სიმინდის "ქურდები" - კვირის პალიტრა

სიმინდის "ქურდები"

სიმინდი არ არის ადგილობრივი, ქართული კულტურა, მაგრამ ის ჩვენმა ხალხმა ადვილად მიიღო და შეითვისა. მან შემოსვლისთანავე შეცვალა ღომი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოჰყავდათ. მჭადსაც თავიდან ღომისგან აცხობდნენ და მერე გადავიდნენ სიმინდზე. დღეს ის ერთ-ერთი ძირითადი მცენარეა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოსთვის. სიმინდს უამრავი დადებითი თვისება აქვს, მაღალია მისი კვებითი ღირებულებაც და ამიტომ სიმინდი ბევრ ოჯახს მოჰყავს. თუმცა ამ კულტურას უამრავი მტერი ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ, სიმინდის ნათესები მთლიანად მოსპონ. როგორ მოვერიოთ სიმინდის მავნებლებს? - ამ შეკითხვით მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს გელა ზენაიშვილს.

- მარცვლეულ კულტურებს შორის სიმინდი მთელ მსოფლიოში გავრცელებით მეორე ადგილზეა - როგორც დათესილი ფართობების, ასევე წარმოების მიხედვით. ცხადია, ხორბლის შემდეგ. ბევრმა არ იცის, რომ ის ჩვენს ქვეყანაში თურქეთიდან, კერძოდ, ძველი ლაზეთიდან შემოვიდა. დასავლეთ საქართველოში მოჰყავთ სიმინდის საუკეთესო ჯიშები: აჯამეთის თეთრი, აბაშური ყვითელი, გეგუთის ყვითელი და "ქართული კრუგი", რომელსაც საფურაჟე დანიშნულება აქვს. არის ასეთი ჯიშებიც - წეროვანი-1 და წეროვანი-2. დღეს დასავლეთ საქართველოში არსებული ფართობების 80% აჯამეთის თეთრსა და აბაშის ყვითელს უკავია. ამ ჯიშებისგან ძალიან გემრიელი მჭადი ცხვება. ჩვენთან, დასავლეთ საქართველოში ის მონოკულტურაა, რაც ნიშნავს, რომ ფართობების დიდი ნაწილი სიმინდით არის დაფარული.

- რომელი მავნებლები აზიანებენ სიმინდს?

- პირველ რიგში უნდა დასახელდეს სიმინდის ფარვანა, რომელსაც სიმინდის ღეროს ფარვანასაც ეძახიან. ის მაისის შუა რიცხვებში ჩნდება. გააჩნია, როდის არის სიმინდი დათესილი, მაგრამ თუ სიმინდი აგროტექნიკურად სწორ ვადებშია მოყვანილი, სწორედ ამ დროს ჩნდება. ხოლო თუ კლიმატურმა პირობებმა შეუწყო ხელი, სიმინდის ფარვანა ივლის-აგვისტოში და შესაძლოა, სექტემბერშიც კი გამოჩნდეს. მას შეუძლია მთლიანად გაანადგუროს სიმინდის მწვანე მასა. შედეგად, სიმინდის ტარო არ ყალიბდება, მომცროა და ნასვრეტები უჩნდება, ფარვანა ცდილობს, ტაროში ჩაძვრეს და სიმინდის ნაყოფი გააფუჭოს, შემდეგ კი თავისი კვერცხი დატოვოს ჩალაზე, ფოთოლზე, ღეროზე, ან თვით ტაროზე. ფარვანა იმითაც არის საშიში, რომ ერთ მატლს შეუძლია 2-3 თაობა მოგვცეს.

ფარვანა განსაკუთრებით აქტიურია, როცა დღისა და ღამის ტემპერატურა თითქმის ერთნაირია და ხშირი წვიმებიც არ არის. ღამით, როცა ტემპერატურა +20 გრადუსია, ფარვანას შეუძლია მოსავალი მთლიანად გაანადგუროს. დღისით იმალება, მაგრამ ღამით და დილით ადრე, ძალიან აქტიურდება. სიმინდის ფარვანა გადის კვერცხის, მატლის, ჭუპრისა და პეპლის ფაზებს. ყველაზე საშიში მატლობის პერიოდშია, ნათესებს ამ დროს ანადგურებს. როგორც აბრეშუმის ჭია იკვებება თუთის ფოთლებით, ასევე იკვებება ისიც სიმინდის ფოთლით. ფარვანას მატლი ფოთოლზე ადვილი შესამჩნევია, სიგრძით 1-2 სანტიმეტრია. ეს მავნებელი ბალახსაც უჩნდება, მაგრამ სიმინდისთვის იმდენად საზიანოა, რომ "სიმინდის ფარვანა" დაარქვეს. ფარვანა განსაკუთრებით საშიშია, როდესაც მასთან ერთად მეორე მავნებელიც "მუშაობს". ამ მავნებელს ხვატარი ჰქვია.

- ისიც ასევე საშიშია?

- დიახ, ხვატარს ისე აქვს მოწყობილი პირის ღრუ, რომ სიმინდის ღეროსაც ღრღნის, არათუ ფოთოლს. ის ფესვებშიც იმალება და ღეროს განადგურებაც შეუძლია. შეიძლება სიმინდი შუაზე გადატეხოს, ასეთი სახელიც იმიტომ ჰქვია. ხვატარი ხშირად უჩნდება სიმინდს ფარვანასთან ერთად. ორივე ერთდროულად ანადგურებს სიმინდის ყანას. ხვატარს და მის მატლებს ფრინველებიც კენკავენ, მაგრამ ეს ვერ ვნებს, რადგანაც მეტად სწრაფად მრავლდება: ერთმა მათგანმა შეიძლება 200 ათასამდე კვერცხი დადოს. ხვატარი სიმინდის ნათესებს ივნისსა და ივლისში უჩნდება. ამიტომ სასურველია და აგროტექნიკურადაც გამართლებულია სიმინდის აპრილში დათესვა, რადგან მავნებლებს უკვე მოძლიერებული მცენარე ხვდება. მისი ტაროც უკვე ძლიერია და მავნებლები ვეღარ ერევიან.

სიმინდის ნათესებს ვეგეტაციის პერიოდში ეს ორი მავნებელი ყველაზე დიდ ზიანს აყენებს, მაგრამ არის სხვა მავნებლებიც, კერძოდ, ბუგრები, ზოგიერთ ნაკვეთში შეიძლება გაჩნდეს მავთულა ჭიებიც, თრიფსი... თუმცა, მართალია, სიმინდს ყველა მათგანი აზიანებს, მაგრამ სიმინდის ფარვანასა და ხვატართან შედარებით ესენი სუსტი მავნებლებია.

- "მტრები", ალბათ, სიმინდის ტაროსა და მარცვალსაც ჰყავს...

- დიახ, სიმინდს მოსავლის აღების შემდეგაც აზიანებენ მავნებლები. გამოსაშრობად სიმინდს ნალიაში ინახავენ, რომელიც თაგვებისგან დასაცავად მაღალ ფეხებზე დგას და ისეა აშენებული, რომ მასში ჰაერმა იმოძრაოს. შენახულ სიმინდს ზამთარში შეიძლება გაუჩნდეს ბეღლის ცხვირგრძელა. საერთოდ, ის იანვრიდან მარტის ჩათვლით ჩნდება. ბეღლის ცხვირგრძელა საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული, უმეტესად, ბეღლებსა და საწყობებში. მავნებელი მონაცრისფრო-თეთრი ფერისაა, ფრთები სიფრიფანა და განუვითარებელია, რის გამოც ფრენა არ შეუძლია. ცხვირგრძელას მატლების განვითარება და კვება მარცვალში მიმდინარეობს, შედეგად, მარცვლისგან მხოლოდ კანი რჩება. ასე ზიანდება მთელი ტაროები. გარდა ამისა, მავნებლის დაზიანებულ მარცვლებზე ადვილად სახლდება სხვადასხვა ტკიპა, რომლებიც ასევე აზიანებენ.

სხვა მავნებელი უჩნდება უკვე დამარცვლილ სიმინდს, რომელსაც ჩვეულებრივ ცხვირგრძელას უწოდებენ. თუ სიმინდს მაისის ბოლოდან სპეციალურ, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში არ მოათავსებთ, ჩვეულებრივი ცხვირგრძელა მარცვლებს დასვრიტავს და სულ გააფუჭებს. ამიტომ, გურიაში, მაისის ბოლო რიცხვებიდან სიმინდს მინისა და პოლიეთილენის ჭურჭელშიც ინახავენ, ჩვეულებრივი ცხვირგრძელასგან დასაცავად. ის მაისის ბოლოს გამოდის და მთელ ზაფხულს "მუშაობს".

- ყველაზე "დიდი სახელი" ამერიკულ პეპელას აქვს...

- შეიძლება სიმინდს ამერიკული პეპელაც გაუჩნდეს, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში. ის სიმინდის ნათესებში იშვიათად ჩნდება, უფრო მეტად ხეებს აზიანებს. თანაც ამერიკული პეპელა უკვე ორი წელიწადია საქართველოში აღარ შეგვინიშნავს. 3-4 წლის წინ კი თითქმის ყველა სახეობის მცენარეზე ბუდობდა. სხვათა შორის, კალიასაც შეუძლია სიმინდის განადგურება, მაგრამ ეს მავნებელი ჩვენთან იშვიათად ჩნდება.

- როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ მავნებლებს?

- ყველა მავნებლის წინააღმდეგ უმოკლესი გზა სწორი აგროტექნიკური ზომების მიღებაა. ეს ნიშნავს, რომ დათესვამდე სიმინდის ყანა აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ნარჩენებისგან. ბევრი სიმინდს რომ მოჭრის, ღეროებს იქვე ტოვებს და მათში იმალება ფარვანა. ბოლო დროს გლეხებმა რატომღაც მიატოვეს ყანის გაწმენდა სიმინდის ნარჩენებისგან, რაც ყველაზე მეტად უწყობს ხელს სხვადასხვა მავნებლის მომრავლებას. როცა მავნებლებს ვეღარ ვერევით, მათ წინააღმდეგ ქიმიური საშუალებებიც უნდა გამოვიყენოთ. არის უამრავი წამალი, რომლითაც სიმინდი უნდა შეიწამლოს როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე სამკურნალოდაც. ეს წამლები სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში იყიდება, სადაც სრულ ინფორმაციასაც მიიღებთ.

დროულად და სწორად უნდა შესრულდეს ყველანაირი სამუშაო - მიწის დახვნა-დამუშავება, სასუქის შეტანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიწის სწორად დახვნა, რადგან ადრე გაზაფხულზე ნიადაგის დახვნის დროს მავნებლის კვერცხები ზედაპირზე ხვდებიან და დაბალ ტემპერატურაზე იღუპებიან. საბჭოთა პერიოდში, 1970-იან და 1980-იან წლებში კოლმეურნეობები თვითმფრინავებსაც ქირაობდნენ მავნებლებისგან დასაცავად ფართობების შესაწამლავად. დიდი მნიშვნელობა აქვს სიმინდის მარცვლის სწორად შენახვას. მარცვალი ისე უნდა გაშრეს, რომ მისი ტენიანობა 12-14%-ზე მეტი არ იყოს. მავნებლები, სოკოები და სხვა სახის დაავადებები სწორედ ტენიან გარემოში ჩნდება. სიმინდი კარგად უნდა გაიწმინდოს და გადაიფერთხოს, რათა მავნებლების გაჩენის რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ. არსებობს სპეციალური წამლებიც, რომლებიც მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას აადვილებს.

- როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც ბიომეურნეობა აქვს და თავის მიწაზე ქიმიური პრეპარატების გამოყენება არ უნდა?

- ბიომეურნეობა და ბიოპროდუქტების წარმოება არ ნიშნავს, რომ ფერმერმა ქიმიური საშუალებები საერთოდ არ უნდა გამოიყენოს. ზოგიერთ შემთხვევაში ევროკავშირსაც აქვს სტანდარტები, რომლითაც ქიმიური პრეპარატების გამოყენება დაშვებულია. ასეთი პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ, რადგან მავნებლების წყალობით სიმინდის ნათესები შეიძლება ერთიანად განადგურდეს და მთელი წლის შრომა წყალში ჩაიყაროს.

ხათუნა ჩიგოგიძე