"ჩვენ გავაშენეთ მოცვის კულტურა"
23-05-2016
"ჩვენ გავაშენეთ მოცვის კულტურა"
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუთურაული მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს.

ბუთურაულში დგას უნიკალური ძეგლი, შუა საუკუნეების ხიდი. ზემო აჭარის ამ ძველ სოფელში სამი წლის წინ ზვიად მიქელაძემ და მისმა ორმა ბიძაშვილმა კოოპერატივი შექმნეს და ლურჯი მოცვი გააშენეს. სიმინდისა და თამბაქოს მხარეში ლურჯი მოცვის მოყვანას თანასოფლელები სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა, სამი ფერმერი მიღებული შედეგით თანასოფლელებს ეჭვს უქარწყლებს.

ზვიად მიქელაძე: - ჩვენს სოფელში ადრე თამბაქო და სიმინდი მოჰყავდათ,
მაგრამ მიწა არცთუ მოსავლიანი იყო და ეს საქმე შემოსავლიანი არ გახლდათ. ერთხელ ტელევიზიით შევიტყვე რეგიონის საინფორმაციო ცენტრის შესახებ. მივაკითხე და ზოგიერთ საკითხზე დაწვრილებითი ინფორმაცია მივიღე. მერე მე და ჩემს ბიძაშვილებს, ტარიელსა და შალვას, სურვილი გაგვიჩნდა, ისეთი კულტურა მოგვეყვანა, რომელიც ზემო აჭარაში ველურადაც ხარობს.­ მოკლედ, ლურჯი
მოცვის მოშენებას მივყავით ხელი. კოოპერატივიც ჩამოვაყალიბეთ, "ენპარდის" კონკურსშიც გავიმარჯვეთ და მათ ნერგებით მოგვამარაგეს.

კონკურსი 3 ათას კვმ-ზე კულტურის მოყვანას ითვალისწინებდა. ვინაიდან ფართობი ბიძაშვილებს ერთობლივად გვქონდა­ (ათასი კვმ თითოს, თანაც ერთმანეთის გვერდით), ამან კოოპერატივის ჩამოყალიბებაში ხელი შეგვიწყო. მოკლედ, 1000 ძირი გადმოგვცეს და ამასთან, სამულჩე მასალაც. ეს ტენის აორთქლების საწინააღმდეგო, ცელოფანის მსგავსი მასალაა. თუ ის ნარგავებზეა გადაფარებული, სიცხეში მცენარეს ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.
მესამე წელია, რაც ლურჯი მოცვი გავაშენეთ. პირველი მოსავალი შარშან ივლისში ავიღეთ, წლეულს უფრო მეტს ველით. საერთოდ, მოცვი კარგ შედეგს მეოთხე წლიდან იძლევა. ასე რომ, სრული მოსავლიანობა გაისიდან გვექნება. 1000 ძირი გვაქვს და თითომ 8 კილოგრამი უნდა მოგვცეს.

- სად ყიდით პროდუქტს?

- ჩაქვთან არის ჩამბარებელი პუნქტი.­ ლურჯი მოცვი, ძირითადად, ნედლად ინახება, სპეციალურ დანადგარში იყინება და ცელოფანში ინახავენ. ასეთი სახით იგზავნება უცხოეთში, ჩირისთვის კი წვრილ მარცვლებს­ იყენებენ.

- ესე იგი, თქვენ მხოლოდ მოგყავთ და აბარებთ?

- ჯერ ვერ ვამუშავებთ, მაგრამ როცა მოსავალს გავზრდით, შევძლებთ გადარჩევა-დახარისხებას, დაფასოებასა და დამუშავებას.

- ზემო აჭარაში არ მოდის ციტრუსი და თხილი?

- აჭარის მთიანეთში ციტრუსი არ ხარობს, სიცივეა. ჩვენს ლურჯ მოცვს ორმაგი დატვირთვაც აქვს - რადგანაც ყვავილოვანი და თაფლოვანი მცენარეა, ფუტკარი ეტანება და მეფუტკრეობაც გვინდა დავიწყოთ. ჯერჯერობით მოყვარული მეფუტკრეები ვართ, ამ დარგს ვსწავლობთ.

- რთულია მოცვის მოყვანა?

- მიწა კარგად უნდა დამუშავდეს, მერე ნერგები უნდა დაირგას, რიგებსა და მწკრივებში მანძილების ზუსტი დაცვაა საჭირო. შემდეგ სარწყავი სისტემა დამონტაჟდეს და მულჩიფირი დაეფაროს. ზაფხულში მორწყვა ხშირად უნდა, ცხელ ზაფხულში, შესაძლოა, კვირაში 4-5-ჯერაც მოირწყას.

- რამდენად პრეტენზიული კულტურაა?

- მთავარია, ნიადაგში მაღალი მჟავიანობა იყოს. ვინც ამ საქმეში დამწყებია, მნიშვნელობა არა აქვს, დიდ ფართობზე აშენებს თუ პატარაზე, ვეუბნებით, რომ პირველ რიგში ნიადაგი შეისწავლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსავალი არ ივარგებს. ძალიან გვინდა, ჩვენი თანასოფლელები და მეზობელი სოფლების მოსახლეობა ამ საქმეში მეტად ჩავაბათ, რათა შემოსავალი გაუჩნდეთ. ჩვენს წამოწყებას სოფელში თავდაპირვ­ელად დიდი ინტერესი არ აღუძრავს, მაგრამ ახლა, როცა მოცვის ნარგავებს უყურებენ და ხედავენ, ლურჯ მოცვს რამდენად ჭარბი ყვავილიანობა აქვს, დაინტერესდნენ. თანასოფლელებსა და მეურნეებს მეზობელი სოფლიდანაც მუდმივად ვეუბნები ორმაგ სარგებელზე, რაც ლურჯი მოცვის სწორ ადგილას დარგვას მოჰყვება. იმედია, მიმდევრების რიცხვი გაიზრდება.

- სამი კაცი მთელ ფართობს აუდიხართ?

- დამატებითი მუშახელი ჯერ არ დაგვჭირვებია, ალბათ, მხოლოდ მოსავლის აღებისას გახდება აუცილებელი. თუმცა ტექნიკის დაქირავება გვიწევს. ისე, ჩვენს შემთხვევაში კოოპერატივმა გაამართლა, ხარჯ­ები შემცირებულია, შრომა ერთობლივია, პას­უხისმგებლობა - გადანაწილებული. სხვა იდეაც გვაქვს, ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი ქარხნის გახსნა გვინდა. ვნახოთ, რა იქნება.

- ჯერ მარტო მოცვი მოგყავთ თუ სხვა კულტურებიც?

- მეორე წელიწადია, ამერიკული, ჩანდლერის ჯიშის კაკალი გავაშენეთ და კარგი პირიც უჩანს. შრომა არ გვეზარება და შედეგსაც ველოდებით.

მოცვი 25 გრადუს ყინვას უძლებს

მოცვი მარადმწვანე, ფოთოლმცვენი, ნახევრად ბუჩქოვანი ან ბუჩქოვანი კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფი შეიცავს შაქრებს (გლუკოზა და ფრუქტოზა), სხვადასხვა მჟავას, B, C, D ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ნაყოფი მომჟავო ტკბილია, იჭმება ნედლადაც, მისგან ამზადებენ მურაბას, ჩირს. აქვს მრავალი სამკურნალო თვისება. არსებობს როგორც ველური მოცვი, ასევე კულტურული. კულტივირებული ჯიშებიდან მეტად გავრცელებულია ლურჯი მოცვის სახეობა. ეს კულტურა 20-25 გრადუს ყინვას იტანს.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა