"ყველს, რომელსაც მე არ შევჭამ, სხვას არასდროს მივყიდი"
18-07-2016
"ყველს, რომელსაც მე არ შევჭამ, სხვას არასდროს მივყიდი"
"არსებობს ყველი, რომელსაც ნაკლებად იცნობს ჩვენი საზოგადოება. მაგალითად, ნარჩვი, რომელსაც სოფელ ლახამულაში ირა ანსიანი ამზადებს, აკეთებს ქერქიან ყველსაც, რომლის დამზადების კულტურა ოდითგანვე გვქონდა"

ქართველი "ჩისმეიკერი" გვირჩევს, არაკეთილსინდისიერ მეწარმეს ომი გამოვუცხადოთ...


ანა მიქაძე საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეა, თავადაც ყველის მწარმოებელია. პროფესიით ფილოლოგი, საკუთარ თავს დღეს მეყველეს უწოდებს და მიაჩნია, რომ ეს მისთვის სერიოზული სტატუსია. ამბობს, "ჩისმეიკერი" (ყველის მკეთებელი) თუ მსოფლიოში პრესტიჟული პროფესიაა, აქ რატომ არ უნდა იყოსო?! "დიახ, მე მეყველე
ვარ, ვაკეთებ ამ პროდუქტს, ვყიდი და პოპულარიზაციას ვუწევ. ამ მიმართულებით თავი ყველა საფეხურზე მოვსინჯე, რომ გამეგო, კონკრეტულად, რასთან მქონდა საქმე, მთლიანი სურათი რომ წარმომედგინა", - ამბობს ქალბატონი ანა. ასოციაციის თავმჯდომარეც იმიტომ გახდა, რომ მიაჩნია, ქართული ყველი და რძის პროდუქტები საპატრონოა.

- ვიცით იმერული, გუდის ყველი,
სულგუნი, ე.წ. ქარხნის ყველი და ამას დამატებული ბაზარზე გამოტანილი სხვა უამრავი სახეობა. კომუნისტებმა ბერძნებს­ მოჰპარეს ყველი ფეტა და მისგან შექმნეს ბრინზა (იმერულს ჰგავს, ოთხკუთხედი ბრიკეტია, ოდნავ მომჟავო და ცოტათი მარ­ილიანი). ბოლომდე მაინც ვერ მიამს­გავსეს, რადგანაც ფეტა ფშვნადი ყველია...

- ოფიციალურად რამდენი ყველია დარეგისტრირებული?

- სახელმწიფოს 14 სახეობის ყველი დავარეგისტრირებინეთ, კიდევ 14-ია დასარეგისტრირებელი. არსებობს ყველი, რომელსაც ნაკლებად იცნობს ჩვენი საზოგ­ადოება. მაგალითად, ნარჩვი, რომელსაც სოფელ ლახამულაში ირა ანსიანი ამზადებს, აკეთებს ქერქიან ყველსაც, რომლის დამზადების კულტურა ოდითგანვე გვქონდა. ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებისთვის შვეიცარიის ალპებიდან სპეციალისტი ჩამოვიყვანეთ, როზმარიმ სვანეთში 2 ოჯახს ქერქიანი ყველის დამზადებაში მანამდე არსებული ცოდნა დაახვეწინა.
ყველის დამზადებისას სისუფთავის დაცვა მნიშვნელოვანი ფაქტორია და როცა როზმარი საყველე სივრცეში ამ პროდუქტის დასამზადებლად შედის, პირვ­ელი, რასაც აკეთებს, ქლორავს დანას,­ ჭიქას, ჩანგალს, კოვზს, რითაც რძეს ან ყველს უნდა შეეხოს, ამასთან, ხელებზეც (მკლავებამდე) ქლორს ივლებს და მუშაობას მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს. სანიტარიის თვალსაზრისით, ჩვენ რაღაცები დავიწყებული გვაქვს. უბედურება ის არის, რომ ძველი, ტრადიციული მეთოდები არ გვახსოვს და არც ახლის სწავლა გვინდა.
დღეს საქართველოში 53 დასახელების ყველი მზადდება, მათ შორის არის გამხმარი ნადუღის, ხაჭოს კატეგორიები, თითოეული სხვადასხვა მეთოდით მიიღება.

- ჩვენთან ყველის დამზადებისას სანიტ­არიული ნორმები ხშირად ირღვევა?

- ეს სერიოზული თემაა, თუმცა ყველის მსხვილ საწარმოში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა, სავალალო მდგომარეობა არ არის. რაც შეეხება მცირე და საშუალო საწარმოებს, ბევ­რგან ვითარება საგანგაშოა! ყველსახარში­ კი აქვთ, მაგრამ არა აქვთ, მაგალითად, ვენტილაცია, ამიტომ წარმოიქმნება კონდენსატი, წვეთები ჩადის რძეში, ყველის მასაში... საგანგაშოა ისიც, რომ ყველის მხარშავ პერსონალს სამსახურში მიღებისას ჯანმრთელობის ცნობას­ არ სთხოვენ. არც პირბადეებს იყენე­ბენ, თეთრი ხალათებიც ფორმა­ლურად აცვიათ. არადა, ხალათის შიგნით ბეწვიან ტანსაცმელში არიან გამოწყობილი. მეეჭვება, ყველის აუზებიც შეესაბამებოდეს სტანდარტებს.
ფერმებში მინახავს სიტუაცია, როცა მწველ­ავი 50-ივე ძროხას ერთი და იმავე სველი ტილოთი უწმენდს ცურს. ამ დროს, შესაძლოა, ერთმა მასტიტიანმა ან დაჩირქებულ-დაწყლულებულ ცურიანმა ძროხამ მთელი ფერმა დააავადოს და შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლესაც საფრთხე შეუქმნას­. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შეიძლება­ მწველავმა ნაკელიანი ხელი ხალათზე შეიწმინდოს და შემდეგ იმ ხელით ძროხა მოწველოს.

ერთხელ ფერმაში მითხრეს, ეგ ყველი არ გასინჯოო. ვიფიქრე, გასაყიდად უნდა და ამიტომ მეუბნება-მეთქი. გაირკვა, რომ სტუმრისთვის სხვა ყველი აქვს, ის კი გას­აყიდია, ესე იგი, თავისთვის კარგი გააკ­ეთა, გასაყიდად კი, დაბალი ხარისხის.
ერთხელ ყველის ისეთ სარდაფში მოვხვდი, სადაც ამ პროდუქტს პეპსინით აკეთებდნენ, იქვე 50 ბოთლი­ ეყარა და ბუზები ეხვეოდა. მითხრ­ეს, რა გენაღვლება, გასა­ყიდად გინდა ყველი, ვითანამშრომლოთო. იმას, რას­აც მე არ შევჭამ, სხვას არა­სდროს მივყიდი. სხვათა შორის, სახელმწიფო, ისე როგორც არასდროს, მაქსიმალურად მობილიზებულია, სურსათის უვნებლობის სამსახური ახლა რომ მუშაობს, ისე არასდროს უმუშავია. ამასთან, სახელმწიფომ გაბედა და მიიღო რძის რეგლამენტი, სადაც ეს ყველაფერი ნორმაშია მოქცეული. დამრღვევმა პასუხი უნდა აგოს, პროცესი დაწყებულია.

- რას ურჩევდით მომხმარებელს?

- რასაც საკვებად ყიდულობს და რაშიც­ ფულს იხდის, უფლებამოსილია, თუ რამე დარღვევა ან ფალსიფიკაცია აღმოაჩინა, მეწარმეს ომი გამოუცხადოს, უჩივლოს კიდეც. მეწარმეც, ბოლოს და ბოლოს, ჭკუას ისწავლის. ეს არის შექმნ­ილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი.

- თბილისიდან საცხოვრებლად სოფელ თელეთში გადახვედით და იქ მეურნეობას უძღვებით.

- ბოლო დროს აგროსექტორში ცოდნა­ დამიგროვდა და გამიჩნდა სურვილი, პატარა მეურნეობა მქონოდა. გაირკვა, რომ ჩემს ახლობლებს სოფელ თელეთში მიგდებული ტერიტორია ჰქონიათ. 1 ჰა მიწის ფართობია, თან თბილისთან ახლოს არის. პირველ წელიწადს გამიჭირდა, - წყალი ჭაბურღილიდან ამომქონდა. ცხარე­ ცრემლებით ვტიროდი, შვილები კი ეჭვით­ მიყურებდნენ, ან ახლა მოჰბეზ­რდება, ან ახლაო. რომ ნახეს, არ მომბეზრდა და მეტიც, მეურნეობის გაკეთება მინდა, შეეგუვნენ.

შერეულ მეურნეობას ვგეგმავ. მეგობრებს დავუთმე იქვე, ჩემთვის დათმობილი ტერიტორია, სადაც ახლა საერთო სარგებლობის მწყრის საშენი გვაქვს, აგრეთვე, საყველე სივრცეც, სათბურიც. ნელ-ნელა, რაც 1 ჰექტარზე დაეტევა, ყველაფერს ვაშენებ: კენკროვან ხილს, ვენახს, ხეხილის ბაღსა და ბოსტანს. იმ ერთმა ჰექტარმა რამდენიმე ოჯახი გაგვაე­რთიანა. ასეთი ნაბიჯის გადადგმა უსაშველოდ ძნელია, მაგრამ უსაზღვრო თავისუფლებასაც გულისხმობს.

ლალი ფაცია
უცნობი
29 ივლისი 2016 10:46
როდის იყო ჩვენი წინაპრები ყველის გაკეთების წინ ყველაფერს ქლორავდნენ.უბრალო გლეხისას ფასი აღარაფერს აქვს.მარტო თქვენია ყველაფერი კარგი დაიმიტომაც –ძვირი.
ნათია
29 ივლისი 2016 09:07
სად შეიძლება შევიძინოთ თქვენი პროდუქცია თბილისში?
rusudan
27 ივლისი 2016 12:41
Bunebrivad amoyvanili yveli dges ishviatobas warmoadgens.imitom rom 90%xelovnurad pepsinis sashualebit amoyavs.kargi iqneba kontroli tu iqneba.pepsinit amoyvanili yveli dashinelebaa.tu cota meti mogivida saertod ver shecham.sad iyideba dzliero qalbatono tqveni yveli.torem namdvili yvelis gemo bevrs daviwyebuli aqvs

რედაქტორის რჩევით