300 წლის მარანი სვეტიცხოველთან - კვირის პალიტრა

300 წლის მარანი სვეტიცხოველთან

"მსიამოვნებს, როცა სტუმრებს ღვინოს ჩემი დამზადებული ფიალებით ვთავაზობ..."

ქსნის ხეობიდან ჩამოტანილ დოქში 5-6 წლის წინ ყვითელგულა ჩიტმა, წიწკანამ დაიბუდა, ყოველ წელს აქ არის და ახლაც ბარტყები ჰყავს შიგნით. თან გალობს და გვატკბობს ჩვენც და ბარტყებსაც

მცხეთაში, სვეტიცხოვლის სიახლოვეს, სანამ ტაძრამდე მივიდოდი, ყველასგან გამორჩეული ეზო შევნიშნე, თიხის ძველი და ახალი ჭურჭლით სავსე. როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, პატრონს ეზოს დეკორატიული გაფორმება გადაეწყვიტა... რაკი დავინტერესდი, შიგნითაც შევედი და ხუთი შვილის მამის, მეღვინისა და მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევრის, გიორგი ბარისაშვილის კარ-მიდამო დავათვალიერე. მცხეთაში მოხვედრილი ვერც ერთი სტუმარი იქაურობას გვერდს ვერ აუვლის...

- მეტად უცხო კარი გაქვთ, სავიზიტო ბარათივით არის.

- ასეა. ვინ დათვლის, ამ კართან დღეში რამდენი ათეული ადამიანი იღებს ფოტოს, განსაკუთრებით - უცხოელი ტურისტები. ძვირიც დამიჯდა, მაგრამ მინდა, ქალაქი გავალამაზო. მასზე გამოსახულია დახუნძლული ვაზი, რომელიც სიცოცხლის ხედ არის მიჩნეული, ქვემოთ ქვევრი და ჩიტია გამოჭედილი, რომელიც ჩემს დოქში სახლობს...

- რას გულისხმობთ?

- დოქი, რომელიც შემოსასვლელში დგას, ქსნის ხეობიდან (დღეს ოკუპირებულია ის ადგილი) ჩამოვიტანე, ე.წ. ცხავათური კერამიკაა. 5-6 წლის წინ ყვითელგულა ჩიტი, წიწკანა მოფრინდა და შიგნით ჩაფრინდა. როგორც ჩანს, იქაურობა მოეწონა, კვერცხები დადო და გამოჩეკა. ერთი თაობა რომ გამოზარდა, მეორე წელსაც მოვიდა. მას მერე ყოველ წელს აქ არის და მაინცდამაინც ამ დოქში ჩადის. ახლაც ბარტყები ჰყავს შიგნით. მათთვის საკვები მოაქვს, ფიჩხი და ჩალაც მოიტანა და ბუდე გააკეთა, რომელსაც ყოველ წელს აახლებს.

- სახლს რესტავრაცია სახელმწიფომ ჩაუტარა?

- კი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი შეცდომაა დაშვებული. ოდითგანვე აქ მეთუნეობა არსებობდა, კერამიკა, მცხეთური კრამიტი და აგური განთქმული იყო, მაგრამ არავინ გაითვალისწინა. რაღაც არშემდგარი არქიტექტურაა. ამიტომ ვცდილობ, სახლი თვითონ გავალამაზო, კედელს სურო მივურგე და ზედ გავუშვი, ცოტა ხანში კედლებს მთლიანად დაფარავს და სიმწვანე აქაურობას სხვა იერს შესძენს.

რაც შეეხება კრამიტს, რითიც განახლებული მცხეთა გადაიხურა, არ არის მხოლოდ თიხა, იგი შეიცავს ცემენტს, საღებავსა და მინარევებს. თურქული კრამიტია.

- ეზო ისეთი გაქვთ, ყურადღებას მაშინვე იქცევს. თქვენი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ?

- XVIII საუკუნის სახლია... გადმოცემით, ჩვენი გვარი XI საუკუნიდან ცხოვრობს მცხეთაში, სვეტიცხოვლის აშენებას უკავშირდება და არაერთი ბარისაშვილია ტაძრის ტერიტორიასა და ტაძრის სტოაში დაკრძალული. ჩემი წინაპარი მცხეთურ კერამიკას ამზადებდა, ქალაქს სახელს უთქვამდა, პაპის (მამის მამა) ნამუშევრები დღემდეა შემორჩენილი და მეც გამიჩნდა სურვილი, მეთუნეობა შემესწავლა. თითქოს გამომივიდა კიდეც.

მეღვინე გახლავართ, მაგრამ ბავშვობიდან არქეოლოგობა მინდოდა. მცხეთაში მუდმივად მიმდინარეობდა გათხრები და სულ იქ ვიყავი, სიძველეებს დავყურებდი... ეზოში მაქვს XV საუკუნის ქვევრი, X საუკუნის მცხეთური ქვევრიც. ასევე მეგრული, გურული, კახური, იმერული, ლეჩხუმური, გორული ნამუშევრები. ვიცი, სადაც მზადდებოდა ისინი, იმ ადგილებში ხალხს ვიცნობ, დავდივარ და იმ სოფლებში ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს ვაკეთებ, ფოტოებს ვიღებ, სტატიებს ვწერ... ზოგი მჩუქნის ამ ნივთებს, ზოგს ვყიდულობ. არაერთი მუზეუმებსაც გადავეცი...

აქვეა თამარის პერიოდის დიდი ქვევრის ნატეხი. მეთუნე ქოთანს, დოქს, ქვევრს რომ აკეთებს, თავისი სულის ნაწილს დებს და ისიც ამ ნამუშევრებში ცოცხლობს. მსიამოვნებს, როცა სტუმრებს ღვინოს ჩემი დამზადებული ფიალებით ვთავაზობ...

- მეღვინე ხართ, მაგრამ ღვინოს არ აწარმოებთ.

- ჩემი ღვინო მხოლოდ სტუმრებისთვის არის განკუთვნილი და შემოსავლის წყარო არ გახლავთ. შეიძლება, პირიქით, გასავალიც კი იყოს, მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანას წაადგება - ჩვენზე კარგს რომ იტყვიან, შემოსავალიც ეს არის...

- სვეტიცხოვლის მინიატიურული ქანდაკებაც თქვენი შექმნილია?

- ქვა, რაზეც ეს ქანდაკება დგას, ჭიშურის ტყიდანაა (ქუთაისთან ახლოს) ჩამოტანილი. ძალიან მძიმე იყო, თუმცა, ლამაზია. მერე მამაჩემმა სვეტიცხოვლის პატარა ფიგურა შექმნა, რაც ქვებით, კენჭებით და ყვავილებით გააფორმა.

- კომპოზიციების ავტორი ვინ არის?

- მე გახლავართ. დამტვრეულ დოქებში მიწა ჩავყარე და მცენარეები ჩავრგე...

- ეზოში განცალკევებით 12 უზარმაზარი ქვევრია.

- ესენი იმერული ქვევრებია, თითოში ტონა ღვინო ჩადის. როცა საშუალება მექნება, მარნის აშენება მინდა. თორმეტი კი იმიტომ არის, რომ სვეტიცხოველსა და 12 მოციქულის სახელს უკავშირდება. ჩემი დარგული კაკალი უკვე 25 წლის არის, მას განსაკუთრებულად ვუვლიდი - წყალს და ნაკელს არ ვაკლებდი. ახლა ერთ-ერთი უდიდესი ხეა მცხეთაში, შესაძლოა, ყველაზე დიდიც იყოს. როცა დავრგე, ძალიან პატარა ნერგი იყო. მოძღვარმა მაჩუქა. ეს როდის გაიზრდება-მეთქი, შევიცხადე. დარგე და შენი შვილები მოესწრებიანო. შვილებიც მოესწრნენ და მეც. აი, ის კაკალი კი პირველი შვილის დაბადებისას დავრგე. შვიდი წლის არის და ხედავთ, რამხელაა?

აქვე მაქვს ძველი ვაზის ჯიშები. ეს ჯვარია, ჩემი საყვარელი ჯიში. მისი ფოთლები თითქოს ჩამოჰგავს კიდეც ჯვარს, საოცრად დანაკვთულია. ასეთი ფოთოლი სხვა ჯიშზე არ მინახავს. მაღალ მთასაც ეგუება და ხარისხიანი ღვინოც გამოდის.

- თქვენს XVIII საუკუნის მარანში გადავინაცვლოთ...

- მარანში კიბედ ძველი ქვა მაქვს გამოყენებული, რომელიც სახლის კედელში ვიპოვე. მარნის კარი ძველია, აქ ყველაფერი ისეა, როგორც საუკუნეების წინ, იატაკიც კი. მეუბნებიან, მეტლახი დააგეო, მაგრამ როგორ შეიძლება?! აბაზანა ხომ არ არის.

აქაურობას საკრალური მნიშვნელობაც აქვს. ისეთი ნივთებია თავმოყრილი, ექსპონატებს ვეძახი. III საუკუნის (ჩვ.წ.აღ-მდე) მცხეთური დოქით იწყება, არქეოლოგების აღმოჩენილია. ეს IV საუკუნის კახური ხელადაა, ქრისტიანული პერიოდის. საინტერესოა, რომ ეს ჭურჭელი იმავე ტექნოლოგიით მზადდებოდა და არაფერია შეცვლილი. შეხედეთ მეგრულ სამარნე ჩაფს, რა სილამაზეა. ჯვარია ზედ გამოყვანილი. მისი შემქმნელი მეთუნე ჯანაშია გახლავთ. სამარნე ჩაფებს შორის ერთ-ერთი უნიკალური ნამუშევარია.

- ჭერზე დაკიდებულ ნივთს რა დანიშნულება აქვს?

- საკვარეა, ოღონდ, სვანური. ზემო რაჭისა და სვანეთისთვის არის დამახასიათებელი. მასზე ყოველთვის სამი სიმბოლოა გამოსახული - ხარის თავები, ჯვრები და მზე. ამაზე ფიჭვის კვარები ეწყობა. ხის გულები, რომლებიც ფისითაა გაჟღენთილი, დიდხანს იწვის და სახლს ანათებს. აქვეა ბაგრატიონების გერბი, რომელიც ამ სახლში ვიპოვე. ეს სახლი ბაგრატიონებს არაფრით უკავშირდება, მაგრამ შესაძლოა, ბარისაშვილებსა და ბაგრატიონებს მეგობრობა, ან ნათელმირონობა ჰქონდათ, თან, ამხელა სახლს უპოვარი გლეხი ვერ წამოჭიმავდა. მოკლედ, ეს შენობა, რადგან XVIII საუკუნით თარიღდება და ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული, არ უნდა გადაკეთდეს. მიუხედავად ამისა, უდიერად მოექცნენ, უკნიდან რესტორნები და სამწვადეები მიაშენეს.

- რა საინტერესო ნივთია... ერთი შეხედვით აკვანია, მაგრამ სასმისი ყოფილა.

- ეს აკვანი მართლაც სასმისია, ნახევარ ლიტრამდე ჩადის... მოჭიქული კერამიკაა. რამდენიმე წლის წინ მცხეთაში ოჯახები დავიარე და ძველი საოჯახო სურათები შევაგროვე, რომლებიც ამ ქალაქის ისტორიას ასახავდა. ვაციფრულებდი, მერე წიგნად შევკარი და საკუთარი ხარჯით გამოვეცი.

მინდა, ქართველებს ვთხოვო, სიძველეებს გაუფრთხილდნენ და დააფასონ. ჩემი შემოსასვლელი კარის, ქვევრების, მარნის შემხედვარეს, ბევრს მოუნდა, ვენახს, მარანს მიხედოს, ქვევრები ჩაყაროს, რაც ძალიან მიხარია...

ლალი ფაცია