ტყემალი ევროპის გზას ჯემ-მურაბებსაც გაუკაფავს
06-06-2016
ტყემალი ევროპის გზას ჯემ-მურაბებსაც გაუკაფავს
"ჩვენი მურაბები და ჯემები ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთაა - ვხარშავთ ჩვენი დედებისა და ბებიების რეცეპტებით და მათში ხილისა და შაქრის გარდა არანაირი მინარევი არ არის"

საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე დაშვება ქართული სოფლისთვის დიდი იმედი გახდა. შედეგიც მოკლე დროში გამოჩნდა. მართალია, ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს და გლეხსაც არ აძლევს იმდენ შემოსავალს, რომ მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს, მაგრამ დღეს საქართველოს უმეტეს სოფლებში ხეხილს ხრამში აღარ ყრიან და გაზაფხულზე იმ იმედით
შესცქერიან, რომ შემოსავალს მოუტანთ.

შარშან ჩოხატაურსა და ქედაში გაიხსნა ხილის გადამმუშავებელი ტყუპი საწარმო, რომელიც ხილს მოსახლეობისგან ყიდულობს და ჯემს, მურაბას და კომპოტს ამზადებს. ამ საწარმოების პირველი პროდუქცია ჩეხეთში გავიდა და შეფასებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელისა და უკრაინის ბაზარზე გასატანად. ჩოხატაურის ხილის გადამმუშავებელი
ქარხნის მენეჯერმა ბესიკ კალანდაძემ შარშან შემოიარა საქართველოს სოფლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, რათა ხალხი დაერწმუნებინა, რომ ხილის ჩაბარებით შემოსავალს მიიღებდნენ.

- ხალხის დარწმუნება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ეჭვით დაგვიწყეს ყურება - ესეც მორიგი დაპირება ხომ არ არისო. ათეული წლების მანძილზე ჩვენი მსხალი, ვაშლი, მანდარინი თუ სხვა ხილი უმთავრესად ხეზევე ლპებოდა, დამპალს კი ხევებში ყრიდნენ, პირუტყვს აჭმევდნენ.

არასტანდარტულ მანდარინს ვინ იყიდდა, როცა სტანდარტულის გაყიდვა ჭირდა. არადა, მურაბებისა და ჯემებისთვის არასტანდარული მანდარინი ძვირფასია, ოღონდ დაზიანებული არ იყოს, თუნდაც ერთი შავი წერტილიც რომ აჩნდეს, აღარ ივარგებს! შესაძლოა, ხალხს ამ პროდუქციაში ჯერჯერობით დიდი თანხა ვერ შევთავაზეთ (თანადაფინანსებით ერთ კილოგრამში 10 თეთრი საწარმომ გადაიხადა, 10 - სახელმწიფომ), მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პროდუქცია უნდა გადაყრილიყო და ამასთანავე, ეს იყო ჩვენი მუშაობის პირველი წლის ღირებულება, ცხადია, რომ გლეხობა გავახარეთ.

- მანდარინის მურაბა დელიკატესად ითვლება.

- მართლაც. ადგილობრივი მსხვილი მაღაზიების ქსელში ხომ იტაცებენ და ჩეხეთიდან ისეთი შეფასება მივიღეთ, რომ ვერც ქვეყანა და მეწარმე უკეთესს ვერ ინატრებს.
სხვათა შორის, ჩოხატაურისა და ქედის ხილის საწარმოების დამზადებულმა პროდუქციამ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ჩატარებულ აღმოსავლეთ ევროპის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენაში და იქაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
მანდარინის მურაბას კი ჩვენი არც სხვა მურაბები ჩამორჩება.

- ე. წ. "ფრანგულა" მსხალი გურიაში 70-იან წლებში შემოიტანეს უცხოეთიდან იმდროინდელი ხილის საწარმოებისთვის, თუმცა შემდეგ მასობრივად ჩეხდნენ, რადგან არავის არაფერში სჭირდებოდა.
- საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ხეებს ასე ადვილად ვერ იმე- ტებენ მოსაჭრელად და ამდენად, მსხლის ეს ჯიშიც, რომელიც მსხმოიარობით გამოირჩევა და სამურაბედაც საუკეთესოა, ჯერ კიდევ შემორჩა. მწიფდება ოქტომბერში და სწორედ ამ დროს ვკრეფთ. მისგან დამზადებული მურაბა თაფლივით გამჭვირვალე და უგემრიელესია. ვინც გაიგო, რომ ხილს ვიბარებთ, თავიანთი მოსავალი თვითონ ჩამოაქვთ, მაგრამ როცა ხალხს ტრანსპორტი არ გააჩნია, ან ოჯახში­ მხოლოდ­ მოხუცები არიან, ახალგაზრდებს­ ვგზავნით ხილის დასაკრეფად და ტრანსპორტსაც - სხვანაირად არ გამოვა, ადამიანს ასეთ დროს უნდა დაეხმარო.

- კიდევ რომელი ხილის მურაბებს ამზადებენ ეს საწარმოები?

- ვამზადებთ უგემრიელეს და სასარგებლო ჯემებსაც. ჩვენი მურაბები და ჯემები ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთაა - ვხარშავთ ჩვენი დედებისა და ბებიების რეცეპტებით და მათში ხილისა და შაქრის გარდა არანაირი მინარევი არ არის. წითელ ტყემალს, ადრე ხალხი ჭრიდა - ნეტავი რას მარგიაო, ახლა კი მის ნერგებს დაეძებენ - ქედის საწარმოს დამზადებულ წითელი და ყვითელი ტყემლის საწებლებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა რუსეთში და ასევე იქნება ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამ ზაფხულიდან ტყემლის საწებლის დამზადება ჩოხატაურშიც დაიწყება. ქედის საწარმომ მოცვის მურაბაც დაამზადა, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი და ეგზოტიკური გემოსია. თანაც ყველაფრისთვის სასარგებლო. მათ შორის მხედველობისთვისაც. გარდა ამ პროდუქციისა, ივნისიდან უკვე კომპოტების დამზადებას ვიწყებთ. პირველი იქნება მარწყვი და ალუბალი.

- მარწვი დასავლეთ საქართველოში ნაკლებად მოდის...

- მარწყვი კახეთიდან ჩამოგვაქვს, ალუბალი - ქართლიდან. შემდგომში ალბათ სხვა ხილიც დაემატება. დღეს ეს საწარმოები 15-მდე სახეობის ხილის მურაბას და ჯემს, საწებელსა და ფელამუშსაც კი ამზადებენ.

- ძალიან საინტერესოა ტყემლის საწებლის ამბავი... მის დამზადებაში ბადალი არ გვყავს; მაგრამ ისიც ისეთივე გემრიელია, როგორიც შინ დამზადებული?

- ისევე ნელდება ახალი, საღი და გემრიელი მწვანილით და წიწაკით, როგორც ჩვენს ოჯახებში. იმიტომაც არის ასეთი პოპულარული.

ეთერ ერაძე
გიჟუა
25 ივნისი 2016 10:57

გოჭი ტყმლით და ქათამი ყვლით.
მამუკა
12 ივნისი 2016 22:52
ძალიან კარგია. რა ვიცი ნაცებს და მათ აყოლილებს რომ ჰკითხო, არაფერი არ კეთდებაო.
ტოტო
10 ივნისი 2016 20:10
ძალიან მაგარია.

რედაქტორის რჩევით