ქალაქელი მეურნე - კვირის პალიტრა

ქალაქელი მეურნე

ქალაქში თავის გადარჩენის "შრომითი პროგრამა"

"სურნელოვანი ვარდები ჩემმა მეგობარმა კავთისხევიდან ჩამომიტანა და თავისი ხელით დამირგო. ამ ვარდით შესანიშნავ მურაბას ვხარშავ"

კაცი თუ გონიერი და მშრომელია, სიპ ქვაზეც დასახლდება. ახლა ვისზეც ვსაუბრობ, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სახლობს და ისეთი მარჯვეა, მისგან მაგალითიც შეიძლება აიღო, რადგან ქალაქში თავის რჩენის საკუთარი პროგრამა აქვს. ნიჭიერი მებაღე, მევენახე, მეყვავილე, მეფრინველე, პოეტი, მხატვარი, კულინარი ლალი აბულაძე ცოტნე დადიანის გამზირზე ცხოვრობს. ჭიშკარში შეაბიჯებ და - მის საოცარ სამყაროში თუ მეურნეობა-საწარმოში აღმოჩნდები.

ლალი აბულაძე: - პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი ვარ. მე და ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში "საქწყალპროექტში" ვმუშაობდით. მერე, უმუშევრები რომ დავრჩით, თავის გადარჩენის გზის ძებნა დავიწყე. ყველაფერში მეუღლე მეხმარებოდა, ერთმანეთს მხარში ვედექით. იმ გაჭირვების დროს, შინ რომ მოდიოდა, პურს ჯერ ძაღლს მოუჭრიდა. ვეტყოდი ხოლმე, იქნებ არ გვეყოს-მეთქი. ესეც ოჯახის წევრიაო... თავის გასატანად რას არ ვაკეთებდი, შაქრის ტომრებს ვყიდულობდი, შუაზე ვჭრიდი, ჩანთებს ვკერავდი და ვაბარებდი. შარვლებსაც ვკერავდით, ჩემმა მეუღლემ კერვა ისწავლა, ბოთლებსაც ვიბარებდით... მერე კულინარიას მივყავი ხელი. ვაკეთებდი ბლომანჟეს, ლაბას ("ხალადეცი"), "სალას", კუპატს, აფხაზურას და ვაბარებდი.

- ნელ-ნელა კულინარიაზე გადართულხართ.

- კი, ამ ზამთარს, მაგალითად, ლაბას ბაკურიანშიც ვგზავნიდი, ავტობუსის მძღოლს ვატანდი და იქ სუპერმარკეტში იყიდებოდა.

- ლაბას დამზადება ადვილი არ არის...

- კუპატისა უფრო რთულია, ჯერ საკუპატე მასალის გარეცხვა იკითხე!.. ლაბასთვის ღორის თავი კარგად უნდა გაირუჯოს. სანამ ჩემი ქმარი ცოცხალი იყო, მეხმარებოდა, ეზოში საამისოდ გაზქურა მიდგას.

- რით არის გამორჩეული თქვენი ლაბა?

- სუფთად ვაკეთებ, გემრიელია, ლამაზად ვაფორმებ და მოსწონთ. ვხარშავ 5-6-კილოიან თავს, ორ კანჭს, 1 კილო ხბოს ენას (გასაფორმებლად მჭირდება, ასევე ღორის ყურიც). ახლა ლაბას სეზონი არ არის, შემოდგომა-ზამთარში კეთდება, თუმცა სექტემბრიდანაც გამიკეთებია... ერთხანს ბლომანჟესა და ფელამუშსაც ვყიდდი.

- მშვენიერი ბაღი გაქვთ, ვენახიც, ხეხილიც, პატარა ბოსტანიც და ყვავილებიც...

- მიყვარს ჩემი ბაღი. ეს ხე ადრე ჩემმა ქმარმა იყიდა, როგორც მსხალი, მაგრამ ვაშლი აღმოჩნდა, თან კარგი ჯიშისა, "აიდარიდი". ახლახან ხმობა შეეპარა. გამხმარი ხე ეზოში არ ვარგა, მაგრამ ჩემი მეუღლის დარგული რომ არის, მენანება, ვფიქრობ, იქნებ გამოცოცხლდეს-მეთქი. მაქვს ჭერამი, გარგარი, ზღმარტლი, ატამი, კარალიოკი, ლეღვი... სურნელოვანი ვარდები ჩემმა მეგობარმა, ქალბატონმა ნათელა ჯანჯალაშვილმა კავთისხევიდან ჩამომიტანა და თავისი ხელით დამირგო. ამ ვარდით შესანიშნავ მურაბას ვხარშავ. ყავისფერყვავილიანი ზამბახებიც მაქვს. ადესით ღვინოს ვწურავ და არაყს ვხდი.

- ქათმებზე რას გვეტყვით?

- ქათმები ყოველთვის მყავდა. ერთმა ახლა მოიკრუხა და წყალში ვაჭყუმპალავებ, რომ გადაიკრუხოს - ბებიამ ასე იცოდა. აი, ეს ერთი მუჭა, ვითომ უდღეური შეხედულების ქათამი ყოველდღე კვერცხს დებს. მყავს ციცარი, იხვი... ეს რა არის. ადრე ღორებიც გვყავდა, კურდღლებიც. კურდღლის ხორცისგან გემრიელი ჩახოხბილი გამოდის. კუც მყავს ეზოში - ცხვარიჭამიაში ვიპოვეთ და წამოვიყვანეთ...

- რას ეტყვით მათ, ვინც ამბობს, თავის გატანა ძნელიაო და ხელი აქვთ ჩაქნეული?

- ახალგაზრდა რომ დგას ტაძართან და ფულს მთხოვს, რა ჰქვია ამას? დალოცვილო, თვალებიც გაქვს, ხელებიც, ყურებიც და ფეხებიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეს როგორ მთხოვ დახმარებას? სნეულს დავეხმარები, მაგრამ ახალგაზრდამ რამე უნდა მოიფიქროს, სხვის იმედად არ ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ 3 შვილი და 7 შვილიშვილი მყავს. სხვებს ვუმართავ ხოლმე ხელს. არავინ არაფერს მოგართმევს, თუ არ გაინძერი. ცხოვრება რთულია, მაგრამ საინტერესო...

ლალი ფაცია