დღეს საქართველოში ნიადაგების თითქმის 30% ეროზირებულია
27-06-2016
დღეს საქართველოში ნიადაგების თითქმის 30% ეროზირებულია
"ქარსაცავი ზოლები გავჩეხეთ, წყალსაცავები დავაშრეთ, ტყეები გავკაფეთ. ბუნებას არ ვუფრთხილდებით!"

საქართველოს ბუნება განსაცვიფრებლად ლამაზი და მრავალფეროვანია. ეს მრავალფეროვნება ნიადაგსაც ეხება. სპეციალისტების თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ტიპის ნიადაგი გვხვდება, თუმცა მტაცებლურ დამოკიდებულებას ბუნება არ გვპატიობს. გვესაუბრება ნიადაგმცოდნე მაია მაძღარაშვილი.

- ტენიანობის გამო, დასავლეთ საქართველოში ძირითადად წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებია. ცნობილია, რომ ნიადაგში მენდელეევის პერიოდულ სისტემაში არსებული თითქმის ყველა ქიმიური ელემენტია. მაღალი ტენიანობის გამო ეს ელემენტები ნიადაგში ირეცხება და
სწორედ ჟანგვის პროცესი უწყობს ხელს ასეთი ფერის ნიადაგის ჩამოყალიბებას.

როცა ჟანგვის ხარისხი მაღალია, წითელმიწა ნიადაგი ყალიბდება, ხოლო თუ შედარებით მცირეა, ყვითელმიწა ნიადაგს ვიღებთ. აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, აფხაზეთში, ბარის ზონაში, ძირითადად, ყველგან წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებია. ამან განაპირობა, რომ სუბტროპიკული კულტურები, მაგალითად, ჩაი, დასავლეთ საქართველოში მოჰყავთ.
აღმოსავლეთ საქართველოში სხვაგვარი ნიადაგი და კლიმატური პირობებია.

- უნაყოფო მიწები დასავლეთ საქართველოში სად არის?

- იქ, სადაც მაღალია დაჭაობების ხარისხი. დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ინტენსიურ დამუშავებას. ნაყოფიერი ნიადაგი ყოველთვის მდიდარია წყლითა და ჰაერით. თუმცა ნიადაგის სტრუქტურა, შესაძლოა, დაირღვეს, თუნდაც ხშირი დამუშავების შედეგად, ამიტომ ზოგჯერ ნიადაგს დასვენება სჭირდება. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში გვხვდება ეწერი ნიადაგები, რომლებიც ნაკლებად ნაყოფიერია. ის ღარიბია ჰუმუსით ანუ ნეშომპალით, ნიადაგში კი რაც უფრო ნაკლებია ჰუმუსი, მით ნაკლებად ნაყოფიერია. სწორედ ამგვარი მიწების გამო გურიასა და იმერეთში არის სოფელი ეწერი. ეს სახელწოდება სწორედ აქედან მოდის. ეწერი ნიადაგები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან ზონას ახასიათებს. ასეთი მიწები სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის არ გამოდგება და ამ მიზნით არც იყენებენ. რაც უფრო ჭარბტენიანია რეგიონი, მით უფრო მეტია იქ ეწერი ნიადაგების რაოდენობა.

- ყველაზე ნაყოფიერი მიწები საქართველოს რომელ რეგიონშია?

- ნიადაგის ბევრი ტიპი არსებობს, მაგრამ ყველაზე ნაყოფიერი შავმიწა ნიადაგებია. მეცნიერები შავმიწა ნიადაგს "შავ ოქროსაც" უწოდებენ. ჩვენს სამშობლოშიც არის შავმიწა ნიადაგები, ოღონდ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში. არსებობს ბარის შავმიწა და მთის შავმიწა ნიადაგები. ბარის შავმიწა ნიადაგები ივრის ზეგნის ზედა ნაწილში, კახეთის ტერიტორიაზეა, განსაკუთრებით - დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც მიწა კუპრივით შავია.
ასეთ მიწებზე, ძირითადად, ხორბალი მოჰყავთ. მთის შავმიწა ნიადაგები ახალქალაქისა და წალკის პლატოებზე გვხვდება. ეს მიწები ყველაზე გამორჩეული და ნაყოფიერია.

- დედოფლისწყაროს რაიონს ხორბლის ბეღელსაც ეძახდნენ. ახლა რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ?

- ჩვენთან ერთ ჰექტარ მიწაზე დაახლოებით 20-21 ცენტნერი ხორბალი მოდის, არადა, შესაძლებელია 70 ცენტნერის მოყვანაც. რატომ ვერ მოჰყავთ ამდენი? საქმე ის არის, რომ ხორბალი სიმშრალის ამტანი მცენარე კი არის, მაგრამ პერიოდულად მორწყვა და დახმარება სჭირდება. დედოფლისწყაროს რაიონში სარწყავი არხები რომ იყოს, კარგი იქნებოდა, მაგრამ აღარ არის - 1990-იან წლებში ამოიღეს და ჯართში ჩააბარეს, ამიტომ დღეს იქ მოსავლიანობა დაბალია. დედოფლისწყაროს რაიონის გარდა, ბარის შავმიწა ნიადაგები გვხვდება სიღნაღსა და საგარეჯოში. შავმიწა ნიადაგების გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზონაში არის ყავისფერი, რუხი ყავისფერი და ღია ყავისფერი ნიადაგები.

- თბილისის მიდამოებში რა ტიპის ნიადაგია?

- თბილისის მიდამოებში, ძირითადად, ყავისფერი ნიადაგები გვხვდება; ასეთივე ნიადაგებია შიდა ქართლსა და ახალციხის ქვაბულში. ყავისფერი ნიადაგიც ნაყოფიერია. რუხი ნიადაგი კი უდაბნოსთვის არის დამახასიათებელი. საქართველოში უდაბნო არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ნახევარუდაბნო - ელდარის ველზე და გარდაბნის რაიონში. ელდარის ველზე ტიპური რუხი ნიადაგები გვხვდება. მართალია, უდაბნო დღეს არ გვაქვს, მაგრამ მომავალში რა იქნება, რას შეცვლის გლობალური დათბობა, ვერავინ იტყვის.

- რა იწვევს ეროზიას, რომელიც ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის დიდი პრობლემაა?

- ეროზიული პროცესები ჩვენს ქვეყანას მართლაც ახასიათებს, რადგან ფერდობის სამი გრადუსით დახრილობის შემთხვევაში უკვე ეროზია იწყება. არსებობს სამი სახის - ზედაპირული, სიღრმითი და ქარისმიერი ეროზია. დღეს საქართველოში ნიადაგების თითქმის 30% ეროზირებულია. ეროზია ყველგან არის, ის მარტო ქარის მოქმედებით არ წარმოიქმნება. ყველგან, სადაც ხეები ინტენსიურად გაჩეხეს, ნიადაგის ეროზია დაიწყო, რამაც მეწყერი გამოიწვია.
ზედაპირული ეროზია შეიძლება წარმოიშვას არასწორი მორწყვით, მასზე გავლენას ნალექების სიჭარბე და თოვლის დნობის ინტენსივობაც ახდენს. სიღრმითი ეროზია შეიძლება ტყის გაჩეხამაც გამოიწვიოს. გაკაფვის შედეგად ჩნდება ორმოები, ღარტაფები, რაც მერე სიღრმით ეროზიაში გადადის. ქარისმიერი ეროზიაც დიდი პრობლემაა. ქარმა შეიძლება მთლიანად აიტაცოს სახნავი ფენა ნათეს კულტურებთან ერთად. ამ დროს იკარგება ჰუმუსიც და მცენარის საკვები ელემენტებიც.

რაც შეეხება აღდგენას, ნიადაგის 1 სმ-იანი ფენის აღდგენას დაახლოებით 300-400 წელი სჭირდება! ის ძნელად აღდგენადი ბუნებრივი რესურსია და ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. ყველაზე ნაყოფიერად მიიჩნევა მიწის ზედაპირის 15-20-სანტიმეტრიანი ფენა. რაც უფრო სიღრმეში ჩავდივართ, ნაყოფიერებაც იკლებს. ისრაელმა, რომელიც თითქმის უდაბნოშია, ეს 15-სანტიმეტრიანი ფენა სხვადასხვა ქვეყნიდან იყიდა და თავის ნიადაგში შეიტანა. დღეს ეს ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო კულტურებით უზრუნველყოფილია და უცხოეთის ბაზარზე არც კი ყიდულობს, პირიქით, სხვებს ამარაგებს სოფლის მეურნეობის პროდუქტით.

- ცნობილია, რომ დიდ დიღომში იყო საუკეთესო მიწები, რომლებიც უკვე დაკარგულია. მათი გამოყენება არ შეიძლებოდა?

- დიახ, იქ საუკეთესო მიწები იყო და როცა განაშენიანება დაიწყეს, ის 15 სმ-იანი ფენა უნდა აეღოთ და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში გადაეტანათ. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასე ხდება: მშენებლობების დაწყებამდე ნაყოფიერ ფენას იღებენ და სოფლის მეურნეობისთვის ინახავენ. დიდი დიღმის ნიადაგი უნდა გამოეყენებინათ. სადაც ასფალტია დაგებული, ნიადაგი უკვე დაკარგულია.

- ქარსაცავ ზოლებს ნიადაგის დასაცავად ყველა ქვეყანაში იყენებენ. ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ ამას?

- სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდში ბევრ ადგილას გააკეთეს ქარსაცავი ზოლები. აღმოსავლეთ საქართველოში ამ მიზნით, ძირითადად, ალვის ხეებს რგავდნენ, ხოლო დასავლეთ საქართველოში - წიწვოვანს. ქარსაცავი ზოლის გაშენება არც ისე რთულია. ასეთი ზოლები ნიადაგსაც იცავს ქარისგან, მოსახლეობასაც და ლამაზიც არის. საქართველოში ძალიან ბევრი ქარსაცავი ზოლი იყო, მაგრამ 1990-იან წლებში ისინიც გაჩეხეს.

- ბოლო წლებში მეწყერმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა. როგორ შეიძლება ამ მოვლენის შეჩერება?

- ეროზია თუ ფერდობის სამი გრადუსით დახრილობის შემთხვევაში იწყება, მეწყერი 15 გრადუსით დახრილობისას იბადება. მეწყრის გამომწვევი ყველაზე დიდი საშიშროება ხეების გაჩეხაა, რადგან ნიადაგს ყველაზე კარგად ფესვები ამაგრებს. სადაც ხეები აღარ არის, იქ ყოველთვის მეწყერი წარმოიქმნება.
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ რაიონებში აღარ არიან სპეციალისტები, აგრონომები, ამიტომ ყველაფერი თვითნებურად კეთდება. ზოგჯერ გლეხს მატერიალური საშუალება არა აქვს და სპეციალისტს არაფერს ეკითხება. მიწის დამუშავებას, სასუქის შეტანას, ან მცენარის შეწამვლას ცოდნა უნდა. ერთი შეხედვით, ადვილია მორწყვა, მაგრამ ამასაც ცოდნა სჭირდება. ნიადაგის სისტემატურად არასწორმა მორწყვამ შესაძლოა მისი მეორადი დამლაშება გამოიწვიოს. ეს კი დიდი პრობლემაა.

- როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება?

- საჭიროა ტყისა და ქარსაცავი ზოლების გაშენება. სარწყავი არხები, წყალსაცავები, რომლებიც უკვე აღარ არსებობს, საუკეთესო "წამალია" ნიადაგის სტრუქტურის დასაცავად. ჩვენთან კი რა ხდება? ქარსაცავი ზოლები გავჩეხეთ, წყალსაცავები დავაშრეთ, ტყეები გავკაფეთ. ბუნებას არ ვუფრთხილდებით. მინახავს სარწყავი არხი, სადაც ხრეშია ჩაყრილი, რომ მანქანებმა თავისუფლად იარონ...

ხათუნა ჩიგოგიძე
ლევან
06 ივლისი 2016 17:00
საუბედუროდ ამ პრობლემას მხოლოდ მაშინ მიაქცევენ ყურადღებას როცა მადაგასკარივით ან ჰაიტივით უშანსოდ ვიქნებით.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები