"ყოველ დილას ამათი მშვენიერებით ვტკბები..."
30-05-2016
"ყოველ დილას ამათი მშვენიერებით ვტკბები..."
"როცა სტუმრად მივსულვარ და მცენარე არ დამხვედრია, გამკვირვებია, ყვავილი რატომ არ გაქვთ-მეთქი?"

"ერთი ყვავილია, ხმამაღლა საუბრისას მისი ფოთლები იკუმშება. ცოცხალია, აბა, რა?"


მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახში ძველი და კარგად მოვლილი მცენარეები აღმოვაჩინე. ყვავილებს­ ზურას მეუღლე, ქალბატონი ლელა უვლის, თუმცა ბოლო დროს მცენარეების ბედით მათი ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძეც დაინტერესდა.

- მთელი ცხოვრებაა ჩვენს სახლში ქოთნის მცენარეები ხარობს. მათი მოვლით ჯერ ბებიაჩემი, დედაჩემის დედა, ჰერა გოცირიძე იყო გატაცებული, მერე კი - დედაჩემი.
პალმა თუ მონსტერა ყოველთვის უამრავი სახეობის გვქონდა. ბებია, დედა, დეიდა ყვავილებს ზრდიდნენ და ახლაც ზრდიან.

ბოლო დროს მცენარეების მოვლამ მეც გამიტაცა. ადრე მხოლოდ ვტკბებოდი სილამაზით. მიმაჩნდა, რომ შინ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ლამაზი ქოთნის ყვავილები და როცა სტუმრად მივსულვ
არ და მცენარე არ დამხვედრია, გამკვირვებია, ყვავილი რატომ არ გაქვთ-მეთქი? სხვა თუ არაფერი, მათი ყურება გსიამოვნებს და სიცოცხლეს გმატებს, თან ჟანგბადია, გარემო მწვანდება. ბავშვობის მეგობარს, თაკოს, ისეთი ყვავილები აქვს და ისე უვლის, გაგიკვირდებათ. დედაჩემი და თაკო ერთმანეთს მცენარეებს ჩუქნიან და უცვლიან. აივანზე რომ კაქტუსი დგას, ჭერამდე იზრდება, ძალიან ლამაზია და თაკოს ნაჩუქარია. დედას კი ისეთი ხელი აქვს, ყველაფერს ახარებს. ერთხელ წიწაკა გაახარა, ახლა მწვანილისა და პომიდვრის მოყვანა უნდა. ალბათ, ესეც გამოუვა.

- შენც ნელ-ნელა ერთვები ამ საქმეში, ხომ?

- კი, დედაჩემს რომ ვუყურებ, ისეთი გატაცებულია, მომწონს და ვამბობ, ოდესმე ჩემი სახლი და ყვავილები აუცილებლად მექნება-მეთქი.

- მათი მოვლის შესახებაც, ალბათ, ბევრი რამ იცი.

- ვიცი, რომ მიწას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება, ხშირი გამოცვლა უნდა, წყალი არ უნდა მოაკლო, თუმცა თანდათანობით წყალი ნიადაგს ტკეპნის, მიწა კი, ძირითადად, ფხვიერი უნდა იყოს. ნიადაგს სჭირდება ვიტამინებიც, სასუქი, რისი შოვნაც დღეს არ ჭირს. გაწმენდა უნდა ფოთლებსაც, მათზე შესასხურებელი ხსნარი ცალკე გვაქვს... ეს ყველაფერი ძნელი არ არის, მაგრამ როცა ქალაქიდან გავდივართ, 10 დღეზე მეტხანს ამ მცენარეებს ვერ ვტოვებთ.

- მართლაც რა ლამაზი მონსტერაა...
- ამ მცენარეს თავიდან ჰერა ზრდიდა, ბებიაჩემი, მაგრამ რომ გარდაიცვალა, ესეც მოკვდა - მიწა და ფესვები დასცილდა ერთმანეთს. გადაგდებას ვუპირებდით, მაგრამ დედა მოეფერა, მოუარა და მცენარე გამოცოცხლდა. აშკარა იყო, ბებიაჩემის გარდაცვალება განიცადა, არადა, მხოლოდ 10 წლის იყო, არცთუ ხანდაზმული. იმ პერიოდიდან გვაქვს ეს ყვავილები, თუმცა ახალ მცენარეებსაც ვამატებთ. ნახეთ, რა საოცარი პალმაა, დედას აჩუქეს...

- ასეთი პალმები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მინახავს.
- ეს გარდენიაა, მირონის ხესაც ეძახიან. რომ ყვავის, მართლაც კეთილსურნელებას აფრქვევს. გარდენია ორი გვაქვს. თანდათან მიჩნდება სურვილი, ლამაზი ქოთნები მქონდეს, რომ აქაურობა კიდევ გავალამაზოთ. ადრე თიხის ქოთნები გვქონდა, მერე ისინი თანამედროვეებმა შეცვალა... ბამბუკი სულ წყალში უნდა იყოს, სითბო უყვარს. ამბობენ, რომ ის ოჯახში­ აუცილებელია.­ თუმცა მიწაში დარგული ბამბუკის დიდი ბუჩქიც გვაქვს.

- ბატონი ზურას დედა, შენი ბებია, მსახიობი ელენე ყიფშიძე არ უვლიდა მცენარეებს?

- უყვარდა მათი მოვლა, მაგრამ დრო არ ჰქონდა.

- ოჯახის არტისტი მამაკაცები - ბატონი ზურა და გიორგი ამ საქმით დაინტერესებას თუ იჩენენ?
- გიორგის მოსწონს, მაგრამ თვითონ ყვავილებზე მაინცდამაინც არ ზრუნავს. მამაჩემი კი ამბობს, ვერ ვიტან მოჭრილ ყვავილს, ქოთნის მცენარე მირჩევნიაო... იასამანი მიყვარს და როგორც კი აყვავდება, მამას ჩემთვის და დედასთვის იასამნის თაიგულები მოაქვს. ერთი ყვავილია, ხმამაღლა საუბრისას მისი ფოთლები იკუმშება. ცოცხალია, აბა, რა? თან, ჟანგბადს გაწვდის. ზოგიერთს ბუღი და თამბაქოს გამონაბოლქვი არ უხდება, შეიძლება დაჭკნეს.
გვინდა, კიდევ ბევრი რამ შევმატოთ აქაურობას, მაგალითად, ნეკერჩხალი, გვიმრა, თუმცა პატარა ქოთნით გვიმრა გვაქვს. გვაქვს კაქტუსებიც, ბარაქის ხეც. ყოველი დილა იმით თენდება, რომ ამათი მშვენიერებით ვტკბები... ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებსაც არ შეუძლიათ მცენარის მოვლა, რაც ძალიან მიკვირს. ზოგს არ სცალია, ზოგს არ უყვარს, არ შეუძლია მოვლა, თუმცა ყველაფერი მაინც სურვილით იწყება.

გამწვანება და გარემოს დაცვა ყველას ვალია. საოცარი ქალაქი და ბუნება გვაქვს, მაგრამ არ ვუფრთხილდებით და გული მწყდება. ხეებს ვჭრით და ბუნებას ვაბინძურებთ.
ჩემი სურვილია, ეს სახლი გავყიდოთ და სადმე ზემოთ, მაგალითად, ლისისკენ, წყნეთში ვიყიდოთ ისეთი, ეზო რომ ჰქონდეს. მოვუვლიდი, ყვავილებს დავრგავდი, გავალამაზებდი...

ლალი ფაცია
liza
03 ივნისი 2016 19:08
ჰერა იყო ულამაზესი, ეულებრივი პიროვნება

რედაქტორის რჩევით