"უკან, სოფელში..." - კვირის პალიტრა

"უკან, სოფელში..."

"ბუნებაც კარგი გვაქვს, წყალიც, დამსვენებელიც ბევრი ჩამოდის. მთავარია, საქმე იყოს, რომ მოსახლეობამ სოფელი არ დატოვოს"

ნიკორწმინდელ ავთანდილ შავლაძეს ახარებს, ზაფხულობით მის სოფელს დამსვენებელთა ჟრიამული რომ ავსებს. თუ დაგინახათ, აუცილებლად შეგიპატიჟებთ - შემო, შენი ხელით დაკრიფე სადილისთვის მწვანილიო.

- ეს სახლი ჩემი ბაბუის აშენებულია. მე და ჩემი ძმა აქ დავიბადეთ, აქვე გავატარე ბავშვობა. თბილისში პირველად 1960 წელს ჩავედი. რაჭას ზაფხულობით ვსტუმრობდი, ან შემოდგომით დედაჩემს თუ მოვეხმარებოდი მოსავლის აღებასა და ჭირნახულის დაბინავებაში. თოხნა-ბარვა და სოფლის საქმე ბავშვობიდან ვიცოდი. რაც პენსიონერი გავხდი, ადრე გაზაფხულზე ჩამოვდივარ და აქაურობას გვიან შემოდგომით ვტოვებ. ნიკორწმინდაში გამომგზავრების წინ ქათმებს ვყიდულობ, ახლა ხუთი კვერცხმდებელი დედალი მყავს.

დილით ვდგები, გავივლი, გამოვივლი, ხან რაღაცას მივაჭედებ, ღობეს შევაკეთებ, მერე ბაღ-ბოსტანს გავხედავ. ოჯახი იზრდება და ამ მამაპაპეულ სახლთან ახლოს, ბაღში, ახალი კაპიტალური სახლის მშენებლობა წამოვიწყე. პირველი სართული უკვე ამოვიყვანე. იმედია, ამ ზაფხულს ახალ სახლს სახურავქვეშ მოვაქცევ. ხილი ჩავყარე ეზოში: ანტონოვკა, ქლიავი, ალიბუხარი, ბალი, კაკალი - რითაც განთქმულია ჩვენი ნიკორწმინდა - და თხილი. უკვე ნიშანიც მომცეს. ზოგი ხე დავამყნე, ამბობენ, მყნობელის ხელზეა დამოკიდებული, როგორ გაიხარებს მცენარეო. როგორც ჩანს, კარგი ხელი მქონია. მომყავს ლობიო, სიმინდი, ხახვი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, სტაფილო... შვილიშვილები რომ მეწვევიან, არაფრის ყიდვა არ გვჭირდება, ყველაფერი ჩემი ხელით მომყავს.

- ვენახი თუ გაქვთ?

- აქ მხოლოდ მთის ვაზი, კაჭიჭი ხარობს. ბუნებრივი პირობების გამო ვაზი დამწიფებას ვერ ასწრებს და აქაურ ღვინოს სიმჟავე დაჰკრავს. იქ, დაბლობში, მოდის ცნობილი ალექსანდროული და მუჯურეთული, რისგანაც ხვანჭკარა მზადდება. სოფელი ნიკორწმინდა კი ვერ დაიკვეხნის მევენახეობით.

- თონე გქონიათ. პურს შინ აცხობთ?

- ამ თონეში ცხონებული დედაჩემი აცხობდა პურს. მე ან ზემოთ, დუქნებში ვყიდულობ, ან მჭადს ვიცხობ. ადრე ბევრი დუქანი მდგარა, დღეს კი ვერც ერთს ვერ ნახავთ, თუმცა ადგილს შემორჩა სახელწოდება, ძველი დუქნების სახსოვრად.

გული მიკვდება, როცა მახსენდება, როგორი დაცარიელებულია ჩვენი კუთხე. მეზობელ სოფლებში - წკადისში არც ერთი მოზამთრე არ არის, სხარტალში მხოლოდ იურა კობახიძეა, ძროხებს უვლის. სულ 69 სოფელია ამ კუთხეში. მათგან ბევრი დაცარიელდა, აღარავინ ცხოვრობს.

- როცა რაჭაში არ ხართ, ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

- კოდის წყალი მენატრება. ამას წინათ ვალერიკა გურგენიძე იყო მოსული, გვითხრა, ქვემო რაჭის წყლების ნიმუშები წავიღე ლაბორატორიაშიო. კოდის წყალი პირველ ადგილზე გასულა, მეორეზე - კანდელაკების წყარო (ამ უბანში კანდელაკები ცხოვრობენ)... ბუნებაც კარგი გვაქვს, წყალიც, დამსვენებელიც ბევრი ჩამოდის. მთავარია, საქმე იყოს, რომ ამოსახლეობამ სოფელი არ დათოვოს.

ეკა სალაღაია