"აფთიაქარსაც" უნდა წამლობა...
16-05-2016
"აფთიაქარსაც" უნდა წამლობა...
რა უნდა იცოდნენ დამწყებმა მეფუტკრეებმა

ვისაც ფუტკარსა და სკასთან შეხება ჰქონია, გაოცებულია ფუტკრების ოჯახის წესრიგით. მუშა-ფუტკრების მთავარი საზრუნავი დედა-ფუტკრის მოვლაა. ერთი გუნდი კვების საკითხს აგვარებს, მეორე - სკას ქურდებისგან იცავს. ეს მეტად სერიოზული მოვალეობაა, რადგან ფუტკარს უამრავი მტერი ჰყავს: თაგვები, ფრინველები, მწერები და სხვ. სკაში ე.წ. ხურო - მშენებელი ფუტკრებიც ცხოვრობენ. უკვე მოწიფული და გამოცდილი ფუტკრების გუნდი კი, საშოვარზე მიდის ნექტრისა და ყვავილის მტვრის შესაგროვებლად, ზოგიერთი მზვერავია... გაზაფხულზე ფუტკრები ყველაზე
მეტ თაფლს აგროვებენ. რა პრობლემები აქვს ფუტკრის ოჯახს ამ სეზონზე და რა უნდა გააკეთოს გამოცდილმა მეფუტკრემ, რომ თაფლი უხვად მიიღოს? - ვკითხეთ ბიოლოგიური ასოციაციის კონსულტანტს, ფერმერ ჯაბა ჭეიშვილს.

- ოცი წელია, ფუტკარს ვუვლი, ამჟამად ასი ძირი სკა მაქვს და ვეცდები, დამწყებ მეფუტკრეებს გამოცდილება გავუზიარო. ყველაზე
დიდი პრობლემა გაზაფხულზე ფუტკრის ბუნებრივი ნაყრიანობაა: როცა ამინდები გამოდის, ოჯახი სკაში აღარ ეტევა და ფუტკარი ნაყრიანობას იწყებს - ოჯახის ნახევარი ცალკე გამოიყოფა და მეორე ოჯახად ყალიბდება. მცოდნე და გამოცდილმა მეფუტკრემ ეს პროცესი უნდა შეაჩეროს, რადგან ნაყრიანობა თაფლის მიღებაში ხელს შეუშლის. ხანდახან ფუტკარი 2-3 ნაყარსაც აკეთებს. ნაყრიანობა იმით არის ცუდი, რომ შეიძლება მეფუტკრეს ფუტკარი გაექცეს, ან სხვა ფუტკრებმაც მას მიჰბაძონ და მეფუტკრემ ნაკლები თაფლი მიიღოს.

- როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება?

- ადრე გაზაფხულიდანვე ფუტკარს სამუშაო ბლომად უნდა მივცეთ, სრულად უნდა დავტვირთოთ, რათა ნაყარი­ არ გააკეთოს. უპირველესად, ახალი ფიჭები­ უნდა ავაშენებინოთ. როცა ფუტკარს ბევრი სამუშაო აქვს, აღარ ფიქრობს ნაყრიანობის დაწყებაზე. არსებობს ნაყრიანობისკენ მიდრეკილი ფუტკრის ჯიშები,­ თუმცა გამოცდილი მეფუტკრე სელექ­ციის გზით ამ ნაკლსაც აღმოფხვრის - ასეთ ჯიშებს სხვა, უკეთესი ჯიშებით ჩაანაცვლებს. ნაყრიანობისკენ მიდრეკილი ფუტკარი მეტ მოვლას საჭიროებს.

- როგორ უნდა შეძლოს მეფუტკრემ, რომ ფუტკრის ოჯახიც ჯანმრთელი იყოს და თაფლიც საკმაოდ ამოიღოს?
- ფუტკარზე ზრუნვა შემოდგომით იწყება. თუ კარგად მოვუვლით და გამოსაკვებად საკმარის თაფლის მარაგს დავ­უტოვებთ, აუცილებლად ჯანმრთელი იქნება, თუმცა ზოგიერთი ფუტკრის საკვებად შაქრის ვაჟინსაც იყენებს. რა თქმა უნდა, თაფლით ნაკვები ფუტკარი უფრო ჯანსაღია. გაზაფხულზე კი სკები საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს. ძველი - ახლით უნდა შევცვალოთ და დეზინფექცია გავუკეთოთ. დეზინფექცია სხვადასხვა გზით შეიძლება, ყველაზე ადვილია სარჩილავი ლამპით.

- როგორ ტარდება ეს პროცედურა?

- ათასგვარი ხსნარით შეიძლება დეზ­ინფექცია ჩატარდეს, რადგან ფუტკარს მრავალი დაავადება ემართება და ზოგ­იერთი მათგანი გადამდებიც არის, მაგ­რამ დამწყები მეფუტკრისთვის სარჩილავი­ ლამპა და ცეცხლის ალი ყველაზე ადვილი და მოსახერხებელია. სკაში ყველა წერტილი უნდა შემ­ოვიაროთ, რომ საეჭვო არაფერი დარჩეს. შემდეგ ფუტკარს უკვე ამ დამუშავებულ, სუფთა სკაში გადავიყვანთ, ძველ სკასაც დეზინფექციას გავუკეთებთ და სხვა ოჯახისთვის გამოვიყენებთ. ეს პროცედურა მარტში ან აპრილში კეთდება, მაგრამ თუ ამინდი ხელს არ შეგვიწყობს, შეიძლება მაისშიც გადავიდეს. მე, მაგალითად, წლეულს დეზინფექციაც ჩავატარე და ფუტკრებსაც სკები შევუცვალე. გაზაფხული წვიმიანია, თუმცა მზიანი დღეებით ვისარგებლე. სასურველია დეზინფექციისა და სკების შეცვლის მაისამდე დასრულება.

