ყვავილების სიყვარულით თბილისიდან სიდნეიმდე - კვირის პალიტრა

ყვავილების სიყვარულით თბილისიდან სიდნეიმდე

სოფო ჩხეიძე ოჯახთან ერთად სიდნეიში 2013 წლიდან ცხოვრობს და თბილისში დაწყებულ საყვარელ საქმეს - ყვავილებით დიზაინის შექმნას აგრძელებს. მის მრავალფეროვან კომპოზიციებში გვხვდება სუკულენტების სხვადასხვა სახეობა. ისინი განსხვავდებიან ფერითა და ზომით. "ჩვენ სიდნეიში სოფოს დაუკავშირდით.

- ყვავილებმა დაახლოებით 15 წლის წინ გამიტაცა. ნელ-ნელა შევიძინე უამრავი სახეობა, 2010 წელს თბილისში პატარა მაღაზია გავხსენი, სადაც ჰოლანდიიდან ჩამოტანილ ყვავილებს ვყიდდი. ჩემი მაღაზია პირველი იყო, სადაც შეგეძლოთ სხვადასხვა კომბინაციის ნახვა-შეძენა. შემდეგ სიდნეიში გადმოვსახლდი და საქმიანობა აქ გავაგრძელე.

- თქვენს კომბინაციებში სუკულენტების სხვადასხვა სახეობაა...

- ძალიან მიყვარს სუკულენტები, მაგრამ ჩვენთან თბილისში არც ისე დიდი არჩევანია. აქ უმეტესად სუკულენტებზე ვმუშაობ. ვამრავლებ და მაქვს ჩემი მცენარეებიც, რომელთაც არ ვყიდი.

- რომელი სახეობები გაქვთ?

- საქართველოში ძირითადად გვხვდება მწვანე სუკულენტები, აქ ისინი მრავლადაა. მაგალითად, Euphorbia Fire Sticks-ი ხესავით იზრდება, წვრილი ტოტები აქვს და დღეში 4-6 სთ მზეში უნდა იყოს, სასურველი ფერი რომ მიიღოს. მზის სხივები მის ფოთლებს წითელ ელფერს აძლევს, ჩრდილში კი აბსოლუტურად მწვანეა.

Portulacaria Afra Varigated-ი ბუჩქოვანია, აქვს მწვანე ფერში გარდამავალი პატარა ყვითელი ფოთლები. რაც მეტხანს დავტოვებთ მზეზე, ფოთლები უფრო ყვითლდება და ზოგჯერ მოწითალოც დაჰკრავს. ულამაზესი სუკულენტია და ხშირად ვიყენებ კომპოზიციების გასაწყობად.

- შავი სუკულენტიც მშვენიერია...

- შავი სუკულენტებიდან მაქვს Echeveria Black Night-ი, Sedum Dragon’s Dlood-ი, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩრდილში მწვანდება, ხოლო თუ საკმარის მზის სხივებს მიიღებს, მუქი შინდისფერი ხდება. საინტერესოა Aeonium-ი, რომელიც ზაფხულში იძინებს, ზამთარში კი იზრდება. ცოტა წყალი სჭირდებათ და ჩრდილსაც იტანენ.

- სუკულენტი როგორ მრავლდება?

- ფოთლოვან მცენარეებს ზოგიერთს თავისით გამოაქვს ახალი ძირები, მაგრამ არის სხვა გზაც. სუკულენტის მთავარ ღეროს ფოთლები ფრთხილად უნდა მოვაცალოთ (არ უნდა მოვატეხოთ), შემდეგ მიწაში მოვათავსოთ და 2 კვირაში თავად დაფესვიანდება.

ეკა გადახაბაძე