კავკასიური წაბლას დასაბრუნებლად!
27-06-2016
კავკასიური წაბლას დასაბრუნებლად!
"გვყავს ოჯახები, სადაც ერთი ძროხა დღეში 35 ლიტრ რძეს იძლევა"

"შვიცის ძროხას, რომელიც დღეში 35 ლიტრს იწველის, დღეში 25 კგ საკვები სჭირდება. საჭიროა დიდი რაოდენობით თივა და ბალახიც, რომლის ფასი იმის მეათედიც არ არის, რა მოგებასაც ეს პირუტყვი გვაძლევს. ამასთანავე, დასრულებულ ასაკში და კარგი კვებისას ეს პირუტყვი დღეში 50 ლიტრსაც იწველის"


ცნობილია, რომ პირუტყვის დაკნინება, სხვა გარემო პირობებთან ერთად, შიდა, ანუ ნათესაურმა შეჯვარებამაც გამოიწვია. დღეს ჩვენში პირუტყვის ჯიშების გამოყვანა უკვე
დაწყებულია და ხშირად ის ადგილობრივი ვეტექიმების შრომასა და შემართებაზეა დამოკიდებული. ოზურგეთში საქონლისა და ღორის ჯიშების გამოყვანა თამაზ კილაძემ 2010 წლიდან დაიწყო
და უნიკალურ შედეგს მიაღწია - მისი გამრავლებული ძროხის ჯიშები ოზურგეთში 35 ლიტრ რძეს იწველიან!

- ბატონო გურამ, ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, ინგლისური ჯერსის, შვეიცარიული­ შვიცისა და ჰოლანდიური ჯიშის პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებით მოშენება­ დაიწყო, რაზეც "კავკასიის გენეტიკის" ფონდი ზრუნავს. თქვენ როდის გადაწყვიტეთ გურიაში ამ საქმის დაწყება?
- 2010 წლიდან პირადად ჩავედი ტიბაანში ჩემს მეგობრებთან, სადაც კავკასიის გენეტიკის ფონდი და ნაყოფიერი პირუტყვის სათესლე მასალა წამოვიღე გურიაში. ასე მომაქვს დღემდე, რადგან კარგი შედეგი დავინახე და ეს მიხარია. ამ საქმემ ხალხს ბარაქა მოუტანა. გვყავს ოჯახები, სადაც ერთი ძროხა დღეში 35 ლიტრ რძეს იძლევა.

სოფელ მაკვანეთში თემურ საჯაიასა და ოზურგეთში, მერაბ გორგასლიძის ძროხები სწორედ ამდენს იწველიან. ერთი დღის ძროხის ნაწველიდან დაახლოებით 5 კილოგრამამდე ყველი გამოდის.

თუ თვეზე ვიანგარიშებთ, ერთი ძროხის ნაწველით დაახლოებით 150 კილოგრამი ყველი მიიღება. რეგიონებში ზაფხულში 1 კილოგრამი ყველი დაახლოებით 6 ლარი ღირს. ეს თვეში დაახლოებით 900 ლარია.

- გააჩნია ყველი რა ეღირება; გააჩნია რძის ცხიმიანობასაც. თუ ცხიმიანობა­ მეტია, იმ ჯიშის პირუტყვის მხოლოდ 4 ლიტრი რძეა საჭირო, რომ კილოგრამი ყველი ამოიყვანო. თუ ცხიმიანობა ნაკლებია - ასეთია, მაგალითად, შვიცის ჯიშის ძროხა - ერთი კილოგრამი ყველის ამოსაყვანად 6 ლიტრამდე რძეა საჭირო. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ჯიშის პირუტყვს დიდი რაოდენობით საკვები სჭირდება.
- ძროხას, რომელიც დღეში 35 ლიტრს იწველის, დღეში 25 კგ საკვები სჭირდება, მაგრამ ეს მხოლოდ კომბინირებული საკვები როდია. საჭიროა დიდი რაოდენობით თივა და ბალახიც, რომლის ფასი იმის მეათედიც არ არის, რა მოგებასაც ეს პირუტყვი გვაძლევს. ამასთანავე, დასრულებულ ასაკში და კარგი კვებისას ეს პირუტყვი დღეში 50 ლიტრსაც იწველის, ჩვენი ადგილობრივი პირუტყვი კი ხშირად 8 ლიტრამდეც ვერ ადის! ამას დავამატოთ მეხორცულობაც! ჯერსი სარძევე ჯიშია, მაგრამ მისი ყველაზე პატარა ტანის ფურის წონაც კი 360-450 კილოგრამია, კუროებისა - 650-850 კილოგრამი. ერთი წლისა შეიძლება დამაკდეს კიდეც. შვიცის წონა კი 100-150 კილოგრამით მეტია.

- მსოფლიოში უკეთესი მეხორცული ჯიშებიც არსებობს. მათ რატომ არ აშენებენ ჩვენთან?

- ჩვენი პირობების გამო. მაგალითად, ჰოლანდია პატარა ქვეყანაა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის საძოვრები აქვს, ჩვენ კი ასეთი საძოვრები არ გვაქვს. სხვათა შორის, შვიცის ჯიში, რომელიც ერთ- ერთი უძველესი კომბინირებული ჯიშია მსოფლიოში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დმანისშიც ჰყავდათ იქ ჩასახლებულ გერმანელებს. 1863 წელს გერმანელმა მემამულე კუჩენბახმა დმანისში მიწა შეიძინა და იქ მოაწყო ფერმა შვეიცარიიდან ჩამოყვანილი შვიცის ჯიშის 13 დეკეულისა და სამი კუროსთვის, მაგრამ საქონელი დაავადდა. ამის შემდეგ მემამულემ ადგილობრივი ჯიშის პირუტყვთან შეჯვარება დაიწყო და შესანიშნავი შედეგი მიიღო - გაჩნდა კავკასიური წაბლა, რომლის წველადობა დროთა განმავლობაში 3 000 ლიტრამდე ავიდა წელიწადში.
მერე ეს ჯიში აზერბაიჯანსა და სომხეთშიც გავრცელდა, თუმცაღა, ჩვენს წაბლას მაინც ჰქონდა განსაკუთრებული თვისებები. თან სწრაფად იზრდება - 13 თვისა 500 კილოგრამამდე იწონის. მისი ხორცი კარგი გემოთიც გამოირჩევა. ასე რომ, საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ეს ჯიში ჩვენი პირუტყვის გენეტიკური ფონდის საუკეთესო, ორგანული ნაწილი გახდა, თუმცაღა, სამწუხაროდ, ბოლო ათეულ წლებში ეს ჯიშიც სხვა ჯიშების მსგავსად დაკნინდა. სუფთა კავკასიურ წაბლას დღეს იშვიათად თუ შეხვდება ვინმე.

- მაგრამ თუ თქვენ გაქვთ შვიცის სათესლე მასალა, ხომ შეიძლება ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარებით კავკასიური წაბლა ააღორძინოთ.

- სწორედ მაგას ვცდილობ. სამწუხაროდ, მე მხოლოდ ზოოტექნიკოსი ვარ და სრული დატვირთვით ვერ ვასრულებ სელექციონერის საქმეს. მართალია, უკვე რამდენიმე ათეული შეჯვარებული პირუტყვი გამოვიყენე, მაგრამ სელექციას ზუსტი დაკვირვება სჭირდება - შვეიცარიული და ადგილობრივი ჯიშების შეჯვარებით ყოველთვის როდი გამოდის კავკასიური წაბლა. უმეტესად უცხოური სათესლე მასალა გადასძალავს ხოლმე და შვიცის ჯიშის ძროხები იბადებიან. თუ მაინც დაიბადა წაბლა, მეტწილად ფურია, რომლის საშუალებით კავკასიური წაბლა ვერ გამრავლდება. ასე რომ, სუფთა კავკასიური წაბლას აღორძინება ჩემთვისაც ეროვნული საქმეა.

ეთერ ერაძე
Tekla
11 ივლისი 2016 11:56
ქართველებმა დროის მოთხოვნაზე სწორება ვერ ვისწავლეთ.ავიღოთ კახეთი,ხალხი შრომობს ენერგიას ხარჯავს,მოყავს ატამი,ყურძენი.ერთი მალფუჭებადია,მეორეს სათანადო ინვენტარი და მოვლა სჭირდება,მერე გაყიდვის პრობლემა,კიდევ.და ყოველთვის უკმაყოფილების მიზეზი ხდება.რადგან იმასაც ვერ ინაზღაურებენ რაც დახარჯეს.კარგი იქნება მოსახლეობის ტრენინგ ცენტრები დაარსდეს,რომლებიც გააცნობენ სხვადასხვა დარგების განვითარებით მიღებულ სიკეთეებს და დააინტერესებენ უფრო მომგებიან საქმეში ჩადონ თავიანთი ფინანსები და ენერგია,გლეხმაც ამოისუნთქოს და ქალაქიც განიტვირთება ლუკმა პურის საშოვნელად მიგრირებული მოსახლეობისგან.
11 ივლისი 2016 09:21
Gisurvebt carmatebas didebulia

რედაქტორის რჩევით