"რაჭის მთებიდან ღვინო კანადაში რომ მოხვდება,­ ამაზე მეტი სიხარული იქნება?!" - "ხვანჭკარის" ზონის მიწებს ფასი დაედო - კვირის პალიტრა

"რაჭის მთებიდან ღვინო კანადაში რომ მოხვდება,­ ამაზე მეტი სიხარული იქნება?!" - "ხვანჭკარის" ზონის მიწებს ფასი დაედო

"ექსპერტები, რომლებმაც ევროპაში ყიფიანის "ხვანჭკარას" ოქროს მედალი მისცეს, მასბურგუნდიულ ღვინოს ადარებდნენ"

რაჭა უნიკალური ღირსებებისა და სილამაზის რეგიონია; თუმცაღა უპირველესი, რაც ქართველ კაცს ამ რეგიონის სახელის წარმოთქმისას გაახსენდება, უნიკალური ღვინო "ხვანჭკარაა". და არა მხოლოდ ქართველს, - ეს ღვინო ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გაიტანა ბელგიაში ადგილობრივმა მეწარმე-მემამულე ყიფიანმა და ოქროს მედალი მოიპოვა. ამიტომაც ღვინოს "ყიფიანის ღვინის" სახელი თითქმის საუკუნის ბოლომდე შერჩა. თუმცა ბაზარზე გასატანად სახელი "ხვანჭკარა" ბევრად მომგებიანი აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, ათეული წლებია "ხვანჭკარა", რომელიც ალექსანდროულისა და მუჯურეთული ჯიშის ვაზისგან იწურება, მხოლოდ რუსეთის ბაზარზე გადიოდა, მათ შორის, საქართველოსთვის მეტად მძიმე, 90-იან წლებშიც. სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ ის სოფლები (ხვანჭკარა, სადმელი, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო; დიდი ტოლა, პატარა ტოლა), სადაც "ხვანჭკარას" აყენებდნენ, ყველაზე ნაკლებად დაიცალა. დღეს "ხვანჭკარა" ევროპაში, კანადასა და ამერიკაშიც გამოჩნდა, პარალელურად, გაპარტახებულ ადგილებში სწრაფი ტემპით დაიწყო ახალი ვენახების გაშენება, რამაც ქარხნების ამუშავება მოითხოვა.

ამბროლაურის ღვინის ქარხანა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, იაფი სესხით ამუშავდა. დღეს აქ ჩამოსხმული ბოთლი "ხვანჭკარა" ადგილობრივ ბაზარზე 55 ლარამდე ღირს; უცხოეთში კი, 6-7-ჯერ მეტი. ტექნოლოგი ომარ ჭელიძე სახვანჭკარედ ვაზის გამრავლებაზე დიდ იმედებს ამყარებს.

- რადგან "ხვანჭკარისთვის" საჭირო ჯიშები ყველგან ვერ ხარობს, ხალხმა მისი გავრცელების ზონაში ქედებზე ბუჩქნარი ამოძირკვა და ახალშენები გააშენა. ეს ადვილი საქმე არ გეგონოთ. ვაზის გაშენებას დიდი შრომა სჭირდება, მით უფრო, რაჭაში, მთაგორიან ადგილებზე. ამას დავუმატოთ ტყისა და ძეძვნარის გაკაფვა და მივხვდებით, რამხელა იმედი აქვს ხალხს "ხვანჭკარის" ღვინის!

შარშან 1 კგ ყურძენში ხალხს 5 ლარი გადაუხადეს და ამით წაქეზებულებმა ვაზი ჩაყარეს. ახალშენისთვის ნამყენი რომ დავამზადოთ, სანამყენე ლერწი კახეთში უნდა გავგზავნოთ, რომ დაგვიმყნონ საძირეზე და ისე გამოგვიგზავნონ რაჭაში. ჩვენი "ხვანჭკარა" ცოტა, მაგრამ მაინც გავიდა ამერიკაში, გერმანიაში, კანადაში. რაჭის მთებიდან ღვინო კანადაში რომ მოხვდება, ამაზე მეტი სიხარული იქნება?! ერთხანს "ხვანჭკარის" გატანა იმდენად შემცირდა, რომ შეიძლება ადამიანს ეჭვიც გასჩენოდა, ამ საქმის წამოწყება არ ღირსო. ფალსიფიკატორები გვიშლიდნენ ხელს, ახლა კი, რაც ევროპული ბაზარი გაიხსნა, ვერაფერს გახდებიან - ღვინო წინასწარ შემოწმდება და ისე გავა ექსპორტზე.

- როგორც ცნობილია, "ხვანჭკარა" ორი ჯიშის ვაზისგან იწურება: ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან. ამ ჯიშებზეც გვიამბეთ. ბევრს ჰგონია, რომ "ხვანჭკარა" ვაზის ერთ-ერთ ჯიშს ჰქვია.

- ხვანჭკარა სოფელია და არა ჯიში. ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ დიდებულმა კაცმა, მეწარმე დიმიტრი ყიფიანმა, ამ სოფელში პირველი ღვინის ქარხანა გახსნა და რაჭული მუჯურეთულისა და ალექსანდროულის შერევით ისეთი საუცხოო ღვინო დააყენა, რომელმაც მაშინდელი ევროპული ღვინოები განზე გასწია და თანაც როდის! - როცა ევროპაში საოცარი ხელშეწყობა ჰქონდა ვაზს, ჩვენში მარტო ვაზის პატრონს თუ ახსოვდა თავისი ვენახი. რაც შეეხება ალექსანდროულსა და მუჯურეთულ, როცა მათ შერევაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ეს მკვეთრად განსხვავებული ჯიშებია. *ასე არ არის, ერთმანეთისგან მხოლოდ იმით განსხვადებიან, რომ ალექსანდროულთან შედარებით, მუჯურეთულს უფრო მოგრძო და ბოლოგანიერი მარცვალი აქვს. გემო და არომატი კი ორივეს ერთი აქვს.

ყიფიანმა ეს ღვინო ევროპას გააცნო, "ხვანჭკარის" "რეცეპტი" კი საუკუნეების განმავლობაში ჩვენმა გლეხობამ შექმნა.

ზოგიერთი რაჭველი ბოლო წლებში "ხვანჭკარაში" ცოტა ძველშავს, საფერავსაც და ოჯალეშს ურევდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ალექსანდროულისა და მუჯურეთულით დამზადებული "ხვანჭკარაა" საუკეთესო! ეს არის ნახევრად ტკბილი მოწითალო-მოშავო ღვინო, რომელსაც ის ექსპერტები, რომლებმაც ევროპაში ყიფიანის "ხვანჭკარას" ოქროს მედალი მისცეს, ბურგუნდიულ ღვინოს ადარებდნენ.

- რაჭა კახეთივით არც ისე ცხელია. როგორ ხდება, რომ "ხვანჭკარას" ისეთი მაღალი შაქრიანობა აქვს, რომ ნახევრად ტკბილი ღვინო დგება?

- ამ შაქრიანობამ გადაწყვიტა "ხვანჭკარის" ბედი და სახელი. მართალია, რაჭაში კახეთივით არ ცხელა, მაგრამ ჩვენი ყურძნის შაქრიანობა ხშირად 25%-მდე მაინც არის; ყოფილა შემთხვევები, 28%-ზეც ასულა. დღეს უკვე მშრალი და ნახევრად მშრალი "ხვანჭკარის" დამზადებაც შეიძლება, რასაც ამბროლაურის ქარხანაში კიდეც გეგმავენ. "ხვანჭკარისთვის", როცა ყურძენში შაქრიანობის დონე 23%-მდე ავა, მხოლოდ მაშინ უნდა დაიკრიფოს და დაიწუროს. ამასთან, ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა 12-13% უნდა იყოს. საუკუნეების განმავლობაში რაჭველი გლეხი ზუსტად ასეთი შემცველობით აყენებდა ამ ღვინოს ქვევრებში, - როცა მაჭარში ალკოჰოლი 15 გრადუსს გადააჭარბებდა, ღვინის დუღილი წყდებოდა და შაქარი ბუნებრივი სახით ინახებოდა. ამიტომაც დგებოდა "ხვანჭკარა" ნახევრად ტკბილი ღვინო და ეს დღესაც ასეა. ასე რომ, სხვა ქართული ღვინოების მსგავსად, "ხვანჭკარის" შექმნაშიც ისტორიული გამოცდილებაა შენახული.

- ახალშენების გამრავლებას, წესით, შემოსავლის გაზრდაც უნდა მოჰყვეს, მაგრამ ძალიან მწირია ის ტექნიკა, რომელიც მთაგორიან ფერდობებზე შეფენილ ზვრებს დაამუშავებს. ასეთი ადგილები ისევ ხელით შრომას მოითხოვს.

- ჩვენი ვენახები არ არის ადვილი დასამუშავებელი. შეწამვლაა თუ მიწის მოხვნა, ხელით შრომა სჭირდება. სეზონზე სარწყავი მანქანა ზურგზე 4-5-ჯერ მაინც უნდა მოიკიდო და პაპანაქებაში ამ ტვირთით იარო ვენახებში. რიგთაშორის დასახნავი მოტობლოკიც ხელით უნდა ატარო აღმართ-დაღმართ, მაგრამ მოტობლოკები ძვირი სიამოვნებაა და თითო-ოროლას აქვს. ამის გარდა ვაზს გაფურჩვნა, ახვევა და კიდევ უამრავი რამ სჭირდება. ახალშენის გაშენებას 11-12 ათასი ლარი მაინც უნდა და მხოლოდ მე-5 წელიწადს გაძლევს მოსავალს. ასე რომ, საქმე ნამდვილად არ არის საიოლო, მაგრამ ამას ვინ ჩივის - როცა გლეხს თავისი ნაშრომის იმედი აქვს, როცა იცის, რომ მეზობელი ახალშენს აშენებს და წასვლას არსად აპირებს. ამ ტენდენციამ "ხვანჭკარას" ზონის მიწებსაც ფასი დაადო. ასე რომ, მომავლის იმედით ვართ!

ეთერ ერაძე