შხამიანი "ტყუპისცალი" - კვირის პალიტრა

შხამიანი "ტყუპისცალი"

"ბევრი გემრიელი სოკოს ორეული არსებობს, რომელმაც შეიძლება ადამიანი მოწამლოს"

სოკოს კერძები ყველგან პოპულარულია და საქართველოშიც ბევრს უყვარს. სოკოს ძირითადად საკვებად იყენებენ, თუმცა დღეს ბევრგან ვითარდება ფუნგოთერაპიაც - სოკოებითა და მათგან მიღებული პრეპარატებით მკურნალობა. მკვლევართა აზრით, სამკურნალოდ სოკოს საქართველოშიც იყენებდნენ, რასაც ძველი ხელნაწერები და სამკურნალო რეცეპტები ადასტურებს. ნაბადა სოკო, დათვა, კალმახა, ქამა, მანჭკვალა, მიქლიო, მუხისძირა, ღვინიო, მტრედიო, ირმის რქა, შავჩოხა, ჯგუფურა, ირმისტუჩა, დედაბერა, ხარისფაშვა - საქართველოში გავრცელებული სოკოს სახეობებია. გვესაუბრება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოჩა ზენაიშვილი.

- საქართველოში 90-95 სახეობის სოკო გვხვდება. ეს არის სოკოები, რომლებსაც ვხედავთ, თორემ არსებობს უამრავი სახეობა - უხილავი, ერთუჯრედიანი სოკოებიცა და მრავალუჯრედიანიც. სოკო გამოიყენება პურის ცხობის ტექნოლოგიაში. ერთუჯრედიანი სასარგებლო სოკოს დახმარებით აყენებენ ღვინოს. სოკო სპირტის წარმოქმნის პროცესშიც მონაწილეობს. იაპონელები თავიანთ ცნობილ არაყს - საკეს სწორედ სოკოს დახმარებით აყენებენ. მედიცინაში ობის სოკოსგან ამზადებენ ყველასთვის კარგად ცნობილ პრეპარატს - პენიცილინს. ამავე დროს, სოკოს ადამიანისთვის დიდი ზიანიც მოაქვს, თუნდაც სოკოვანი დაავადებების სახით.

- საკვებად ვარგის სოკოებზე მოგვიყევით.

- საქართველოში გავრცელებულია 35-მდე სახეობის საკვებად გამოსადეგი სოკო. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. ეს კავკასიისთვის დამახასიათებელი სოკოებია, თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი სხვა რეგიონებშიც შეგვხვდეს, სადაც ტენიანი ჰავაა. სოკო იმ ფორმით, რომელსაც ვხედავთ, არის სოკოს ნაყოფი და წვიმის შემდეგ ჩნდება. სოკოს სპორები მიწის ქვეშ ცხოვრობს. ამას ეწოდება მიცელიუმი, ჩვენ კი სოკოს სწორედ მიცელიუმის ნაყოფს ვეძახით. ყველა სოკოს აქვს სხვადასხვა შეფერილობის პატარა ქუდი - მოწითალო, ნარინჯისფერი, თეთრი, რძისფერი და სხვ. ბევრნაირ სოკოს შეხვდებით ტყეში, გადაჭრილ კუნძებზე. სოკო საქართველოში ბევრ ადგილას გვხვდება, ყველაზე მეტი კი მაინც კახეთშია: დაწყებული ლაგოდეხის, ყვარლის, თელავის მიმდებარე ადგილებიდან, ახმეტის რაიონით დამთავრებული - სოკო ყველგან ძალიან კარგად გრძნობს თავს. კახეთში ის ჩვეულებრივ კერძად არის მიჩნეული და კარგადაც ცნობენ. სოკო კარგად ხარობს ბორჯომში, ხარაგაულში, ზემო იმერეთის სოფლებში... ქართლში, გურიასა და სამეგრელოში კი ცოტა გვხვდება. იქ უფრო მეტი შხამიანი სოკოა. ქართლში ფრონესა და ლიახვის ხეობებია გამონაკლისი, სადაც სოკოს სხვადასხვა სახეობა ხარობს.

- ოჯახურ პირობებში მოყვანა შეიძლება?

- როგორ არა, არის პატარ-პატარა ოჯახური და ფერმერული მეურნეობები, სადაც სოკო მოჰყავთ, ოღონდ მათი რაოდენობა მცირეა. სოკოს მოსაშენებლად სამი პირობაა საჭირო: სითბო, ტენიანობა და ნახევრად ჩრდილიანი ადგილი, ოღონდ სოკოს სპორები ანუ მიცელიუმი საიმედო ადგილიდან უნდა წამოვიღოთ და არა - კერძო პირებისგან. ვიცი, საიმედო მიცელიუმი სპეციალურ მაღაზიებშიც იყიდება. სოკოს გასახარებლად კარგია ნამჯა, თივა და სხვადასხვა მცენარისგან დამზადებული ჩალა (ხორბალი, ფეტვი, შვრია). შეიძლება გამოვიყენოთ ნახერხიც, რომელიც მაღაზიებში იყიდება. ნამჯა ჯერ უნდა დასველდეს, დატენიანდეს. ამის შემდეგ სოკოს სპორები უნდა ავურიოთ სპეციალურ ქვიშაში და ამ ნამჯაზე მიმოვფანტოთ. თუ შესაფერის პირობებს შევუქმნით, სოკო აუცილებლად ამოვა, ოღონდ მთავარი მაინც ტენიანობაა. რა თქმა უნდა, სპეციალისტის რჩევაც დაგვჭირდება, რომ სოკომ გაიხაროს. ოჯახურ პირობებში მოყვანილი სოკო იმით არის კარგი, რომ დანამდვილებით ვიცით - ის შხამიანი არ არის.

- ამბობენ, რომ ქალაქში მოყვანილი სოკოს საკვებად გამოყენება არ არის სასურველი...

- რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება სწორია. იქ, სადაც რადიაციული ფონია, გამონაბოლქვია და ქიმიური დაბინძურების დონე მაღალია, სოკო არ უნდა დავკრიფოთ, რადგან ის იკრებს მავნე ნივთიერებებს. სოკო არ უნდა დავრგოთ გზის პირას, ან ქალაქის სკვერებსა და ბაღებში.

- არსებობს სოკოს შხამიანი "ტყუპისცალებიც". როგორ უნდა გავარჩიოთ კარგი სოკო შხამიანისგან?

- დიახ, არსებობს ბევრი გემრიელი სოკოს ორეული, რომელმაც შეიძლება ადამიანი მოწამლოს. არსებობს მანჭკვალას ორეული - ცრუ მანჭკვალა, დუმა სოკოსაც ჰყავს თავისი ორეული, მიქლიოსაც და წითლიოსაც. ასეთი "ტყუპისცალი" არ ჰყავს არყას, კალმახას, ნაბადა სოკოს. ვინც სოკოს შეგროვებას გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა იცოდეს ცნობა. უნდა ვასხვავებდეთ სასარგებლოს და შხამიანს. მაგალითად, მანჭკვალასა და ცრუ მანჭკვალას გარჩევა ადვილია, რადგან ამ უკანასკნელს ფეხზე ერთგვარი ჩლიქი აქვს. ზოგი ფერითაც განსხვავდება თავისი შხამიანი ორეულისგან და მოყვანილობითაც. არსებობს ლიტერატურა, საიდანაც შეიძლება ისწავლოთ შხამიანი სოკოს ამოცნობა, არიან გამოცდილი ადამიანები, რომლებიც სოკოს საკრეფად წლების განმავლობაში დადიან და ამ მცენარეზე ყველაფერი იციან. თუ ზუსტად არ იცით, რომ ეს საჭმელი სოკოა, ხელი არ უნდა მოჰკიდოთ, რადგან სოკოთი მოწამვლა შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დასრულდეს.

- არსებობს ხალხური გადმოცემები, როგორ შეიძლება შხამიანი სოკოს ამოცნობა. უნდა ვენდოთ მათ?

- დიახ, მეც გამიგია ასეთი რაღაცები. მაგალითად, სოკოს მომზადებისას თუ ტაფაზე ხახვს დააგდებთ, ან ვერცხლის კოვზს გამოიყენებთ და ორივე გაშავდება, ესე იგი, სოკო შხამიანიაო. ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება. ჯობს, მას ვენდოთ, ვინც სოკოს ცნობა კარგად იცის. თუ ეჭვობთ და ყოყმანობთ, უმჯობესია, არ მოკრიფოთ. ამას გარდა, სოკო ახალი უნდა იყოს - მხოლოდ 1-2 დღისა, რადგან შეიძლება საკვებად ვარგისი სოკო დაკრიფოთ, მაგრამ გადაბერებული იყოს და ამანაც გამოიწვიოს მოწამვლა, ამიტომ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ. 3-4 დღის სოკოს უკვე ეტყობა - უფრო დაღარულია, ფერიც სხვანაირი აქვს. სხვათა შორის, ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ზოგიერთი სოკოს მიღებაც იწვევს მოწამვლას.

სოკო უნდა შეიწვას ან მოიხარშოს, უმად მისი ჭამა არ შეიძლება. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სოკო სასტიკად აკრძალულია ხუთ წლამდე ბავშვებისთვის! სამწუხაროა, რომ ჩვენთან სოკოს ბევრი ვერ ცნობს. ეს ცოდნა მხოლოდ თაობიდან თაობას გადაეცემა და ყველაფერი ამით ამოიწურება. უნდა ეწყობოდეს ტრენინგები და ხალხს სოკოს ამოცნობას ასწავლიდნენ, როგორც უკრაინასა და რუსეთში ხდება. ეს აუცილებელია, რადგან სოკოთი უამრავი ადამიანი მოწამლულა. შხამიანმა სოკომ შეიძლება გონების დაბინდვა, ადამიანის პარალიზება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს, ამიტომ, სოკოს კრეფისას დიდი დაკვირვება და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე