მეაბრეშუმეობის ახალი სიცოცხლე
11-07-2016
მეაბრეშუმეობის ახალი სიცოცხლე
"დღეს რამდენიმე რაიონში, მათ შორის - ხარაგაულში აბრეშუმის წარმოება ფეხს იდგამს. აქ და სხვაგანაც შეიქმნა კოოპერატივები, რომლებმაც პარკის გასაყიდად ბაზრები თვითონ მოძებნეს"

თაობა, რომელსაც საქართველოში აბრეშუმის წარმოება ახსოვს, გულდაწყვეტილი ამბობს, რომ ამ საქმის მივიწყებით სოფლის მოსახლეობამ ბევრი დაკარგა, რადგან აბრეშუმი სოფლებში მატერიალური კეთილდღეობის წყარო იყო. ქართული აბრეშუმის ბოლო აღიარება 1998 წელს მადრიდში მიღებული ევროპის ხარისხის კომისიის"პლატინის ვარსკვლავი"იყო, რომელიც ქართული მზიურის ჯიშის აბრეშუმის ძაფისაგან დამზადებულ ქსოვილს მიანიჭეს. ამ დროს საქართველოში აბრეშუმს
აღარავინ აწარმოებდა, მაგრამ ვინც იცოდა, რას კარგავდა ქვეყანა, ქართული აბრეშუმხვევიის პატრონობა განაგრძო.

ნარგიზა ბარამიძე, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი: -
უკან დარჩა წლები, როცა აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეები აბრეშუმის მურს (კვერცხს) ქალაქში ერთადერთ ელექტროენერგიით მომარაგებულ უბანში, ვაკეში ვინახავდით. ამ უბანში იყო ზოოლოგიის ინსტიტუტი და მური რომ არ გაგვფუჭებოდა,
მაცივარში გვინახავდნენ.

დღეს ქართული თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის მფლობელია აგრარული უნივერსიტეტი და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრი; სხვაგან ქართული გენოფონდი არ მოიპოვება, მაგრამ ეს საკმარისია, რომ თხუთმეტსაუკუნოვანი ქართული აბრეშუმის ისტორია გაგრძელდეს.
წლების მუშაობით შევძელით, შეგვენარჩუნებინა ოთხი უძველესი - ქუთაისის თეთრი და სამი თელავური ჯიში, რომელთა შორის ფერადი პარკებიც არის. დანარჩენი 65 ჯიში თანამედროვეა, მათგან 20 ქართული. სიამაყით ვიტყვი, რომ ისეთი ჯიში გამოვიყვანეთ, რომლის ძაფის სიგრძე 2000 მეტრია. რაც მთელ მსოფლიოში იშვიათობაა. რაც შეეხება ქართულ ჯიშებს, მათი ძაფის სიგრძე მხოლოდ 800 მეტრამდეა, სამაგიეროდ, ისინი გამოირჩევა ცხოველმყოფელობით, რაც ახალი ჯიშების სელექციის საფუძველი ხდება. რაც შეეხება ამ ჯიშების გამოკვებას, თუთის ხეებით სავსე დიდი ტერიტორიიდან აგრარულ უნივერსიტეტს აღარაფერი დარჩა, ამიტომ ჭიისთვის ფოთოლი წილკნიდან მოგვაქვს.

- თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორია ახსენეთ. ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასალმა კვერთხით უჩუმრად შემოიტანა საქართველში აბრეშუმის გრენა. აბრეშუმი იწარმოებოდა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაშიც. შემდგომში აბრეშუმის წარმოების შესახებ ცნობები არ გვაქვს. ამ საქმეში წყვეტა არ ყოფილა?

- ამ საქმეში წყვეტაა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, თორემ საქართველოში აბრეშუმის წარმოება არ შეჩერებულა. ბოლო საუკუნეების აბრეშუმის წარმოების კუსტარული დანადგარები საქართველოს აბრეშუმის მუზეუმშიც არის შემონახული. არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომ მეცხრამეტე საუკუნეში წელიწადში 6000 ტონა პარკს ამზადებდნენ, საბჭოთა პერიოდში, აბრეშუმის წარმოების აღზევებისას კი 4500 ტონა მზადდებოდა. გასული საუკუნის ბოლოს საქართველოში აბრეშუმის წარმოება შეჩერდა, რადგან თუთას დაავადება - ხუჭუჭა გაუჩნდა. თუმცა ჩვენმა მემცენარე სელექციონერებმა თუთის გამძლე ჯიშები გამოიყვანეს.

დღეს საქართველოში აბრეშუმის წარმოება ფეხს იდგამს რამდენიმე რაიონში, მათ შორის - ხარაგაულში. აქ და სხვაგანაც შეიქმნა კოოპერატივები, რომლებმაც პარკის გასაყიდად ბაზრები თვითონ მოძებნეს.

მურმან არჯევანიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის დარგში: -
დედა მეაბრეშუმე მყავდა და მეც ვეხმარებოდი. აბრეშუმის შემოსავალი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს ჩვენთან 29 ათასი კაცი ცხოვრობს და საწარმო არ არის. ერთ-ერთი კომპანიის მფლობელმა გვითხრა, თუ თქვენ პარკსა და ძაფს აწარმოებთ ლილოში აბრეშუმის საქსოვ ქარხანას ავაშენებო. საბოლოოდ, ქარხნის მშენებლობას სანახევროდ საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს.
დედაქალაქიდან ქართველი მეცნიერების გამოყვანილი მური ჩამოვიტანეთ, სოფელ-სოფელ ფეხით დავიარეთ, 10 მსურველი ვიპოვეთ, მური დავურიგეთ და დღეს უკვე 300 კილოგრამი პარკი მოვიყვანეთ. თითო კილოგრამში გლეხებს 15 ლარი გადავუხადეთ. გვინდა, ხარაგაულში 25-30 ტონა პარკი ვაწარმოოთ.

- ვინ უნდა ამოახვიოს ეს პარკი, ან ვინ უნდა მოქსოვოს? საქართველოში აბრეშუმის საწარმო ხომ აღარ არსებობს.

- ძაფის ამოსახვევი მანქანაც გვაჩუქეს, ჩვენს სამ ქალბატონს მე ვასწავლე აბრეშუმის ამოხვევა და ისინი იმუშავებენ.

- ამოხვევამდე პარკი სპეციალურ დანადგარზე უნდა გამოშრეს. ეს დანადგარი გაქვთ?

- დანადგარს თერჯოლაში მივაგენით, მაგრამ წამოღება არ მოგვიხერხდა, ამიტომაც პარკის საშრობი ჩვენვე მოვაწყვეთ. ახლა სხვა რაიონებიდანაც მირეკავენ, ჩვენი პარკიც ჩაიბარეთო. რა თქმა უნდა, ჩავიბარებთ, ეს კი ყველგან შეაგულიანებს ხალხს, რომ აბრეშუმის წარმოება გაზარდონ - საბოლოოდ ხომ ყველაფერი ჩვენ და ჩვენს ქვეყანას გამოგვადგება.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები