მიწის მოყვარულმა კაცმა საინგილოში მამული თავის ჭკუაზე დაალაგა
16-05-2016
მიწის მოყვარულმა კაცმა საინგილოში მამული თავის ჭკუაზე დაალაგა
"მამაჩემი მასწავლიდა მიწის, მცენარეების, ვაზის სიყვარულს. როცა დავინახე, რომ მცენარემ იყვავილა და ხეხილმა იხარა, მივხვდი, ჩემი ურთიერთობა ბუნებასთან შედგა"

საინგილოს ერთ ქართულ სოფელში, ალიბეგლოში (ძველი სახელია ქათმისხევი) თუ მოხვდ­ებით, თქვენს ყურადღებას კოტე ბარიხაშვილის­ მოვლილი ეზო-კარი მიიქცევს. ბატონი კოტე ერთმანეთს უთავსებს ქართულ თეატრში მუშაობას, ეკლესიის მოვლას, საოჯახო ჯაფასა­­ და მიწა-მამულის პატ­რონობას. მის ეზო-კარში ასწლიანი ვაზი, უამრავი ხეხილი და ულამაზესი მცენარეები ერთად შეგიძლიათ ნახოთ.

- ალიბეგლოში დავიბადე და გავიზარდე. თბილისში მივიღე უმაღლესი
განათლება, მაგრამ მერე დავბრუნდი. მამულის ნაწილი წინაპრებმა დამიტოვეს. ალიბეგლოში ქართული თეატრიც მაქვს,­ ქართულ ეკლესიაშიც ვმუშაობ და ოჯახსაც ვუვლი. ვაზის მოვლა-შენარჩუნ­ება ისტორიასთან გვაკავშირებს.­ შეუძლებ­ელია, ვაზი ეზოში არ მქონდეს.

საქართველო მიწის ქვეყანაა და ჩემთვისაც აქედან იწყება ყველაფერი. ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მონატრება როცა მძაფრდება, ვაზს ვეჩურჩულები, მიწას ვეფერები,
ქართულად ვესაუბრები. ვაზის ხათრით მარანიც მოვაწყვე. ეზოს კუთხეში რომ ვაზია, თითქმის საუკუნის ხნისაა. ჩემი პაპის პაპის დანატოვარია და როგორც ჩემს ქართველობას, ისე ვეფერები და ვუფრთხილდები.

- ეზოში პალმაც გიდგათ?
- პალმაც გავახარე, სხვადასხვა მცენარეც, ვარდით დაწყებული. შევეცადე, ჩემი მიწა-მამული ჩემს ჭკუაზე დამელაგებინა. ხეხილის ბაღიც აქვეა.
დღეს ადამიანი მიწას მოსცილდა. ბუნებასთან თანხვდენილად აღარ ვცხოვრობთ და ამიტომაც აღარც ადამიანს, სიცოცხლეს, ბუნების კანონებს ვცემთ პატივს.

- რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც მიწასთან ურთიერთობის დაწყებას აპირებენ?
- ერთ დღეში მიწას ვერ შეიყვარებ. მას დიდი ჯაფა სჭირდება, დიდი ნებისყოფაც. ბუნებაც თავისებურია, გცდის. გულწრფელად თუ მიდიხარ მასთან, მიგიღებს. მამაჩემი მასწავლიდა მიწის, მცენარეების, ვაზის სიყვარულს. როცა დავინახე, რომ მცენარემ იყვავილა და ხეხილმა იხარა, მივხვდი, ჩემი ურთიერთობა ბუნებასთან შედგა.
აქ ბევრს უნდოდა მიწასთან კავშირი,­ მაგრამ ვერ ამუშავებენ ხელმოკლეობის გამო. იყო პრობლემები ადგილობრივი­ მუნიციპალიტეტის მხრიდან. მიხარია, ჩემით რომ დაინტერესდით, ჩვენ თქვენგან­ სტიმული გვჭირდება. დღე არ გადის, საქართველო არ ვახსენოთ.­ თუკი ქართველები მსტუმრობენ, ყოველთვის სათანადოდ ვხვდები. ბევრს, ჩემს ეზო-კარს რომ უყურებს, მიწისკენ გული მიუწევს, სიკეთე ხომ გადამდებია...

- გაუზიარეთ გამოცდილება მათ, ვისაც მამული აქვთ.

- აქ იმდენი რამეა და ყველაფერს თავისი მიდგომა და შრომა სჭირდება. ახლა კარგი დროა ყვავილების გადარგვა-დარგვისა, ნათესების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა მათი გამოხშირვა. ძალიან მიყვარს ვაზი, კაკალი, ვარდი. წესი გვაქვს ალიბეგლოში - კაკლის დარგვა თუ გვინდა, კაკლის 3 ნაყოფს ჯვარედინად ვდებთ მიწაში. შეუძლებელია, იმან არ გაიხაროს.­ გადარგვის დროს კი ამ ნაყოფიდან ამოყრილ ფესვს ვაჭრით. ნაყოფს­ მცირე სათბურში ვინახავ და ყოველ გაზაფხულს ყვავილებით ეზოს თავიდან ვალამაზებ.

- ბაზარში თუ გაგაქვთ თქვენი მოწეული­ მოსავალი?
- რა თქმა უნდა. 500 კილოგრამი თხილი­ მოგვყავს. გვაქვს უამრავი ბოსტნეული. რაც მთავარია, აქ სოფლის ნობათი ფასობს. ხალხი შემოტანილ პროდუქტს სოფლისას ამჯობინებს, ჩვენთვის კი ეს უდიდესი ეკონომიური დახმარებაა. მთავარი რჩევა ჩემგან ის არის, რომ რაც უფრო ხშირად ხარ მიწასთან, ხვდები, რომ მით მეტად გიყვარს შენი მამული, ფერები, გარემო, სურნელება... ასეთი ადამიანი ბოროტი ვერ იქნება. მოკლედ, ვისაც როგორ შეგვიძლია, მივხედოთ საკუთარ მამულს, საკუთარ მიწას. ეს ძნელი სულაც არ არის.

ნინო ცხვარაშვილი
ქეთევანი
19 ივნისი 2016 14:42
მადლობა პასუხისათვის, გასაგებია რედაქციის დამოკიდებულება სტატიისადმი
ავტორი ქეთევანს
21 მაისი 2016 12:30
მართალი ბრძანდებით. მე სხვა სათაური მქონდა და რედაქციამ შემიცვალა. "საინგილოს სოფელ ალიბეგლოში საუკუნოვანი ვაზი ხარობს" "მოვუაროთ ჩვენს მიწა მამულს ეს რთული სულაც არ არის" ეს სათაურები რედაქციამ შეცვალა.
ketevani
20 მაისი 2016 19:55
სხვა სათაური უფრო მოუხდებოდა ამ სტატიას ქ. ნინო :)

რედაქტორის რჩევით