პეკინური იხვი ხმაურით არ გვაყრუებს - კვირის პალიტრა

პეკინური იხვი ხმაურით არ გვაყრუებს

"პეკინური იხვი ძალიან მალე იზრდება, 40 დღისა უკვე 2 კილოგრამამდეა. 70 დღისა 3,5-4 კილოგრამს იწონის. ზოგი 5 კილოგრამამდეც ადის. მთავარი - პეკინური იხვის შენახვას დიდი თანხა არ სჭირდება, - დაახლოებით დღეში 15 თეთრი, ჭუჭულებს კი ბევრად ნაკლები"

საქართველოშIი იხვის რამდენიმე ჯიში არსებობს. თუმცა რამდენიმე წლის წინ პეკინური იხვის შემოყვანამ თითქმის ყველა ჯიში დაჩრდილა, - პეკინური იხვი მეხორცული და იმავდროულად ძალიან გემრიელია. მისი გაზრდა-გამოკვებაც შDედარებით იოლია და რაც მთავარია, ხმაურით არავის აყრუებს. ამიტომ უხმო ან მოჩურჩულე იხვს ეძახიან. მათ ზესტაფონში სერგო მაჩიტიძე ზრდის.

- პეკინური იხვები ერთმა ზესტაფონელმა იმ პირობით მომყიდა, თუ არ გადააშენებ, მოგყიდი, ისე, არაო. შევპირდი, არ გადავაშენებ-მეთქი და პირობაც ავასრულე. ეს იხვი ისეთი ჯიშის არ არის, ეზოს გარეთ გარეკო და შინ მოსვლისას ერთი მუჭა სიმინდი დაუყარო. ამიტომ ინტერნეტს ჩავუჯექი და ამ იხვზე ყველაფერი შევისწავლე...

თავდაპირველად, თითო-ოროლა კვერცხს დებდნენ, სულ რამდენიმე ხანში კი რეკორდი დავამყარე - 100-მა დედალმა დღეში 85 კვერცხი მომცა. თუ ვიანგარიშებთ, რომ კვერცხდების სეზონი დაახლოებით მარტის ბოლოდან ოქტომბრამდე გრძელდება, კვერცხების ინკუბატორში მოთავსება ყოველ 7 დღეში ერთხელ შეიძლება, 7 დღის შემდეგ უკვე კვერცხი გამოსაჩეკად ძველია, კულინარიასა და კვებისთვის კი გაცილებით მეტი ხნის კვერცხიც შეიძლება მოიხმარო. ამ იხვის მეხორცულობისა და გემოს საიდუმლო იმაშია, რომ კომბინირებული საკვები უნდა მისცე, თანაც, ბუნებრივი. ერთმანეთში ავურიე ჩვენი სიმინდი, ქერი, შვრია. ერთ თვეში წონაშიც მოიმატეს და კვერცხის დებასაც მოუხშირეს.

მე ამ საქმეზე 2 მეგობართან ერთად ვმუშაობ, სამი კაცისთვის საქმის შედეგის ლოდინი იოლი როდია, მაგრამ დავრწმუნდით, ვერანაირ საქმეში წინ ვერ წახვალ, თუ მოთმინებით არ აღიჭურვე. ჯერჯერობით, იხვებით მილიონერი ვერ გავხდით, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვართ, რომ ჩვენი იხვები საკუთარ თავს ინახავენ და კიდევ მაძლევენ ცოტაოდენ თანხას - ხალხს იხვის ჭუჭულები მიჰყავს ჩვენგან. რაც შეეხება გამოჩეკას, იხვი 28 დღეში ერთხელ იჩეკება და ამ პერიოდში ინკუბატორში ჩაწყობილ კვერცხს ყურადღება არ უნდა მოაკლო, ან ისეთი ინკუბატორი უნდა გქონდეს, რომ კვერცხს თავად ატრიალებდეს. მე თავად ვატრიალებ 12 საათში ერთხელ. იმ დროს, როცა ინკუბატორს აღებ, ბაქტერიების გასანადგურებელი ხელსაწყო უნდა იყოს ინკუბატორში... მე-14 დღეზე კვერცხი აუცილებლად უნდა გაგრილდეს, ანუ ინკუბატორი 15 წუთით უნდა გამოვაღოთ. კვერცხი ნელთბილი უნდა იყოს. ამის შემდეგ აუცილებლად წყლით უნდა დაინამოს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ წყლის ფრინველის კვერცხია. ყველა წყლის ფრინველის კვერცხი ინამება. ფრინველს თუ სჭირდება წყალი, კვერცხსაც ხომ დასჭირდება. 25-ე დღეს ინკუბატორი უნდა გამოირთოს და კვერცხი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გავაჩეროთ, რადგან 26-ე დღეს ჭუჭული კვერცხს მიუკაკუნებს და ნიშანს მოგვცემს, "მოვდივარო".

სადგომს მინა დავაფარე და ყოველდღე ვხედავ, როგორ იჩეკებიან ჭუჭულები. გარეთ ერთ თვემდე არ გამომყავს, - როგორც ჩვილს ვერ გამოიყვან მზეზე შიშველს ერთბაშად, ჭუჭულებიც ასე არიან. თანდათან ვაჩვევ - პირველ დღეს ერთი საათი გამომყავს, მეორე დღეს 2 საათი და ა.შ. ვაჭმევ წვრილად დაღერღილ საკვებს და მწვანე ბალახს. ზესტაფონში ჭინჭარი ბევრია, მაგრამ თუკი ვინმეს ახლომახლო იონჯა აქვს, საუკეთესო საკვებია. დანარჩენ ბალახს იხვი თავად შეარჩევს. ეგ არის, ნედლი სიმინდი არ უნდა აჭამო. მე ასეთმა სიმინდმა რამდენიმე ათეული იხვი დამიხოცა, გვიან მივხვდი, რაში იყო საქმე.

პეკინური იხვი ძალიან მალე იზრდება, 40 დღისა უკვე 2 კილოგრამამდეა. 70 დღისა 3,5-4 კილოგრამს იწონის. ზოგი 5 კილოგრამამდეც ადის, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ცხიმში ჩაფლული არც იხვი ვარგა და არც არაფერი. და მთავარი - პეკინური იხვის შენახვას დიდი თანხა არ სჭირდება, - დაახლოებით დღეში 15 თეთრი, ჭუჭულებს კი ბევრად ნაკლები. პეკინური იხვის გაზრდასა და შენახვას სულ 5 ლარი უნდა და რაც მთავარია, სუფთა და უვნებელი საკვები გექნება. ეს იმ დროს, როცა სუპერმარკეტებში ჩინეთიდან ჩამოტანილი იხვი 10 ლარი ღირს, თანაც კაცმა არ იცის, რით არის გამოზრდილი. ასე რომ, თუ ვინმემ პეკინური იხვის ჭუჭულის გამოყვანა მოინდომა, სიამოვნებით გავუზიარებ გამოცდილებას და პირობასაც მივცემ, რომ ხმაურით არ შეაწუხებენ.

ეთერ ერაძე