ყვავილოვანი ბედნიერების ფორმულა
13-06-2016
ყვავილოვანი ბედნიერების ფორმულა
"აქ კლდოვანი მიწაა და ყველაფერი მინიატიურული იზრდება, ჯუჯებად იქცნენ, რადგან მიწა ცოტა აქვთ. ალუბალი 1 მეტრზე მეტი არ გაიზარდა"

"ვაზი ვერანდაზეა გასული, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. იოლი გასახარებელია, ფანჩატურებზეც ზემოდან გასაშვებად კარგია"


ცნობილი ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი მცენარეების დიდი მოყვარული აღმოჩნდა. მისი ოჯახი მთაწმინდაზე, საკუთარ სახლში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ქალბატონი ლუბა ავადმყოფობამ ცოტათი შეზღუდა, მაინც შეუპოვრად ზრუნავს არა მარტო გამოჯანმრთელებაზე, არამედ მცენარეებზეც...

ლუბა ელიაშვილი: - 16 წლის წინ, როცა
ჩემი ქალიშვილი დაიბადა და სახლი გავარემონტეთ, გადავწყვიტე, ფანჯრებქვეშ, ვერანდაზე, აივნის მოაჯირზე გეჯები გადამეკიდა და ყვავილები მომეყვანა. ეს იყო, მაგალითად, ბალბა, რომელიც კარგად ხარობს. მოვაშენე პეტუნიებიც. მათ თესლსაც ყოველ წელს ვაგროვებ და ისევ თავიდან ამომყავს.

ვარდები ჩემი ეზოს მშვენებაა, სხვადასხვა სახეობის მაქვს. ეზოში "დაუპატიჟებელი სტუმრებიც" მოდიან,
- ხან ყაყაჩო იშლება და ხან გვირილა, სეზონს გააჩნია, ამ მწვანე მოლზე თავს რომ ამოყოფენ, შეუდარებელი სილამაზეა.
ამას წინათ ჩვენი პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას "ფეისბუკის" გვერდზე ვნახე კარტოფილის ყვავილების ფოტოები და მომეწონა. თვითონაც მირჩია, კარტოფილი დამეთესა.

- ჩვეულებრივ კარტოფილზეა ლაპარაკი?

- კი, როცა ყვავილობს, ულამაზესია. ოღონდ სეზონურია.
ვარდებზე გამახსენდა: ამ სახლში რომ გადმოვედით, ვარდის ბუჩქი დაგვხვდა. როცა ჩემი მამამთილი, ბატონი თამაზი (პროფესიონალი ექიმი და შესანიშნავი ადამიანი) გარდაიცვალა, მისი გასვენების დღეს, ნოემბერში, მოულოდნელად, ეს ვარდის ბუჩქი გაიშალა. ყვავილები ძალიან მგრძნობიარეები არიან. ასე გამოეთხოვა ადამიანს, რომელმაც ეს სახლი იყიდა. მცენარემ კარგად რომ იყვავილოს, უნდა გადაჭრა. ეს არ გამომდის, ერთი კოკორიც თუ აქვს გამოტანილი, მენანება. გამოდის, ყვავილებს ვაუშნოებ, ბუჩქებად იზრდება და ფანჯარაზეც მიცოცავს. მოკლედ, ვაცდი, თვითონ გაიზარდოს, ფორმის მიცემა და გადაჭრა მენანება.

- ქოთნის მცენარეებზე რას გვეტყვით?

- ესენიც პრაქტიკულად ქოთნის მცენარეებია, რადგანაც გარეთ ქოთნებშია გადაკიდებული. თუმცა ოთახის მცენარეებიც უზომოდ მიყვარს. ბოლო დროს, რაც ავად გავხდი, ჩემი დის დიდი დახმარებით ავოკადო მოვაშენე. ამ მცენარეს გამორჩეულად დიდი კურკა აქვს, რომელსაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით და ვაგდებდით. გადავწყვიტეთ, გაგვეხარებინა, ჩავაგდეთ წყალში და დაფესვიანდა. თუ ესპანეთში ხარობს, საქართველოში რომ გაიხაროს, რატომ არ შეიძლება? ჰოდა, გაიხარა. თუმცა მგონია, რომ სუბტროპიკულ მხარეში, მაგალითად, აჭარაში, პირობები მისთვის უკეთესი ექნება. მთავარია, ვისაც ქოთანში აქვს ჩარგული, აივანზე ადრე არ გადგას, თორემ, შესაძლოა, ფესვები მოეყინოს და ფოთლებს ჩამოყრის. ერთხელ მეგობარს გავუნაწილე გახარებული ავოკადო და მასთან მოიწყინა, ის იყო, გული უნდა გამხეთქოდაო და, ახალი ღერო გამოუტანია.

- მოყვავილეები უფრო გიყვართ თუ მარადმწვანეები?

- ავოკადო მარადმწვანეა, თუმცა ფანჯრის გასალამაზებლად მოყვავილეები ჯობია. ისე, ეზოში ნაძვიც გვაქვს და ბუჩქოვანიც.
ნაძვიც აქ დაგვხვდა, როცა გადმოვედით. დაგვხვდა კლდის ვარდიც (კაქტუსივით ფოთლები აქვს), შესანიშნავად ხარობს და იოლად მრავლდება. აქ კლდოვანი მიწაა და ყველაფერი მინიატიურული იზრდება, ჯუჯებად იქცნენ, რადგან მიწა ცოტა აქვთ. მაგალითად, ალუბალი ამოვიდა და 1 მეტრზე მეტი არ გაიზარდა, მაგრამ რომ გადაირევა, ყვავილებს დაიყრის და მერე პატარა ალუბლებსაც დაისხამს, მისგან საოცრად არომატული კომპოტი გამოდის. ძალიან მიყვარს ჩემი ჯუჯა ბროწეულიც, პატარა, ლამაზ ყვავილებს იკეთებს და ციცქნა ბროწეულებს ისხამს. პატარა დარჩა ლეღვის ხეც...

- რა ვაზი გაქვთ ჩაყრილი?

- ვაზი ვერანდაზეა გასული, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. აქ ადესა დაგვხვდა, იოლი გასახარებელია, ფანჩატურებზეც ზემოდან გასაშვებად კარგია. ჩვენმა მეგობარმა თეთრი ყურძენი ჩამოგვიტანა, რომელმაც გაამართლა. მოაჯირს მოუყვება და ლამის სახლშიც შემოვიდეს.

მომწონს დეკორატიული სუროები და მაქვს კიდეც, სანთლისებურ სუროს რომ ეძახიან, ზამთარ-ზაფხულ არ იცვლება. სუროს სხვადასხვანაირი ბუჩქიც მოვიტანე. ცოტა იელს უჭირს, შვილმა დაბადების დღეზე, 21 აპრილს, მომართვა, მაგრამ მეორე დღეს ისეთი სეტყვა წამოვიდა, გახარებული ყვავილები სულ დააცალა. ახლა ერთი კვირტი გამოიღო და ვნახოთ. მჟავე ნიადაგი უყვარს, ჰოდა, ჩვენი ნაძვის წიწვები­ ნიადაგს მჟავიანობას მატებს. ამიტომ, წესით, კარგად­ უნდა იხაროს. ჩემი ოცნებაა ხვიარა გლიცინია, მოცისფრო­­­ ყვავილებით, საოცრად ლამაზია. გლიცინიები ადრე მქონდა, მაგრამ ორ წელიწადს გაძლო, თეთრად და ცისფრად ყვაოდა და მოულოდნელად ჟანგისფრად იქცა. ალბათ, იმის გამო, რომ დროზე არ გადავჭერი.

- გამოცდილი მეყვავილე ყოფილხართ.

- არა, ჩემი მებაღე-მეყვავილეობის საფუძველი ამ გამოთქმაშია: "გულმა ყველაფერი იცის", თუ რაიმე დამჭირდა, ვეძებ, ვკითხულობ და ვსწავლობ.

- ბატონი შალვა (ცნობილი ადვოკატი შალვა შავგულიძე) ამ პროცესში არ არის ჩართული?

- ამ საკითხებში არ ერევა. ჩემი მეყვავილეობისა და მისი სამონადირეო გატაცება პრობლემას მაშინ ქმნის, როცა მისი პოინტერი ყველა მცენარეს დაუვლის. მოკლედ, ჩემი და შალვას გატაცება ამ დროს ერთმანეთს ვერ ეგუება.
ამ მცენარეებს ჩემს გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ვფიქრობ იმ დღეზე, როცა მათ დაუხმარებლად მოვრწყავ. თავიდან უნდა ვისწავლო სიარული, წონასწორობის შენარჩუნებასა და განაწილებას ახლა თავიდან ვითვისებ. ღვთის მადლით, გონებაზე არაფერი დამშავებია. დილა ყვავილების მონახულებით იწყება. სანამ ავად გავხდებოდი, ჩემს ყვავილებს ველაპარაკებოდი, საუბარი ღობის გადაღმა მეზობელს ესმოდა, მაგრამ გულს ის მიკეთებდა, რომ ისიც მეყვავილეა და გამიგებდა.

- რას ურჩევთ მათ, ვისაც მცენარეების მოშენება სურთ?

- ანეკდოტი მახსენდება ძუნწ კაცზე, ამდენი ხანია ფულს ვაგროვებ შავი დღისთვის და რით ვერ დადგა ეგ შავი დღეო. როცა ყვავილი კვირტს გაჩუქებს, როცა გიყვარს მცენარე, ამ დროს ისეთივე ბედნიერი ხარ, როგორიც დიდი წარმატების მიღწევისას. როცა მათ რაღაც ემართებათ, ამასაც განიცდი. იმ სიხარულს არაფერი შეედრება, მცენარე შრომას რომ გიფასებს. თუ უდიერად არ მოექეცი, არ მიგატოვებს და არ გაგიხმება.
გამუდმებით ვფიქრობ, რა შევმატო ჩემს კოლექციას, რამდენიმე მცენარე უკვე შერჩეული მაქვს.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები