ახლა კახეთში ატმის "რთველია" გახურებული
04-07-2016
ახლა კახეთში ატმის "რთველია" გახურებული
კრეფა საადრეო ატმით დავიწყეთ, რომელსაც გურჯაანში საკონსერვო საადრეოს, ანუ პირველის პირველს ვეძახით, ამჟამად კრიმჩატი იკრიფება; ამას მოჰყვება ელბერტა (კოლექტიურა)…რომელსაც საუკეთესო გემო და მოყვითალო რბილობი აქვს. ატმის კრეფის სეზონი დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიწყო. წლეულს ატმის საადრეო ჯიშები ივნისის პირველივე კვირას დამწიფდა

კახეთის გულს, გურჯაანს, ყურძნის შემოსვლამდე ატმის მოსავლის იმედი აქვს - შუა ივნისში აქ დაწყებული ატმის რთველი აქაურების არცთუ მდიდარ ბიუჯეტს როგორღაც უნდა შეეშველოს. ატამმა, ვენახთან ერთად, კახეთში მეტად რთული
წლები გაიარა და პრობლემები არც ამჟამად აკლია - სხვა თუ არაფერი, წლევანდელმა სეტყვამ ატმის მწარმოებელ სოფელ ველისციხეში ატმისა და ყურძნის მოსავალი 300 ჰექტარზე გაანადგურა და გურჯაანის საკმაოდ დიდ ტერიტორიას გადაუარა. იმ დროს ატმისა და ვაშლატამას ნაყოფი კაკლის­ხელა იყო; ეს სწორედ ის ფაზაა, როცა ნასეტყვი მწიფობაში
გადადის და მოსავლის ხარისხს აუარესებს. ყველაფრის მიუხედავად, ახლა კახეთში გახურებული ატმის "რთველია".

გვესაუბრება ივანე ბასილაშვილი, გურჯაანის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის უფროსი.

- ბატონო ივანე, კახეთში ატამს შარშან დაავადება ე.წ. ხუჭუჭა გაუჩნდა და მოსავალი შეამცირა, წელს კი სეტყვამ გადაუარა. ასეთ ფონზე როგორ მოსავალს ელოდებით?

- ამის მიუხედავად, ცუდი მოსავალი არც წელს გვექნება. შარშან 24 ათასი ტონა ატამი მოვკრიფეთ; წლეულს 20 ათას ტონას ველოდებით. კახეთში სულ 27 ათას ტონამდე ატმის მოკრეფას ელიან. ატმის ბაღები გურჯაანში 4 ათას ჰექტარზეა გაშენებული, საუკეთესო ჯიშები გვაქვს. მათ შორის არის კრიმჩატი (წითელი და ყვითელი ზებრა), ამსდენი და რედჰაივენი (ჯიბგირულა), კოლექტიურა ანუ ელბერტა, ყვითელი ატამი, იტალიური და აგვისტოს ვაშლატამა.…
კრეფა საადრეო ატმით დავიწყეთ, რომელსაც გურჯაანში საკონსერვო საადრეოს, ანუ პირველის პირველს ვეძახით, ამჟამად კრიმჩატი იკრიფება; მას მოჰყვება ელბერტა, რომელსაც საუკეთესო გემო და მოყვითალო რბილობი აქვს. ატმის კრეფის სეზონი დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიწყო. წლეულს ატმის საადრეო ჯიშები ივნისის დასაწყისშივე დამწიფდა. სეზონის ასე ადრე დაწყებას შეცვლილი კლიმატი, ადრიანი დათბობა განაპირობებს.

- ამათგან რომელი ჯიშია საექსპორტო?

- ძირითადად ყაზახეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და რუსეთში გადის წითელი ზებრა, ყვითელი ატამი (ე.წ. საკომპოტე ატამი), ვაშლატამა, დანარჩენი კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება ან საკომპოტე ქარხანა იბარებს. ქარხანა ნასეტყვ ატამსაც იბარებს, რაც საექსპორტოდ ვერ გავიდოდა და გლეხი დაზარალდებოდა.

- ატმის ჩაბარების ფასი როგორია?

- ნასეტყვი ატმისა დაბალია, საექსპორტო ატამი 50-70 თეთრად ბარდება. ასე რომ, თუ ვიანგარიშებთ,­ რომ 1 ჰექტარზე სულ ცოტა, 15 ტონა ატამი მოდის, საექსპორტოდ ჩაბარებულ ატამში 1 ჰექტრიდან მეპატრონე დაახლოებით 7,5-10 ათას ლარს იღებს.
ჩვენთან კი მოსახლეობის დიდ ნაწილს რამდენიმე ჰექტარზე აქვს ატმის ბაღები.ცოტა გვყავს ისეთი, ვისაც ატმის ბაღი მხოლოდ 1 ჰექტარზე აქვს.

- ექსპორტის იმ ხაზმა, რომლითაც გურჯაანის ატამი გადის, ლარსის გამშვებ პუნქტზე უნდა გაიაროს. ამჟამად ეს გზა დაკეტილია. ეს ალბათ ნიშნავს, რომ ფერმერებს ამ გზის აღდგენამდე ატამი დაულპებათ.

- ფერმერებს თავზარი დასცა გზის დაზიანებამ. თუმცა, საბედნიეროდ, მთავრობამ ეს საკითხი მოაგვარა და გურჯაანიდან ატმის გატანა რუსეთში აზერბაიჯანის გავლით დაიწყო - უკვე ათას ტონაზე მეტი ატამია გასული. მართალია, ამით გზა დაახლოებით 1000 კილომეტრით დაგრძელდა, მაგრამ სამაგიეროდ, ხალხი აღარ დარჩა შემოსავლის გარეშე. ატმის ტრანსპორტირებისას სამაცივრე დანადგარებში ყველა პირობაა დაცული, რომ პროდუქტი დანიშნულების ადგილას უვნებლად ჩავიდეს.

- ატმის რთველი როდემდე გასტანს?

- აგვისტოს შუა რიცხვებამდე. ბოლოს საუკეთესო საექსპორტო ყვითელი ატამი და აგვისტოს ვაშლატამაც შემოგვდის. ესენი ექსპორტიორებს ძალიან მოსწონთ. აგვისტოს ბოლოს კი კახური ატმის რთველი მიილევა და უკვე ნამდვილი, ყურძნის რთველი დაგვეწყება. თუმცა, გვიან შემოდგომამდე მაინც გვრჩება კიდევ ერთი გემრიელი ქართული, ანუ ვენახის ატამი, რომელსაც სანამყენეების საძირედაც ვიყენებთ.

- მართლაც, ვენახის ატამი ყველაზე გემრიელია და ბევრსაც უყვარს.

- ვენახის ატამი საუკეთესო არომატით გამოირჩევა, ადგილობრივი და ჩვენს მიწას შეჩვეული ჯიშია, მაგრამ ამ ჯიშის პლანტაციები არ გვაქვს, - დღეს მოთხოვნა სულ სხვა სტანდარტებზეა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ვენახის ატამი ყოველთვის ისარგებლებს მოწონებით და ჩვენს ეზო-გარემოშიც ყოველთვის იქნება.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით