ბონსაი - ჯუჯა სილამაზე იაპონურად
11-07-2016
ბონსაი - ჯუჯა სილამაზე იაპონურად
"ბონსაი არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე და ლამაზ ჯუჯა ხედ თავისთავად არ იზრდება"

"ნერგს თავიდან ხელში რომ იღებ, გკარნახობს, რა გააკეთო, რომელი ტოტი გასხლა, ოღონდ, ვინც ბონსაი არ იცის, ვერაფერს მიხვდება"


"ეს არის ბონსაი (მინიატიურული ხე), მისი გამოყვანის ტრადიცია პირვე­ლად ჩინეთში გაჩნდა, შემდეგ იაპონ­იაში ცოტა სხვა მიმართულებით გაგ­რძელდა და დაიხვეწა", - გვეუბნება­ ალექსანდრე მესხი, ადამ­იანი, რომე­ლსაც ბონსაი გამოჰყავს. მასთან სტუმ­რად მისულებს ულამაზესი­ მინიატიურული ხეები (ღვია, ნაძვი, თუთა, ნეკერჩხალი, ვაშლი, ბზა...)
დაგვხვდა, რომლებზეც ბატონი ალექსანდრე დიდი მონდომებით მუშაობს.
- ევროპაში ჯუჯა ხე XIX საუკუნის ბოლოს გაიცნეს, როცა საფრანგეთში პირველი გამოფენა მოეწყო და ევროპელებმა მსოფლიოს მიღწევები პირველად ნახეს. მაშინვე არ აღფრთოვანებულან, თუმცა 30-იანი წლების ბოლოს ევროპაში უკვე ძალიან პოპულარული იყო.

- დღეს ბონსაი განსაკუთრებით ამერიკაშია პოპულარული. არიან
მისი კოლექციონერებიც, სპეციალისტები. ბონსაის იაპონელებმა განსხვავებული რაღაცები შესძინეს, თუმცა ყველაფერი მაინც გემოვნებაზეა დამოკიდებული.

- თქვენ როდის დაინტერესდით ბონსაით?­

- 13 წლის ვიყავი, როცა მინიატიურულ ხეებზე ტელევიზიით რამდენიმეწუთიანი გადაცემა ვნახე. შესწავლა ინსტიტუტის დამთავრების მერე გადავწყვიტე,­ თუმცა საქართველოში ვერც სპეციალისტი ვიპოვე და ვერც - ლიტერატურა. 1990 წელს შემთხვევით მივაგენი რუსულად ნათარგმნ წიგნს, რომლის მიხედვით დავიწყე სწავლა, მაგრამ მაშინ ინტერნეტი არ არსებობდა და ბევრს ვერაფერს მივაღწიე. 10 წელიწადზე მეტი დამჭირდა, სანამ მივხვდებოდი, როგორ უნდა მიმეღო ბონსაი. ჯერ ერთი, მასწავლებელი არ მყავდა, მეორეც, მცენარეა, რაც უნდა ქნა, მაინც თავის ჭკუაზე იზრდება...
უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ბონსაი­ არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე და ლამაზ ჯუჯა ხედ თავისთავად არ იზრდება. ის ჩვეულებრივი ხეებისგან გამოგ­ვყავს - ნაძვის, ფიჭვის, თუთის, ვაშლის,­ ნეკერჩხლისგან. ბონსაის უნდა ჰქონდეს ლამაზი ხის ბუნებრივი სხეული. არ უნდა იყოს მიგრეხილ-მოგრეხილი, უნდა დაიცვა პროპორცია, სიმეტრია, რათა ლამაზი გამოვიდეს.

- თავიდან რა ნერგით დაიწყეთ?

- თუთით და აივანზე მქონდა სულ სამი-ოთხი მცენარე. როცა აივანზე ვეღარ ვტევდი, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე გადავინაცვლე. ხეები დიდ თაროებზე განვალაგე. ორი წელია, რაც გამოფენის ტერიტორიაზე გადმოვედი, გავფართოვდი და უკეთ მუშაობის პირობებიც მაქვს.

- ბონსაის გამოყვანა თქვენი ჰობია?

- ჰობი არის თუ არა, არ ვიცი. თუ სამსახურში არ ვარ, დროს სულ აქ ვატ­არებ. 20 წელია, ვერსად მივდივარ, ჩემს მცენარეებს ვერ ვტოვებ, ამიტომ არ ვიცი, ჰობია თუ პროფესია. მსიამოვნებს ამის კეთება და ვისაც რა უნდა, ის დაარქვას.

- თქვენი პირველი ბონსაი თუთა ყოფილა. ნერგით გამოიყვანეთ თუ თქვენ მიერ დათესილ-გახარებული ნერგით?

- თუთის თესლი მქონდა, მიწაში ჩავყარე და ამოვიდა. თუმცა თესლით ამოსვლას დიდი დრო სჭირდება. თუ ნერგს შეიძენთ, ნაკლებ დროს დახარჯავთ.
პირველად დარგვისას სპეციფიკური გასხვლა სჭირდება, შემდეგ - ტოტებზე მავთულის დახვევა, რომ ფორმა მიიღოს. სასურველია, მავთული ორ-სამ თვეს გავაჩეროთ ზედ. მერე ტოტი იმ ფორმის რჩება, რა ფორმაც მავთულით მიიღო.

წიწვოვანებს ასე გაჩერება დიდხანს სჭირდება. მავთული ნებისმიერი მცენარის გამოსაყვანად არის საჭირო, მის გარეშე­ ბონსაის ვერ მიიღებ, თუმცა ტოტებზე დახვეულმა უცხო სხეულმა მცენარის ზედაპირი არ უნდა გააფუჭოს და ამასაც ცოდნა სჭირდება.
თუ მავთულის მოხსნა დაგვიანდა, შესაძლოა, ნერგს ნაიარევი გაუჩნდეს, ამიტომ მავთულამდე ტოტს ქსოვილს ვახვევთ. იარები წიწვოვანებზე უფრო სწორდება, ფოთლოვანებზე კი დიდხანს რჩება უშნოდ.

ნერგს თავიდან ხელში რომ იღებ, გკარნახ­ობს, რა გააკეთო, რომელი ტოტი გასხლა, ოღონდ ვინც ბონსაი არ იცის, ვერაფერს მიხვდება - ფორმირებას და მცენარეს გააჩნია. საბოლოო შედეგამდე 4-5 წელია საჭირო. მცენარე იზრდება, ახალი ამონაყარები უჩნდება და ფორმა რომ არ დაკარგოს, შეკრეჭას მოითხოვს. ეს იმ ადგილას ზრდას შეაჩერებს და განვითარებასაც სხვაგან განაგრძობს. წიწვოვანებს წელიწადში ერთხელ სჭირდება შეკრეჭა, ფოთლოვანებს­ - თვეში ერთხელ.

- ეს თქვენი შექმნილი კომპოზიციებია?

- დიახ, ჩემი გაკეთებულია. ყველაფრის შექმნის იდეა სპონტანურად მოდის. ამ პატარა ბორცვების ქვეშ მიწაა, ხავსით დაფარული. ხავსს დეკორატიული დანიშნულებაც აქვს და მორწყვის დროსაც მიწა არ გადაერეცხება.

- კლასიკური ბონსაი რა სიმაღლის უნდა იყოს?

- კლასიკური ზომაა 5 სანტიმეტრიდან­ 1 მეტრსა და 20 სანტიმეტრამდე, თუმცა ზოგი 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი სიმაღლის ხეს ბონსაის არ უწოდებს. ისე, აზიაში­ ქოთანში ჩარგული ორმეტრიანი ბონსაებიც არსებობს.
კანადური ნაძვის ფორმირება ახალი დაწყებული მაქვს და ჯერ ვერ ვიტყვით, რომ მზად არის. გაზრდას ველოდები, რომ გავსხლა. ზედმეტ წანაზარდებს მოვაც­ილებ, 3-4 წელიწადში კი დასრულ­ებულ ფორმას მიიღებს.

- თუთა ისხამს?

- კი, ჩვეულებრივად, ნაყოფის მომცემია, ესეც და ვაშლიც. მცენარეს გენში რაც აქვს, იმას აუცილებლად გამოიტანს.
მოკლედ, დრო დიდი სჭირდება და როცა მოთმინებაზე მეკითხებიან, ასეთი პასუხი მაქვს:
ხის ფორმირება რომ ნერვებს მაგლეჯდეს, ხელს არ მოვკიდებდი. პროცესი სიამოვნებას მანიჭებს, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესოა.
დილის 7 საათზე მოვდივარ, მერე სამსახურში მივდივარ და კვლავ უკან ვბრუნდები.

- თქვენს ნამუშევრებს ყიდით?

- ფასი 100 ლარიდან იწყება და შეიძლება 3.500 ლარიც ღირდეს.

- ამ საქმეს ჩვენთან ბევრი მისდევს?

- ერთ-ორს გამოჰყავს ბონსაი. ბევრს­ უჩნდება გამოყვანის სურვილი, მაგრამ როგორც კი გაიგებენ, რომ დიდი დრო უნდა, თავს ანებებენ.

- ვარდის ნერგისგან ბონსაი არ გაგიკე­თებიათ?

- ბონსაი ჩემთვის არის ხე და არა - ყვავილი, ისე კი ყველაზე ყვავილოვანი­ ბონსაი იელისგან გამოდის, რომელიც იაპონიაში ძალიან პოპულარულია.

- ძნელია ბონსაის მოვლა?
- ჩვეულებრივი მცენარეებია ბზაც, კანადური ვაშლიც, წიწვოვნები, აკაცია თუ სხვა. ყველას უჩნდება მავნებელი და ყურადღება სჭირდება. უნივერსალური წამალი არ არსებობს. დაავადების სიმპტომის ამოცნობაც რთულია, თუ სპეციალისტი არ ხარ. წამლებიც ახალ-ახალი გამოდის და ყველაფერს ცოდნა უნდა.
ჩემს ნამუშევრებს დიდხანს ვუყურებდი ეჭვის თვალით, მეგონა, რაღაც ისე არ გამოდიოდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ როცა შემაქეს (ანუ 20 წლის მერე), ჩავთვალე, რომ უკვე შემიძლია, ვინმეს ვაჩვენო. სკოლის გახსნაც მინდა. ევროპაში­ ამ განხრით არაერთი სკოლა მუშაობს, ჩვენთან კი არათუ სასწავლებელი, სპეციალისტებიც არ არიან. მსურველი კი ბევრია.

- ჩვენში დეკორატიული მემცენარეობა ნელ-ნელა იკრებს ძალას...

- პირველად 2013 წელს გავედი შარდენზე გამართულ ყვავილების ფესტივალზე. ხალხი კითხულობდა, რა ხეები იყო. წლეულსაც ვიყავი გამოფენაზე და უკვე იცოდა, რომ მინიატიურული ხეები ბონსაია.

- ოჯახში მოსწონთ თქვენი გატაცება?

- მეუღლეს თავისი ყვავილები აქვს, იები უყვარს და მათ უვლის. იყო დრო, როცა 6 თვით გავედი ქვეყნიდან და მეუღლე უვლიდა ჩემს ხეებს. უვლიდნენ ჩემი მშობლებიც. ერთხანს ცოლის ნათესავიც კი პატრონობდა. მეტად მგრძნობიარე არიან, უყურადღებოდ ერთი-ორი დღეც ვერ დატოვებ, განსაკუთრებით - ზაფხულში. სიცხეში შესაფერისი ტემპერატურა და სინესტე უნდა ჰქონდეთ.

მცენარე პატარა ქოთანში

ბონსაის შესახებ პირველი ისტორიული წყარო, სამარხში ნაპოვნი ფრესკაა, რომელზეც მსახური ხელში პატარა ხე-მცენარითა და ქვებით არის გამოსახული. ფრესკა VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. იაპონიაში ბონსაი დაახლოებით VIII საუკუნიდან იკიდებს ფეხს, იქ მისი გავრცელების შესახებ ორი ვერსიაა ცნობილი. ერთი ამბობს, რომ ბუდისტმა ბერებმა ჩაიტანეს, მეორე ვერსიით კი ჩვეულებრივმა იაპონელებმა ჩაიტანეს ჩინეთიდან.
ბონსაი ითარგმნება, როგორც მცენარე პატარა ქოთანში (ეს ტერმინი, სავარაუდოდ, XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა სხვა სახელწოდებებიც გვხვდება. ამჟამად ჩინეთში ორი სახელით იხსნიებენ - პენზაით და პენინგით)

ლალი ფაცია
სტუმარი
12 დეკემბერი 2017 13:29
abg_ს ბუნების მოყვარული? სადაა მანდ ბუნება? ეს რომ ბუნების მოყვარული იყოს ხეებს არ დაამახინჯებდა და არ გაყიდიდა, არამედ გაზრდიდა და ტყეში გადარგავდა მოჭრილი ხის გვერძე. უანგაროდ და ჟურნალისტების გარეშე. როგორც ამას აკეთებენ ... ...
ლუკა
06 მარტი 2017 18:56
მე მინდა ბონსაის ხეების გამოყვანა და დრო არ მაინტერესებს მაგრამ წესივრად არაფერი არ ვიცი იქნებ დამეხმარტო
gia
22 ივლისი 2016 09:26
წითელი ნეკერჩხალი ვერ ვნახე საქართველოში არ და ლამაზი ხეა!

რედაქტორის რჩევით