თუთის "ჭირი"
06-06-2016
თუთის "ჭირი"
რა შემთხვევაში შეიძლება აღდგეს მეაბრეშუმეობა

ჩვენს ქვეყანაში თუთა უხსოვარი დროიდან ხარობს. სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონში წერს: "თუთა სხუათა ენაა. ქართულად ჟოლა ჰქვიან და ხართუთას - ტუტა". ეს ძველი სახელწოდება დასავლეთ საქართველოში დღემდეა შემორჩენილი, იქ თუთას ახლაც "ბჟოლას" ეძახიან. თუთის ფოთოლი შეუცვლელი საკვებია აბრეშუმის ჭიისთვის. გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის საქართველოში ყოველწლიურად 4-4,5 ათას ტონა აბრეშუმის პარკს აწარმოებდნენ და ამ დარგში ათასობით ოჯახი იყო ჩართული.

1964 წლიდან ქვეყანაში თუთის საშიში დაავადება - ფოთლის
სიხუჭუჭე გავრცელდა, რომელმაც მილიონობით ძირი თუთის ხე გაანადგურა. ამან მეაბრეშუმეობის დარგის კვდომა გამოიწვია. რა თავისებურებები ახასიათებს თუთას და როგორ შეიძლება გავახაროთ ეს მცენარე შინაურ პირობებში, ამის შესახებ გვიამბობს სწავლული აგრონომი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტი:

- თუთა უძველესი მცენარეული კულტურაა. ზოგიერთი
მკვლევარი საქართველოს ამ მცენარის ერთ-ერთ სამშობლოდ მიიჩნევს, რასაც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნაშთებიც ადასტურებს. თუთის ხეების სიმრავლემ საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას შეუწყო ხელი. ქართველი მეცნიერები გულდასმით მუშაობდნენ თუთის ახალი ჯიშების გამოყვანაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჯიშები უმწეო აღმოჩნდნენ დაავადების წინაშე, რომელმაც 1960-70-იან წლებში საქართველოში თუთის პლანტაციები მთლიანად გაანადგურა. გადარჩა მხოლოდ თუთის ველური ფორმები. დღეს ეს დაავადება უკვე აღარ ჩანს, მაგრამ თუთის ხეების აღდგენა მეტად რთული საქმეა. განსაკუთრებით დაზარალდა დასავლეთი საქართველო, სადაც მეაბრეშუმეობა კარგად იყო განვითარებული, თუმცა აბრეშუმის პარკს აწარმოებდნენ კახეთშიც... რადგან საკვები ბაზა აღარ იყო, მოსახლეობამ დარგი თანდათან მიივიწყა. დღეს თუთას, როგორც ხილს, ოჯახებში ახარებენ. თუთა ვერც სიცივეს იტანს და ვერც გადაჭარბებულ გვალვას. თუ რამე დაავადება ან მავნებელი არ შეუჩნდა, 200-300 წელს და უფრო დიდხანსაც ცოცხლობს. თუთის ნაყოფი შეიძლება თეთრიც იყოს, შავიც და სხვა ფერისა, გააჩნია რა ჯიშისაა, სელექციით არის გამოყვანილი თუ ველური ჯიშია. ნაყოფით ამზადებენ უგემრიელეს მურაბებს, ტყლაპს, ბადაგს (ბექმეზი), რომელიც სამკურნალო თვისებისაა და თუთის თაფლსაც ეძახიან, ჩირს, ხდიან არაჩვეულებრივ არაყს. თუთის არაყი ცნობილია გემოთი და არომატით.

ძვირფასია თუთის მერქანიც. მისგან ძალიან კარგ მუსიკალურ ინსტრუმენტებს ამზადებენ - ჩონგურს, ფანდურს და სხვ. თუთის ხე უნიკალური მასალაა პარკეტისთვის და საშენი მასალებისთვისაც. თუთა შეიძლება გამოვიყენოთ ქარსაფარ ზოლებში, ეროზიასთან საბრძოლველად და ცოცხალ ღობეებად. ძალიან კარგია დეკორატიული თვალსაზრისითაც. ამ მცენარის ყველაზე მთავარი ღირსება მისი ფოთლებია. სწორედ ამ ფოთლებით იკვებება აბრეშუმის ჭია.

- დაახლოებით რამდენ ფოთოლს იძლევა თუთის ხე?

- 1 ჰა ფართობზე 9-10 ტონამდე თუთის ფოთლის დაკრეფა შეიძლება, ერთი ხიდან საშუალოდ 10-15 კგ ფოთოლი ჩამოდის. სელექციის გზით მიღებული თუთა უფრო მეტ ფოთოლს იძლევა, ვიდრე ბუნებრივ პირობებში გაზრდილი, რადგან ამ უკანასკნელის ფოთლები უფრო წვრილია და რაოდენობაც მცირე.

- რომელ რეგიონში ზრდიდნენ ყველაზე მეტ აბრეშუმის ჭიას?

- აბრეშუმის ჭია დასავლეთ საქართველოში უფრო კარგად იზრდებოდა, რადგან მშრალი კლიმატის ატანა უჭირს და შედარებით ნესტიან ადგილებში უფრო კარგად გრძნობს თავს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მეაბრეშუმეობის ძირითადი კერა ლაგოდეხის რაიონი იყო.
აბრეშუმის ქსოვილი უნიკალური თვისებისაა, ის ვერც ერთმა ხელოვნურმა ქსოვილმა ვერ ჩაანაცვლა.

- როგორ შეიძლება თუთის ნერგის გახარება?

- თუთის პლანტაციის გაშენება თესლითაც შეიძლება და ნერგითაც. თუთის ნერგი, ისევე, როგორც ვაშლის ან ატმისა, 50-60 სმ სიღრმის ორმოში უნდა ჩავრგოთ. სხვა კულტურების მსგავსად, მასაც სჭირდება სასუქისა და ნეშომპალის შეტანა, რათა ნერგმა გაიხაროს. თუთის ხე შეიძლება სხვა კულტურასთან ერთადაც დავრგოთ, მაგრამ თუ ბაღის გაშენება გვინდა, სასურველია, მისთვის ცალკე ადგილის გამოყოფა. თუთას ხშირად აშენებენ სხვა მცენარესთან შერეული პლანტაციის სახით. თუთის ხეს რგავენ ზოლებად, საჭიროების მიხედვით ნიადაგი უნდა მოსწორდეს და მოიხნას. ორმოები ერთმანეთისგან 2-3 მეტრით უნდა იყოს დაცილებული. 60-70 სმ დიამეტრის ორმოები დარგვამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა ამოვიღოთ. პირველ წელს შესაძლოა, მორწყვაც დასჭირდეს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მშრალი ჰავაა. მერე კი ნერგი თანდათან ფესვებს გაიდგამს და გაიხარებს.

- რა ბედი ეწია იმ 100 ათას თუთის ნერგს, რომელიც ქართველმა ბიზნესმენებმა უზბეკეთიდან ჩამოიტანეს და სახელმწიფოს საჩუქრად გადასცეს?

- ეს ნერგები ბიზნესმენებმა - ძმებმა ჩხაიძეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურვილით, ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცეს. თუთის ნერგები თითქმის ყველა რაიონში დარიგდა, მათ შორის, ჩვენთან, ოზურგეთის რაიონშიც. ამ საქმეში მეც ვიყავი ჩართული. ნაჩუქარი ნერგები უმეტესობამ კერძო მეურნეობებში დარგო. როგორც ვიცი, მეზობელ ლანჩხუთის რაიონშიც საკმაო რაოდენობის თუთის ნერგები დარგეს. ყველა ნერგი უკვე დარგულია და ვეგეტაციის პერიოდშია.

- როგორ ფიქრობთ, მიუბრუნდება ჩვენი მოსახლეობა აბრეშუმის მოყვანას?

- თუკი აბრეშუმის პარკს მისაღები ფასი ექნება, ბევრი მიუბრუნდება. ფერმერები უარს არ იტყვიან აბრეშუმის მოყვანაზე, მაგრამ ამჟამად 1 კგ აბრეშუმის პარკი 10-12 ლარი ღირს, ეს კი მეტად დაბალი ფასია. აბრეშუმის ჭიის მოვლა რთული და შრომატევადი საქმეა. კომუნისტების დროს, მაგალითად, მაღალი ხარისხის პარკი 20-22 მანეთი ღირდა. ფერმერმა ჯერ თუთას უნდა მოუაროს, მერე ფოთოლი დაკრიფოს და აბრეშუმის ჭია გაზარდოს, ორმაგი სამუშაო უნდა შეასრულოს. თუ სხვა კულტურას ნაკლები შრომა დასჭირდება და მაინც მოგცემს 10 ლარს, რატომ იშრომებ აბრეშუმის ჭიის გასაზრდელად, კაკალი, წაბლი, ან თხილი თუ მეტ მოგებას მოგცემს? ნებისმიერი გლეხი ფიქრობს, უღირს თუ არა. ამიტომ მთავარია, რას გადაიხდის გადამმუშავებელი. გლეხს ან ფინანსური დახმარება სჭირდება, ან სხვა სახისა, რომ დაინტერესდეს და აბრეშუმის პარკი აწარმოოს.

თუთის მურაბა

გთავაზობთ უგემრიელესი თუთის მურაბის რეცეპტს, რომელსაც ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ. მისი მომზადება რთული არ არის:
მასალა: 1 კგ თუთა; 1 კგ შაქარი.
მომზადება: 1 კგ მწიფე თუთას დააყარეთ 1 კგ შაქარი, რამდენიმე საათს გააჩერეთ გრილ ადგილას, შემდეგ 10-15 წუთს ადუღეთ, გადმოდგით და მეორე დღეს ხარშეთ მანამ, ვიდრე მურაბა მზად არ იქნება. ბოლოს, მურაბა მოხუფეთ და შეინახეთ.


ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა