გორულ-ამერიკულ მაყვალსა და ჟოლოს ევროპის ბაზარზეც ელიან - კვირის პალიტრა

გორულ-ამერიკულ მაყვალსა და ჟოლოს ევროპის ბაზარზეც ელიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში მაყვლის, ჟოლოსა და მარწყვის შეუდარებელი ბაღები შეგვხვდა. აგრონომი გიორგი კიკნაძე გვიყვება, რომ პროექტს ერთი წლის განმავლობაში USAID-ი აფინანსებდა. კონტრაქტის პირობით, გამოყვანილი ნერგები თუ მიღებული მოსავალი დამფინანსებელს ეკუთვნოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი მართვა მთლიანად პროექტის ავტორს გადაეცა. "კვირის პალიტრა" გიორგი კიკნაძეს ესაუბრა.

- მაყვლისა და ჟოლოს რამდენიმე ამერიკული ჯიში გვაქვს. მაყვლის ორი - ჩესტერი და ტრიპკოუ, ხოლო ჟოლოსი - ჟოზეფინა, ნოვა, კაროლინა და ჟაკლინი. მათი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ყველა ჯიში უნაკლო ნაყოფს გვაძლევს.

ჩვენ ნერგებიც გამოგვყავს. ჟოლოს ნერგების დაწიდვნა აგვისტოშია შესაძლებელი, შემდეგ ის მიწაში ფესვს იდგამს. ჟოლოც და მაყვალიც ადვილად მოსავლელია, არ სჭირდება სპეციალური ხსნარებით შეწამვლა და დამუშავება. გაზაფხულიდან აგვისტოს ბოლომდე მხოლოდ ვმარგვლავთ და ვასუფთავებთ.

- როგორ ნაყოფს იღებთ? ბიოდანამატები სჭირდება?

- ამ ჯიშებს კარგი ნაყოფი აქვს. თავდაპირველად ახალი ნერგის ნაყოფს სიმჟავე დაჰკრავდა, მერე, როცა ნერგები მოძლიერდა, ნაყოფიც უფრო დატკბა. შხამქიმიკატებს არ ვიყენებთ. გასხვლის შემდეგ იწყება მისი გაბმა, რათა მცენარეს ფორმა მიეცეს. მავნებლები არ აწუხებს და ნაყოფი ისეთ პერიოდში მოდის, რომ სეტყვაც არ აზიანებს.

შარშან დაახლოებით 15 ტონა ამერიკული ჯიშის მაყვალი მოვიყვანეთ. ჟოლოც, რომელიც 1,02 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული, 15-დან 20 ტონამდე ნაყოფს გვაძლევს.

- თქვენს პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია?

- ჩვენი მოსავლით ევროპის ბაზარია დაინტერესებული. თუმცა პრობლემაც გვაქვს. ჩვენთვის მიუწვდომელია სპეციალური სამაცივრე დანადგარები, სადაც ნაყოფის შენახვას შევძლებთ. ეს დანადგარები რომ გვქონდეს, ევროპელი ბიზნესმენებისთვისაც უფრო სტაბილური პარტნიორები ვიქნებოდით. ევროპულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია 5-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოში. ისინი სტაბილურ პარტნიორს ითხოვენ. 100 ტონამდე მარაგი მაინც უნდა გვქონდეს, რათა მათთან პარტნიორობა შევძლოთ. დღეს 10 ადგილობრივი მცხოვრები გვყავს დასაქმებული. მოსავლის აღება ყოველდღე 06:00 საათიდან იწყება და ორ საათში დაახლოებით 200-300 კილო ნაყოფს ვკრეფთ.

ჩვენი ეს საქმიანობა საქართველოს სხვა კუთხეებშიც უნდა გავრცელდეს, რადგან მაყვალი და ჟოლო თითქმის ყველგან ხარობს და მათი მოვლაც ადვილია.

ეკა გადახაბაძე