ლოკოკინას ფერმა ახალციხეში
18-07-2016
ლოკოკინას ფერმა ახალციხეში
"ლოკოკინა გლერძის ფესვებში ბუდობს და როცა ლოკოკინებს ჩიჩქნიან, ფესვებს ისე უშიშვლებენ, რომ მცენარე ხმება. ხანდახან სულაც გადაწვავენ, ლოკოკინები რომ ამოიღონ. არადა, გლერძის ეს ჯიში ქართულია, ენდემური, და მისი გადაშენება არ შეიძლება"

ლოკოკინების ფერმა რომ არსებობდა, თავდაპირველად არც კი დავიჯერე, თუმცა, ჩემდა სასიამოვნოდ, სიმართლე აღმოჩნდა - ახალციხის უძველეს სოფელ მუსხში, ოქრომელიძეების ოჯახს აქვს. ეს კი ჩვენს არცთუ გამართულ ბიზნესგარემოში დიდი მიღწევაა. ფერმა ახალგაზრდა, სამშვილიანმა ოჯახმა დააარსა, პროფესიით ისტორიკოსებმა. მიაჩნიათ, რომ საკუთარი
ოჯახის გარდა, ამით ქვეყანასაც ეხმარებიან, და ასეც არის. იდეა დავით ოქრომელიძის იყო. ფერმას ლალი ცუხიშვილი უვლის მეუღლესთან ერთად. ქალბატონ ლალისთან საუბარი იმ კითხვით დავიწყე, რომელიც, მართალია, ფერმის მოვლას არ ეხება, მაგრამ ძალიან საინტერესოა.

- როგორც გავიგე, წარმოშობით იმერეთიდან ბრძანდებით, სადაც ლოკოკინები რომ ვინმეს სუფრაზე მიართვათ,
შეიძლება ძალიან გაბრაზდნენ, თქვენ კი ლოკოკინების ფერმა გაგიკეთებიათ.

- საჩხერიდან გახლავართ, მაგრამ მესხეთში ვარ დაბადებული, სადაც ლოკოკინები ძალიან უყვართ. ამიტომაც მოვკიდეთ ხელი ამ საქმეს. ეს პროდუქტი მთელ მსოფლიოში დელიკატესად ითვლება და ძვირიც ღირს. მესხეთში კილოგრამი ლოკოკინა 15-დან 35 ლარამდე ღირს; ყოველთვის ხორცზე ძვირი ღირდა. მე და ჩემს მშობლებს არასოდეს გვიჭამია­ ლოკოკინა, სამაგიეროდ, ჩემი მეუღლის ოჯახში სიამოვნებით მიირთმევდნენ, ბავშვებსაც უყვართ.

ლოკოკინაში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, ერთი მესამედით მეტი ცილაა, ვიდრე ქათმის კვერცხში. ძალიან ბევრია ვიტამინი, მიკროელემენტები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. გარდა ამისა, მას განახლება, გაცოცხლება ახასიათებს და ამ თვისებას ორგანიზმსაც გადასცემს. ლოკოკინასგან 100-ნაირი კერძი მზადდება.­ ლოკოკინა კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენება - თუ ლოკოკინა თავის სხეულს იახლებს, ცხადია, ის კანსაც განაახლებს.

ჩვენს რეგიონში მესხური ლოკოკინა­ ბინადრობს. ახალციხისა და ასპინძის სოფლების გარშემო მდებარე ფერდობებზე მათ უამრავ შემგროვებელს ნახავთ. ლოკოკინები გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე გროვდება გლერძის ბუჩქების ძირში, შემდგომ კი ბაზარზე გააქვთ გასაყიდად. მსურ­ველი იმდენად ბევრია, რომ შემგროვებლები ხშირად ხელცარიელი რჩებიან, რადგან გადაშენების ზღვარზეა მისული. სწორედ ამიტომ, ჩემმა მეუღლემ ფერმის შექმნა გადაწყვიტა, რაც ოჯახს ფინანსურადაც დაეხმარება და მესხეთის ბუნებასაც წაადგება. საქმე ის არის, რომ შემგროვებლები ლოკოკინას მესხურ ჯიშსაც ანადგურებენ და ადგილობრივი ფლორის უნიკალურ მცენარე გლერძსაც.

- მცენარესთან რა ხელი აქვთ?

- ლოკოკინა ხომ მის ფესვებში ბუდობს­ და როცა ლოკოკინებს ჩიჩქნიან, ფესვებს ისე უშიშვლებენ, რომ მცენარე ხმება. ხანდახან სულაც გადაწვავენ, ლოკოკინები რომ ამოიღონ. არადა, გლერძის ეს ჯიში ქართულია, ენდემური, და მისი გადაშენება არ შეიძლება. ეს მცენარე იმ ფერდობებს ამაგრებს, რომლებიც ჩვენი სოფლების გარშემოა, თუ ის აღარ იქნება, ფერდობების ეროზია დაიწყება.

- თქვენ როდის შეიძინეთ ლოკოკინები­ ფერმისთვის და რამდენი?

- შემოდგომისთვის, როცა ლოკოკინა­ მიწაში იძინებს გაზაფხულამდე, დიდი ზომის 3 ათასი ლოკოკინა ვიყიდეთ. Gგაზაფხულზე 50 კვმ ნაკვეთი შემოვღობეთ ელექტრომცველით (ღობეში გამავალი ძაბვა მხოლოდ 12 ვოლტია), შიგ საკვები პროდუქტები დავუთესეთ. ლოკოკინების გაღვიძებას დაველოდეთ და ფერმაში გავუშვით. დაახლოებით 22 გრადუსამდე დათბობისას, გაზაფხულზე კვერცხის დება დაიწყეს. განაყოფიერებიდან მაქსიმუმ 8 კვირაში იწყებენ კვერცხის დებას. ჭუპრი დაახლოებით 4 კვირაში იჩეკება. როცა მომაგრდება, მიწის ზედაპირზე ამოდის და მცენარეების ჭამას იწყებს.

- საქართველოში ლოკოკინების მოვლის შესახებ არავინ არაფერი იცის, თქვენ როგორ ისწავლეთ?

- ინტერნეტიდან, მაგრამ დიდი ჯაფით, ქართულად ინფორმაცია არ არსებობს, მხოლოდ უცხოურია და იმდენად სპეციფიკური, რომ ჩვეულებრივი მთარგმნელი ვერაფერს გაუგებს. უცხოეთში ლოკოკინების ფერმებში ტონობით ლოკოკინას ზრდიან, ჩვენ კი შიშით ველით ყოველ ცვლილებას, რადგან არ ვიცით, რა მოვიმოქმედოთ. ამიტომაც ვთხოვ ყველას, ვისზეც ხელი მიგვიწვდება, მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია ლოკოკინების შესახებ. ასევე ვთხოვთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ლოკოკინების მოვლის შესახებ გაგვიწიონ კონსულ­ტაცია. რადგან ეს საქმე დავიწყეთ, დრო და ენერგია შევალიეთ, უკან დახევა აღარ გვინდა.

- სახელმწიფო არ დაგეხმარათ?

- "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაგვაფინანსა 5.000 ლარით და მასთან­ ერთად, ჩვენი თანამონაწილეობით, ლოკოკინების ფერმა 1000 კვმ-მდე გავაფართოეთ.

- შემკვეთები გყავთ?

- ძალიან დიდია მოთხოვნა და შესაბამისად, შეკვეთაც ბევრია.

- ლოკოკინას კერძები როგორ მზადდება?­

- ლოკოკინას სისუფთავე უყვარს, სუფთა გარემო და სუფთა პროდუქტი სჭირდება. რაც შეეხება მომზადებას, მისი მომზადების წესი ისეთივეა, როგორიც ხორცისა: შეიძლება მოხარშო, შეწვა, ხინკალსაც კი აკეთებენ და ბოსტნეულითა და მწვანილით ანელებენ. 1 კგ ლოკოკინას კერძის მომზადებას დაახლოებით 150-მდე ლოკოკინა სჭირდება. კარგად უნდა გაირეცხოს ცივ, გამდინარე წყალში, მერე კი ადუღებულ წყალში ჩაიყრება, მოხარშვას 20-25 წუთი სჭირდება. ამის შემდეგ ნიჟარიდან გამოგვაქვს. ამას მოსდევს სიამოვნება მირთმევისას და სარგებლიანობა - სიცოცხლისთვის.

ეთერ ერაძე
მედეა
23 ივლისი 2016 21:38
კი, ნიჟარებიანად ყრიან მდუღარეში. ზუსტად ახალციხეში ვჭამე წლების წინ. ძალიან გემრიელია! მხოლოდ შემდეგ მითხრეს, რომ ლოკოკინა იყო. :)))))))
გლეხი სოფლის ფასი არაფერია
23 ივლისი 2016 16:44
კარგი იდეა არის ბაზარი სად არის ძირითადად,
ნაია
23 ივლისი 2016 14:22
მთლად კარგად ვერ გავიგე, და ცოცხლად იხარშება?

რედაქტორის რჩევით