- რა დაავადებები შეიძლება შეხვდეს ფუტკარს?
- უპირველესად, ვაროას ტკიპა გაუჩნდება, რომელიც თითქმის ყველა დაავადებას ავრცელებს. ვაროას აქვს კარგად განვითარებული კიდურები და ხორთუმი, რომლითაც ზამთრის პერიოდში წოვს ფუტკრის სხეულს. მისი არსებობა და გამრავლება მთლიანად დამოკიდებულია ფუტკარზე. მის გამო ფუტკრის ბარტყი თავიდანვე კვდება, ან იჩეკება შრომისუუნარო, განუვითარებელი, ხშირად უფრთო და მალე იღუპება. ვაროა წლის ყველა დროს მრავლდება, სანამ სკაში ბარტყია. ვაროატოზს შეუძლია ფუტკრის ოჯახი მთლიანადაც კი გაანადგუროს. მის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა წამალს იყენებენ, თუმცა ტკიპა ამ წამლებს თანდათან ეჩვევა, ამიტომ ჯობს მცენარეული პრეპარატების გამოყენება, რომელსაც ინტერნეტშიც შეხვდებით, ან შეგიძლიათ სპეციალისტის კონსულტაციით დაამზადოთ.
ფუტკარს, შესაძლოა, განუვითარდეს ამერიკული სიდამპლე, ევროპული სიდამპლე და სხვა უამრავი საზღვარგარეთიდან შემოსული დაავადება. თუმცა, თუ ფუტკარი კარგად მოვლილია, ეს დაავადებები არ გაუჩნდება. საქართველოში ყველაზე საშიში ვაროას ტკიპაა, თუმცა ამერიკული სიდამპლეც შემხვედრია. ამ ბოლო ხანებში ძალიან გავრცელდა ფუტკრის ფარული ფაღარათიც. თუ კარგად მოვუვლით, ფუტკარი არც დაავადდება და თავის საქმესაც კარგად გააკეთებს.

- როდის არის სასურველი სკიდან თაფლის ამოღება?
- თაფლს სხვადასხვა დროს იღებენ, გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში. მაგალითად, გურიაში სკებიდან თაფლის ამოღება მაისის ბოლოს იწყება და ივლისის ბოლოს თაფლი უკვე აღარ არის. ალპურ ზონაში გვიან იწყება და თაფლის ამოღება აგვისტოს ბოლოს მთავრდება. ძირითადად, თაფლის ამოღება მაინც ზაფხულს ემთხვევა.

- რას ურჩევდით ფუტკრის მოშენების მსურველთ?

- სასურველია, დამწყებმა მეფუტკრეებმა კონსულტაცია მცოდნე და გამოცდილ სპეციალისტთან გაიარონ. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ასეთი სპეციალისტები. გარდა ამისა, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სპეციალური კურსები ტარდება, სადაც მსურველს შეუძლია მივიდეს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პროფესიონალთან კონსულტაცია აუცილებელია. ის დააკვალიანებს დამწყებ მეფუტკრეს, რომ სკას სწორად მოუაროს, ფუტკარი არ დაუავადდეს და შრომა წყალში არ ჩაეყაროს.

ფუტკრის დაავადებები

სპეციალისტები ამბობენ, რომ ფუტკარს უამრავი მტერი ჰყავს. მათ შორის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ დაავადებებს გამოყოფენ. ვირუსით გამოწვეული: პარკუჭა ბარტყი; ბაქტერიებით გამოწვეული: პარატიფი, სეპტიცემია, ამერიკული სიდამპლე, ევროპული სიდამპლე, ცრუ სიდამპლე; სოკოებით გამოწვეული: ჩაკირული ბარტყი, გაქვავებული ბარტყი; ერთუჯრედიანი პარაზიტებით გამოწვეული: ამებიაზი, ნოზემატოზი; ტკიპებით გამოწვეული: ვაროატოზი, აკარაპიტოზი, ფუტკრის ტილი.
ამავე დროს, ფუტკარი შეიძლება მოიწამლოს მანანა თაფლით, ქიმიური ნივთიერებებით, პესტიციდებით და სხვ. ამიტომ ამ უწყინარ და სასარგებლო არსებას მუდმივი მოვლა და ყურადღება სჭირდება.


ხათუნა ჩიგოგიძე
თენგო
23 ივლისი 2018 19:01
გამარჯობა. რა პრეპარატებით უმჯობესია ტკიპასთან ბრძოლა? სამი დღის უკან ჩავდე სკაში ეკოპოლის ორი ფირფიტა და ამ სამ დღეში დაახლოებით ორასი ტკიპა ჩამოვარდა. ალუმინის ბადე მაქვს გაკეთებული სკის ძირზე, უკანა მხრიდან უჯრით და იოლია დასუფთავება

რედაქტორის რჩევით