ჯაჯო ბედნიერების ბაღში კიტრის ხეივანს აშენებს - კვირის პალიტრა

ჯაჯო ბედნიერების ბაღში კიტრის ხეივანს აშენებს

"ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იტყვის, ჯაჯანიძე სოფლელია და სოფლელად დარჩა, წავიდეს სოფელში და იქ დაბაროსო. რაც უნდა თქვან, ამ ქალაქში დავრჩები და კიტრს და პომიდორს მოვიყვან"

"ესენი ყველანი ადამიანები არიან, ვეფერები და ვესაუბრები"

კრწანისის რაიონში, ერთ-ერთ კერძო სახლში, 28 მარტს, საკუთარ დაბადების დღეს, პირველად გაათენა ღამე. როგორც ამბობს, ეს სახლი მეგობრებმა აჩუქეს... აქვს ეზო და იქ დასახლების პირველივე დღიდან, ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ ბაღ-ბოსტნის გაშენება დაიწყო. შრომა დაუფასდა - სამ თვეში უკვე მშვენიერი ბოსტანი აქვს. ეზოში ხეხილი და უმშვენიერესი ყვავილებიც ხარობს. მასპინძელი იქაურობას გვათვალიერებინებს და გულდაგულ გვიხსნის თავისი ბაღ-ბოსტნის გაშენების პრინციპს.

- ეზოს ამ ნაწილში დეკორატიული მცენარეებია, მაგრამ კიტრი ყველგან ჩავრგე, მინდა, ყველგან მისი ხეივანი მქონდეს, ლამაზად რომ იქნება კიტრები დაკიდებული... იმდენად დამენანა სააღდგომო ჯეჯილის გადაგდება, რომ თავის ბამბიანად მიწაში ჩავრგე. უკვე პაწია თავთავსაც იკეთებს. ეს სარეველა მცენარე ძალიან ლამაზია. ზოგიერთი სურნელოვანიც არის. სხვათა შორის, სარეველა ბალახებს ადამიანებსაც ადარებენ და როგორც ნებისმიერი ადამიანის არსებობაა საჭირო და გამართლებული, ასევე სარეველასიც. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ სარეველა სანამ არ წამოიზრდება, არ უნდა ამოთხარო, მისი ფესვები მიწას ანოყიერებს...

ამ სახლში გადმოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, ბოსტნეული აღარ ვიყიდო. წლეულს საკუთარი მოსავლით უნდა ვირჩინო თავი. საერთოდ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვეტანები, ამიტომ ხელოვნურ სასუქს ჩემს ბაღში არ გავაჭაჭანებ.

- ეს ლამაზი პეტუნიები სად შეიძინეთ?

- ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ნაჩუქარია. ერთმანეთისგან განსხვავებულია. გავთამამდები და ვიტყვი, რომ ესენი ყველანი ადამიანები არიან. აივნიდან რომ ვუყურებ, ვეფერები და ვესაუბრები. ვარდებიც მაჩუქეს. ყველა ყვავილი ნაჩუქარია. აქ რომ გადმოვედი, მეგობრები საჩუქრებით მოდიოდნენ... "ნაპოლეონის ქუდი" კი 15 წელია, მაქვს, შინ ქოთანში ვახარებდი, მერე ერთ-ერთ ქვეყანაში გაზონებში ვნახე. ავდექი და მეც გარეთ გამოვიტანე, მშვენივრად გაიხარა.

- კარგი ხელი გქონიათ, ყველაფერს ახარებთ...

- ასე გამოვიდა. ერთ-ერთი რესტორნის ეზოში გამხმარი ბამბუკები ვნახე, წამოვიღე და გამოვაცოცხლე. ერთხელ მაღალი ყვავილი მქონდა, მის გასამაგრებლად ქუჩაში წკნელი ვიპოვე, თავები გადავატეხე და იმ მაღალ ყვავილს მივუსვი. არ დაიჯერებ, წკნელმა კვირტები გამოიღო... ვცდილობ, ერთწლიანი ყვავილები ისე გავახარო, რომ მრავალწლიანი გავხადო... ერთი ბეწო იყო ბზა და თვალსა და ხელს შუა გაიზარდა.

- ნიადაგს რით ანოყიერებთ?

- ხრიოკი მიწა იყო და ახალი მიწა შემოვიტანე, შემოდგომით კიდევ შემოვიტან, სოფლიდან ნაკელი უნდა მოვიტანო... ხედავ ულამაზეს გეორგინას? იშვიათი ჯიშია, დეიდაჩემმა გამომიგზავნა ჭორვილიდან. აი, როგორ გავახარე.

- ბოსტანში გოგრაც დაგითესავთ...

- და უკვე ლამაზიც არის, ესეც ტალავერზე უნდა ავიყვანო. შეხედე პრასს, რამდენია. რომ მოძლიერდება, სათითაოდ ამოვიღებ და გადავრგავ... წიწმატმა არ გაამართლა, არასწორ ადგილას დავთესე. ამიერიდან მეცოდინება, სად გავუშვა...

ბევრი ქალაქელი ამბობს, რომ სურს ჰქოდეს ბაღი, მცენარეებს მოუაროს და ბოსტანი გააშენოს. მე ვიცი ბაღის გემო და რაც ასაკში შევედი, უფრო მეტად გამიჩნდა მიწაზე მუშაობის სურვილი. ის კი არა, პეკინზე რომ ვცხოვრობდი, აივანზე უზარმაზარ, 50-კილოგრამიან ქოთანში მწვანილი მომყავდა, ერთხელ 3 კილო კარტოფილი ამოვიღე... ღმერთო, როგორ გადმოვცე ის ემოცია, მიწიდან რომ მცენარე ამოდის, იშლება, ფერითა და სურნელით გაოცებს.

- ნელ-ნელა სიმინდისა და მზესუმზირისკენ გადავინაცვლოთ...

- ჰო, სიმინდი რატომღაც ორი ძირი ამოვიდა, არადა, ბევრი დავთესე. აქვე კარტოფილი ამოდის, დაფნაც მაქვს - ეზოში აუცილებლად დაფნა და ლიმონი უნდა მქონდეს.

- ლიმონი უძლებს ყინვას?

- შევფუთავ, უკვე მომზადებული მაქვს შესაფუთი მასალა. რაც შეეხება მზესუმზირას, ადამიანი ბაღში რომ შემოვა, ამათ შეხედავს, სახე გაუნათდება. ბევრის მომყვანი და დამკრეფი არ ვარ, მაგრამ ეს მზესუმზირები მხოლოდ ადამიანების გულის გასახარად არის. მზე რომ მიადგება და გაიშლება, უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორი იქნება... მარწყვიც მაქვს. არადა, აქაურობა მოტიტვლებული ადგილი იყო, მხოლოდ კაკლის ხე და კარალიოკი იდგა. რასაც ხედავ, გაზაფხულიდან მოყოლებული გაკეთდა.

პიტნა მთიანი აჭარიდან წამოვიღე. არ დამეზარა და 4 დღეს პარკში შენახულს წყალს ვასხამდი. გაიხარა. იმერული პიტნაც აქვეა. პომიდორი მალე დაისხამს, სალათის გარეშე ბოსტანი როგორ იქნება? ზაფრანას იმერეთში პარკის ლობიოში ვუმატებთ, უგემრიელესია. რეჰანი მაქვს კიდევ. სხვათა შორის, სახის კანს დაბერებისა და ნაოჭებისგან იცავს, ამიტომ, მიირთვით რეჰანი! სტაფილოც დავთესე. ხახვის კარგი მოსავალი მექნება, კიტრმა კი მართლა გამაკვირვა, ფოთლებში ჩამალული ისე გაიზარდა, ვერც კი შევნიშნე. პირველი მოსავალი რომ დავინახე, სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი. მისი შეჭმა მენანებოდა...

გაისად კიტრის რიგს გადავიტან და კიტრითვე უნდა გადავხურო, ხეივანი გავაკეთო და შიგნით შეზლონგი ჩავდგა... მოკლედ, ასეთია ჩემი ბედნიერების ბაღი. ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა - ყველაფერი მაქვს.

- იმერეთიდან რა მოგყვებათ ამ ბაღში?

- ბავშვობაში ლურსმნის დაჭედება არ ვიცოდი, რა ბაღი და ბოსტანი? გამორთული ვიყავი სოფლის საქმეებისგან, მეუბნებოდნენ, - პრანჭია ხარო. თურმე ყველაფერს ვხედავდი და ვაკვირდებოდი, ახლა ისეთი რაღაცები მახსენდება, გაოცებული ვარ.

- ბაღ-ბოსტანი დროს, ენერგიას, შრომას მოითხოვს. როგორ იცლით?

- ეს შრომა, მიწასთან კონტაქტი იმხელა ენერგიას იძლევა, ვერ წარმოიდგენთ. ჯერ ერთი, შრომაში კალორიებს ხარჯავ, მეორეც, ამ დროს ვფიქრობ... ენერგია, რომელიც ჩემში შემოდის, იმხელა სტიმულს მაძლევს, ეს შრომა რა მოსატანია?..

- რას ურჩევდით ადამიანებს?

- ყველას ვურჩევ პაწაწინა ბოსტნის გაკეთებას. ეს უდიდეს ძალას აძლევს ადამიანს, ნუ ვერჩით ერთმანეთს. ზოგიერთი, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იტყვის, ჯაჯანიძე სოფლელია და სოფლელად დარჩა, წავიდეს სოფელში და იქ დაბაროსო. რაც უნდა თქვან, ამ ქალაქში ვიქნები და კიტრს და პომიდორს მაინც მოვიყვან. იმდენს ვერ მოვიყვან, რომ გავყიდო, თორემ არც ამაზე ვიტყოდი უარს.

ეგზოტიკური ხილის გაშენებაც მინდა. ცოტა ძნელია, მაგრამ ვეცდები... გული იმაზე მწყდება, რომ დიღომში, ტრასაზე, ხეხილის ნერგები ვიყიდე და მგონი, რამდენიმე შემომასაღეს, ის არ არის, რაც მინდოდა... წითელი ვარდები მაქვს, ახლა ყვითელი და სტაფილოსფერი უნდა შევიძინო და იმედი მაქვს, ისე არ მომატყუებენ, როგორც ხეხილზე.

ლალი ფაცია