პირას არის, რადგან გლეხმა წინაპართაგან გადმოცემული ცოდნა დაკარგა და სახელმწიფოც ვერ მოქმედებს შედეგიანად. სელექციის თემაზე სასაუბროდ პროფესიონალის მოძებნაც კი გამიჭირდა, რაც ჩემს რესპონდენტ
გიული გოგოლს არ გაჰკვირვებია. 71 წლის ზოოტექნიკოსი 50 წელიწადია ამ საქმეში ტრიალებს.

გიული გოგოლი, ზოოტექნიკოსი: - საყოველთაოდ ცნობილი ჰოლანდიური ძროხის ჰოლსტაინ-ფრიზული ჯიში გამოყვანილია ხალასად, თავისით, არან­აირ სხვა ჯიშს არ შეჯვარებია. საუკეთესო მდედრს შეურჩევენ
საუკეთესო მამრს და შედეგიც საუკეთესოა. სელექციისთვის ასევე გამოიყენება ორი სხვადასხვა პოპ­ულაცია, ერთის საუკეთესო თვისებებით ცდილობენ მეორე პოპულაციის საუკეთესო­ თვისებების გამდიდრებას. სელექცია ხანგრძლივი პროცესია, სულ ცოტა, 20-30 წელიწადი სჭირდება შედეგის მიღებას, საუკეთესო შედეგი კი ხშირად საუკუნის შემდეგ დგება.

- გასულ საუკუნეში გვქონდა მიღწევები?­

- დიახ, არჩილ ნატროშვილმა გამოიყვანა ქართული ნახევრად ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი, ივანე ბაზოშვილმა კი ქართული ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანის ჯიში მოგვცა. ეს ჯიშები გასული საუკუნის 50-იან წლებში დამტკიცდა. იმ დროს მსოფლიოსთვის გასაკვირი იყო ნაზმატყლიანი ცხვარი ცხიმიანი კუდით. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მსგავსი ჯიში ჩინეთშიც არსებობდა. საქართველოში გამოიყვანეს კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხა, რომელზეც გერმანელმა კუჩენბახმა მუშაობა დმანისში 1864 წლიდან დაიწყო. საქმე ქართველმა სელექციონერმა ნესტორ გოცირიძემ განაგრძო და ჩვენებური წაბლა ძროხაც 1960 წელს დამტკიცდა. ის გამოიყვანეს კავკასიური წაბლას შეჯვარებით შვიცურ და მის მონათესავე ჯიშებთან.

კუჩენბახმა შეიძინა მცირეკავკასიური და ქართული მთის ჯიშის ძროხები, შვეიცარიიდან ჩამოიყვანა შვიცური ჯიშის 13 დეკეული და 3 კურო. კულტურული ევროპული ჯიშის პირუტყვი მაშინ ამიერკავკასიაში პირველად შემოიყვანეს. ძროხის საკუთარი კულტურული ჯიში საქართველოსა და მის მოსაზღვრე რესპუბლიკებს ადრე არ ჰყოლიათ.

80-იან წლებში საქართველოში 180-მდე სანაშენე სადგური, სანაშენე ფერმა,­ ჯიშსაშენი ან სანაშენე მეურნეობა იყო. მართალია, მუშაობის ხარისხი დაბალი­ იყო, თუმცა დღევანდელ უძრაობას სჯობდა.­

- ჯიშები იდენტიფიცირებული და აღრ­იცხულია? როგორც ვიცი, ევროდირექტივები­ საქართველოს ამის მოგვარებასაც ავალებს.

- სურსათის უვნებლობის სამსახურის ამოცანაა ცხოველების აღრიცხვა და იდენტიფიკაცია. თუმცა, ფაქტობრივად, მხოლოდ ინვენტარიზაციას აკეთებენ. დაადებენ ყურზე ჭდეს, სათვალავში მიითვლიან და წარმოდგენა არ აქვთ, პირუტყვი რა ჯიშის არის, ვისი შვილია, საიდან მოდის. უცხოეთიდან შემოყვანილ პირუტყვს გენეალოგიური ნუსხა მოჰყვება, წინაპრების ხუთი თაობა ჰყავს აღნიშნული და თუ მეტის გაგებას მოინდომებ, სრულ ინფორმაციასაც მიიღებ ინტერნეტით. შეიტყობ, რამე ატიპური დაავადებისკენ ხომ არ აქვს მიდრეკილება, როგორი აქვს პროდუქტიულობა და სხვ. ნომრის დადება, იდენტიფიკაცია არ არის, ცხოველის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდე.

- წაბლა ძროხა დაიკარგა?
- ქაოსია. რადგან პოპულაციებზე ჩანაწერები არ არსებობს, ვერ გაიგებ, ძროხა წაბლაა თუ შვიცური. ერთმანეთს ჰგავს ორივე და როგორც გინდა, ისე მოიხსენებ.

- ცხვარს რა ბედი ეწია?

- ერთეული ეგზემპლარები შემორჩა.­ როცა სელექცია წყდება, ნიშან-თვისებები რეგრესს განიცდის. ცხოველების სრულფასოვანი სელექციისთვის, სულ ცოტა, 3000 სული უნდა გყავდეს ერთ პოპულაციაში, ფრინველებში გაცილებით მეტი. ასე დაცული ხარ ნათესავების შეჯვარებისგან, რაც დეფექტს ან დეგრადაციას იწვევს.

- უძველესი ენდემური ჯიშები არის შემორჩენილი?
- არისტოტელე წერდა, რომ ფაზისში იყო პატარა ძროხის ჯიში, რომელიც ბევრ რძეს იძლეოდა. ამ ჯიშიდან გამოიყვანეს ძმებმა კვარაცხელიებმა ცნობილი მეგრული წითელი ძროხა. სულ წითელი იყო, იშვიათი თეთრი ლაქებით, რქები და ჩლიქები კი თაფლის სანთლისფერი ჰქონდა. 1914 წელს დიკი კვარაცხელიამ 300 სული მეგრული წითელი ძროხა აჩუქა ნიკოლოზ მეორეს. დღეს თითო-ოროლაა შემორჩენილი. ჯერ კიდევ შეიძლება გადარჩენა. ამ ჯიშის გაყინული სპერმა სანქტ-პეტერბურგში ინახება.

გვყავს ძველი ქართული მთის ძროხის პოპულაციები, ხევსურული, თუშური, ფშავ-ხევსურული, რაჭული, აფხაზური. ხევსურული საოცარი უნარების მქონეა, 35-გრადუსიანი დახრის ფერდობზე შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს და ძოვოს. ეს ჯიშები ხალხური სელექციით არის გამოყვანილი. ძველად ხალხმა იცოდა, როგორ შეერჩია კარგი და მიეღო უფრო კარგი. არსებობს ცნება - "თამამი ბატკანი", რომელსაც არც ერთი მეცხვარე არ დაკლავდა, რადგან ასეთი ბატკანი საუკეთესო სასელექციო მასალა იყო.

თუშური ჯიშის ცხვარიც საოცარია, წელიწადში 500 კმ-ს გადაადგილდება, მთავარია ბალახი ჰქონდეს, საოცარი თეთრი ფერის მატყლსა და უგემრიელეს ხორცს გვაძლევს. ამიტომაც ეტანებიან არაბები. ეს პოპულაციაც მიგდებულია... გვყავს შესანიშნავი იმერული ცხვარიც, რომელსაც შეუძლია წელიწადში ორჯერ მოიგოს - თითო მოგებაზე, სულ ცოტა, ორი ბატკანი, მაქსიმუმ კი ექვსი. საზოგადოდ კი ცხვარი მხოლოდ გაზაფხულზე იგებს. ეს ჯიშიც მიგდებულია, არადა, შესაძლებელია მისი განვითარება და დიდი მოგების მიღება. გვყავდა შესანიშნავი კახური ღორი. მისი საშენები იყო თელავში, ყვარელსა და გრემში. დაავადებამ გაანადგურა ეს სახეობა. ქათმის ხუთი პოპულაცია გვყავს - შავი, ნაცარა, მეგრულა, ყელტიტველა და ჩალისფერი, რომელთაც ასევე სჭირდება პატრონობა. მიშვებულია გლეხის შეხედულებაზე, რომელ მამალსაც უნდა, იმას იტოვებს გასამრავლებლად. არც აინტერესებს, როგორი მშობლები ჰყავდა, კვერცხისმდებლობა როგორი იყო და სხვ.

ქართული ფუტკარი როცა აღწერეს რუსებმა, კავკასიური რუხი ფუტკარი უწოდეს. მათგან ცნობილია მეგრული და აფხაზური პოპულაციები. ქართულმა ფუტკარმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო გამოფენაზე და სამივეჯერ ოქროს მედლით დაბრუნდა.

მას ასე თუ ისე ექცევა ყურადღება, მაგრამ მეტია საჭირო. ზოგადად, ფუტკარი 2000 კვერცხს დებს, ქართული - 1200-ს, ამიტომაც გასაუმჯობესებლად იტალიური სახეობა შემოიყვანეს. ქართული ფუტკარი თვინიერია, შეგიძლია პირბადის გარეშე იმუშაო მასთან, არ იგესლება და ადამიანს არ ერჩის. განსაკუთრებული მახასიათებელია ყველაზე გრძელი ხორთუმი, რითაც ყვავილში უფრო ღრმად ჩადის და მეტ ნექტარს იღებს. ცნობილია მეგრული თხა, ქართული კამეჩი. ეს კავკასიური ჯიშია, მაგრამ ჩვენი პოპულაცია განსხვავებულია თუნდაც აზერბაიჯანული პოპულაციისგან. სომხებს­ კამეჩი არ ჰყავთ...

ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მთავარია, ამ დიდი საქმის თავიდან დაწყებითა და ძველი ტრადიციების გაგრძელებით დაინტერესდეს ხელისუფლება. სამწუხაროდ, არაერთხელ ამაოდ ვცადე ამ თემაზე სასაუბროდ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა. 35 წელიწადია, სელექციის მხრივ არაფერი კეთდება, ცხოველ-ფრინველების გამრავლება თვითდინებაზეა მიშვებული და შესაძლოა, ძვირფასი ენდემური ჯიშების გენოფონდი სრულად განადგურდეს.

ქართული ხორბალი

საქართველოს ტერიტორიაზე ხორბალი ჯერ კიდევ ნეოლითისა და ენეოლითის ხანაში ყოფილა გავრცელებული. საქართველოში ხორბლის მოხმარების უძველესი კვალი პირველად კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, მეორედ კი შულავერში იპოვეს ძვ.წ. V-IV ათასწლეულის ნიმუშები. ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ საქართველოში სხვადასხვა დროს აღწერილი და რეგისტრირებულია ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება ხორბლის სელექციის იმდენი ტიპი, რამდენიც ჩვენთან. საქართველოში რეგისტრირებული და აღწერილია 154-ზე მეტი სახესხვაობა და ჯიშთა დიდი მრავალფეროვნება (150-ზე მეტი ჯიში და ფორმა).

ხორბლის ქართულ ჯიშებს ("მახა", "ზანდური", "თავთუხი", "დიკა", "დოლისპური", "ასლი" და სხვ.) აქვს უნიკალური თვისებები, რაც ბევრ უცხოურ, განსაკუთრებით თანამედროვე ჯიშებს არ გააჩნია: ყინვაგამძლეობა და გვალვაგამძლეობა, გამძლეობა მავნებლების მიმართ, სტაბილურმოსავლიანობა, კარგი გემო და სხვ. (აღსანიშნავია, რომ ქართული პური დიდხანს ინახება და საერთოდ არ ობდება).

სამეურნეო დივერსია?!

სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში ენდემური ჯიშებისა და პოპულაციების განადგურებაზე ან მათი შესაძლებლობების დაკნინებაზე დიდი გავლენა მოახდინა რუსი და ევროპელი ფსევდოსპეციალისტების მცდელობამ, თითქოსდა ქართული ღარიბი ბიომრავალფეროვნება გაემდიდრებინათ. ამ მიზნით ვაზისა და ხეხილის უცხოური ჯიშები შემოიტანეს. შედეგად, თითქმის გაქრა ქართული ხილის ჯიშები, ხოლო უცხოური ვაზის ჯიშებს შემოჰყვა სოკოვანი თუ სხვა დაავადებები, რასაც ქართულ მევენახეობაში ნამდვილი კატასტროფა მოჰყვა.

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა