"ექიმ" ნიორს კბილი არ გაესინჯებაო - კვირის პალიტრა

"ექიმ" ნიორს კბილი არ გაესინჯებაო

"ბიოლოგიური წამალი" - ასე უწოდებენ ნიორს, რომლის სარგებლიანობის შესახებ მრავალგზის თქმულა და დაწერილა. მასში შემავალი სასარგებლო კომპონენტები ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ის კარგი საშუალებაა გაცივებისა და სურდოს წინააღმდეგ. არის მიკრობების პირველი მტერი და ბაქტერიებს ანადგურებს. ნივრის საშუალებით სისხლში ქოლესტერინის დონეც მცირდება. ბევრი მეცნიერის აზრით, ნიორი კიბოს უჯრედებთან ბრძოლის კარგი საშუალებაც არის.

მართალია, საქართველო ნივრის ისეთი მწარმოებელი არ არის, როგორიც ესპანეთი ან ჩინეთი, სამაგიეროდ, აქ მაღალი ხარისხის გემრიელი ნიორი მოდის. როგორ უნდა მოვუაროთ ამ მცენარეს? - გვესაუბრება ფერმერი კახი ბიჭიკაშვილი.

- საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდის ჩინური ნიორი, რომელიც შხამქიმიკატებით არის გაჯერებული. სხვათა შორის, ჩინელებს ნიორი მიწაში კი არ მოჰყავთ, არამედ ბამბაზე. მინერალებს ამატებენ და ხელოვნურად ზრდიან, ჩვენთან კი ნივრის მოყვანა ყველას შეუძლია, რადგან ბევრი მოვლა არ სჭირდება.

- როგორ უნდა მომზადდეს ნიადაგი ნივრის მოსაყვანად?

- ნიადაგის მიმართ ნიორი მომთხოვნი და მგრძნობიარე მცენარეა, ამიტომ ნაკვეთში ორგანული სასუქების შეტანა აუცილებელია. კერძოდ, უნდა შევიტანოთ ბლომად გადამწვარი ნაკელი, თუმცა ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა. სასუქი ნორმის ფარგლებშია კარგი, ზედმეტს თუ დააყრი, მოსავალი არ ივარგებს. მე ქიმიური სასუქის გამოყენება არ მიმაჩნია სასურველად, ორგანული სასუქი გაცილებით უვნებელი და საიმედოა.

ნიორი შემოდგომაზე ირგვება, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში, ასევე, გაზაფხულზეც. უკეთესია ნიორი ზამთარში მიწაში იყოს და მოძლიერდეს, ამიტომ ჯობია, შემოდგომაზე დავთესოთ. მიწა იდეალურად უნდა იყოს მომზადებული. სასურველია ნიადაგი, სადაც ნიორს ვრგავთ, დასვენებული იყოს და საგანგებოდ განოყიერებული. როგორც წესი, ერთ ჰექტარზე 50-60 ტონა სასუქი შეაქვთ. საერთოდ, ნიორს სადაც დარგავ, იმ ადგილას ეს მცენარე მომდევნო 4-5 წელიწადს აღარ უნდა დარგო. ასევე არ შეიძლება იქ ხახვისა და კარტოფილის მოყვანა, რადგან ნივრის ნამყოფ ნიადაგში ვერ გაიხარებენ, თუმცა შეიძლება პომიდვრის, კომბოსტოს, წიწაკისა და მსგავსი კულტურების მოყვანა.

- როგორ ახარებენ ნიორს?

- ნივრის ბოლქვი რამდენიმე კბილისგან შედგება. დასარგავად უმჯობესია მსხვილი კბილების გამოყენება. მიწაში თითო კბილი ნიორი უნდა დავფლათ, ორმო 5-6 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა იყოს. დიდი ორმო არ არის აუცილებელი, რადგან ნიორი დაბლა წავა, ფესვს გაიდგამს და ვეღარ ამოიღებთ. კვალში დაშორება 5-8 სმ უნდა იყოს, ხოლო კვლებს შორის - 20-25 სმ. დათესილი ნიორი მთელი ზამთრის განმავლობაში ეგუება ნიადაგს და ადრე გაზაფხულზე ამოსვლას იწყებს. მარტში, როგორც კი დათბება, თავთავები უკვე წამოყოფას იწყებენ, ხოლო აპრილში ნიორი უკვე კარგად არის ამოსული. ამის შემდეგ უნდა გათოხნო, რომ სარეველები მოაცილო, მიწა გააფხვიერო. გათოხნის დროს ნიორს არ უნდა შეეხოთ, თორემ დალპება. ნიორს მორწყვაც სჭირდება, მაგრამ წლეულს ისეთი წვიმიანი გაზაფხული იყო, რომ აღარ დასჭირვებია. თუ გვალვა დაიჭირა, მაშინ ნივრის მორწყვა აუცილებელია.

- რა უნდა გაითვალისწინოს იმან, ვინც ნიორს გაზაფხულზე დარგავს?

- გაზაფხულზე ის ხალხი რგავს, ვისაც მცირე რაოდენობით მოყვანა სურს - თავისი ოჯახისთვის, მაგრამ უმეტესობა ნიორს მაინც შემოდგომაზე რგავს. ეს მცენარე შეიძლება თებერვლის ბოლოსაც დარგო და მარტშიც, გააჩნია, როგორი ამინდი იქნება. ცხადია, იგივე წესები უნდა დავიცვათ.

- როგორ უნდა დაიცვას ფერმერმა ნიორი მავნებლებისგან?

- მავნებლებისგან დაცვის ყველაზე საიმედო საშუალება მიწის კარგად დამუშავებაა, მავნებელ დაავადებებთან საბრძოლველად კი 4-წლიანი თესლბრუნვის დაცვაა აუცილებელი. არსებობს ასეთი მწერი - ხახვის ბუზი, რომელიც ნიორს ყველაზე მეტად აზიანებს. თუ მიწა დამუშავებული არ არის და თუ წინა წელს იქ მავნებლები ბუდობდნენ, მაშინ სპეციალური პრეპარატის - "რეგენტის" შეტანაა საჭირო და ყველა მავნებელი დაიხოცება. ასევე კარგი პრეპარატია B58, ნიორი ამ წამლით გაზავებულ წყალში უნდა ჩაალბოთ, გააშროთ და მიწაში ისე ჩარგოთ, მაგრამ ამდენ წვალებას ჯობია, მიწა იყოს კარგად დამუშავებული. თუ ნიადაგში ჭიებიც არის და სხვა მავნებლებიც, იქ ან ნიორს რა უნდა, ან სხვა კულტურას?

- როდის შემოდის ნივრის მოსავალი?

- ბარში, ჩვეულებრივ, ივნის-ივლისში შემოდის, მთაში კი უფრო გვიან. ჩვენთან, ქართლში, ივნისის ბოლოს ნიორი უკვე ამოსაღებია. ნიორი უნდა ამოვიღოთ მშრალ ამინდში, როცა მისი ფოჩები უკვე გამხმარია. ამ მცენარის განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 10-25 გრადუსია.

- როგორ შევინახოთ უკვე ამოღებული ნივრის ბოლქვები?

- ნიორს მიწიდან რომ ამოიღებთ, ფოჩიანად უნდა დაწნათ და მშრალ ადგილას ჩამოკიდოთ. ამას ჩვენში გალებს ეძახიან. ვისაც ეს კულტურა ბევრი მოჰყავს, ნივრის თავების შესანახი სპეციალური სამაცივრე დანადგარები აქვს, რაც ჩვენთან იშვიათობაა. ნივრის ბოლქვები ყველაზე უკეთ -5 გრადუს ტემპერატურაზე ინახება. ამ ტემპერატურაზე ნიორი არ იყინება, რადგან ყინვაგამძლეობით გამოირჩევა. საქართველოში ნიორს ყველა ოჯახში მოიხმარენ, ფასიც კარგი აქვს, ასე რომ, ფერმერს მისი მოყვანა ნამდვილად უღირს.

ენერგიის წყარო

ნიორი საუკეთესო საშუალებაა ენერგიისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაც. სპეციალისტები გვთავაზობენ რეცეპტს: აიღეთ 150 გრამი ნიორი, 225 გრამი ხახვი, 450 გ თაფლი და 900 გ ვაშლის ძმარი. ნიორი და ხახვი ათქვიფეთ ბლენდერში ან ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ ძმარი და რამდენიმე დღე ბნელ და თბილ ადგილას შეინახეთ. წამოადუღეთ თაფლი. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დაუმატეთ ნივრისა და ხახვის მასა, კარგად აურიეთ და კიდევ რამდენიმე დღე ბნელ და თბილ ადგილას გააჩერეთ, შემდეგ კი საცერში გაწურეთ. მიიღეთ 4 ჩ/კ დღეში ერთხელ, ჭამამდე. გამზადებული პროდუქტი მაცივარში შეინახეთ.

თუ გსურთ ფორმაში იყოთ

ნიორი კარგი საშუალებაა სისხლში თრომბების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად და ვენების გასამაგრებლად, ხოლო მიკროელემენტებისა და ვიტამინების მდიდარი შემადგენლობის წყალობით პოლივიტამინების საუკეთესო ბუნებრივი კომპლექსია. ამიტომ, თუ გსურთ ფორმაში იყოთ, ნიორი ხშირად უნდა მიირთვათ - გვირჩევენ სპეციალისტები.

ეფექტიანი საშუალებაა აზროვნების გააქტიურებისა და მეხსიერების გაუმჯობესებისთვის. ნიორი ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას. არის საუკეთესო ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ადამიანის ქსოვილებს ელასტიკურობას უნარჩუნებს.

ნიორი დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაშიც: ეს პროდუქტი წვავს შაქარს, ამცირებს ტკბილეულის ჭამის სურვილს, ახანგრძლივებს დანაყრების გრძნობას.

ნივრის მწნილი

მასალა: ნიორი სურვილისამებრ, მარილი და ხმელი კამა გემოვნებით.

მომზადება: მწნილისთვის საჭიროა ნიორი, რომელსაც გარეთა კანის ფურცლები ჯერ ისევ ნედლი აქვს, ხოლო მისი კბილები კარგად არის ჩამოყალიბებული. ნიორი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქილაში და დავასხათ წყალი. ეს წყალი მაშინვე გადმოვასხათ რამე ჭურჭელში, ჩავყაროთ 1 ჩ/კ მარილი, მოვურიოთ, რომ მარილი გაიხსნას და ისევ დავასხათ ნიორს. ქილა დავდგათ მზისგულზე და ერთი კვირა გავაჩეროთ. შემდეგ წყალი გადავღვაროთ და ნიორი კვლავ გავრეცხოთ: ქილიდან გადმოყრა არ არის საჭირო, ქილაშივე შეიძლება გაირეცხოს გამდინარე წყლით და ისევ დავასხათ ახალი მარილწყალი. დავდგათ მზისგულზე და გავაჩეროთ კიდევ ერთი კვირა. გავიმეოროთ იგივე მესამედაც. სამი კვირის შემდეგ ნიორს ისევ კარგად გავრეცხავთ, დავასხამთ წყალს იმავე მეთოდით და ჩავყრით 3 სუფრის კოვზ მარილს, თავზე დავადებთ ხმელი კამის პატარა ტოტს, დავაფარებთ სახურავს და შევინახავთ გრილ ადგილას.

ხათუნა ჩიგოგიძე